Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for თებერვალი, 2011

ვინ არის?

მე ვარ!

თუ რატომ, ამას ახლავე მოგახსენებთ.

თქვენი არ ვიცი და მე, თავში მისხალი ტვინი რომ მაქვს, ღმერთს ვუმადლი ამას. ეს მისხალი ტვინი, ხანდახან რომ რაღაც აზრუკებს გააკვესებს, ამასაც ღმერთს ვუმადლი, და საერთოდ, ღმერთს ვუმადლი, რომ ავად თუ კარგად, ფაქტების და მოვლენების შეფასება შემიძლია. თუ მესმის, ყურებიდან ვუშვებ თავში, თუ ვხედავ – თვალებით ვასკანერებ და ისევ თავში ვუშვებ. იქ ჩემი მისხალი ტვინი გადახედავს, გადაფურცლავს, გადაჩიჩქნის, შეატრიალებს, შემოატრიალებს, ზოგჯერ კბილსაც მოუსინჯავს და მერე სიგნალებს მაწვდის – არისო ეს შენთვის მისაღები, ან არ არისო.

ხანდახან ცდება კიდეც ჩემი მისხალი ტვინი. დიდი რამე. ვისი არ შემცდარა. ჰოდა, ეს ჩემი მისხალი ტვინი ზოგჯერ თავის შეცდომებზეც სწავლობს რაღაცეებს, ზოგჯერ ვერ სწავლობს (ხდება ხოლმე) და ძალიანაც მიუქარავს, მაგრამ ეს სულ ხვა თემაა..

მე მართლმადიდებელი ქრისტიანების ოჯახში დავიბადე. ექვსი წლის ასაკში მოვინათლე, უცნაურად და ცოტა სასაცილოდ მზრდიდნენ ჩემი ახალგაზრდა და იდეალისტი მშობლები (რომ დავიბადე ოცი წლისანი იყვნენ). შეკითხვაზე – ვინ უფრო გიყვარსო, ჯერ უნდა მეთქვა – ქრისტე. მერე უნდა მეთქვა – შოთა რუსთაველი (ნუ გეღიმებათ, ხმამაღლა გაიცინეთ!), მერე მოდიოდა დედა და მამა…. ამ ოთხის მერე, არჩევანის თავისუფლება მეძლეოდა და შემეძლო სომეხი მეზობელი ხორენას მოხალული მზესუმზირაც კი დამესახელებინა!

მე ნამდვილად გავიზარდე ქრისტეს სიყვარულით და მართალია ეკლესიაში ხშირად არ დავდიოდით, წირვებს არ ვესწრებოდით და ზიარებაც არ ვიცოდი რას ნიშნავდა, მე მასწავლიდნენ, რომ კეთილი აუცილებლად სძლევდა ბოროტს, და რომ მისი არსება გრძელია.  როცა კარგად მოვიქცეოდი, ნებას მაძლევდნენ გამეხსნა ”ჯადოსნური” (პლასტმასის თეთრი) ზარდახშა, სადაც ”ვეფხისტყაოსანი” იდო და ვმთხვეოდი (და როცა მეშვიდე-მერვე კლასში იგივე ”ვეფხისტყაოსანი” წავიღე სკოლაში, გაოცებული ვუცქერდი მის ჩანთაში გდებისგან დაქექილ ყდას და ფურცლებს და ვერ ვპოულობდი ვერაფერს მაგიურს მასში); მე მეუბნებოდნენ, რომ ღმერთი მიყურებდა მუდამ, ხედავდა ჩემს კეთილ და უკეთურ ზრახვებს (სწორედ ბავშვობიდან მოყოლებული არ მტოვებს ღმერთის ჩემთან, ჩემს ირგვლივ არსებობის განცდა) და საქმეებს და თუ ღამით ცუდი სიზმარი გამაღვიძებდა, უცნაურ ლოცვას ვამბობდი, რომელიც დედაჩემმა მასწავლა  ”მე ვერ მაცდენს მაცდური, მე მწამს წმინდა გიორგი, ჯვარი პატიოსანი..” და მალევე მშვიდად მეძინებოდა.

მე მასწავლიდნენ, რომ ღმერთი არის სიკეთე, სიყვარული, სათნოება, ყველაფერი კარგი და დადებითი, რაც კი შეიძლება არსებობდეს და რომ ადამიანი შექმნილია ხატად უფლისა, რომ ადამიანი ადამიანისთვის მზეა, რომ არაფერია ადამიანზე უფრო ძვირფასი, არ არსებობს მზისქვეშეთში რაიმე, რაც შეიძლება ადამიანზე წინ დააყენო.. გარდა სამშობლოსა! სამშობლო, სამშობლო, ლექსები სამშობლოზე, ფიქრები სამშობლოზე, გაჭირვება სამშობლოს გამო, სიცივე სამშობლოს გამო, შიში სამშობლოს გამო, ტკივილი სამშობლოს გამო…

ვიზრდებოდი აუარება აკრძალვებში და ტაბუებში. ჩემს სახლში ვერ გაიგონებდით ქუჩურ და სალანძღავ სიტყვებს. პატივი უნდა მეცა უფროსებისათვის და მათთან უთანასწორო კონფლიქტისას, უკვე ზრდასრულიც ხშირად ჩავვარდნილვარ საშინელ მდგომარეობაში, იმის გამო, რომ აკრძალული მქონდა მათთვის ”სიტყვის შებრუნება” და წლების მერეც კი მიჭირს თავში გავთიშო ეს უცნაური ”ღილაკი”.

ამ გადასახადიდან ვიტყოდი, რომ მიუხედავად ჩემი მშობლების ახალგაზრდული, მკაცრი და იდეალისტური მიდგომისა, ჩემს აღზრდაში ბევრი ლაფსუსი იქნა დაშვებული და შედეგად მიიღეს ის, რაც ვარ, ძალიან ადამიანური (ამ სიტყვის არა გადატანითი, არამედ პირდაპირი გაგებით და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის!), ცოტათი კარგი, ცოტათი ცუდი, ცოტათი სუსტი, ცოტათი ძლიერი —  ჩვეულებრივი ადამიანი მისხალი ტვინით და ბევრი  ”ღილაკებით”. რათქმაუნდა, მეტ-ნაკლებად სწორად ჩამოყალიბებული ღირებულებების მიუხედავად, ჩემი ადამიანური ბუნება მიბიძგებს ზოგჯერ, რაღაცეები ”სხვანაირად” გავაკეთო… დ ყოველთვის, როცა ამ ”ღილაკების” საწინააღმდეგოდ ვმოქმედებ, დიდხანს ვდგავარ წარმოსახვით ”კუთხეში”, პირით კედლისკენ.

როგორ გავხდი ათეისტი? ეს თქვენ განსაჯეთ – დროთა განმავლობაში რელიგიის ირგვლივ დაგროვილი ჩემი შეკითხვები, კრიტიკული მიდგომა ყველაფრის და მათ შორის რელიგიური საკითხებისადმიც (რაც მართლმადიდებლურ საზოგადოებაში უკვე ცუდ ტონად ითვლება) და სურვილი, სანამ რაღაცას დავიჯერებ, ჩემს მისხალ ტვინს გადავაქექინო და კბილით მოვასინჯინო – ხდება საბაბი ”ჭეშმარიტი ქრისტიანების” მიერ ჩემი ათეისტად შერაცხვისა.

როგორ გავხდი ჰომოფობი? ამის განსჯაც თქვენთვის მომინდვია – თუ ვინმე არ მომეწონა და ეს ვინმე შემთხვევით გეი აღმოჩნდა — ჰომოფობის იარლიყი იმ წამსვე შუბლზე მაკრავს!

და რაც შეეხება გარეწარს… უღმერთოსა და კაცთმოძულეს ბევრი რაღა უნდა მაკლდეს გარეწრობამდე?!

 

Advertisements

Read Full Post »

იყო დრო, სანამ ერთი წიგნის კითხვას არ დავასრულებდი, არაფრით არ ვიწყებდი მეორეს.

ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ახლა, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, თაროზე (და რა ვიცი კიდევ სად არა) ათამდე დაწყებული და დაუსრულებელი წიგნი მიდევს.

ცოტა ხნის წინ ”ულისე” დავიწყე (არადა, სულაც არ ვაპირებდი რაიმეს დაწყებას, ზაფხულამდე მაინც არ უწერიათ ჩემს წიგნებს  ბოლომდე წაკითხვა). მიზეზი ჩემი პირწიგნაკელი მეგობრის კომენტარი გახლდათ ერთ ფოტოზე, რომელზეც მერლინ მონრო, საკმაოდ შინაურულად, მაგრამ მაინც სექსუალურად ”ულისეს” ჩაჰკირკიტებს.

”გაიგებს, უეჭველიო” – ასეთი იყო კომენტარი და იყო ამაში რაღაც სტერეოტიპულიც.

რატომაც არა-მეთქი. იმან კიდევ – ”კოჭებში ეტყობა, ყველანაირი მნიშვნელობითო”.

სექსუალური ქალი, დიდი მკერდით, წვრილი წელით და თხელი კოჭებით არ შეიძლება ჯოისს გებულობდეს?
გამოდის, ჯოისი მამაკაცების და უშნო ქალების ხვედრია – მეთქი?

პასუხი საკმაოდ სარკასტული იყო — ჯოისს მამაკაცები და უშნო ქალებიც კი ვერ გებულობენ, მხოლოდ უშნო მამაკაცებიო!

უბრალოდ დამაინტერესა, რამდენად ”უშნო” ვიყავი და მეორე დღესვე შევუდექი (ჯოისის მხოლოდ ”დუბლინელები” მაქვს წაკითხული და არ მახსენდება მისი კითხვისას ან აღქმისას რაიმე სირთულე შემხვედროდეს) ”ულისეს” კითხვას.

ჰოდა, ახლა თაროზე თერთმეტი დაუსრულებელი წიგნი მიდევს.

ალბათ არც ისე უშნო ვარ, როგორც მეგონა. თუმცა, რაღა დაგიმალოთ, საქმე სულაც არ ეხება ”ცნობიერების ნაკადის” გაგებას ან ვერ გაგებას (აი, ფოლკნერის ”ცნობიერების ნაკადი” ჩემთვის ძალიან ახლობელი და ადვილი ასაკინძი აღმოჩნდა), თხრობის სტილიც ძალიან ”ფოტოგრაფიული” და შესაბამისად, ჩემთვის საინტერესოა. უბრალოდ, ჩემი აზრით,  წიგნი იმათთვის იქნება ადვილი წასაკითხი, ვინც ჯოისის დროინდელ ირლანდიელ და ინგლისელ მწერლებსა და პოეტებს, მათ შემოქმედებას და ბიოგრაფიებს კარგად იცნობს (რომანიც მათზეა დაწერილი). კარგად თუ არა, შორიდან მაინც. მე კიდევ დამღალა წამდაუწუმ შენიშვნებში ცქერამ, როცა ვიღაცას ახსენებენ და აზრზე არ ვარ ვინ არის, ან ვიღაცის ციტატას რომელიღაც ნაწარმოებიდან და რომელიც არათუ წამიკითხავს, მის შესახებ არც მსმენია და მოდი ახლა და ქვეტექსტებს ჩახვდი!

მაგრამ, მანამ სანამ დავასრულებ, უბრალოდ მაინტერესებს ვისაც წაუკითხავს ”ულისე” რამდენად ”უშნოდ” თვლის თავს.

P.S. აუ, ისე, ვისოცკის სიმღერაში რომაა — ”Хотели кока, а съели Кука”-ო, ისე მომივიდა სწორედ. ფოლკნერზე მინდოდა დამეწერა და თან სულ სხვა რაღაც…  ჯოისზე კი გამომივიდა.

Read Full Post »

%d bloggers like this: