Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

სამი ამბავი სიცილზე

2012 წელს დაწერილი და გამოუქვეყნებელი :))

ამბავი პირველი – არ მახსოვს ზუსტად რომელ კლასში ვიყავი, ალბათ მე–6 ან მე–7..  ჩემს კლასელთან ერთად ქუჩაში მივსეირნობდი.. რაღაცაზე ვჭუკჭუკებდით და გულიანად ვიცინოდით.. იქვე, ოპტიკის მაღაზიის წინ ქალი გვიდა. თავი აიღო, გაბოროტებულმა შემოგვხედა – რა გაცინებთო და მოგვაწყევლა..

ამბავი მეორე – ისევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ისევ ჩემს კლასელებთან ერთად, ამჯერად ტროლეიბუსში ვისხედით, ვტლიკინებდით და გულიანად ვიცინოდით.. ცოტა წყნარად, ბავშვებოო, ვიღაცამ შენიშვნა მოგვცა. მის გვერდით ქალი იჯდა, რომლმაც მიუგო – ნახე რა გემრიელად იცინიან, რა ჯობს მაგათ ყურებას და აცადეო..

 ამბავი მესამე – გუშინ ახლობელი მირეკავს და მეუბნება, რომ გაიგონა ჩემი სხვა ახლობელი როგორ ამბობდა ჩემზე არც თუ ისე სახარბიელო რაღაცეებს. და ბოლოს დაუმატებია ქირქილით – რა სულ იკრიჭება, ნორმალურია ეგო?

თუ დაუფიქრდები, აქ აღნიშნულ არც ერთ შემთხვევაში ჩემს სიცილის არც ერთი იმ ადამიანისთვის, რომლისგანაც “უკუგება” მივიღე არავითარი ზიანი არ მოუტანია.. ამის მიუხედავად, ადამიანებს სხვისი გაღიმებული სახის დანახვა, მით უფრო გაცინებულის – იშვიათად ახარებთ და სიამოვნებთ..

აი, ასეთების ჯინაზე, უფრო ხშირად რომ გავიცინო – ფრაბლემ? :))

ამ ამბის დაწერა მომინდა.
პირქუში და ბნელი ოთხმოცდაათიანების დასასრული და არანაკლებ საშინელი ორიათასიანების დასაწყისი იყო.
ქუთაისში ვცხოვრობდი მაშინ.
დედაჩემთან დედაქალაქიდან სტუმრად ჩამოვიდა მისი სტუდენტობის მეგობარი. საუკეთესო მეგობარი. უნივერსიტეტის დამთავრების მერე რომ წავიდ–წამოვიდნენ, დაოჯახდნენ და დაეკარგნენ ერთმანეთს.  ორი შვილი ახლდა – ბიჭი და გოგო. ორი ცნობისმოყვარე გიჟი.
ჩვენთან სტუმრობის პირველ საღამოს გაუჩერებლად დარბოდნენ სასტუმრო ოთახში “პოლიხრონიონ–პოლიხრონიონის” ძახილით. კინაღამ ჭკუიდან ამწიეს. ვიფიქრე, ამათგან ხეირს არ უნდა ელოდეს კაცი–მეთქი და ოთახში ჩავიკეტე პროტესტის ნიშნად.
მოგვიანებით მაინც დავმეგობრდით.  განსაკუთრებით მე და ბიჭი, მიუხედავად იმისა, რომ, ჩემზე კარგა უმცროსი იყო. ყველგან ერთად დავდიოდით. ჩემს ლექციებს ესწრებოდა, ჩემს დაქალებს ემეგობრებოდა.
ერთხელაც, გამოცდებისთვის ვემზადებოდი. შუაღამე იყო. როგორც ყველა სტუდენტი, ყველა საგამოცდო საკითხის დასწავლას ორ ღამეში ვგეგმავდი. მამაჩემის ერთი ბეწო, იატაკიდან ჭერამდე წიგნებით გაძეძგილ კაბინეტში ვიყავი შეყუჟული და ლამფის შუქზე ვმეცადინეობდი. სახლში ყველას ეძინა.
არ ვიცი რომელი საათი იყო, საპირფარეშოში გავედი. დავბრუნდი, სკამზე მოვკალათდი და კითხვა გავაგრძელე. რამოდენიმე წამში ოთახის ბნელი კუთხიდან უზარმაზარი ბანჯგვლიანი არსება ღმუილით წამოიმართა..
წარმოგიდგენიათ რა დამემართებოდა?!
რაღაც ამოვიხროტინე და კინაღამ სული გავაცხე შიშით!
ეს ჩემი სულელი მეგობარი ოთახის კუთხეში მიგდებულ (ოდესღაც მამაჩემისთვის მონადირის ნაჩუქარ) დათვის ტყავში იყო გამოხვეული და იჭაჭებოდა!
საერთოდ არ გამეცინა.. მეტიც. შიშისგან ისტერიკები დამემართა, რამოდენიმე წუთი ვტიროდი და ერთიანად ვკანკალებდი. აზრზე რომ მოვედი, იცოცხლე, ქოქოლა დავაყარე და ოთახიდან მივაბრძანე.
როგორც იქნა ელეთ–მელეთებმა გამიარა და კონსპექტებს დავუბრუნდი. უცებ, ვხედავ რომ ოთახის კარზე (რომელიც ნაწილობრივ შუშის იყო) თეთრი თავის ქალა გამოისახა..
ისევ ხრიალი დამაწყებინა..
ის კიდევ სიცილით იჭაჭებოდა.  შუშისთვის მოზრდილი ფორმატის წიგნი მიუდევს, რომელის მთელ ყდაზეც  მერაბ კოსტავას სახე იყო გამოსახული.. სიბნელეში მხოლოდ სახის თეთრი ნაკვთები ჩანდა, ჰოდა, კაცი იფიქრებდა,  შუშის მიღმა ადამიანის თავის ქალაა და ოთახში ცნობისმოყვარედ იჭყიტებაო.
ადამიანად აღარ ვვარგობდი. ვფიქრობდი, ნამდვილად შიშისგან ან სისხლი გამითეთრდა, ან დიაბეტი დამემართა–მეთქი.
მაგრამ გადავრჩი.
მას მერე ბევრმა წელმა გაიარა.
რამოდენიმე წლის წინ  ბიძა გახდა. ცოტა ხნის წინ – მამა. როგორც ხდება ხოლმე, ვფიქრობდი – ხვალ მივალ, ზეგ მივალ, ამ კვირაში, იმ თვეში, გაზაფხულზე, ზაფხულზე.. მერე, დრო რომ გადის, უფრო და უფრო გერიდება ადამიანს, ითრევ და ითრევ ფეხს..
ჰოდა დღეს გავიგე, რომ ავარიაში მოყვა. და ძალიან უნდა იყოჩაღოსო..
არ ვიცი, ან კი რას შევცლიდა ჩემი მასთან სტუმრობა, მაგრამ, გული მეწურება ჩემი უპასუხისმგებლობის გამო.
როგორც კი გამოჯანმრთელდება და სტუმრებს მისი მონახულების უფლებას მისცემენ, აუცილებლად უნდა ვეწვიო.
და საერთოდაც. არ შეიძლება ასე. შეიძლება გადადო ფეხსაცმლის შეკეთება, კინოში წასვლა, ახალი ტანსაცმელების ყიდვა, რემონტის გაკეთება. მაგრამ, ადამიანთან შეხვედრა არ უნდა გადადო. არა!

შვიდ დღეში ახალი წელია.
ჩემი შვილები მოუთმენლად ელიან. კარგა ხანია სანტას წერილი მისწერეს, თუ რა სურთ მიიღონ საჩუქრად, ერთს ლეგო კუ ნინძები უნდა, მეორეს სათამაშო ძაღლი..
რომელი გინდათ რომ მოვიდეს, სანტა თუ თოვლის ბაბუ–მეთქი, ვკითხე და ჩაფიქრდნენ. სანამ ისინი ფიქრობდნენ, მე ჩემი ბავშვობა მომაგონდა და ვურჩიე – ისევ სანტა ჯობს, თოვლის ბაბუს სამი ცალი მანდარინის და უგემური კანფეტის მეტი არაფერი მოაქვს–მეთქი. გაოცებული მიყურებდნენ და მე ჩემს ნათქვამზე მეცინებოდა..
განა ვტყუოდი? მწარე გამოცდილება მალაპარაკებდა – ჩემს ბავშვობაში, თეთწვერა და დიდხურჯინიანი თოვლის ბაბუ ბაღის თუ სასკოლო საახალწლო ზეიმების ბოლოს, პატარა პარკში გამოკრულ სამ ცალ მანდარინს და სამ ცალ უგემურ კანფეტს გვირიგებდა ბავშვებს.
ახალი წლის მოსვლა რომ მიხაროდა, ეს კარგად მახსოვს, მაგრამ აშკარად არა საჩუქრების და თოვლის ბაბუს გამო.
იცით რის გამო მიხაროდა?
იმ ფუსფუსის გამო მიხაროდა, წინასაახალწლოდ რომ იწყებოდა ჩვენს 16 მ/კვ, პაწაწუნა სახლში. ოთახებში იდგა დედაჩემის გამომხვარი “ზღაპრის”, იგივე თაფლის ნამცხვრის სურნელი, რომელიც უზომოდ მიყვარდა! შემეძლო გვიანობამდე არ დამეძინა და დედაჩემს დავხმარებოდი კვერცხის ადღვებაში, ნამცხვრის დაკრემვაში, სახაჭაპურე ცომის დაბრტყელებაში, ემალის ღრმა თასში დარჩენილი ნამცხვრის ბისკვიტის თუ კრემის თითით ამოპრიალებაში, სალათის ინგრედიენტების დაჭრაში, რაღაც–რუღაცეების არევ–დარევასა და აზელ–დაზელაში.. ახალი წელი მიხაროდა მამაჩემის მიერ გაწყობილი ჭერამდე ნაძვის ხის გამო, ფანჯარას და ტელევიზორს შორის რომ  იდგა ხოლმე (სხვაგან ვერ ეტეოდა) და ბნელ ოთახში ფერადი ნათურების წყალობით თვალისმომჭრელად ბჟღვიალებდა..
სულ ეს იყო. ასე ცოტა კმაროდა ჩემი,  ქართული ოთხმოციანების პირმშოს ბედნიერებისათვის. რა  აიპადი, რის აიფოუნ ექვსი და ლეპტოპი… მიხაროდა და მორჩა! :)
ცოტა რომ წამოვიზარდე, ევროპულ თუ ამერიკულ ფილმებში ნანახი ნაძვის ხის გარშემო შემოწყობილი პიწკინა, ლამაზ ქაღალდებში შეფუთული საჩუქრებით ეშხით, გადავწყვიტე მე თვითონ მეკისრა თოვლის ბაბუობა – ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე ფულის შეგროვებას ვიწყებდი. ეს ფული ჩემი მშობლების მიერ სკოლაში სახარჯოდ მოცემული “კაპიკებისგან” შედგებოდა ბნელ და ცივ ოთხმოცდაათიანებში.
მოკლედ, ავად თუ კარგად, ჩემი ოჯახის წევრებს საჩუქრებს ვყიდულობდი, ვფუთავდი და ნაძვის ხის ქვეშ ვაწყობდი. როგორც წესი ეს იყო ხელთათმანები, წინდები, კალმები და მსგავსი უმსგავსობები :))))
ჰოდა, ახალი წელი რომ დგებოდა, ნებას ვრთავდი ჩემებს საჩუქრები გაეხსნათ. მე გაბადრული ვიდექი, ისინი კი ხსნიდნენ, ატრიალებდნენ ხელში ამ უსახურ და ხშირად სრულიად გამოუსადეგარ ნივთებს და უხერხული სახით მიღიმოდნენ…
მახსოვს, ერთხელ საშინელი ბარბი ვუყიდე ჩემს დას, რომელიც პატარა და სულელი იყო მაშინ. 12–ის მერე ზღურბლთან დავდე და კარზე დავაკაკუნე. კარი ჩემს დას გავაღებინეთ (რომელსაც, სხვა დროს რათქმაუნდა არავინ აძლევდა კარის გაღების უფლებას) და მან დაიჯერა, რომ უშნო ბარბი სწორედ თოვლის ბაბუმ მოუტანა :))

წყევლის სუფრა

რაც დრო გადის, უფრო და უფრო მაღიზიანებს ქართული ტრადიციების თუ წეს-ჩვეულებების რაღაც ნაწილი, მეტისმეტად ტრაფარეტული, ყალბი, სიაფანდური და ფასადური.

აი, თუნდაც ქართული სუფრა ავიღოთ, გაზეპირებულ-გაზუთხული სადღეგრძელოებით, იცოცხლე-გაგიმარჯოებით, ვახტანგურებით და ალავერდებით.. ერთმანეთისთვის სიყვარულის ახსნებით და ზურგსუკან გაკილვებით, ან მინიმუმ უძირო გულგრილობით.. ქალის ვითომ პატივისცემით, დედების და მეუღლეების ვირტუალური ნაფეხურების კოცნით და რეალურად მათი ოფლით და ნერვით მორწყულ სუფრაზე ღრეობით, სადაც დიასახლისს დაჯდომის დალხინის გაზიარების არც დრო აქვს და არც თავი; სამშობლოს და მამულის დღეგრძელობით, ყოველივე არაქართულის გინებით, დაკნინებით  და მერე დაბუნძურებული ქუჩებით, გაჩეხილი ტყეებით, ფანჯრებიდან გადმოტყორცნილი ნაგვით სავსე პარკებით.. სულმნათი (რა საოცარი სიტყვაა! ქართველის მეტი ვინ იტყოდა!) ილიას სადღეგრძელოს თქმით და საქმითა და აზროვნებით ილიასვე სიტყვებზე, ხსოვნაზე და ფასეულობებზე გადავლა-გადმოვლით..

მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო. ადრე რა იყო და როგორი იყო არ ვიცი, მაგრამ, თანამედროვე ქართული სუფრა ნამდვილი სიყალბის და ვულგარულობის აპოთეოზია.

მაგრამ, არსებობს კიდევ უფრო საოცარი ქართული სუფრის ფენომენი!.. უფრო განსაცვიფრებელი და გამაოგნებელი თავისი არსითა და ბუნებით.. ეს არის ლუდის სუფრა!

ღვინის თუ სხვა ტიპის ალკოჰოლური სასმელის სმის დროს, გულწრფელად თუ მლიქვნელურად ადამიანები ერთმანეთს, სიცოცხლეს, მშვიდობას ლოცავენ, ადიდებენ და ადღეგრძელებენ. მართალია მეტისმეტად, მაგრამ ერთმანეთს აქებენ, ხშირად სულაც არ სურთ, მაგრამ ირგვლივმყოფებს სიკეთეს უსურვებენ..

აი, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი რომ ლუდის კათხით დაჯდება, ის სუფრა ნამდვილი წყევლისა და კრულვის პოლიგონი ხდება.. არ ვიცი სადმე არსებობს თუ არა ტრადიცია უკუღმა სადღეგრძელოების თქმის, გული მიგრძნობს ესეც ჩვენი ენდემური ფენომენია, როცა “იმათ გაუმარჯთო!” ამბობენ და იგულისხმება რომ იმ ადამიანის მიმართ ყველაზე ცუდი, ყველაზე ნეგატიური სურვილები  აქვთ და სიამოვნებას გვრით კიდეც, ეს ყველაფერი უსურვონ ვიღაცას და ალბათ უფრო გაიხარებენ, თუ კი ეს სურვილები აუსრულდებათ..

და მთელი ე.წ. “ნადიმის” განმავლობაში , რომელიც საათობით გრძელდება, ერთადერთი რაც ისმის, ეს სხვების წყევლა და კრულვაა.. და ის უფრო მაგარი ტიპია, ვინც უფრო ენამოსწრებულად დაწყევლის სხვას, ვინც უფრო კვიმატი და ბევრი წყევლა იცის.

ქართველი “ვაჟკაცები” ნებისმიერ მაწყევარ დედაკაცს უჯოკრავენ!

კი, როგორ არა, ივერია გაბწყინდება! მაგრამ, მხოლოდ მას მერე რაც ქართული ნეგატივის და ბოღმის მორევს გადაცურავს. თუ მოახერხებს, რა თქმა უნდა.

 

 

USA2GEORGIA-ზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ამ ბოლო დროს ხშირად მესმის გაბერილ ფასებზე, ზომებზე და აშ… და ჩემი სანაცნობოც ინტენსიურად გადადის სხვა, ნაკლებად გამოცდილ, მაგრამ შედარებით არაწუწკ გადამზიდ კომპანიებზე,
არ ვიცი მერამდენე წელია USA2GEORGIA–ს სერვისით ვსარგებლობთ მე და ჩემი ოჯახის წევრებიც. შეიძლება ნახევარ ამერიკას და ვერც მის მესამედს ვერ ვეზიდებოდეთ და ძაან VIP კლიენტები არ ვიყოთ, მაგრამ, საკმაოდ სტაბილური და ინტენსიური მომხმარებლები ვართ..
მოკლედ, გუშინ USA2GEORGIA–ს საიტზე შევედი, ამანათის ჩამოსვლას ველოდებოდი და ინვოისის ფასს რომ დავხედე, თვალები რამოდენიმეჯერ მოვიფშვნიტე..
არც მეტი, არც ნაკლები – 99 ლარი ეწერა.. და კიდევ თეთრები, კარგად ვერ დავიხსომე..
არადა, გმოწერილი მქონდა ბავშვებისთვის 2 წყვილი ფეხსაცმელი და ორიც სასკოლო, მსუბუქი და ფარატინა ზურგჩანთა. ალბათ, ჯამში, გასწიე–გამოსწიე 1 კილო..
ჯერ ვიფიქრე, გადაფუთვის მონიშვნა დამავიწყდა–მეთქი. ერთხელ დამემართა და მას მერე არის თუ არა საჭირო, სულ ვუთითებ.. არა, ნამდვილად, ნამდვილად ვიცი რომ მივუთითე. ბოლოს, რო, ვერ მივხვდი რა პრინციპით ჯდებოდა ჩემი ბარგის ჩამოტანა თითქმის ასი ლარი, ავდექი და ოფისში მივედი, ქავთარაძეზე.
გამომიტანეს ლამის ჩემხელა მუყაოს ყუთი, აი შენი ბარგი ამაშიაო.
ვუთხარი, რომ გადაფუთვა მითითებული მქონდა და ბარგი ყუთით არ უნდა ჩამოსულიყო.
შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ასეც იყო.
გახსნეს ყუთი და მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრეს – ზყრგჩანთები გადაფუთვას არ ექვემდებარებოდა და ამიტომაც გამოვზავნეთ ყუთითო, მითხრეს.. არადა, აქამდე ჩანთებიც მიყიდია, ზურგჩანთებიც, არასდროს ჩამომსვლია ყუთით, თორე ასე როგორ მივქარავდი..
ესეც ვუთხარი..
მიპასუხეს – ალბათ ის ზურგჩანთები ამერიკის მისამართზე ცელოფნით მოვიდა, ხოლო ეს ყუთებითო. არადა,ზურგჩანთები არავითარ ყუთში არ იდო (ამას ფოტოზეც ნახავთ), როგორც ჩვეულებრივი გადაფუთული ამანათი, პარკებში იყო გახვეული და ერთმანეთზე მჭიდროდ “მისკოჩილი”..
სხვა ვერაფრით დაგეხმარებით, ყუთში ცარიელი ადგილი არის და ხელახლა ავწონითო მითხრეს.
წაიღეს ჩემი ბარგი და რამოდენიმე წუთში მეორე, ამჯერად შედარებით მომცრო ყუთით ამომიტანეს. 99 ლარიდან ტრანსპორტირების ღირებულება უმალ 77 ლარზე ჩამოვიდა!
ჯერ ერთი, იმ ბარგის ჩამოტანაში 77 ლარიც კი მეტისმეტი იყო. კიდეც რომ, ასე ყოფილიყო, 22 ლარს, რაც ბარგის ჩამოტანის ღირებულებას ხელახლა გადაფუთვის  თუ აწონის დროს ჩამოაკლდა, პრეტენზია რომ არ გამომეთქვა უბრალოდ არაფერში მახევდნენ???
22 ლარი ფული არ არის, თუ ძალიან ცოტა და უმნიშვნელოა?
და ვინ იცის რამდენისთვის აუხევიათ და ვინ იცის რამდენჯერ?
ვალები აქვს ამ ფირმას თუ რა სჭირს??
გასაგებია რო საახალწლოდ პრემიები აქვთ დასარიგებელი.. მარა ჩემი რა საქმეა?
მსგავსი ყვლეფა და სიხარბე მე არ გამიგია.. არც მომხმარებლის ლოიალურობა, არც გრძელვადიანი მარკეტინგული გათვლები,არც კორპორატიული ეთიკა თუ პატიოსნება, თუ კულტურა, თუ რა ვიცი რა დავარქვა.. გაგვდის და რატომაც არაო??
უბრალოდ, გაითვალიწინეთ, სანამ “აქლემს თქვენს კართანაც ჩაუმუხლავს”.
შეეშვით რა ამ გაუმაძღარ კომპანიას, რომელმაც არ იცის მომხმარებლის ფასი და გადადით სხვაზე.

Image

Image

Image

ხორცის საკეპი მანქანა

რომელია შენი საყვარელი ფერი? რომელი ფერი გამშვიდებს და გახალისებს? ლურჯი, მწვანე, იქნებ წითელი?

წარმოიდგინე რომ ყველა და ყველაფერი მხოლოდ იმ ფერისა იყოს, რომელიც ასე მოგწონს. წითელი პური, წითელი კარაქი, წითელი ფისო, წითელი ყავა, წითელ გზაზე წითელ ავტომობილს წითელი ქალი მიაქროლებს, წითელი ბავშვები წითელ სკევრში დარბიან და წითელ ნაყინს მიირთმევენ, წითელი ბებო წითელ წინდას ქსოვს..

რომელია თქვენი საყვარელი ხილი? – ნესვი? ან იქნებ მარწყვი? იქნებ გარგარი?

წარმოიდგინეთ, რომ ყველა ხე, რაც კი დედამიწაზე ხარობს მხოლოდ გარგარს ისხამს. წარმოიდგინეთ მშვენიერი შემოდგომა სოფელში, გლეხები ვენახში გარგარს კრეფენ და გოდრებით სატვირთო მანქანებში ყრიან. ხეებზე ღუის გარგარი და ისევ გარგარი.. გარგრის ჯემი, გარგრის მურაბა, გარგრის ნაყენი, გარგრის ჩირი, ჩემო გარგარო, ჩემო გარგარტუჩება, ჩემო თვალებგარგარა და აშ

და რომელია თქვენი საყვარელი მსახიობი ქალი? მონიკა ბელუჩი, იქნებ ანჯელინა ჯოლი, იქნებ იუნონა რაიდერი..

წარმოიდგინე რომ ყველა ქალი იუნონა რაიდერია.. დედაშენი იუნონაა, შენი და, შენი მამიდაშვილებიც კი იუნონები არიან, ის გოგოც, შენს წინა კორპუსში რომ ცხოვრობს და ფანჯრიდან უთვაალთვალებ, იუნონას გავს.. შენი ლექტორი, დამლაგებელი ქალი, უბრალოდ გამვლელი და გამომვლელი, ყველა ქალი იუნონაა..

რომელია შენი საყვარელი ქვეყანა? იტალია? მექსიკა? საქართველო?

წარმოიდგინე, რომ სამოგზაუროდ მიდიხარ, იფრინე შვიდი საათი, თბილისიდან ჩაფრიდნი თბილისის აეროპორტში, გადაჯექი მეორე თვითმფრინავში და კიდევ რამოდენიმე საათი იფრინე.. და ისევ. ტბილისში ჩაფრინდი, ან ქუთაისში, ან ლანჩხუთში.. არ არის პირამიდები, არ არის ეიფელის კოშკი, არ არის მაჩუ პიკჩუ, არ არის ტაჯ მაჰალი.. არის მარტო ქართლის დედა, სათაფლია, გელათი, ვარძია და მოკლედ რაც არის..

გავაგრძელო? შორს წაგვიყვანს ეს აბსურდი.

იმის თქმა მინდოდა, რომ მშვენიერია ადამიანის თვალი, ამდენ ფერს რომ აღიქვამს,  წითლად მზის ჩასვლას, იისფრად ამოსვლას, ქათქათა თოვლს, მწვანე მინდორს, ჭრელ მინდვრის ყვავილებს.. მშვენიერია ადამიანის სახე, ზოგი მრგვალი, ზოგი ოვალური, ზოგი თეტრი, ზოგი ხორბლისფერი, ზოგიც შოკოლადისფერი, თხელტუჩება, სქელტუჩება, ცისფერ და თაფლისფერთვალებიანი… თავად ადამიანები, მაღლები, დაბლები, თხელები, სქელები, ნაირ-ნაირები.. უყურებ დდა ეძებ შენს საყვარელს და რომელიც შენი საყვარელია, ყველაზე ლამაზიც ის ხდება.. და ალბათ სიტყვა “ლამაზიც”არ იარსებებდა, რომ არა ყველაფერი განსხვავებული და არაერთნაირი..

განსხვავებული ტრადიციები, ლანდშაფტი, კულტურა, ისტორია, ცივილიზაციები, ადამიანები, გემოვნება, წარმოდგენები, კონფესიები, რიტუალები,  შეხედულებები… სწორდ განსხვავებულობა, მრავალფეროვნება და არაიდენტურობა არის ის, რის გამოც სიცოცხლე ღირს და მშვენიერია.

ამიტომ, უბრალოდ იდიოტიზმი და სიბრიყვეა, გინდოდეს ყველაფრის გაერთფეროვნება,  ყველაფერი განსხვავებულის უარყოფა, განდევნა, მოკვეთა, ძაგება და გინება.

ფაშისტური ხორცის საკეპი მანქანა, რომელიც ჩემს ირგვლივ ადამიანებს ნთქავს, ისრუტავს და ერთ უსახო, უღიმღამო და უსიხარულო მასად აქცევს, ძალიან მაშინებს.

სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა.

წამლისსუნიანი სახლი

დღეს სტუმრად მიგვიწვიეს.
ასე 2 საათისთვის უკვე ვიყავით იმ ქუჩაზე და იმ კორპუსში, სადაც გვითხრეს მოდითო.
დიდი, თეთრი და რკინის კარის წინ ვიდექით მე, მამაჩემი და ჩემი ორი შვილი. ზარი დავრეკეთ ორჯერ. მესამე ცდაზე კარი გაიღო და მომღიმარი მოხუცი ქალის ჭაღარა თავი გამოჩნდა.
– მობრძანდით, მობრძანდით!  კარი ყურთამდე გამოაღო და შეგვიპატიჟა. ცხვირი წამაძრო წამლების სუნმა, კიდევ აი ისეთმა, მარტოსული მოხუცების სახლებში რომ იცის..
შევაბიჯეთ კი არა – შევლაგდით. რიგრიგობით.
მოხუცმა ქალმა სასტუმრო ოთახისკენ მიგვითითა, თან ბავშვებს გაეთამაშა და ისე, სხვათაშორის იკითხა – მეზობლები ხართო?
სახტად დავრჩი… ჰოდა მასპინძელი მოვიკითხეთ. ანუ, ის ადამიანი ვისთანაც მივდიოდით. ქალის ღიმილიანი გამომეტყველება არც შეცვლია – შეგეშალათ? აჰ, შეიძლება, ჰო შეიძლება ზემოთ ცხოვრობდეს…
აქ ჩვენი ბოდიშების კორიანტელი წამოვიდა და უკანსვლა დავიწყეთ. სამზარეულოდან კიდევ უფრო მოხუცი კაცი გამოჩლაჩუნდა ძველებური “შოფრული” ტვიდის ქუდით და ფაჩუჩების ფრატუნით – ჩვენც გვესიამოვნება თქვენი სტუმრობა და თუ შეიძლება ცოტა ხანი დარჩითო..
მოკლედ, კი იქნება, არ იქნება და როგორც იქნა გამოვაღწიეთ მარტოობის და წამლებისსუნიანი სახლიდან.
კიბეზე ავდიოდით და უკან ამ ქალის ლოცვა მოგვყვებოდა. თან მადლობას გვიხდიდა – ეს პატარა ანგელოზები რომ  შემოიყვანეთ ჩვენს სახლში და გვანახეთო..

მოკლედ, ამ ორი ადამიანის სახე თვალებიდან არ ამომდის.
სტუმრებით გახარებულების… ბავშვების ნახვით გაბედნიერებულების..
ადამიანებთან კონტაქტს მონატრებულების…
კიდევ გამახსენდა პატარა ხის სახლი წყალტუბოში გზის პირას. მისი მორყეული ღობის წინ მუდამ იჯდა მოხუცი კაცი, რომელიც ყველა გამვლელსა და გამომვლელს საათს ეკითხებოდა.. შინ ხმის გამცემი არავინ ჰყავდა.

მერე გამახსენდა ყველა ჩემი ნაცნობი და ახლობელი, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო ოჯახის შექმნას არ აპირებს თუ თავს არიდებს, გადაწყვეტილების მიღება უჭირს, ან არ უნდა, შვილების გაჩენა უაზრობად მიაჩნია, ან არ ვიცი…
ჰო, ვის არ უნდა იყოს Forever Young…

იქნებ იკითხოთ, სად მოხუცი ცოლ–ქმარი და სად ადამიანები, ვისაც ოჯახის შექმნა არ უნდათო..
ამათ ერთმანეთი მაინც ყავდათ…
მერე რომელიღაც დაასწრებს.. თუ გაასწრებს.. და მერე, ალბათ უარესი მარტოობა დაიწყება, რისი ამოვსებაც მარტო ადამიანებს თუ შეუძლიათ, ადამიანებს და მათ ყოველდღიურ ხმაურს, ქვაბების რახუნს, ბავშვების ჭყივილს, მტვერსასრუტის ხმას, ჩხუბს, სიცილს, ტირილს…
თუ თავიდანვე ჩაჭრი ადამიანებთან ურთიერთობების ძაფებს, მერე მეეჭვება მისი აღდგენა მოუნდეს ვინმეს. მერე, როცა მარტო დარჩები.
რაც არ უნდა მარტივი იყოს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრება, დასასრული არა მგონია სასიამოვნო ჰქონდეს.
თუმცა, ვინ იცის… იქნებ ვცდები..
პრინციპში, მე რას მისმენთ, იცხოვრეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით.

ამერიკელი და ქართველი. ქალი

ორი დღის წინ საინტერესო შეხვედრას ვესწრებოდი.
ამერიკელი ქალბატონი, კენდრა ოლბრაითი, რომელიც GIPA–ს სტუდენტებს  გვსტუმრობდა სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახლდათ. ფრიად სასიამოვნო ადამიანი იყო, სამი თუ ოთხი შვილის დედა, ძველი როკერი, ძირძველი დემოკრატების ოჯახიდან, ობამას პოლიტიკურ კურსს უჭერდა მხარს და ზოგადად, ამაზეც და კიდევ ბევრ რამეზე ისაუბრა. ერთი, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა (ახლა ნუ დაიწყებთ კირკიტს – რატომ მაინცადამაინც ეგო, დამასრულებინეთ ჯერ თხრობა) იყო საუბარი გენდერულ ბალანსზე (რამდენადაც მახსოვს, აღნიშნა – ამ თემაზეც ვკითხულობ ლექციებსო, ) და გარკვეულ (წყარო უცნობია ჩემთვის) სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მან თქვა, რომ ბოლო დროს ამერიკაში ტენდენციაა გაცილებით მეტი ქალი იყოს დასაქმებული, ვიდრე მამაკაცი; გაცილებით მეტი ქალი აგრძელებდეს სწავლას კოლეჯებში, ვიდრე მამაკაცები, ოჯახებში ქალი ხდება დომინანტური, საზოგადოებაში ქალები უფრო აქტიურები არიან, ვიდრე მამაკაცები და აშ.. ეს ქალბატონი, ამას რომ ამბობდა, წუხდა, რომ გენდერული ბალანსი ირღვევაო და ჩვენ ვაპირებთ სხვადასხვა პროექტების ამოქმედებას მამაკაცების როლის გასააქტიურებლადო..
მეთქი –  სადა ვბანაობთ.
ხო.
აქვე მეორე ამბავი..  რამდენად არის კავშირში ამ ამერიკელ ქალთან და მის მონათხრობთან, ამის გარკვევა თქვენთვის მომინდვია.
დღეს სილამაზის სალონში გახლდით. ეს ხშირად არ ხდება. მეტიც – ეს ხდება საკმაოდ იშვიათად. გამაოგნებელი ფასების გამო, რომლითაც გამოირჩევიან თბილისური “დონე სალონებე” , მათზე უარს ვამბობ, იქნებ ამიტომაც, სანამ თავზე საღებავი მედო და ნახევარი საათის გასვლას მოუთმენლად ველოდი, გავხდი მოწმე სალონის თანამშრომლების შორის გამართული რიგითი და არაფრით გამორჩეული საუბრისა.
სამნი იყვნენ.

ერთი, ახალი გათხოვილი და ფეხმძიმე საუბრობდა ოქროს სამაჯურზე, რომელიც უყიდეს და რომელშიც ათას ლარამდე გადაიხადეს. სთხოვდა მეორეს, რომ მის მეუღლესთან არაფერი წამოსცდენოდა მეორადებში ნაყიდ რვალარიან მაისურზე, წუხდა ორსულობისას მომატებული წონის გამო და ამბობდა, რომ გაისად აუცილებლად დაისვენებს ზღვაზე, ბავშვს დედამისს მიაბარებს, თვითონ კი თავს მოიწესრიგებს და კლუბში წავა.

მეორე, გაუთხოვარი, მორიდებული გოგონა ამბობდა, რომ ფულს დააგროვებს და გაისად საცურაო აუზზე ივლის. ზღვაზე წასვლისაგან თავს იკავებდა, რადგან, როგორც მისი სიტყვებიდან გაირკვა, არ ყავდა არავინ, რომ წაყოლოდა.. მარტო წასვლა კი არ მინდაო.

მესამე, რომლის კლიენტიც მე გახდლით სრული შემთხვევითობის წყალობით, თავიდან დედაჩემის ხნის მეგონა – ძალიან გაბრაზებული იყო ქმარზე, რომელსაც დებილი უწოდა რამოდენიმეჯერ, იმიტომ, რომ ის აპირებდა გამოეტანა სესხი ამ ქალის საკერდიტო ბარათით, რომ დროებით მიეცა ვიღაცისთვის და ამბობდა, ნეტავი ის ვიღაც ფულს საერთოდ არ დაუბრუნებდესო… მან ისიც თქვა, რომ სალონი  როგორც წესი 20:00 საათამდე მუშაობს, თუმცა, რადგანაც კლიენტები სწორედ საღამოს საათებში მოდიან, ის სახლში 10–11 საათისთვის ბრუნდება, აპურებს ოჯახის წევრებს (მინიმუმ სამს, რადგან თქვა, რომ 24 წლის ასაკში უკვე 6 წლის ბიჭი და 3 წლის გოგო ყავდა) და რადგან სხვა აღარაფრის თავი არ აქვს წვება, თუმცა კიდევ ორი–სამი საათი დაძინებას ვერ ახერხებს, ხოლო გათენებამდე სამჯერ–ოთხჯერ გადის საპირფარეშოში (სავარაუდოდ ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ავტ. შენიშ.). დილით 7:00–ზე აღვიძებს შვილების შარი–შური და აქედან იწყება მისი დღე, ალაგებს სახლს, ამზადებს საჭმელს და მიდის სამსახურში.
საუბრის დროს ახსენეს რამოდენიმე დღის წინანდელი ამბავი, როცა მას გული წაუვიდა, სალონში, კლიენტის მომსახურების დროს. მან თქვა, რომ ეს იმის ბრალია, წელს რომ არ დაუსვენია და რომ ძალიან სჭირდება დასვენება. სინანულით აღნიშნა, რომ, როცა შინ მიიყვანეს, ცუდად მყოფს ქალიშვილი დაადგა თავზე და “სნიკერსის” ფული სთხოვა.
რამოდენიმეჯერ ახსენა ჟურნალში “და ქალი” ამოკითხული ინფორმაცია სირბილის და კალორიების დაწვის შესახებ. რამდენადაც აწუხებდა ჭარბი წონა, ძალიან უნდოდა დილაობით ევარჯიშა, თუმცა, ფეხები ძალიან მტკივა და ვერ ვირბენ, მხოლოდ ვივლიო, აღნიშნა. ხოლო, როცა კალორიების დიეტაზე ჩამოვიუგდე სიტყვა, გაეცინა –დღეში მხოლოდ ერთხელ ვახერხებდა ჭამას და ის რასაც ვჭამ 1500 კლკალორია არც კი იქნებაო.
როგორც უკვე ავღნიშნე, ეს ადამიანი თავიდან დედაჩემის ხნის მეგონა, თუმცა, რეალურად ჩემზე მაქსიმუმ 5–8 წლით თუ იქნებოდა უფროსი, ანუ, დაახლოებით 35–38 წლისა..

მოკლედ, სულ ეს იყო რისი დაწერაც მინდოდა.
უბრალოდ, იმ ამერიკელი ქალბატონის გამოსვლიდან კიდევ ერთ ფრაგმენტს გავიხსენებდი, სადაც საუბარი იყო ქალისა და მამაკაცის შრომაზე და მან აღნიშნა, რომ მსოფლიო კვლევების თანახმად, ქალები მამაკაცებზე გაცილებით დიდხანს შრომობენ და გაცილებით მძმე სამუშაოს ასრულებენ; რომ მამაკაცებს აქვთ განსაზღვრული სამუშაო საათები, ხოლო ქალები შრომობენ გაღვიძებიდან დაძინებამდე.

განა რას შეიძლებოდა ვეიძულებინე დამეტოვებინა რბილი საწოლი ამ შუა ღამისას და ჭრიჭინებისა და საბჭოთა მაცივრის დუეტის თანხლებით, ხელში კალმის აღების ნაცვლად, ჩემი შელანძღული, მაგრამ,მაინც მოწოდების სიმაღლეზე მდგომი ნოუთ–ბუქი გადამეხსნა – თუ არა მეგობრის უეცარ შეტყობინებას , რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა:

– „ნუთუ არ გაქვს სურვილი რამე დაწერო ამაზე..“
– „რას გულისხმობ?“ – იყო ჩემი ჰორიზონტალური და ფრიად მიამიტური პასუხი.
– „ათ აგვისტოს.  მთავარ გმირად გამომიყვანე მე.“

თავს ზემოთ ძალა აღარ იყო, მეგობის მიერ ჩემს მიმართ გამოცხადებულ უძირო ნდობას ნოველების თუ თხზულებების წერის ოსტატობაში და გენიოსობაში უპასუხოდ ხომ ვერ დავაგდებდი?

მაშ ასე, ათი აგვისტო.. ოო, დიადი ათი აგვისტო!

ეს ის ათი აგვისტოა, რომელიც სოფელში თავშეყრილ თავცარიელ და ჯიბეცარიელ ახალგაზრდებს ერთ სულ და ერთ ხორც აქცევდა ხოლმე. ჭაბუკური უმანკოებით გულანთებულებს ამ დღეს გვიყვარდა მთელი სამყარო, ყველა შენობა, ყველა ხე, ყველა კუნძი, ძროხის ნაკელიანი ქვებიც კი, შუკებში რომ ოხრად ეყარა; ვეფერებოდით და ვეხუტებოდით ყველას და სულ ერთი იყო ჩვენთვის უცნობი გოჩა და აკაკი იყო ეს, თუ ნაცნობი ნინო და ნათია.. თუ ყველანი ერთად.
არა, მე არ მინდა არასწორად გამიგოთ.  ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ…

მაშ, ასე, განვაგრძნობ – ამ დღეს ჩვენ ვაგებდით ერთსულოვნების მყარ კედელს, რომელსაც დუღაბად დიმედროლიანი, მჟავე ღვინო თუ ჭაჭის არაყი ჰქონდა. ამ კედელში ჩაკირულები ჩვენ ვეწეოდით მეგობრობის ყალიონს და სამუდამო მეგობრობის ფიცით შეკრულნი ორ ტონა ფიც–ვერცხლს ვჭამდით, თუმცაღა,  გავლენ წლები და ვინ იცის, სახელები გავიხსენოთ კი არა, სახეზეც ვერ ვიცნოთ ერთმანეთი..

და მაინც, ჩვენი  იმჟამინდელი ერთსულოვნება სრულყოფილი იყო, მას ვერაფერს აკლებდა ისეთი უმნიშვნელო ტექნიკური დაბრკოლებები, როგორიც იყო უეცარი უელექტროობა, უამინდობა, უფულობა, უდინამიკობა და მისთ.. საკმარისია დიჯეის, ანუ იმ ადამიანს, რომელიც ცალდინამიკდაზიანებულ პაწაწინა მაგინტოლასთან ჩაცუცქულიყო დაეყვირა – „ლაიფ ის ლაიფ დაიწყოო!“ – რომ ყველა, დიდი თუ პატარა მოხდენილად და ელასტიურად იწყებდა წელის რწევას, ფეხების და ხელების ქნევას და თავის კანტურს, რასაც უცილობლივ ადასტურებს მრავალდ შემონახული ისტორიული და დოკუმენტური ფოტო–მასალა..

ჩვენი ისტორიის გმირი (დიახ, გმირი, თუნდაც იმიტომ, რომ, მის გარეშე, მე სავარაუდოდ საწოლს არ დავტოვებდი, ახლა ღრმა და უშფოთველ ძილში ვიქნებოდი და შესაბამისად, ეს ღრმად მელანქოლიური თხზულებაც თუ რა ჯანდაბაც არის არ დაიწერებოდა), რომელიც დაუზარლად ადგენდა საჭირო ადამიანების თუ პროდუქტების სიას, დაუღლელად არჩევდა სხვადასხვა პრობლემის გადაჭრა–არ გადაჭრის გზებს ათ აგვისტომდე გარკვეული ხნით ადრეც, ბოლომდე ჩართული იყო სოფლის ჭრაჭუნა და ფამფალა კლუბის დალაგება–დასუფთავებისა და მორთვა–მოკაზმვის საკითხებშიც,  ვერც მაშინ დუნდებოდა და ეშვებოდა ბოლომდე, როცა ყველანი სუფრას უხდებოდნენ და ჭიქებს პირველად ავსებდნენ მჟავე ღვინითა თუ მყრალი არაყით. ის ომახიანად იძლეოდა დირექტივებს, შენიშვებს, დარბოდა გაუთავებლად, მოკლედ, ერთ გაწამაწიაში იყო.. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო – ათი აგვისტო..

ქართული კდემამოსილი სუფრის ტრადიციებისამებრ, თამადის არჩევის რიტუალის შემდეგ (რაც, ათ აგვისტომდე კარგა ხნით ადრე წყდებოდა კომისიის მაღალ ეშელონებში) იწყებოდა მზაყარი და ტკბილმოუბარი საუბარი ყბების გამალებულ ქნევის სინქრონში, რაც, მოკლე დროში იცვლებოდა ხმაჩახლეჩილი  და წამოჭარხლებული, გულ–პირ–საყელო–ჩამოწუწული თამადის მოწოდებებებით წესრიგისაკენ, სმენისაკენ, გაგონებისაკენ, რაც, გულწრფელად რომ გითხრათ, შეზარხოშებულ ახალგაზრდებს სულ ერთ ადგილას ეხატათ და სუფრაც შემუჩნევლად თუ შესამჩნევლად ცარიელდებოდა. მისი შევსება ხდებოდა ხოლმე სუფრაზე დარჩენილი თითო–ოროლა გადამწვარი მოქეიფის ბუნტის საფუძველზე, მაგრამ, მხოლოდ ძალიან მოკლე დროით..
წელის, თეძოს და სხვა კიდურების ქნევა სოფლის კლუბის სცენაზე ხდებოდა, რაც უფრო მარათონს გავდა, ვიდრე უბრალოდ ცეკვას. რაც უფრო დიდხანს  იქნევდი წელს, მით მეტი სივრცე თავისუფლდებოდა ირგვლივ. ბოლოს,  თუ ძალიან მოინდომებდი, მატა ჰარივით სრულიად მარტოდმარტოსაც შეიძლებოდა გექნია კურტუმი. თუმცა, ტაშის მდაკვრელიც არავინ გეყოლებოდა, სცენიდან ჩამოსულს თვალები კარგად უნდა დაგექაჩა რომ რომელიმე გემრიელი და მურაბა ადამიანისთვის მუცელზე ან რაიმე სხვა ადგილას არ დაგებიჯებინა. არადა, ისინი მრავალად იყვნენ იატაკზე განფენილნი. ზოგს მაგიდისთვის მიეშურებინა და საკუთარ თუ მოძმის საცივში ეძინა.. საცივი სიტყვის ხატოვნებისათვის ვთქვი, თორემ, შეიძლება ეს სულაც ტყემლიანი კარტოფილი ყოფილიყო, ან ლობიანი ფელამუში. აივანზე გადაფენილნი მზის სადიდებელს გალობდნენ, მავანნი მათთვის წყლის მოსატანად გარბოდა, მავანს მათი მაღალი შუბლები ეჭირა..
ღვინის, არაყის და ნარწყევის შეუდარებელი და დაუვიწყარი სურნელება ტრიალებდა სოფლის კლუბის ხის კედლებში. გავლენ წლები და აუერელიანო ბუენდია იქეთ იყოს და, მეცა და ამ ამბის გმირიც ხშირად, თვალზე კურცხლითაც კი მოვიგონებთ მას..

ამასობაში ეროსი ღრუბლებიდან აცურებდა თავის ვარდისფერ კოტიტა თითებს, ხოლო ჰელიოსის ცეცლიხსფერი ეტლი ცის კამარას სერავდა და ტყემლიანი თუ ფელამუშიანი თეფშიდან თავაღებული თამადა შეშფოთებით გაიშვერდა საჩვენებელ თითს უშუშებო ფანჯრისაკენ, რომლის მიღმაც იმ არამზადის ზურგი ჩანდა, რომელიც შეუმჩნევლად, წმინდა სამების სადღეგრძელოშეუსმელად ცდილობდა გასცლოდა ბრძოლის ველს.. მაგრამ, ვაგლახ, რომ თამადას საჩვებელი თითიც ისე უვარდებოდა და თავიც, რომ მის ხორხისმიერ ბგერებს ვერავინ არჩევდა და გამყიდველიც თავს შველოდა..
მაგიდის ქვეშ, ჩემი ბავშვობისდროინდელი ერთი კაი მულტფილმისა არ იყოს, ძმურად იყოფნდნე პურს ძაღლი, მგელი და კატა… იქნებ თაგვიც.. სადღაც, დაღრეცილი იატაკის ღრიჭოებს შორის კი უკვალოდ ჩაიკარგა ჩემი ბრაზილიური ხის საყურე, ჭრელი თუთიყუში..

P.S. საყვარელო მეგობარო, მომიტევეთ, თუ ეს “თხზულება” ვერ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, ან, ვინძლო იმედიც კი გაგიცრუეთ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ტკბილ მოგონებებს ამ თარიღთან დაკავშირებით მე ღრმად გულში ვინახავ, ისე ღრმად, რომ, მათი ამოქექვა და ქრონოლოგიურად დალაგება ჩემთვის მთლად ადვილი საქმეც არ იყო…

ეს რათქმაუნდა ხუმრობით ;)

სანამ ამ პოსტს წაიკითხავდეთ (თუ კი წაკითხვას აპირებთ, რათქმაუნდა, თორე, ისე ვინ გაძალებთ..), მინდა დაბეჯითებით განვაცხადო (კიდევ ერთხელ და მემილიონედ), რომ მართლმადიდებელი ვარ, თუმცა, რიგი შეხედულებების გამო და რიგიც შემთხვევითობის გამო, კარგად არ ვარ გათვითცნობიერებული ჩემს რელიგიაში, სჯულის კანონებში და აშ..
მოკლედ, ჩათვალეთ, რომ ეს პოსტი არის პირველ რიგში გულწრფელი შეკითხვა.. მეორე რიგში – გულწრფელი აღშფოთება.

ორი თვე არ არის გასული, რაც ჩემი ბავშვობის ერთ–ერთ მეგობარს შვილი შეეძინა. ჩემსა და მის ერთ საერთო მეგობარს, რომელიც კიდევ უფრო ახლობელი და დიდი ხნის მეგობარია ახალშობილის მამის და დედისაც კი, მათი შვილი უნდა მოენათლა. ამას, წინ უსწრებდა, როგორც ხდება ხოლმე ჩვენთან ჯვრისწერაზე მეჯვარეობა. მოკლედ, ეს ამბავი ამ ჩვენი მეგობრის დაოჯახებიდან მწიფდება და ყველანი ერთად ველოდით ჯერ ბავშვის გაჩენის, ხოლო შემდეგ ნათლობის დღეს.

სულ რამოდენიმე დღის წინ ეს დღეც დადგა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა რომ, ჩემს მეგობარს, რომელსაც ბავშვი უნდა მოენათლა ე.წ “დედათა წესი” დაეწყო. ამ დროს მართლმადიდებელ ქალებს ტაძარში შესვლა ეკრძალებათ, რადგან უწმინდურებად მოიაზრებიან (მენსტრუაცია, რაც ჩემთვის საკრალური პროცესია საშოს სანაყოფედ მოსამზადებლად რატომ ითვლება უწმინდურობად ნამდვილად არ მესმის, თუმცა, ამას შევეშვათ). ამის მიუხედავად, ჩემი მეგობარი ნათლობაზე მაინც წავიდა, იმ იმედით, რომ ტაძრის გარეთ მომლოდინეს, მას ნათლიად “მოიხსენიებდნენ” (ნათლიად მოხსენიება, კი, მოგეხსენებათ, ცხრა მთას იქეთ გადაკარგული კაცისაც შეიძლება).
არაფერიც!  როგორც შემდეგ თავად აღნიშნა, შეწუხებულმაც, გაბრაზებულმაც, გაკვირვებულმაც – მამაომ, რომელმაც ბავშვი მონათლა და რომელიც 30 წელზე დიდი ხნისა არ იქნებოდაო, ისიც და კიდევ ერთი მეჯვარე გოგონა, რომელსაც ასევე დედათა წესი ჰქონდა, ნათლიებად არც მოიხსენია, სწორედ იმ მიზეზით,რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ!

რამდენადაც არც მოძღვარი მყავს რომ ვკითხო, არც ვიცნობ ვინმეს ღრმად კომპეტენტურს (ისეთს მაინც, ვინც გააზრებულად არის მართლმადიდებელი.. მართლა არ ვიცნობ.. ჩემი მართლმადიდებელი ნაცნობების აბსოლიტური უმრავლესობა იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც ნებისმიერი მამაოს ნათქვამს, უბრალოდ, დაფიქრების გარეშე ჭეშმარიტებად მიიჩნებს, რადგან მათ შესამოსელი აცვიათ და წვერს ატარებენ), ამიტომ, ეს შეკითხვა დავწერე პირწიგნაკზე არსებულ თეოლოგიურ გვერდზე  Orthodox Theology, სადაც ისე დაემთხვა, რომ სწორედ ამ თემაზე მიდიოდა დებატები. არ ვიცნობ იმ ადამიანებს, ვინც ამ ჯგუფში წერს, თუმცა, ფაქტია, რომ მათი ნაწილი მაინც კარგადაა გარკვეული იმ საკითხში, რაზეც საუბრობს.

მოკლედ, ერთ–ერთისაგან (მხოლოდ ერთისგან, სხვამ არ ჩათვალა შეკითხვა თუ ფაქტი ყურადსაღებად, ალბათ) პასუხი ასეთი იყო: სოფიო, მე მოკლედ მოგწერ, მოძღვრის მიერ არმოხსენიებაც ზედმეტი სიმკაცრე იყო, რაც სამწუხარო რეალობაა, რომელიც იმედია ნელნელა გამოსწორდება.
ბ-ნ ლევანს მადლობა, რომ დიალოგი კორექტულად მიმდინარეობს, უბრალოდ იმედია მალევე მივალთ დასკვნებამდე, რომ ძალიან არ გაიწელოს კამათი, და მართლა კამათი კამათისათვის არ გამოვიდეს.
საკითხი სენსიტიურია და ზედმეტად ნუ დავძაბავთ, დასვკვნებისაკენ მოგიწოდებთ :)”

მოკლედ, ალბათ მიხვდით, რომ ამ პასუხის მხოლოდ პირველი აბზაცი შეეხებოდა ჩემს შეკითხვას.
რადგანაც ვთვლი, რომ პასუხი ძალიან ზოგადი იყო, ვეცადე კითხვა სხვანაირად დამესვა: “მალობა პასუხისათვის, მაგრამ, ნამდვილად არ არის ჩემთვის ეს პასუხი ამომწურავი. როგორ, ნებისმიერი ადამიანის მიერ “სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტება” თუ ისჯება, სულ მცირე საყვედურით მაინც, ეს ასე უნდა დარჩეს? ადამიანმა ბავშვს ნათლია დაუკარგა, ნათლიას ნათლული. და ეს არაფერს ნიშნავს? ასეთი “ცოტა სიმკაცრე” ძალიან ბევრი გამიგია. არაფერი არ “სწორდება” თავისთავად, გაუარესებით კი ბატონო.. გაუარესდება თუ ამ ამბავს არ მიეხედა”

მოკლედ, ჩემი ამ კომენტარის ქვემოთ დებატები ისე გაგრძელდა, თითქოს არც ვარსებულიყავი და ვთვლი, რომ იქ ისევ რაიმეს დაწერას აზრი აღარ აქვს, იქაურობამ “ოლიმპო” მომაგონა, სადაც ჩემსავით “უბრალო მოვკვდავებს” არაფერი ესაქმებათ და ერთმანეთს ბუმბულიანი კალმებით ეფარიკავებიან; ამიტომ, ბოდიშს ვუხდი (გულწრფელად) ჩემს მეგობრებს, რომლებსაც ეს ისტორია გადახდათ (განსაკუთრებით “დაწუნებულ” ნათლიას, რომელიც თავიდან არ იყო მომხრე ამ ამბავზე საჯაროდ საუბრის, თუმცა, მერე მთხოვა, შენც გაიკითხე და გაარკვიეო) და გეკითხებით, ყველას, ვინც კი ასე თუ ისე კომპეტენტური ხართ ამ საკითხში –

1.იყო თუ არა ზემოთხსენებული მამაო სწორი, როდესაც დედათა წესიანი ქალები ნათლიებად არ მოიხსენია?

2. თუ არ იყო სწორი, რამდენად ნორმალურია  და აქვს უფლრბა მამაოს, თავად ღებულობდეს მსგავს გადაწყვეტილებას?

3. და თუ ასე იქცევა (ხელოვნურად ამკაცრებს და ამძიმებს მართლმადიდებლურ კანონებს), უნდა იყოს თუ არა რაიმე ბერკეტი, ამ საქციელის აღმოსაფხვრელად?

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა.. ჩემდა გასაოცრად, ხშირად გამიგია, რომ ერთ მამაოს მრევლისთვის “აუკრძალავს” ან ძალიან მკაცრად მოუთხოვია  რაღაც, რასაც სხვა მამაოები დიდ ყურადღებას ან საერთოდ ყურადღებას არ ანიჭებენ (მაგალითად, რამოდენიმე წლის წინ, ჩემს ნაცნობებს და მათი ეკლესიის დანარჩენ მრევლსაც კურთხევა ჰქონდათ გაეუქმებინათ “ოდნოკლასნიკები”, რადგან, თურმე იქ ოჯახები ინგრევა, სამაგიეროდ, შიგვე ასობით საეკლესიო და მართლმადიდებლური ჯგუფია გახსნილი, რომლებსაც სასულიერო პირები მართავენ. სამაგიეროდ, იგივე ნაცნობის მამაოს არ აუკრძალავს ქალებისთვის ეკლესიის გარეთ შარვლის ტარება, რაც კატეგორიულად აუკრძალეს მეორე მეგობარს, რომლისთვისაც სოციალური ქსელებიდან გამოსვლა არ მოუთხოვიათ და აშ).  ერთის მხრივ, გამიგია მრევლს ეს სიმკაცრე როგორ ემაყება, მეორეს მხრივ კი, მიჩნდება კითხვა – თუ მართლმადიდებლობა ამას არ ითხოვს, რატომ უნდა წყვეტდეს რიგითი მამაო რა აუკრძალოს ხალხს და რისი კურთხევა მისცეს?

დიდი მადლობა პოსტის წაკითხვისათვის. ველი (კომპეტენტურ) პასუხებს.

სელექციის მეთოდი

დიდი ხანი არ გასულა იმ ამბის შემდეგც, რაც მე ჩემს გარდაცვლილი წიწილაზე და შინაური ცხოველებისა და ფრინველების მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე დავწერე პოსტი, რომ პირწიგნაკზე, ერთმა გოგონამ, სახელად მზია, სტატუსი დადო – ამადინების ბარტყები ხომ არავის გინდათ, გაჩუქებთო.. იქვე ჩიტუნების ფოტოც მოაყოლა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, 1 აპრილს ორი ძალიან მოსიყვარულე პაწია ჩიტუნა ჩემი ოჯახის წევრი გახდა.

სულ რაღაც სამ კვირაში შვიდი კვერცხი დადეს და ერთ მშვენიერ დღეს, დიდი ლოდინის შემდეგ, შვიდივე გამოჩეკეს. პატარა დინოზავრებივით პირდაბჩენილი, ტიტველა, მაგრამ, მაინც საყვარელი ბარყები.

რამოდენიმე დღის შემდეგ გალიაში მკვდარი ბარტყი ვიპოვნე.. ორი დღის მერე კიდევ ერთი.. მერე კიდევ..
თავიდან ვიფიქრე, რომ ბარტყი ბუდიდან თავისით გადმოვარდა და რახან დროზე ვერ შევამჩნიე, შიმშილით და სიცივით მოკვდა. მეორე ბარტყის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ დედა და მამა თავად აგდებდნენ მკვდარ ბარტყს.. მეტიც, ერთხელ დავინახე, როგორ გამოათრიეს ბუდიდან ცოცხალი, მაგრამ ყველაზე სუსტი ბარტყი და სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს.
სიმართლე გითხრათ, ძალიან ავღშფოთდი და გავბრაზდი..
ორი დღის წინ ვერ მოვითმინე და ბუდეში ცხვირი ჩავყე. დარჩენილი ოთხი ბარტყიდან ორი უკვე სამკმაოდ დიდია, შეიბუმბლენ კიდეც და პატარა დინოზავრებსაც აღარ გვანან. ორი კი, მიუხედავად იმისა, რომ ბუმბულის ამოსვლა დაეწყოთ, მაინც ძალიან პატარებად მომეჩვენენ.. თან, შევნიშნე, რომ დიდი ბარტყებისგან განსხვავებით ამ ორს ჩიჩახვი საკვებით სავსე არ ჰქონდა..
მივხვდი, რომ ეს ორიც სასიკვდილოდ იყო განწირული.. ალბათ, ჩემმა ამადინებმა შენიშნეს, რომ მათი ორი ბარტყი ისე სწრაფად ვერ იზრდებოდა, როგორც სხვები და დროსაც აღარ ხარჯავენ მათ გამოკვებაზე.

გამახსენდა, ბავშვობაში ბებიაჩემი როგორ აჭმევდა ხელით სუსტ წიწილებს. ორივე ბარტყი ამოვსვი და ვცადე წარბების  პინცეტით  როგორმე გამომეკვება, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა.. ბარტყებს საოცრად პატარა პირები აქვთ, მით უფრო, რომ საკვები ღრმად, ლამის ჩიჩახვამდე უნდა ჩაუდო. ძალიან გავწვალდი, მაგრამ ცოტ–ცოტა ორივეს ვაჭამე და ბუდეში დავაბრუნე..
ამ გამოკვების დროს მივხვდი, რომ ტყულად ვბრაზობდი ჩემს ჩიტუნებზე, ჩემზე უკეთ იციან რა და როგორ გააკეთონ… ბარტყი, რომელსაც საერთოდ აღარ კვებავდნენ ნამდვილად მომაკვდავი იყო და დღეს დილით გალიაში მისი პატარა და გაფშეკილი სხეულის ნახვა არ გამკვირვებია.

შეიძლება სულელურად ჟღერს, მაგარმ ეს დღეებია სულ ამაზე ვფიქრობ – ადამიანები სელექციის მეთოდით არ ხელმძღვანელობენ შვილებთან ურთიერთობისას.. ეგ კი არა, ხშირად ხდება, რომ ავადმყოფი და სუსტი შვილი უფრო უყვართ, თუ უფრო მფარველობენ..
ჩემს ჩიტებს სავარაუდოდ ორი ბარტყიღა დარჩებათ.. ყველაზე ჯანმრთელები და სიცოცხლისუნარიანები..  არ ვიცი რამდენად სამართლიანია სელექციის მეთოდი, მაგრამ, ფაქტია, რომ ბუნება სწორედ ამ მეთოდით ხელმძღვანელობს. მაძღარი ის არის, ვინც ყველაზე ხმამაღლა წივის, პირს აბჩენს და საჭმელს პირველი ეტანება.. ცოცხალიც სწორედ ის გადარჩება.
ისწავლეთ ადამიანებო.

ძღვნად ჯერომს..

(პროექტი “მომავალი წიგნის გვერდი”)

ეს იყო სქელ და  შინდისფერყდიანი წიგნი. 
ჩემი–შენი პირველი წიგნი.  ან, იქნებ – შენი–ჩემი.
ბიბლიოთეკიდან მოპარული. ასე გამოვიდა.. იმიტომ  გამოვიდა, რომ უკან დასაბრუნებლად ვერ გავიმეტე.

ზაფხული იყო.  პაპანაქება.
სასკოლო არდადეგები.
მე – ხურვებ –ცხელებიანი. აკაწკაწებული.
ჩვენი სოფლური, ხის სახლის მეორე სართულზე, საბანში შეფუთული ვიწექი და შინდისფერ–სქელყდიან წიგნს ვკითხულობდი. ფურცლების კიდეებზე მინაწერებს ვაკეთებდი. ახლა, როცა ამ მინაწერებს ვკითხულობ , მეცინება და მრცხვენია კიდეც…

ერთგან გიწერია – წიგნი ისეთი უნდა იყოს, მისი წაკითხვის მერე, ხელში ყურმილის აღება და ავტორთან დარეკვა გინდებოდესო. და იქაც ჩემი მინაწერები – „მე მინდა, მინდა, მინდა შენთან დავრეკო!“
შენ იყავი პირველი მწერალი და ვგონებ უკანასკნელიც, ვისთვისაც ოდესმე მდომებია წერილი მიმეწერა (ან დამერეკა, მენახა, დავლაპარაკებოდი) –  არა როგორც ბრძენი და გამოცდილი ადამიანისთვის, დიდი მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწისათვის, გამოჩენილი ფიგურისა თუ აღიარებული მწერლისათვის – არა. მე მინდოდა  ჩვენ მეგობრები ვყოფილიყავით, მე მინდოდა გცოდნოდა, რომ ვარსებობდი და ძალიან მიყვარდი, შენი პერსონაჟებივით მიყვარდი. მინდოდა შენც გყვარებოდი.

ეს რომ ათი წლით გვიან მომხდარიყო.. ის წიგნი რომ ათი წლით გვიან წამეკითხა და შენც ცოცხალი ყოფილიყავი, ალბათ, არც ელექტრონული ფოსტის გაგება გამიჭირდებოდა, არც ნამდვილი მისამართის, ან ფან–გვერდი გექნებოდა გახსნილი.. ჰოდა მოგწერდი კიდეც. ალბათ კი არა – აუცილებლად მოგწერდი.

ძვირფასო ჯერომ,

მას მერე, რაც ხელში ის შინდისფერყდიანი წიგნი ჩამივარდა, წიგნი, რომლის პირველ გვერდზე შავ–თეთრი ჰოლდენი ეხატა, ლაბადის საყელოში ცხვირჩარგული, სიგარეტით ხელში –  ჩემი სურვილი.. არა, ჩემი ოცნება გახდა შენსავით წერა შემძლებოდა და ჰოლდენივით ადამიანს შევხვედროდი.. შენს გამოჩენამდე  ჰემინგუეის ვაღმერთებდი და ვიცი, რომ შენც.  მაგრამ, ის ისეთია  –  ყველასია, შენ კი მარტო ჩემი ხარ.

მე ვიცხოვრე შენს მოთხრობებში, ვიყავი ფიბი, ვიყავი ესმე, ვიყავი სიბილი, ჯიმი ჯიმერინო… ეს დიალოგები, ვისკი და სიგარეტის კვამლი, სურნელები, გემოები, ფერები.. ყველაფერი, რასაც ზედმეტი ახსნა არ უნდა, რასაც კითხულობ, წარმოიდგენ და ხვდები – ახლა ჩემია.

„ჭერი ასწიეთ დურგლებო, სიძე მოდის სანაქებო…“

ჰო, სანაქებო. მარტოსულიც.

მინდა იცოდე, რომ ჰოლდენი ჩემი პირველი, ნამდვილი სიყვარული იყო. მე მიყვარდა მისი დაწერილი ესსე ბეისბოლის ხელთათმანზე. ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. ის ისეთივეა, როგორიც მაშინ იყო. და მგონი მეც ისეთივედ დავრჩი, მაშინ რომ ვიყავი…  დღემდე მგონია, რომ არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ჭვავის ყანაში მოთამაშე ბავშვებს თვალყური ადევნო, რომ სადმე არ გადაიჩეხონ, არაფერი იტკინონ… ბავშვები ხომ რაღაცნაირები არიან, სასაცილოები და დაუდევრები… ხან მუხლს იყვლეფენ, ხან იდაყვს..

კიდევ მინდოდა მეთქვა, რომ დღემდე ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან ცხენებს –  ლურჯა ფაშატი, წაბლა ულაყი, ქურანა, მერანი… დღემდე მგონია, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი რამეების გარჩევაა საჭირო და რათქმაუნდა, ეს ცხენებს სულაც არ ეხება.. პატარა ზღაპარი, სიმორი რომ უკითხავდა ფრენის, იმ შინდისფერყდიანი წიგნის მერე, ჩემთვის იმად გადაიქცა, ცხოვრების ფილოსოფიას რომ ეძახიან.

მიყვარხარ, მიყვარხარ, ისევე სულელურად, როგორც შინდისფერყდიანი წიგნის გვერდებზე მიყვარდი.
სიყვარული და ჭკვიანური, სად გაგონილა..

აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს ოდესმე და რახან ის უკვე ვიცი, რას ეუბნება კედელი კედელს, ამჯერად იმას გავიგებ – მოთხრობაში – „შენი მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები“  – ლისთან რომ ქალია, ის მართლა ართურის ცოლი არის თუ არა…