Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მარტი, 2011

არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობის დაცვის ეროვნულმა ცენტრმა” ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შესრულებული ოჯახში ძალადობის კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა, რომელშიც 1250 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, 2010 წელს საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა. მიღებული შედეგების მიხედვით, გაირკვა, რომ საქართველოში ყოველი მესამე ქალი სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლია.

თქვენ თუ გიცემიათ ცოლი/მეგობარი ქალი?

თუ თქვენი პასუხი უარყოფითია, აქ წასაკითხიც არაფერია თქვენთვის.

დადებითი პასუხის შემთხვევაში უპასუხეთ მომდევნო შეკითხვას –

როგორ სცემთ ცოლს:

ა. გაშლილი ხელით სახეში

ბ. მუჭით სახეში და მუცელში

გ. წიხლით სახეში და მუცელში

დ. ქამრით

ე. იატაკის საწმენდი ჯოხით

ვ. სხვა (მიუთითეთ)

შეგიძლიათ რამოდენიმე პუნქტი ერთად შემოხაზოთ…

ისე, თქვენ გგონიათ მართლა მაინტერესებს?!  რა ჩემი საქმეა… არ იფიქროთ, რომ ცნობისმოყვარეობა მამოძრავებს და თქვენს ცხოვრებაში ვაპირებ ქექვას. უბრალოდ, გუშინ მშვენიერ ვიდეოებს გადავაწყდი იუტუბზე, რომლებსაც სიამოვნებით გაგიზიარებდით და რომლებიც (თუ, ჩემს მიერ ზემოთ დასმულ კითხვაზე დადებითი პასუხი გაქვთ) ფრიად გამოგადგებათ.

აი, ერთ-ერთში ვიდეოში, რომელიც რომელიღაც მუსულმანური სატელევიზიო (სავარაუდოდ შემეცნებითი) გადაცემის ჩანაწერია, წამყვანი მოზარდ ბიჭებს დაწვრილებით უხსნის, თუ როგორ უნდა სცემონ ცოლები – აქლემი რომ აქლებია, მასაც არ შეიძლება სახეში ვურტყათ, მით უფრო მეუღლეებსო… სისხლი არ გამოვადინოთ, ძვლები არ დავუმტვრიოთ და რაც მთავარია – სახე არ დავუუშნოვოთო (რაღა მისექსავს მერე უშნო ქალს!)…

არის კიდევ ერთი ვიდეო, სადაც უფრო დავწრილებით არის ცოლის ცემის მეთოდებზე საუბარი – ძალიან სათნო და ბრძნული სახის, წვეროსანი ძია იმასაც ამბობს – ცოლები ისე უნდა ვცემოთ, ცემის კვალი საერთოდ არ ეტყობოდეთო… არ შევეხოთ სახეს და სხეულის სხვა მგრძნობიარე ნაწილებსო. თანაც, არავითარ შემთხვევაში (ამ სიტყვებს სამჯერ იმეორებს მეტი დამაჯერებლობსათვის!) ბავშვების თანდასწრებითო! თუ ქმარმა ცოლის ცემის დროს ეს წესები დაარღვია, ცოლმა შეიძლება კიდეც აპატიოს, მაგრამ ალაჰი არ აპატიებს და ის ამისთვის დაისჯებაო!

კიდევ ბევრი ამ ტიპის ვიდეოს ნახავთ იუტუბზე. მათი სრული უმრავლესობა მაჰმადიანების მიერ მაჰმადიანებისთვის არის გადაღებული. ყურანზე დაყრდნობით იძლევიან ასეთ რჩევა-დარიგებებს.

ჩვენ კიდევ რა ღმერთი გაგვიწყრა, კაცო.. ქრისტიანები გვქვია – არადა, არც ბავშვებს ვერიდებით, არც ზრდასრულებს… ქალებს თმებით ვათრევთ, წიხლებს ვუშენთ, თვალებს ვულურჯებთ, კიდურებს ვამტვრევთ, თირკმლებს ვუჟეჟავთ, ელენთას ვუხეთქავთ – ხან ქამრით, ხან სახრით და კეტებით ვცემთ და მერე ჩვენს მიერვე დაუშნოვებული და დაბეგვილი ქალების მისექსვაც არ გვიჭირს… ეჰ…

მოკლედ, რარა გავაგრძელო და ნახეთ ვიდეოები. იმედია სუბტიტრების წაკითხვას შეძლებთ. გაიზიარეთ თქვენი მაჰმადიანი ძმების გამოცდილება და გახდით უფრო ლმობიერები საკუთარი მეორე ნახევრების მიმართ…

ხოლო, თუ ევროპელი ძმების გამოცდილების გაზიარება გირჩევნიათ, წაიკითხეთ ის, რაც ვიდეოების ქვემოთ წერია.

გისურვებთ წარმატებებს პირად ურთიერთობებში!

ოჯახური ძალადობის შესახებ:

”ქალების წინააღმდეგ მიმართული ძალდობის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის ოჯახური ძალადობა. ოჯახური ძალადობა მრავალი წლის მანძილზე ითვლებოდა პირად პრობლემად, რომელშიც სახელმწიფო და საკანონმდებლო სისტემა არ უნდა ჩარეულიყო. ის არ აზიანებს მხოლოდ ქალის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას, არამედ ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევა და შესაბამისად სისხლის სამართლის დანაშაულია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალები უფრო ხშირად ხდებიან ცემის, თავდასხმის და მკვლელობის ობიექტი მათი პარტნიორების ან ყოფილი პარტნიორების, ვიდრე სხვა რომელიმე ადამიანის მხრიდან.

ოჯახთან ან ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ძალადობისაგან დაზარალებულთა დიდი უმრავლესობა ქალები და გოგონები არიან. ოჯახური ძალადობის ასეთი გენდერული ხასიათი შეგვახსენებს, რომ მსოფლიოში ქალები ძალადობისაგან მხოლოდ იმიტომ იტანჯებიან, რომ ქალები არიან.

ოჯახში ძალადობა ყოველთვის ინტიმური ურთიერთობის კონტექსტში ხდება. სიტუაციაზე კონტროლის მიზნით ერთ-ერთი პარტნიორი ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება მეორე პარტნიორზე დამცირებისა და შეშინების გზით, რაც სიტყვიერ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში გამოიხატება.

მოძალადეს ამოძრავებს პარტნიორის (ძირითადად ცოლის) კონტროლისა და მისი გარშემომყოფთაგან იზოლაციის სურვილი. ოჯახური ძალადობა არ შემოიფარგლება ფიზიკური ძალადობით, ხშირად ეს არის შემდეგი ელემენტების კომბინაცია:

ფიზიკური და სქესობრივი ძალადობა

ფსიქოლოგიური აგრესია

მატერიალური ზეწოლა

ქალის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა შეიძლება გამოხატულ იქნეს სხვადასხვა მოქმედებებით, მაგალითად:  მუქარა, შეშინება, მანიპულირება, იზოლაცია, ფულის მიცემაზე უარის თქმა, თავისუფლების აღკვეთა, საკვების მიწოდებაზე უარის თქმა, ქალის დამორჩილების მიზნით ბავშვებზე განხორციელებული ძალადობა.

ფიზიკურ ძალადობას, როგორც წესი, ახლავს უხეში ფსიქოლოგიური ზეწოლა ან სიტყვიერი აგრესია. ხშირად ოჯახური ძალადობა იწყება დამამცირებელი მითითებებითა და შენიშვნებით. ოჯახური ძალადობა ისეთი სახის თავდასხმა და ძალადობაა, რომელიც ადამიანის რამდენიმე ძირითადი უფლების დარღვევას უკავშირდება.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო ენციკლოპედიური ლექსიკონი

“ნებისმიერი აქტი, რომელიც ფიზიკურ, სექსუალურ ან ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს ან შეუძლია მიაყენოს ქალს, მათ შორის ასეთ ქმედებასთან დაკავშირებული მუქარა, თავისუფლების იძულებითი ან თვითნებური აღკვეთა, გენურჩევლად იმისა თუ სად ხდება საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში წარმოადგენს გენდერულ საფუძველზე ჩადენილ ძალადობას”. ეს განმარტება მოცემულია გაერთიანებული ერების მიერ მიღებულ დეკლარაციაში ქალთა მიმართ ძალადობის ლიკვიდაციის შესახებ(1993წ). მარტივად რომ ვთქვათ, ძალადობა გენდერის საფუძველზე არის ძალადობა ჩადენილი ქალის მიმართ მისი სქესობრივი კუთვნილების გამო.

ძალადობა არ უნდა გავიგოთ, როგორც მხოლოდ მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობის სერიოზულ სახეს წარმოადგენს ასევე მუქარა, ფსიქოლოგიური ზეწოლა და ეკონომიკური კონტროლი. საერთაშორისო დონეზე ქალის მიმართ ოჯახური ძალადობა აღიარებულია, როგორც გენდერული ძალადობის ნაწილი, დისკრიმინაციის ფორმა და ადამიანის უფლებათა დარღვევის უხეში გამოვლინება.

სოციოლოგების მოსაზრებით ოჯახურ ძალადობას უმეტეს შემთხევაში ოჯახური ჩვეულებები იწვევენ. ფსიქოლოგების განმარტებით კი მამაკაცის მხრიდან ქალის მიმართ ძალადობა მიმართულია ან დარღვეული გენდერული იერარქიული ურთიერთობების აღდგენისა ან ასეთი იერარქიის წაქმოქმნისაკენ. ამ შეხედულების თანახმად, ოჯახური ძალადობა განსაკუთრებით რთულად უნდა იდგეს იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ტრადიციული ოჯახური წეს–ჩვეულებები.

წყარო: http://www.tsutimes.com/

Advertisements

Read Full Post »

მომიტევეთ თავხედობა, მაგრამ, ვინაიდან და რადგანაც დღე არ გავა ჩემს ბლოგზე ქართული სადღეგრძელოების თანმიმდევრობის მაძიებლები არ შემოეხეტონ, გადავწყვიტე, იმის მიუხედავად, რომ არც ქართულ სუფრაზე ვგიჟდები და არც ქართულ სადღეგრძელოებზე მაბოდებს, გავკადნიერდე, გავრისკო და დავწერო ”შპარგალკა” თამადობის მოშურნეთათვის

ისე, მთლად ”ჩაინიკიც” არ ვარ ამ საქმეში, გარდა იმისა, რომ მამაჩემის თამადობის მასტერკლასებს ხშირად (ნებით თუ ინებლიედ) დავსწრებივარ —  სიამაყით არადა, ისე კი მოგახსენებთ, რომ სამოცკაციან სუფრასთან თამადის მოადგილეც ვყოფილვარ. მართალია სტუმრებთან არ შემირცხვენია თავი, მაგრამ რესტორნის ”ჩასაცუცქ” საპირფარეშოსა და ჩემს შავ დღეზე გაჩენილი ფეხსაცმელების ჭვინტებს კი ვერ დაადგათ კარგი დღე….

სანამ თავად ”შპარგალკას” შემოგთავაზებდეთ, გავიხსენებ ერთ ტკბილ, მურაბა და ბრძნულ ქართულ სიმღერას და მოგიწოდებთ – სამი დალიეთ, შეგერგებათ, არ დაითვრებით, სამზე მეტს დალევთ, იქვე ეშმაკად გადაიქცევით! (როგორც ფოტოზეა გამოსახული – თავად განსაჯეთ, აბა, ეშმაკის გარდა, ვინ შეძლებს ასეთ პოზაში დაძინებას?)

ჰოდა, აი, ისიც, ქართული სადღეგრძელოების თანმიმდევრული ჩამონათვალი:

1. უფლის ხსენება

2. მშვიდობის სადღეგრძელო

3. თავყრილობის მიზეზის სადღეგრძელო

4. ქვეყნის, სამშობლოს სადღეგრძელო

5. გარდაცვლილთა ხსნოვნა (როგორც წესი, ცალკე ითქმის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულების სახსენებლი)

6. მომავალის, ხვალინდელი დღის, ბავშვების სადღეგრძელო

7. მშობლების სადღეგრძელო

8. დიასახლისების, ქალების სადღეგრძელო

8. დედმამიშვილების სადღეგრძელო

9. დიდი სანათესაოს სადღეგრძელო

10. მეგობრების სადღეგრძელო

11. სიყვარულის სადღეგრძელო

12. წინაპრების სადღეგრძელო

13. ეკლესიის, ქრისტიანობის, რწმენის, რჯულის სადღეგრძელო

14. ქართული ტრადიციების, ადათების სადღეგრძელო

15. ლამაზი მოგონებების სადღეგრძელო

16. დაშლა-არმოშლის, საკართანო სადღეგრძელო

17. ყოვლად წმინდის სადღეგრძელო

ხო, ბევრისთვის ალბათ ზედმეტია იმის თქმა, რომ ამ შაბლონური სადღეგრძელოების წარმოთქმის გარდა, მრავალფეროვანი ვარიაციების საშუალება ეძლევათ თამადებს. აი, თუნდაც – ”გუგული და მამალის” პერსონალური სადღეგრძელოები, სამი ”ჩ” (ჩვენი ჩუმი ჩანაფიქრი!) და ამისთანა იდიოტობები… ჰო, და გარდა ამისა, როცა რაიმე სადღეგრძელოს ამბობთ, კარგია თუ მას იმ ოჯახის წევრის  (დიასახლისის, დედმამიშვილის, ბავშვებისა თუ რა ვიცი) თამადობით იტყვით, ვის ოჯასშიც იმყოფებით, ან ვის მიერაც ხართ მიწვეული…

მართალია, არსებობს ასეთი ქართული გამონათქვამი —  ”თამადაო, ჩანჩალაო, ღვინო გვასვი ჩქარ-ჩქარაო”, მაგრამ, კარგი თამადა იმით არ ფასდება რამდენ ლიტრ და ჩაფ ღვინოს ჩაიქცევს მუცელში! თამადას მოხდენილად საუბარი (და არა ენით ზურგის ფხანა!) და სუფრის კარგად წარმართვა უნდა შეეძლოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხან საინტერესო ამბავი მოყვეს, ხან ლექსი წაიკითხოს (მაგრამ, სასურველია არა ათანასე მურცხვანიძის, ან ონოფრე კაჭკაჭიშვილის შეთხზული!), სმასა და ცეკვა-თამაშს შორის დრო თანაბრად გაანაწილოს, თანამეინახეები ზედმეტად არ შებოჭოს, მაგრამ არც არეულობა დაუშვას.

როგორ უნდა მოახერხოს ეს ყველაფერი?!

აბა, მე რა ვიცი.. ნაღდად აზრზე არ ვარ. უბრალოდ, როცა ვინმე ”ქართული სადღეგრძელოების თანმიმდევრობას” ჩაწერთ ძიების გრაფაში და ჩემს ბლოგზე მოხვდებით, არ მინდა გაწბილებული დარჩეთ… იმედია ჩემი პოსტი, ცოტათი მაინც დაგეხმარებათ!

აბა, წარმატებებს და კარგ დროსტარებას გისურვებთ და ჰო, რაც მთავარია ეს არ დაივიწყოთ:

Read Full Post »

დარწმუნებული ვარ, ბავშვობაში ყველას გვიოცნებია, რომ გავიზრდებოდით ვიღაც ისეთი გამოვსულიყავით, ვინც არ გამოვედით და რაზეც ახლა გულიანად გვეცინება…

მე მაგალითად მინდოდა გამოვსულიყავი ექთანი, რომ ომში დაჭრილი მებრძოლებისთვის სისხლიან ჭრილობებზე სპირტიანი საფენები მედო, ან ფეხბურთის მოედანზე მოცელილი და ტკივილისგან დაგრეხილი სპორტსმენებისთვის ოფლით დაცვარული შუბლები მეწმინდა…

მინდოდა ფიზიკის მასწავლებელი გამოვსულიყავი, რომ სკოლის კარადაში პრიალა ლითონის, წკარუნა ბურთები და ნაირ-ნაირი ზომის და წონის პინები მქონდა (მათ შორის ძალიან, ძალიან პაწიები და საყვარლებიც), კიდევ მინდოდა ადამიანებისთვის სისხლის ანალიზები ამეღო და  შუშის ოთხკუთხა ფირფიტებს გასათბობად ზედ დავჯდომოდი,  მერე შუშის სინჯარებში შუშის პიპეტები უსასრულოდ მერაკუნებინა…

მოგვიანებით მომინდა ჟურნალისტი გავხდარიყავი და რეპორტაჟები ისეთი ცხელი წერტილებიდან გამეკეთებინა, სადაც სხვა წასვლას ვერა და ვერ გაბედავდა! ჰო, ტელეწამყვანობაც მინდოდა, ცისფერი ეკრანიდან დასტა ფურცლებით ხელში საინფორმაციო ნიუსების კითხვა (მე რომ პატარა ვიყავი, ტელეწამყვანები მხოლოდ ნიუსებს კითხულობდნენ!) და ბოლოს, ტელემაყურებლებთან დამშვიდობებისას ამ ფურცლებით მაგიდაზე მრავლისმეტყველად დაკაკუნება!

კიდევ, რადიოში დიჯეობა მინდოდა… მე და ჩემი მეგობარი ვიგონებდით და კასეტებზე ვიწერდით უზარმაზარ მონოლოგებს, რომლითაც ვითომდა მსმენელებს ვესაუბრებოდით და მხოლოდ ძალიან გვიან მივხვდი, რომ, რაც უფრო მეტს ლაპარაკობს ”დიჯეი”, მით უფრო მეტ სიბრიყვეს ფქვავს და მით უფრო გინდება, უბრალოდ ადგე და სხვა სიხშირეზე გადაერთო…

პრეზიდენტობა, პრეზიდენტის ცოლობა და დედოფლობაც კი, თქვენ წარმოიდგინეთ და არასდროს მისურვია… ალბათ ვერ ვიყავი და ვერ ვარ საკმარისად ამბიციური ნატურა!

რამოდენიმე დღის წინ წიგნების მაღაზიაში შევიარე, ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში… კონსულტანტი გოგონა სალაროსთან იჯდა და ახალთახალ, პიწკინა წიგნს საგულდაგულოდ კითხულობდა. რომ შევაბოტე, ფურცლებს შორის სანიშნე ფაქიზად ჩადო, ფრთხილად დახურა და ”რით შემიძლია დაგეხმაროთო” – მითხრა (სავსებით უბოროტოდ).

წიგნი მინდოდა ჩემი შვილისთვის. მომიძებნა, მერე ფული გამომართვა, ხურდა დამიბრუნა და როცა მაღაზიიდან გამოვედი, დავინახე – ისევ იმ პიწკინა წიგნის კითხვას შედგომოდა. ვითომ სულაც არ დამერღვიოს მისი მყუდროება, ვითომ სულაც არ ჩაედოს ფურცლებს შორის სანიშნე… ვითომ დეჟავუ მქონდა და სულ ეს იყო.

წამოვედი და თან ვფიქრობდი, ალბათ რა კარგია მუშაობდე პიწკინა და ფერადი წიგნებით სავსე მაღაზიაში, რომელიც ფრანგული პარფიუმერიისა და ძვირფასი ჩაისა და თამბაქოს მაღაზიებს შორისაა მოთავსებული და სადაც ყველა წიგნი შენია, თუნდაც მხოლოდ განსაზღვრული დროით… გარკვეული მიზეზების გამო, სიმყუდროვესაც მაინცადამიანც ხშირად არ დაგირღვევენ, ჩაისა და თამბაქოსთვის შორს წასვლა არ დაგჭირდება, კვირაში ხუთი (ან ექვსი) დღე, დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე შეგიძლია ფეხი-ფეხზე გადაიდო და იკითხო ყველაზე ახალი თუ ყველაზე ძველი, ყველაზე საინტერესო და ყველაზე უინტერესო, ყველაზე ფერადი და ყველაზე უფერული, ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე იაფფასიანი, ყველაზე მხიარული თუ ყველაზე სევდიანი, ყველაზე პოპულარული თუ ყველაზე არაპოპულარული წიგნები…  და დროდადრო, როცა თვალები გადაგეღლება, ხელებზესახედაყრდნობილმა უბრალოდ უცქირო შუშის კედლის მიღმა საქმიანად მოსიარულე ადამიანებს, მოიწონო ან არ მოიწონო მათი ვარცხნილობა, გაგეცინოს ან არ გაგეცინოს მათ სამოსზე, იფიქრო ან არ იფიქრო მათ ცხოვრებაზე და დაელოდო თვის ბოლოს, როცა მთელი თვის მანძილზე გაწეული ამ სასიამოვნოდ მძიმე შრომისათვის კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებ!

ჰოდა, მორჩა – გადაწყვეტილი ამბავია – რომ გავიზრდები, კონსულტანტი გამოვალ წიგნების მაღაზიაში! მაგრამ, რა ვიცი როდის გავიზრდები.. ან საერთოდ, გავიზრდები რო?!

Read Full Post »

შორენს უკითხავს დღეს პირწიგნაკზე – დედებო, რატომ გაგვაჩინეთო…  წავიკითხე თუ არა, იმ წამს პასუხის აკრეფა დავიწყე, მაგრამ, იმოდენა გამომივიდა, გადავწყვიტე აქ გადმომეტანა…

მე არ ვიცი რა იყო შორენის მოტივაცია, როცა ამას წერდა, მაგრამ ცხელ გულზე მეც დამისვამს იგივე შეკითხვა დედაჩემისთვის..  უფრო სწორად, თავი დამიმადლებია მისთვის – მე არ მითხოვია და ნეტავ რას მაჩენდი-მეთქი… ახლა, როცა შვილები მყავს, ხშირად მახსენდება ჩემი როყიოდ ნასროლი სიტყვები, დედაჩემის შეცბუნებული და შეწუხებული სახე მათი მოსმენისას და სინდისი მქეჯნის!

და აი, ახლა, როცა დასტურ ვიცი, როგორ ძალიან მეტკინება გული, თუ ჩემი შვილები იგივე შეკითხვას დამისვამენ ოდესმე, წინასწარ ვიცი რასაც ვუპასუხებ –

გაგაჩინეთ იმიტომ, რომ გაჩენამდე მსურდით, მიყვარდით და გნატრობდით! თქვენ რომ არ მყავდით, თმებგაწიწკნილ თოჯინებს ვარქმევდი თქვენს სახელებს, ვაჭმევდი ქვიშის ფაფას, ვაძინებდი მუყაოს ყუთში და ისეთივე მონდომებით  ვუმღეროდი ნანას, როგორც ახლა თქვენ გიმღერით – ”ნანაა-ა-ა-ა, ნანაა-ა-ა-ა!”…

გაგაჩინეთ იმიტომ, რომ უკიდეგანო ბედნიერება მომანიჭეთ! თქვენი მუცლადყოფნის ცხრა თვე ნამდვილი საოცრება იყო ჩემთვის, თავს გამორჩეულად და განსაკუთრებულად ვგრძნობდი, თქვენზე ზრუნვა სიამოვნებას მგვრიდა, თქვენი ფეთქვა ისეთი ნეტარებით მავსებდა, რომლის მსგავსი არ არსებობს…. და მიუხედავად იმ ტკივილისა, რომელიც თქვენი დაბადების დროს ვიგრძენი, თქვენი წითელი და სასაცილო სახეების დანახვისას მივხვდი – თურმე სწორედ თქვენს გასაჩენად გავჩენილვარ!

გაგაჩინეთ იმიტომ, რომ ჩემს თავს მარადიულობა მივანიჭო! თქვენ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება ხართ, თავს ვინუგეშებ, რომ ჩემს აუხდენელ ოცნებებს თქვენ აისრულებთ, ჩემს მიუღწეველ მიზნებს თქვენ მისწვდებით და ვიცი, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები – დავრჩები თქვენში, მერე თქვენს შვილებში გადავალ, შვილიშვილებში, შვილთაშვილებში და ამრიგად, არც არასდროს შევწყვეტ არსებობას!

გაგაჩინეთ იმიტომ, რომ ჩემი მშობლების მიერ ჩემზე გაწეული ამაგი, ზრუნვები, უძილო ღამეები, შიშები, კრთომები, დარდები როგორმე ავანაზღაურო…. მერწმუნეთ, სხვაგვარად ვერ შევძლებდი იმათი ”ვალის” გადახდას!

გაგაჩინეთ იმიტომ, რომ ის სითბო და სიმხურვალე, რომელსაც ახლა თქვენ გიწილადებთ – უთქვენოდ დამწვავდა და დამფერფლავდა!

გაგაჩინეთ იმიტომ, თქვენი ყოველი დანახვისას სიამაყე მავსებს, როგორც ჭეშმარიტ ხელოვანს საკუთარი ნამუშევრით ტკბობისას – აი სახე, რომელიც შეუცდომლად გამომიძერწავს და ულამაზესია, აი ტუჩები, პატარა ალუბლები… თვალები, კრიალა და გონიერი – მიცქერით და მგონია სულში მწვდებით, გამჭვირვალე ვხდები ამ დროს და არაფერი გრჩებათ დაუნახავი! თქვენი თითები, რომელიც ჩემსას გავს, თქვენი ცხვირი, რომელიც ჩემის ასლია…

მართლა უსასრულოდ შემიძლია ვწერო, თუ რატომ გაგაჩინეთ…. ოღონდ გულწრფელად, ყოველგვარი პატეთიკის და სიყალბის გარეშე.

მაგრამ, უსასრულოდ წერის ნაცვლად, ბოლოს აი, რას გეტყვით –

მე გაგაჩინეთ იმიტომ, რომ ადამიანი საუკეთესო რამ არის მათ შორის, რისი შექმნაც კი ადამიანს საერთოდ შეუძლია!!!

Read Full Post »

%d bloggers like this: