Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ივნისი, 2011

დღეს მეტროს ვაგონში შევედი და რამოდენიმე წუთი, სანამ სასურველ სადგურამდე მივიდოდი ჩემს საკუთარ, სიგანეზე გაწელილ გამოსახულებას ვუცქერდი მოპირდაპირე შუშაში. მერე, ფეხი გადმოვდგი თუ არა ვაგონიდან, ის იყო თავი ავაღერე, რომ მომეჩვენა – დეჟავუ მქონდა.. არა, ყველაფერი ისედაც მეორდება, ბოლო დროა ერთიდაიგივე დროს ვჯდები მეტროს ვაგონში და ერთიდაიგივე სადგურზე თითქმის ერთიდაიგივე დროს ჩამოვდივარ, მაგრამ, დღეს ჩემს წინ მიმავალი ადამიანის სილუეტი ძველი მეგობარივით მეცნო… არადა, არ იყო ძველი მეგობარი.

ვაგონიდან გადმოსულს ჩქარი ნაბიჯით გამისწრო და ელევატორზეც ორი საფეხურით მაღლა დადგა. ისე, როგორც ცოტა ხნის წინ, ოღონდ, არ ვიცი ზუსტად როდის.. უბრალოდ, მაშინაც მიიპყრო ჩემი ყურადღება და მანამ ვუცქერდი, სანამ თვალს არ მიეფარა. სახეზე რათქმაუნდა არ შემიხედავს. კისრამდე მოშვებული, ცხიმიანი, მუქი, პრიალა და თხელი თმა ჰქონდა. მამაკაცისთვის უჩვეულოდ ვიწრო ბეჭები და ფართო გავა. კრემისფერი თხელი შარვალი უკანალში ისე ამორჭობოდა, როგორ არ აწუხებს-მეთქი, თავს ვეკითხებოდი.. ტოტები ჰაერში უფრიალებდა.

გუშინ ჩემს წინ მიმავალ გოგონას ვათვალიერებდი. ხარბად. საშუალო სიმაღლისა იყო და ძალიან მოხდენილი სხეული ჰქონდა. სახეზე არც ის დამინახავს. ლურჯი, თხელი ჯინსი ეცვა, მოკვართული. მუხლებთან და დუნდულებთან რამოედენიმე, მიმზიდველ ნაკეცს იკეთებდა. მრგვალი, ლამაზი საჯდომი ჰქონდა.. ფეხებიც… რომ შევხედე, რატომღაც გლუვი წყლის წვეთები მომაგონა, აი, ვარდნის დროს რომაა, ოღონდ ამობრუნებული. ისე მოხედნილად მიაბიჯებდა.. მაჯაზე დიდი და საინტერესო საათი ეკეთა და დავასკვენი, რომ ასეთ საინტერესო საათებს, მხოლოდ ასეთი კოხტა გოგონები უნდა ირჩევდნენ-მეთქი..

ადამიანების თვალიერება ჩემი (იქნებ მავნე) ჩვევაა. თუმცა, მე თავად არ ვისურვებდი,  ვინმეს ყურადღება მიმექცია. ოდესმე.

ხშირად, როცა მარტო მივაბიჯებ, ან საზოგადოებრივი ტრანპორტით ვმგზავრობ, მინატრია პირთან უჩინარი ჩამწერი მქონოდა მიმარებული, რომელიც ჩემს ჩურჩულს ჩაიწერდა. მე კი ჩავჩურჩულებდი ყველაფერს, რასაც გზად მიმავალი დავინახავდი – ავღწერდი ადამიანებს, შენობებს, წყვილებს, ქუჩის ძაღლებს, ბოშა ბავშვებს  და რა ვიცი.. ყველაფერს, რაც კი საინტერესოდ მომეჩვენებოდა.. ამ დროს იმდენ საინტერესო რამეს ვხედავ, მაგრამ ერთი ფიქრი სწრაფად ცვლის მეორეს, თვალის დახამხამებაში, როგორც კი მზერას სხვა რამეზე გადავიტან, წინა შთაბეჭდილება თითქმის უკვალოდ ქრება. არადა, დასანანია.. ჩემთვის მაინც. ორ, ან სამ სიტყვიანი წინადადებით აღწერილი ადამიანები, შთაბეჭდილებები და განწყობები  შეიძლება კარგი ფოტოებივით დააგროვო..

კარგა ხნის წინ, ისევ მეტროში, როცა სადგურის გაჩერებაზე ერთი ხაზიდან მეორე ხაზზე გადავდიოდი, კიბიდან თეთრ გასასვლელში შევაბიჯე თუ არა, მომეჩვენა, რომ მყისიერად გავუჩინარდი. ოღონდ საერთოდ კი არა.. უბრალოდ, გავქრი როგორ მე, სუბიექტი, ვიღაც სახელი და გვარი და გავხდი ნაწილი რაღაც ერთიანის, დამუხტული ელექტრონებივით რომ მოძრაობდა რაღაც გიგანტური მავთულივით მრგვალში.. ჩემს წინ, ჩემს უკან, მარჯვნივ, მარცხნივ მოძრაოდნენ ადამიანები და არც ერთი არ იყო ვიღაც კონკრეტული..  ყველა ერთად, ერთი სიჩქარით, ზუზუნით მივაბიჯებდით გასასვლელისკენ კვერცხუჯრედისაკენ გაქანებული სპერმატოზოიდებივით…  არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ ავხსნა. უბრალოდ, მივდიოდი და ვიცინოდი! კიდევ კარგი, არც ერთ სპერმატოზოიდს და არც ერთ ელეტრონს არ მოსვლია აზრად ჩემთვის შემოეხედა, ზედმეტად საქმიანები იყვნენ ამისთვის….

კიბეზე ფეხი ჩავდგი თუ არა, ეს გამაოგნებელი შეგრძნება მაშინვე გაქრა. და მე ისევ გავხდი მე, მავანი იქსი.

ეს კარგი, დავიმახსოვრე… მაგრამ, რამდენი ასეთი შეგრძნება მეფანტება და მებნევა დროსა და სივრცეში ყოველდღიურად..

კეთილო ადამიანებო, იქნებ ვინმემ იცით სად ვიშოვნო უჩინარი ჩამწერი თუ მიკროფონი შთაბეჭდილებების შესაგროვებლად..

Advertisements

Read Full Post »

ოთხმოცდასამიანი ვარ.

მე არ ვყოფილვარ პიონერი, კომკავშირელი მით უმეტეს. არ მკეთებია წითელი ყელსახვევი, არ დავდიოდი ბანაკებში. ჩემი სკოლაში შესვლის წელს სისხლიანი 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდა. არაფერი მახსენდება ამ თარიღთან დაკავშირებით, მამაჩემის ჩატეტკვილი და წაშლილი სახის გარდა. ოცდაშვიდი წლის იქნებოდა მაშინ, ან ოცდარვისა. ანუ, დაახლოებით იმ ხნის, მე რომ ვარ ახლა.

არა, სულაც არ ვაპირებ 9 აპრილზე ვწერო (თუნდაც იმიტომ, რომ არც არაფერი მაქვს დასაწერი და უჩემოდაც ბევრი დაწერილა ამ თემაზე). უბრალოდ, ათიოდე წუთის წინ, ჩემი პირწიგნაკის გვერდი “გადავფურცლე” და პირწიგნაკელი კარგი მეგობრის ახალ ფოტოს გადავაწყდი, სადაც ის ბელორუსიაში იმყოფება და ნაძვის ხეებს რგავს სომეხ და აზერბაიჯანელ მეგო/ზო/ბლებთან ერთად. კარგი, მზიანი დღე ჩანს. ნაძვები მთლად ჯანიანად ვერ გამოიყურებიან, მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ მალე მოიკეთებენ. წინ კი სამი პატარა დაფა აქვთ მიწაში ჩამაგრებული, რომლებზეც რუსულად აწერია – “გრუზია”, “აზერბაიჯან” და “არმენია”.

და გამახსენდა ჩემი შორეული ბავშვობის ერთი დღე, როდესაც სკოლის სახელმძღვანელოში ერთი პატარა ლექსი წაგვაკითხეს და დაგვაზუთხინეს. ეს ლექსი, კიდევ კარგი არ მახსოვს, მაგრამ, კარგად მახსოვს ბოლო ორი ბწკარი – “რუსი, სომეხი, ქართველი – ყელიყელგადაჭდობილი!”

ისიც მახსოვს, რომ მაშინვე, რუსიც, სომეხიც და ქართველიც, რაღაც ჟირაფისებრ არსებებად წარმოვიდგინე, და ვფიქრობდი, ყელი ნაწნავისებურად აქვთ გადაჭდობილი თუ უბრალოდ, გადაჭდობილი არიან და სულ ეგ არის-მეთქი. დღემდე, ამ სტრიქონების გონებაში ამოტივტივებისთანავე, სამი გრძელკისერა, მოყელყელავე არსება წარმომიდგება თვალწინ და რაც ყველაზე მთავარია… ამ ადამიანებს ფრიად შეწუხებული სახეები აქვთ… მეტიც – გატანჯული, სიმწრის ოფლი სდით! ექვსი წლისასაც კი არ მომეჩვენა საამურად, თუნდაც ძალიან გრძელი კისრით ვინმესთან გადაჭდობა..

შინ მოვედი და ლექსი ხმამაღლა წავიკითხე. მამაჩემი სიცილით გაიგუდა ლამის. ვერ გავიგე რა აცინებდა. როგორც გითხარით, ასე, ჩემი ხნის იქნებოდა მაშინ. ყელიყელგადაჭდობილიიოო – იძახდა და იცინოდა, გიჟივით…  მისი გამხიარულების მიზეზს ვერ მივხვდი, მაგრამ დავასკვენი, ალბათ მართლა არ სიამოვნებთ რუსს, სომეხსა და ქართველს ყელიყელგადაჭდობილობა და სწორედ ეს ცოტა არ იყოს და ჩახუტების პირობაზე არაბუნებრივი პოზა არის-მეთქი ასე სასაცილო..

მოკლედ, ის სურათი რომ ვნახე, პირწიგნაკელი მეგობრის, მზიანი, მწვანე, ნაძვებით, აბრებით და მომღიმარი სახეებით, სწორედ ეგ ლექსი გამახსენდა… გა ისევე გავმხიარულდი, როგორც მამაჩემი მაშინ!

უაჰაჰაჰააა!!! ყელიყელგადაჭდობილიიიი!

გრძელკისერები, დაღრეჯილები, გატანჯულები… თავიდანვე ასე მახინჯებად დაიბადნენ თუ სიმწრით გადაჭდობისაგან დაუგრძელდათ კისრები, ისე, როგორც როგორც ინდონეზიელი ქალები იგრძელებენ  ყელს უცნაური ზამბარების მუდმივი ტარებისაგან?

ეჰ, რაღა აზრი აქვს ამის გარკვევას ახლა.. ფაქტი ის არის, რომ ასეთებად დავრჩით, ყელიყელგადაჭდობილებად და კბილებიდანაც სიმწრის ოფლი გავსხამს ისე არ გვსიამოვნებს ეს უცნაური ჩახუტება!

მე იმ ადამიანების რიცხვს განვეკუთნები (ჩემდაუნებურად), ხშირად რომ იცვლიან საცხოვრებელ სახლებს, მისამართებს, ქალაქებსაც კი.. ჰოდა, დიდი ხანია მაწუხებს აკვიატებული ფიქრი – რა უმსგავსობაა, რატომ არ შეიძლება ქვეყანამ გაყიდოს ის ტერიტორია, სადაც მდებარეობს და გადავიდეს სხვაგან, ან გაცვალოს… დაამატოს რაღაც თანხა, ან პირიქით, დამატებით მიიღოს.. მოკლედ, როგორც ეს სახლებთან დაკავშირებით ხდება…

უსამართლობაა, ხომ მართალი ვარ?!

მოკლედ, მივდივარ და ვტოვებ განცხადებას:

სასწრაფოდ ვყიდი ან ვცვლი ძველრემონტიან, მაგრამ სუფთა 69,700 კმ² ფართობს დედამიწის სხვა უბანში შორს გრძელკისრიანი ადამიანების მიწებიდან!..

მსურველები გამომეხმაურონ მისამართზე http://www.facebook.com/profile.php?id=100001681190018.

Read Full Post »

%d bloggers like this: