Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მარტი, 2012

ამერიკის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ
ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილ საუკეთესო ამბების კონკურსს.

იმ დილას თვალებგახელილი შევხვდი.
დედაჩემის გაფრთხილებების მიუხედავად , წვეთი არ მძინებია. ვიცოდი, არც მას დაეძინებოდა. მესმოდა ჩემი დების მშვიდი და თანაბარი სუნთქვა და თავს ვანუგეშებდი, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, რომ ეს ყველაზე კარგი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. დღე, რომელსაც, ჩემზე უფრო დიდი ხანი ბებერი ბირდი და ოსკარი ელოდნენ..
სამზარეულოდან წყლის ჩხრიალი და ბირდის ხალათის შარი–შური შემომესმა. ფრთხილად გადმოვდგი ფეხები საწოლიდან და ფაჩუჩებში გავუყარე. დედაჩემი ყავას ხარშავდა, ოთახში გახუხული შავი პურის და ყავის გემრიელი სუნი იდგა. ვინმე უცნობს რომ შემოეხედა ჩვენთვის, იტყოდა, შავების ერთი ჩვეულებრივი დილა გათენებულაო.. არადა, ორივე უგერგილოდ ვიქცეოდით, ყველაფერი ძირს გვივცვიოდა, ხელები გვიცახცახებდა. დედაჩემი თვალებს კი მარიდებდა, მაგრამ ეტყობოდა ძალიან ბედნიერი და ამაყი იყო. ბედნიერი, ამაყი და ცოტათი შეშფოთებულიც..
გახუხულ პურზე კარაქი სქლად გადაუსვა და თეფშზე დამიდო. ადრე ასე სქლად არასდროს გადაუსვამს. ეგ კი არა, არც მახსენდება, ბოლოს როდის გადაუსვა ჩემთვის პურზე კარაქი .. არ მინდა–მეთქი, ჩავიბურტყუნე და მაშინვე ვინანე. ლუკმა უგემურად ჩავღეჭე. თვალი საათისკენ გამექცა –  6:21 უჩვენებდა.
–    შენთან ერთად ხომ არ წამოვიდე? – მითხრა და თვალებში ჩამაცქერდა. ალბათ, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ არ მეშინოდა. არა–მეთქი, თავი გავაქნიე.  მხარზე ხელი მომითათუნა  და ოთახიდან გავიდა.
სახლი ნელ–ნელა ახმაურდა. სამზარეულოში ფეხშისველა სამუელი გამოტანტალდა.  ჩემი პურის ნარჩენი უკითხავად ჩაბღუჯა და დედას გაყვა.
ჩემს ერთადერთ გამოსასვლელ თეთრ პერანგს და უჯრულა ნაჭრით გაწყობილ ტილოს ქვედაბოლოს დედაჩემი ორ საათზე დიდხანს აუთოვებდა წუხელ.  ბებერი ბირდი ყოველ დღე ათობით შავ უსინათლოს ასწავლის ტანსაცმელების რეცხვას და გაუთოვებას; ჩემი და ჩემი ექვსი და–ძმის სარეცხსაც თვალისდახამხამებაში ატკიცინებს, მაგრამ, ჩემი კაბის გაუთოვებას, მაინც, რატომღაც, თითქმის ორი საათი მოანდომა..  აუჩქარებლად აუთოვებდა და ღიღინებდა. მისი შემყურე, ადამიანი იფიქრებდი,  ამაზე უფრო სასიამოვნო საქმე დედამიწაზე არ არსებობსო.
ერთნაირ, სასაცილო ღამის პერანგებში გამოწყობილი ბავშვები  ერთმანეთს წამდაუწუმ რაღაცეებს ეჩურჩულებოდნენ და თვალს არ მაშორებდნენ. ჩემი საწოლის თავთან დაკიდებულ პატარა სარკეში თავი შევათვალიერე  და თმებიდან სარჭების მოხსნა დავიწყე – დღეს ისეთი ლამაზი უნდა ვიყო, როგორც არასდროს! – ვუთხარი ჩემს თავს.
პერანგი გულმოდგინედ ჩავიკეცე კაბის სათავეში. რუთმა ჩემი თეთრი წინდები და ლაქის ფეხსაცმელები მომიტანა და მოწიწებით დამიწყო ფეხებთან – ღმერთო, როგორი ლამაზი ხარ, ენი – პატარა ხელები გულზე დაილაგა და ნატვრით შემომხედა – ყველაზე ლამაზი გოგო ხარ ლითლ როკში! რომ გავიზრდები, მეც შენსავით ლამაზი ვიქნები!
იმ წუთას გულით მჯეროდა მისი – მარტო ლითლ როკში კი არა, მთელ არკანზასში ყველაზე ლამაზი გოგო ვიყავი!
ბებერმა ოსკარმა, სასადილოს მაგიდასთან რძიან ყავას რომ ხვეპდა,  შუბლზე  მაკოცა. ჭაღარა ხვეული თმები საფეთქეთან კლოუნივით ასწეწოდა. დაწითლებულ თვალებზე ცრემლი ადგა. რკინიგზის ჟანგიანი ვაგონების შეკეთებისგან დაკოჟრილი ხელებით გულში ჩამიკრა და ჩემს და–ძმებს სთხოვა სათითაოდ ეკოცნათ ჩემთვის.  რკინის კიბეებზე ხმაურით ჩავირბინე. ჯამალის დედა, დეიდა დოროთი ეზოში თეთრეულს ქოშინით ავლებდა. წმინდა მარიამი გფარავდესო, მომაძახა და კოტიტა თითებით გაურკვეველი ფიგურა მოხაზა ჰარეში…
სექტემბრის თბილი და მზიანი დილა იდგა. ლითლ როკში გრილი სიო ქროდა.  ავტობუსების გაჩერებისკენ გავეშურე. ჩემი ორი თვის დანაზოგით შეძენილი ლამაზი მზის სათვალეები ცხვირზე მოვირგე და სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე – არა, ეს დღე აუცილებლად ყველაზე კარგი დღე უნდა იყოს ჩემს ცხოვრებაში!

ლითლ როკ სენტრალის სკოლასთან ბუზივით ირეოდა ხალხი. სასწავლებლის ეზო მოგუგუნე ფუტკრების სკას გავდა. ვუახლოვდებოდი და გუგუნი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ხეებზე მიმაგრებული რადიო–სასმენებიდან გადმოღვრილ მუსიკის ხმებს სკოლის დირექტორის მისასალმებელი სიტყვა შეენაცვლა. თვალებით ვეძებდი ერნსტს, ჯეფერსონს, ტერენსს, შარლოტას, მინიჯინს, გლორიას, ტელმას და მელბა პატილოს. ჩვენ მე–14 ქუჩის შესახვევთან უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, ისინი კი არსად ჩანდნენ.
ხელით მზე მოვიჩრდილე და კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ხალხით გაჭედილ ეზოს. მზით განათებული ლითლ როკ სენტრალის სკოლა უშველებელ ტაძარს უფრო გავდა, თაღებიანი შესასვლელით, ორნამენტებიანი ფანჯრებით, ლამპიონებითა და ქანდაკებებით..  ერთი წამით ისიც ვიფიქრე, ნეტავ ბირდი მართლა გამომყოლოდა მეთქი, მაგრამ მაშინვე საკუთარი  უმწეობის შემრცხვა – უკვე დიდი ხარ ენი, დიდი გოგო, მთელი თხუთმეტი წლის!
სკოლის ეზოში ლამაზი სტუდენტების ფერადი კაბები და პერანგები პატარა ალმებივით ფრიალებდნენ. ქერა, წითური თუ ყავისფერი, საფეთქლებთან დახვეული, კეფასთან აწეულ თუ დაშვებულ თმებიანი ლამაზი და მოცინარი სახეები, თხელი წვივები და მბზინავი ლაქის ფეხსაცმელები ერთმანეთში ირეოდა და ბედნიერებისგან სული მიგუბდებოდა – ისეთი ლამაზები არიან, ისეთი ლამაზები არიან… ისეთი ლამაზები ვართ!
ყოველთვის, როცა ბირდის ვეკითხებოდი, რატომ არის მეთქი, რომ ავტობუსში მარტო უკან შეგვიძლია დავჯდეთ,  რატომ არის, რომ იმ ონკანიდან წყლის დალევა არ შეგვიძლია, რომლიდანაც თეთრები სვამენ, რატომ არის, რომ მე და ბობ მაკფერინს,  რომლის დედაც ხშირად მოდიოდა ჩვენთან და გასარეცხ თეთრეულს უტოვებდა დედაჩემს – ერთად თამაში არ შეგვიძლია, მპასუხობდა –  გული ნუ დაგწყდება, ჩემო გოგონი.. ეს ყველაფერი დროებითია..
– როგორ დროებით – ოდესმე ჩვენც გავთეთრდებით?
– არა, გოგონი.
– აბა, ისინი გაშავდებიან?
– არა, ენი, ყველანი ისეთებად დავრჩებით როგორებიც ვართ. იმისთვის რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ, არ არის აუცილებელი ერთი ფერის კანი ჰქონდეთ. ოდესმე უფრო მეტად გავიცნობთ და შევიყვარებთ ერთმანეთს, ეს არის და ეს.
– ეგ როდის მოხდება, დედა?..
– მალე, ენი, მალე..
აი, ის დროც მოვიდა, ვფიქრობდი ჩემთვის. მართალი იყო ბებერი ოსკარი, როცა მეუბნებოდა, რომ ტყუილია, თითქოს თეთრები განსხვავდებიან შავებისაგან – აი, ორი ხელი გვაქვს ჩვენც და იმათაც, ორი თვალი, ორი ყური.. ჭრილობიდან ჩვენც და თეთრებსაც წითელი სისხლი გვდის! აბა, შეხედე – ფერის გარდა  ხედავ რაიმე განსხვავებას?
– ვერა– მეთქი, თავს ვაქნევდი მე.
– ასეა, ასე, ერთი ტალახისგან ვართ მოზელილები და ერთ ტალახად გადავიქცევით ბოლოს.. – ღიღინებდა ოსკარი და ეზოს ონკანთან ხელებს იბანდა, დაკოჟრილ და ნამუშევარ ხელებს –  ფეხებში ჩემი და–ძმები ებლანდებოდნენ. ხან რუთს დაისვამდა მხრებზე, ხან მაიკლს და ასე ღიღინ–ღიღინითვე აუყვებოდა რკინის კიბეებს.

–    ჰეი, შენ, ზანგო! – დაიძახა ვიღაცამ. წამით ვერ მივხვდი, მომეჩვენა თუ მართლა გავიგონე.  – შენ გეუბნები, ხო, შენ – სად მოეთრევი, ვერ დაეტიე შენს წვინტლიან ამხანაგებთან? – სიტყვები გამოტყორცნილი მძიმე საგანივით მომხვდა ზურგში. წავბარბაცდი. უკან მოხედვის შემეშინდა. ერთი წამით შევყოვნდი. რვეული მთელი ძალით ჩავიკარი. ტყუილია, თითქოს გაქცევა დავაპირე  – უბრალოდ, დრო მჭირდებოდა რეალობაში დასაბრუნებლად, ლითლ როკ სენტრალის სკოლის ეზოში დასაბრუნებლად, სადაც ის დრო, რომელზეც დედაჩემი მიყვებოდა, როცა ერთმანეთი უკეთ გვეცოდინებოდა და გვეყვარებოდა – ჯერაც არ დამდგარიყო..
სკოლამდე ორასიოდე მეტრი იყო. ახლა ეს მანძილი უსასრულობად მეჩვენებოდა. მით უფრო, რომ ისტერიულად გამკივანი ხმა, რომელიც ფეხდაფეხ მომდევდა, უფრო და უფრო მიახლოვდებოდა..
– აფრიკაში დაბრუნდი, ბინძურო ზანგო! – არ ცხრებოდა ვიღაც.
ნუთუ ამათ აფრიკა ჩემი პატარა ბინა ჰგონიათან, ან სულაც ჩემი და ჩემი დების საძინებელი, სადაც შეიძლებოდა შევვარდნილიყავი და  კარი საგულდაგულოდ გადამერაზა?!.  ნეტავი თუ იციან, რომ ნამყოფიც არ ვარ აფრიკაში, ნათესავიც კი არავინ მყავს იქ.. და შემოვრუნდი, რომ ხმამაღლა მეთქვა – მე აფრიკელი კი არა, ამერიკელი ვარ–მეთქი – ამერიკელი!  შემოვბრუნდი და სიტყვა შემაცივდა –  ღიმილიანი და ბედნიერი სახეები უკვალოდ გამქალიყო, ფერად–ფერადი პერანგები და კაბები უსიამოდ ფრიალებდნენ..
– „ენ, ვინ, ზენ, თან – ჩვენ არ გვინდა ზანგებთან!“ – ხმაშეწყობით მღეროდა ხელჩაკიდებული ოთხი გოგო…  კამერებმომარჯვებულმა ფოტო–რეპორტიორებმა ჩემს ირგვლივ  ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს,  წინ და უკან დარბოდნენ და კამერებს სახეში მჩრიდნენ.
„გაიქეცი ენ, გაიქეცი..“  – თითქოს ვიღაც ყურთან ჩამჩურჩულებდა – „არა, ფეხს არ მოვიცვლი, სკოლაში უნდა შევიდე!“ – მოკუმული ბაგეებით ვპასუხობდი მე – „ სახლში წადი, ენ, ბირდთან წადი, ოსკართან წადი“  – „არა, ბირდს გული გაუსკდება სახლში რომ მივიდე“ – „დაიმალე ენ, დაიმალე და ტირილით გული მოიჯერე“ – „არ ვიტირებ! პატარა აღარ ვარ, არ ვიტირებ!“
– შენთან ერთად გაკვეთილებს არ დავესწრებით! შენი ადგილი სამრეცხაოშია… წადი შენს აფრიკაში! მოგვწყდი თავიდან!  – გუგუნით მომდევდნენ სიტყვები და ის–ის იყო სკოლას მივუახლოვდი, რომ  ჩემს წინ რამოდენიმე შეიარაღებული და ფორმიანი აისვეტა – ვერ გაგატარებთ, მის – კბილებში გამოსცრა ერთმა.
ყელში მობჯენილი ბურთი სუნთქვას მიკრავდა.  მთელი ძალით მივაწექი ჩემს წინ აღმართულ ცოცხალ კედელს და მუდარით ვთხოვე –  გთხოვთ, გამატარეთ, სკოლაში მივდივარ!
– ვერ გაგიშვებთ, მის, ბრძანებაა! – ცივად გამიმეორა ხმამ.
რამოდენიმე წამი უშედეგოდ ვცდილობდი ამ ადამიანებს დავსხლტომოდი. თითქოს, მხოლოდ ის მინდოდა ბირდის და ოსკარის წინაშე მართალი ვყოფილიყავი, თუ მკითხავდნენ, მეთქვა – ყველაფერი ვცადე–მეთქი..
– სახლში დაბრუნდით, მის..  ვერ გაგატარებთ, მისს..“
„ ჩხაკ–ჩხაკ–ჩხაკ“ – არ ჩერდებოდნენ ფოტო–კამერები.
მორჩა, მეტი აღარ შემეძლო, ბირდისთვის და ოსკარისთვისაც აღარ შემეძლო. შემოვტრიალდი. მზე თვალებში მაჭერდა, მაგრამ კარგად ვხედავდი მათ სახებს, დაგრძელებულებს, თვალებდაწვრილებულებს, წარბებდაგრეხილებს, ისე მიცქერდნენ როგორც ქუჩის შფოთს, ტანსაცმელებშემოფლეთილს, მთვრალს და ჭუჭყიანს – სეირი რომ გაუმართავს  –  აკი გახამებული გამოსასვლელი კაბა მეცვა, კრიალა კაბა, ბირდი რომ ორი საათი აუთოვებდა გუშინ, ლითლ როკში ყველაზე ლამაზი გოგოც, აკი მე ვიყავი.. ყველაზე კარგი მოსწავლე ჩემს სკოლაში!
თავ–ბრუ  დამეხვა. ვიღაც მოხუცმა ქალმა ჩემსკენ  ნაბიჯი გადმოდგა და მომეჩვენა, რომ უნდოდა ხელი შემოეშველებინა –  მისკენ შევრბუნდი –  შემომაფურთხა – წაეთრიე, ბინძურო გომბიოო – დაიკივლა და ჩანთა ჰაერში მოიქნია..
ჯერ ჩქარი ნაბიჯით წავედი, მერე გავიქეცი. ფერად–ფერადი კაბების და პერანგების ალმები გზას მითმობდნენ, ყვიროდნენ, იცინოდნენ და უშვერ სიტყვებს მომძახოდნენ.. თუმცა, უკვე არაფერი მესმოდა. ფოტო–რეპორტიორები კამერების ჩხაკუნ–ჩხაკუნით დამტრიალებდნენ, ზურგიდან, წინიდან, გვერდიდან – ჩხაკ–ჩხუკ.. თავი მძულდა, ეს ხალხიც მძულდა! ნეტავ ის კანონი საერთოდაც არ მიეღოთ და  მეც, ჩემს ძველ სკოლაში წავსულიყავი–მეთქი – ამდენი ხნის დაგუბებული ცრემლები ერთბაშად გადმომცვდა.
–    არ იტირო! – მითხრა ვიღაც შლაპიანმა კაცმა და ჩემს წინ აისვეტა –  ამათ ცრემლებს ნუ დაანახებ.  ჩემსა და რეპორტიორებს შორის ისე ჩადგა, ცრემლის მოწმენდა რომ მომეხერხებინა. მერე ავტობუსის გაჩერებაზე, სკამზე მიმითითა და გვერდით მომიჯდა –  ნუ შეგვიძულებ  ამის გამო, კარგი?.. გგონია თვითონ ხვდებიან რას აკეთებენ? გგონია იმიტომ ყვირიან და მოგდევენ, რომ მართლა ცუდი ხარ, ან აუტანელი?  უბრალოდ, ჩვენ ყველანი მშიშრები ვართ და გაუბედავები.. ყველაფრის გვეშინია და აი, ასე ვცდილობთ პასუხისმგებლობების თავიდან აცილებას.. – მერე კორესპოდენტებს მიუტრიალდა – დაანებეთ თავი, ბავშვია, ანერვიულდა!
– მისმინე, ჩემო პატარავ, ვიცი, ეს სულაც არ არის საკმარისი, მაგრამ, ბოდიშს გიხდი ამათი საქციელის გამო  –  მითხრა ვიღაც ქერა ქალმა, პატარა ჩანთას ხელებით რომ ჭმუჭნიდა  და ლამაზად დაჩითული კაბა რომ ეცვა. როდის და როგორ მოგვიახლოვდა, ვერც კი შევნიშნე. იმ წუთას მართლაც არ იყო ეს სიტყვები საკმარისი ჩემთვის, იმ წუთას მეგონა ვერავინ და ვერაფერი შეძლებდა ჩემი ტკივილის და დამცირების გამოსყიდვას  –  ვიცი არ დამიჯერებ, მაგრამ, სულ მალე, აუცილებლად ყველაფერი შეიცვლება.. – მხარზე ხელის დადება უნდოდა, მაგრამ, შეშინებულმა უკნა გავიწიე და მანაც, ხელი მორჩილად დაუშვა.   სახეში შემომცქეროდა – იცი, ჩემი გოგოც შენი ხნის იქნება.. რამდენის ხარ – თოთხმეტის ან ჰა–ჰა თხუთმეტის, ხომ?
– დიახ, მემ – დავუქნიე თავი და ვიგრძენი, რომ უკვე აღარაფერი მემუქრებოდა – გამიღიმა და მისი ღიმილი ისეთი თბილი, ისეთი გულწრფელი იყო, ძალაუნებურად ისევ გამახსენდა ოსკარის სიტყვები, რომ ყველანი ერთმა ღმერთმა გაგვაჩინა, რომ ერთნაირად ვიბადებით და ვკვდებით, ერთიდაიგივე ავადმყოფობებით ვავადდებით, ერნაირად  გვტკივა და გვიხარია, ერთნაირად გვიყვარს და გვძულს, თანაბრად ვართ კეთილებიც და ბოროტებიც – სახლამდე მიგაცილებ, თუ წინააღმდეგი არ იქნები – თითქმის ჩურჩულით მითხრა ქალმა.
კარგი–მეთქი, თავი დავუქნიე.  ქუჩის ბოლოში ავტობუსი გამოჩნდა. შლიაპიანი კაცი კიბეზე ასვლაში დამეხმარა და დამშვიდობების ნიშნად ხელი დამიქნია. ხელში ფანქარი და ბლოკნოტი ეჭირა.

……………………………………..

უილ ქაუნთსის ფოტო/ინდიანას უნივერსიტეტის არქივი

უილ ქაუნთსის ფოტო/ინდიანას უნივერსიტეტის არქივი

15 წლის ელიზაბეტ ენ ეკფორდი  ერთ–ერთი იყო იმ  ცხრა ფერადკანიან მოწაფეს შორის, რომლებსაც პირველად 1952 წელს   დართეს ნება თეთრკანიან ბავშვებთან ერთად ესწავლათ ლითლ როკ ცენტრალში, არკანზასში.  ისინი 4 სექტმებრის დილით სკოლასთან უნდა შეკრებილიყვნენ და ერთად შესულიყვნენ სკოლის შენობაში, რადგან, ვარაუდობდნენ, რომ შეიძლებოდა მათთვის წინააღმდეგობა გაეწიათ ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებიათ. მოხდა ისე, რომ შეხვედრა დილის ნაცვლად შუა დღისთვის გადაიდო, როცა, სავარაუდოდ, სკოლასთან მოწაფეების და მშობლების რაოდენობა მოიკლებდა – რაც, სამწუხაროდ, ტელეფონის არქონის გამო ელიზაბეტს ვერ ეცნობა და მას სრულიად მარტო მოუხდა შეჯახებოდა ინტერგრირების მოწინააღმდეგე ახალგაზრდების, მშობლების, ათობით კორესპოდენტის და არკანზასის ნაციონალურ დაცვის აგრესიას, რომელმაც საშუალება არ მისცეს გოგონას სკოლაში შესულიყო.

ყველაფერი

Advertisements

Read Full Post »

ის მაროკოში დაიბადა. დედამისი მაროკოელი მოცეკვავე იყო. მამამისი ფრანგი ჯარისკაცი. ისინი ერთად არ ცხოვროდბენ.

იზრდებოდა ტრადიციულ ბერბერულ ოჯახში, გარშემორტყმული ბიძებით, დეიდებით და ბიცოლებით, ჭრელ–ჭრელი ფარჩეულით, საკმაზიანი და სურნელოვანი საჭმელებით..

ეს ყველაფერი მანამ, სანამ 15 წლისა სკოლას მიატოვებდა და საფრანგეთში წავიდოდა მამასთან. იქ დაიწყო სიმღერების წერა და შესრულება, სწავლობდა სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას.. პარალელურად მუშაობდა, ხან სად, ხან სად, რომ თავი გაეტანა.

ახლა 33 წლის არის. მღერის ინგლისურ, ფრანგულ და ბერბერულ ენებზე.

2010 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი “Handmade”.
დღემდე მიღებული აქვს სხვადასხვა მუსიკალური პრემიები და ჯილდოები. ამ რაღაცეებში ვერ ვერკვევი და ასე რომ, დიდად არც დავინტერესებულვარ.

ის არ არის ლამაზი, მაგრამ არის მაცდური.
არის ცოტა ველური და ეგზოტიკური აზიელი ქალებივით, ცოტა სენტიმენტალური და ცოტაც გამომწვევი დასავლეთელი გოგონებივით.
მოკლედ, კარგი ნაზავია. :)

მისი სახელია ჰინდი ზაჰრა (ან ინდი ზარა – მაინც ვერ გავიგე, ეს ჰ–ები იკითხება თუ არა..).

მათთვის, ვისაც ჩემსავით მოეწონება ჰინდი, მისი ერთ–ერთი კონცერტის ერთსაათიანი ჩანაწერი.. ძალიან ისიამოვნებთ! :)

Read Full Post »

6 წლის ვიყავი, როდესაც მართლმადიდებლურად მოვინათლე.
ჩემი მშობლები ღრმად მორწმუნეები არ ყოფილან, იმიტომ, რომ მათი მშობლებიც არ ყოფილან ღრმად მორწმუნეები, არც მათი მშობლების მშობლები და არც მათი მშობლების მშობლების მშობლები.. თუმცა, ფაქტია, რომ ყველანი მართლმადიდებლები იყვნენ და მეც ტრადიციისამებრ მომნათლეს, ისე, როგორც ამას წესი და რიგი მოითხოვდა. მართლმადიდებლური წესი და რიგი. მამაჩემი ისტორიკოსია და, გულწრფელად რომ გითხრათ, ყველაფერ ქართულზე ყურებამდე შეყვარებული ამ ადამიანისთვის, ქრისტიანობა თუნდაც მარტო ის ხატია, ქართველებმა ფეხი რომ არ დაადგეს და ამის გამო, ჯალალედინმა ყველანი მტკვარში გადაუძახა.

პატარა რომ ვიყავი, ღამით კოშმარები მესიზმრებოდა. ვიღვიძებდი და ვტიროდი. მართალია, დედაჩემი მეუბნებოდა – არ არსებობენ გუდიანები და ოჩოკოჩები, სუ ზღაპრებია და მოგონილიო, მაგრამ ამან არ მიშველა. ერთხელაც,  მითხრა – ძილის წინ პირჯვარი გადაიწერე და ლოცვა თქვიო, თან პატარა ლოცვა მასწავლა, რომლის მარტო პირველი სტრიქონი მახსოვს – ” მე ვერ მაცდენს მაცდური, მე მწამს წმინდა გიორგი, ჯვარი პატიოსანი..”
ამის მერე, სწორედ ასე ვიქცეოდი, წილის წინ ამ სიტყვებს ვიმეორებდი და წარმოიდგინეთ, ის საშინელი სიზმრებიც აღარ მესიზმრებოდა.

ახლა, ამას “brainwashing”–ს ეძახიან, ანუ – ტვინის რეცხვას…
მე კი ვიცი ერთი რამ – ამ “ლოცვის” წყალობით მშვიდად ვიძინებდი. ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს ფსიქოლოგიური მომენტია, რწმენა რაღაცის, თუ ვიღაცის, რომელიც თავდაჯერებას გმატებს.. ჰოდა, სწორედ ამ რწმენაზე მინდა ახლა დავწერო, ჩემს რწმენაზე.

ახლაც ისე ვარ, როგორც ხუთი წლის ასაკში.. მწამს ღმერთის არსებობა, თუმცა, ეს სულაც არ მიშლის ხელს მჯეროდეს დარვინის თეორიების, მჯეროდეს ევოლუციის, მჯეროდეს კოსმოსის, მჯეროდეს მეზოზოური და პალეოზოური ერის, ისტორიის, არქეოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის, ფროიდის… და აინშტაინის თქმის არ იყოს – “Science without religion is lame, religion without science is blind.”

მე ადამიანი ვარ. ინდივიდი. ჩემს უფლებებს კონსტიტუცია იცავს და ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაცია. ჩემი უფლებები ბუნებითია (ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.” საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 14).

მე მიყვარს ჩემი რწმენა, ღმერთი, ჩემი ოჯახი და კიდევ ბევრი რამ, უმეტესწილად, მხოლოდ კარგი რამეები, თან ისეთი, სხვას რომ ზიანს არ აყენებს…
კიდევ, ძალიან მიყვარს ჩემი შეხედულებები, აზრები, შეკითხვები, ბევრი შეკითხვები, პროტესტის გრძნობები, წინააღმდეგობის გაწევის სურვილები და მინდა ადამიანები პატივს სცემდნენ ჩემს უფლებას, გამაჩნდეს ეს ყველაფერი….

მე პატივს ვცემ სხვის აზრებს და შეხედულებებს. ზოგჯერ, ძალიანაც მიჭირს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ.. ხან გამომდის, ხან ალბათ არა..   თუმცა, ეს არასდროს გამხდარა მიზეზი ადამიანის დასამცირების, შეურაცხყოფის, დაცინვის. მე მაინც მგონია, რომ არ შეიძლება სიმართლე მარტო ერთი იყოს. მით უფრო – მარტო ჩემი, ან, ჩემი და ჩემი მეგობრების.

ცოტა ხნის წინ გიორგი მაისურაძის ბლოგს გადავაწყდი, კლარა ცეტკინზე წერდა.  წუხდა – რატომ ეძახიანო 8 მარტს კომუნისტურს და ადამიანის უფლებების მებრძოლ ქალბატონზე საუბრობდა.. ბოლოს კი ასე ამთავრებდა – “ალბათ პარადოქსი უნდა იყოს, რომ დღევანდელ საქართველოში 8 მარტს საბჭოთა გადმონაშთს უწოდებენ და ის, როგორც კლარა ცეტკინის მოგონილი დღესასწაული, ანაქრონიზმად მიაჩნიათ. და, ამავე დროს, იგივე „პროგრესული ადამიანები“ სრული სერიოზულობით აღნიშნავენ ურჩხულებთან მეომარი წმინდანების დღესასწაულებს…”

ანუ, უკაცრავად, ბ/ნ გიორგი, თქვენ ფიქრობთ, რომ ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს არაპროგრესულია? :)

ისე, ძალიან ტენდენციურია (ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე ხომ განსაკუთრებით!) პროგრესულ ადამიანად და ათეისტად ერთდროულად (ან თანმიმდევრობით) თავის გამოცხადება თანამედროვე ქართულ–ლიბერალურ სივრცეში (ბრტყელი ტერმინისთვის – პარდონ).
თუ შეგნებული  და კაი ტიპი ხარ, “კანეშნა” ბლოგერი (რომელმაც, ხშირად ქართული მართლწერაც არ იცის, მარა მაინც წერს), აწყობ საპტორესტო პერფომანსებს, იბრძვი გეების უფლებებისთვის, რელიგიების თანასწორობისათვის, სტუდენტების და ზოგადად ადამიანების კეთილდღეობისთვის, სამართლიანობისათვის, სიყვარულისთვის, მეობისთვის, გაგებისთვის და რუდუნისთვის – რათქმაუნდა ათეისტი უნდა იყო..
როგორ შეიძლება ადამიანს გწამდეს ღმერთი და იყო პროგრესული?! იბრძოლო უსამართლობის წინააღმდეგ? არ შეიძლება ღმერთი გწამდეს და აზროვნებდე, არა და არა! (თურმე) ერთი ცნება ავტომატურად უკვე გამორიცხავს მეორეს..(“და, ამავე დროს, იგივე „პროგრესული ადამიანები“ სრული სერიოზულობით აღნიშნავენ ურჩხულებთან მეომარი წმინდანების დღესასწაულებს”…გ.მ.)
არადა, რა სამწუხაროა..

უფრო სამწუხაროა, რომ ამით, ეს განსხვავებულია აზრისთვის მებრძოლი ადამიანები მათგან განსხვავებულ აზრს საძირკველშივე კვეთენ, სრულიად იდიოტურ საზღვარს ავლებენ ე.წ. “პროგრესულ” და “არაპროგრესულ” (ჩამორჩენილ, განუვითარებელ, გაუნათლებელ) ადამიანებს შორის.. დაგცინიან და გეუბნებიან – შენ დებილი ხარ, ბრმა ხარ, ველური ხარ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისე არ ფიქრობ, როგორც მე.. და რა მნიშვნელობა აქვს შენ რას ფიქრობ, ან არ გკიდია, მე რას ვფიქრობ?! – მთავარი ისაა, რომ შენ ჩემნაირი არ ხარ, შესაბამისად – შენ არაპროგრესული ხარ!

არადა, სხვა შემთხვევაში, ხშირად გავმხდარვარ მოწმე, ეს ადამიანები როგორ თავგამოდებით იცავენ სხვა კონფესიის წარმომადგენლების უფლებებს (რაც ცუდი სულაც არ არის, თუ ეს თავგამოდება ნამდვილად საჭიროა).. ჰოდა, როგორ მაინტერესებს, მაჰმადიან ძმებსა და დებს თუ ეტყოდნენ ნეტავ – მუჰამედი არ არსებობდაო.. ან არსებობდა და გიჟი იყოო.. მის კარიკატურებს თუ დაულაგებდნენ ცხვირწინ და დასცინებდნენ.. ინდუისტს თუ ეტყონენ – სპილოსთავა განეშა და მაიმუნისსახა ჰანუმანი, არა იხვის ტოლმაო.. შივას თუ აიგდებდნენ მასხრად, ან ბუდას – თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ, რეების ეთაყვანებით, რეებს მიაც–მოაცუმთო…

არა, არ ეტყოდნენ.. ისინი ხომ დიადი ჰუმანიზმის კარიბჭესთან ფხიზლად მგომი ქართველი ლიბერალები არიან! ადამიანების უფლებების უბადლო ქომაგები (უბრალოდ, შინაურ ბერს არ ინდობენ. რა მოხდა, დიდი ამბავი, ეს ხომ გავრცელებული ქართული სენია..)!
სამაგიეროდ, მე, რიგითი მართლმადიდებელი დამიბრიყვეს, არაპროგრესულად და ჩამორჩენილად მომნათლეს, ჩემს რელიგიას ყველაზე ბრმას და ყრუს ეძახიან (ჰაჰა!), ყველანაირად ცდილობენ, იმას, რაც ჩემთვის წმინდაა – ზემოდან დააოხრონ, ჩემს ღმერთს საჯაროდ დასცინონ, ჩემს ხატებს აფურთხონ – თან ჩემს თვალწინ (უფრო რომ მეტკინოს და მეწყინოს), ან სულაც საჯაროდ და სიამაყით, გიჟური აღტკინებით..  და როგორ სიამოვნებთ ეს ყველაფერი!

გაამოთ, ჩემო კარგებო, გაამოთ…

მე უბრალოდ მგონია, რომ ადამიანი, რომელიც სხვებს უჩიჩინებს, აქციებს უწყობს, თითს უქნევს, ტრანსფარანტებს სახეზე აფარებს – განსხვავებულ აზრს და შეხედულებას პატივი ეცითო, სულ მცირე, საჯაროდ მაინც არ უნდა იქცეოდეს საკუთარი “მრწამსის” საპირისპიროდ.. გულში ჯანდაბას, იფიქროს რაც უნდა..

კიდევ, მგონია, რომ იმდენად გაქვთ გამჯდარი იმის რწმენა, რომ უმრავლესობა, ანუ, ე.წ “მასის” ნაწილი არ უნდა იყოთ (ცოცხალი თავით! აუ, რას ტეხავს!), ყოველთვის სხვებისაგან განსხვავებულად უნდა იაზროვნოთ, განსხვავებული აზრის ძიებაში იმ უკიდურესობაში ვარდებით, იმაზე გაცილებით უარესი რომ არის, რასაც თავად აკრიტიკებთ და აძაგებთ…
და რაც ყველაზე ცუდია, ამ ადამმიანების რაღაც ნაწილი ძალიან მაგონებთ ელოჩკა ლუდოედოჩკას (სულ ოცდაათი სიტყვა რომ ჰქონდა ლექსიკონში) – **ზე მკიდია, ყველაფერს ვ****ამთ, ეს გამო****ბი, მო***ე, შე**ი და მისთ…

ოე, ოეე…ფშშ–ფშშშშ!! ასჰგმჯგჰჯკფგდაკჯფგნაკდჯჰგყრ9ე85უტქპეიტმცჰგ!
მარტო იდიოტს თუ ეგონება, რომ ამ სიტყვების თქმა კაი ტიპობაა.. საკუთარი უკომპლექსობის და თავისუფლების ხარისხის ამ გზით ხაზგასმა! კაცი არ მეგულება ეგ სიტყვები არ იცოდეს, მაგათ გარეშე რამდენად ეფექტურად შეგიძლია მეტყველება და აზრის გადმოცემა, ეგ კიდევ სხვა საკითხია. შეგიძლია რო?

ისე, რა სასაცილოა მართლმადიდებლურ გვერდებს უვარდებოდე და ლანძღვა–გინებით, ზიზღის დორბლისდენით იკლებდე იქაურობას (“პროფილის” და” ნანუკას შოუს” კეკლუცი და ინწელეკწუალი მაყურებლებივით – აუ, რა დონეაო, არადა ერთ გადაცემასაც არ ტოვებენ!), მაშინ, როცა სწორედ სხვის მიერ გამოყენებული ბრძოლის ასეთი მეთოდების წინააღმდეგ ილაშქრებ ყველაზე ხშირად…

უცნაური კია, მე რომ მიხდება ამ ყველაფრის დაწერა. არც მე მომწონს ეგ გვერდები. არც “ვალაიქებ”.. თუ ჩემი მეგობარ–ნაცნობები ყოველ დღე “აშეარებენ” სურათებს, სადაც წერია – თუ საპყარს ეხმარებით, ამით ქრისტეს უდებთ ფულს ხელშიო, ქრისტე რომ მოგდგომოდა კარს, თუ გაუღებდი – გააზიარეო და ამდაგვარი უცნაურობები, მათ უბრალოდ ვმალავ (მადლობა მარკს, ეს ფუნქცია ფრიად ხელმისაწვდომია) და ამ სურათების სიუხვე სულაც არ ვნებს ჩემს რწმენას და არც ამ ადამიანებთან ურთიერთობას..
არც თქვენც  მოგწონთ?! – კეთილი ინებეთ და ნუ შეყოფთ ცხვირს იქ, სადაც არ გეპატიჟებიან!

დავიჯერო ბევრს ვითხოვ?  – მინდა პატივი სცენ ჩემს აზრს და ჩემს ღმერთს, ისევე, როგორც მე ვცემ პატივს სხვების აზრებს და ღმერთებს, თუ უღმერთობას.. მინდა თავზე არ დამაოხრონ ადამიანის უფლებების და საღი აზრის დაცვის სახელით! მინდა მაფასებდნენ იმის მიხედვით, თუ ვინ ვარ და რა შემიძლია, და არა იმის მიხედვით, მწამს თუ არა ვინმე, ან რამე (ეს მხოლოდ ჩემი საქმეა!)..

სხვა შემთხვევაში, თქვენი წყალ–წყალა და მოდური პიზდეცპროგრესულობის თავზეც გავიარეთ მე და კიდევ დანარჩენმა (რომელი კონფესიისაც გინდა) მორწმუნე სამყარომ..

P.S.  ჩემს სოფელში (ლეჩხუმშია) ერთი პატარა სალოცავი ყოფილა. კომუნისტებს დაუბარებიათ სოფლელები ამ სალოცავთან და გამოუცხადებიათ –  სოფლის კლუბი უნდა გავხსნათ აქო. ხალხი შეშფოთებულა. მათ დასამშვიდებლად ერთ–ერთი აქტივისტი–კომუნისტი (თუ ვინც იყო) – ასულა სალოცავის სახურავზე, ხვანჯარი გაუხსნია და ყველას თვალწინ გემოზე გადმოუშარდავს..  – აბა, სად არის თქვენი ღმერთი, რათ არ დამსაჯაო..
ჰოდა, ვიღაც კაცს ჩაუბურტყუნებია – შენ რაღა დასჯა გინდა, ჭკუა არ გქონიაო…

Read Full Post »

არსებობს რაიმე ტერმინი, იმ ადამიანების აღსანიშნავად, რომლებსაც ძალიან უყვართ ცხოველები?  აი, ისე ძალიან უყვართ, რომ მზად არიან გაუნაწილონ მათ საკუთარი ბიუჯეტი, საწოლი, თავისუფალი დრო და ზედმეტი პასუხისმგებლობებითაც დაიტვირთონ?.. არა, “ზედმეტი” ცუდი სიტყვაა – “დამატებითი” უნდა მეთქვა.. დამატებითი პასუხისმგებლობა..

და მე თუ ვიტყვი, რომ მიყვარს ცხოველები (ნიანგების გარდა), ძალიან მინდა ისინი კარგად, კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, იქ სადაც არიან, მაგრამ, არც ერთი წუთით არ შემიძლია მათი სახლში შეფარება  და ზრუნვა, გამოდის რომ “ფარისეველი” ვარ?

არა, მე მართლა მინდა არ დახოცონ ვეშაპები, არ ინადირონ შვლებზე, იხვებზე და ხოხბებზეც კი.. მე მინდა არ ვჭამდე ხორცს (დიდი სურვილი მაქვს!), მამაჩემის მოტანილ ე.წ ცოცხალ, ანუ გაუყინავ ქათმებს არ ვაჭრიდე გრძელ და დაკიდებულ კისერზე გამობმულ თავებს , არ ვუფათურებდე მუცელში ხელს და ვადღლიზავდე შიგნეულობას.. არ მინდა ჩემს შვილებს ვაჭმევდე ბებიაჩემის გამოგზავნილ ხბოს ხორცის წვნიანს, რომელიც, როგორც ბებიაჩემმა მითხრა, ისეთი თოთო იყო, ბალახის გემოც არ იცოდაო..

არ მინდა. ხო, მაგრამ, მათზე ზრუნვაც არ შემიძლია..

ბავშვობაში მყავდა ორი ლეკვი.. ქუჩის ძაღლმა დაყარა ჩვენს ეზოსთან. ლეკვები მთელი ღამე წკმუტუნებდნენ, მეც მთელი ღამე ვიხვეწებოდი – მე მოვუვლი–მეთქი.. 6–7 წლის ვიქნებოდი და ნება დამრთეს. ლეკვებს ტასო და კესო დავარქვი და მათი გამოკვება დავიწყე.. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ.. მერე დამავიწყდა, მერე ისევ დამავიწყდა.. მერე დამეზარა, მერე უფრო დამეზარა… ჰოდა ლეკვებიც წავიდნენ..

ცოტა რომ გავიზარდე, ეზოში კნუტი ვიპოვნე – ისევ დავიწყე ღრიტინი, მივხედავ–მეთქი. კარგიო, ერთი პირობითო – რასაც იზამს, ეგრევე შენ აწმენდო, შენ და არავინ სხვაო. ასე დაიწყო ჩემი და კნუტის თანაცხოვრება, რომლის სახელი არ მახსენდება.. ერთხელ ავწმინდე, ორჯერ, სამჯერ.. მერე დამეზარა, მერე არ მესიამოვნა და ბოლოს გავასხვისე..

ერთხელაც, მე–11 კლასში ვსწავლობდი, 8 მარტს მეგობარმა ბიჭებმა პატარა წიწილი მაჩუქეს.. “ზეპ” დავარქვი.. რატომ, ეს არ მახსოვს. ცუდი მარტი იყო, წლევანდელივით, ციოდა, ზეპი მუყაოს ყუთში ცხოვრობდა ღუმელის თავზე.. ერთი–ორჯერ კინაღამ გაიგუდა სიცხისგან.. თითქოს არც იზრდებოდა..სადღაც ერთი თვე გავიდა და ისევ ღინღლიანი იყო, ფრთები არ ამოსდიოდა. აპრილის დასაწყისში ჩემი დაბადების დღე ავღნიშნე, ღამე ვათიეთ.. დილით ტანსაცმლით შევძვერი საწოლში და მკვდარივით დამეძინა. შუადღისას გავიღვიძე, ჩემი მეგობრებიც გავაღვიძე და ზეპი მოვიკითხე – ყუთში არ იყო.. დიდხანს ვეძახე (როცა ვეძახდი, მოდიოდა..), ვეძებე და მერე მივხვდი, რომ სიზმარი, თითქოს ზეპი მოვიდა, სციოდა და საწოლში შევიწვინე, სულაც არ იყო სიზმარი.. გავიქეცი და საწოლში გაგუდული და გაბრტყელებული წიწილი ვიპოვნე..

ზეპის მერე არც თევზის, არც კატის, არც ძაღლის, არც სპილოს და არც გორილას მოვლის სურვილი არ მაქვს.. ქოთნის ყვავილებსაც კი ძლივს ვუვლი.

მალე ზეპის სიკვდილიდან 13 წელი შესრულდება.

Read Full Post »

%d bloggers like this: