Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for იანვარი, 2012

დარწმუნებული ვარ, ყველას გაქვთ ამოკვიატებული რაღაც ცეკვა, ან სიმღერა, ან ფრაგმენტი ფილმიდან.. მოკლედ, რაღაც რისი ყურებას სიამოვნებას გგვრით, ან შეიძლება ეს სიამოვნება იმ აღტაცებით უფრო იყოს გამოწვეული, რასაც ამ სიმღერის მოსმენისას თუ ფილმის ფრაგმენტის ცქერისას განიცდით.. აი, მაგალითად, ორი დღის წინ განვიცადე იგივე, კინოთეატრში – “გოგონა დრაკონის ტატუთი” უნდა დაწყებულიყო.. ხომ არიან, ადამიანები ფილმების ცქერა რომ უყვართ, ყველა ფილმის პრემიერაზე დადიან, ყველა მსახიობის ვინაობა იციან და აშ… მე ასეთი ადამიანი არ ვარ.. იშვიათად ფილმი თავიდან ბოლომდე ვნახო, ვაკვირდები სულელურ დეტალებს – როგორ მსუბუქად ასწია მსახიობმა ვითომდა მძიმე სამგზავრო ჩემოდანი, როგორ მოსვა ჩაი ცარიელი ფინჯდნიდან, რატომ არ ამოსდიოდა ორთქლი, როცა ყელამდე თოვლში იდგა და აშ.. მოკლედ, ჩემი ფილმით სიამოვნება რთული ამბავია, მაგრამ, ეს ახლა საააერთოდ არაფერ შუაშია – მოკლედ, სინათლეები როგორც იქნა ჩააქრეს, ნახევარი კოლოფი “ბაწი–ბუწი” უკვე შთანთქმული მქონდა და ამ დროს სამწუთიანი ინტრო დაიწყო, მე მგონი ეს იყო გრაფიკული ნამუშევარი (ვერ ვერკვევი ასეთ რამეებში) პლუს საოცარი მუსიკა!…  მელნიდან, თუ ნავთობიდან ამოდიან და რაღაც მასად იზილებიან და მოკლედ.. რაც არის… ისეთი მაგარი გაკეთებული იყო, იიისეთი, რო გაშტერებული ვუცქერდი სრული 2–3 წუთი…
და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს 3 წუთი მთელ ფილმს ჯობდა!

მოკლედ, იმედია მიხვდით იმ აღფრთოვანებაში რაც ვიგულისხმე, პირველი წინადადებიდან რომ ვჯახირობ ამოვთქვა..
ჰოდა, აი, ახლა მთავარზე გადავიდეთ – ზუსტად ასეთი აღფრთოვანება მიპყრობს ჰაკას ცქერისას!
ჰაკა, გეცოდინებათ, რომ მაორის ტომების, რომლებიც ახალი ზელანდიის მიწაზე ცხოვრობდნენ ტრადიციული წინასაბრძოლო ცეკვა თუ რიტუალი იყო.. ახლა, ეს ცეკვა სუფთა ფოლკლორია, ასრულებენ ფესტივალებზე, ასრულებს ყველა, ვისაც გაუხარდება, არსებობს სპეციალური ჰაკას შემსწავლელი გაკვეთილები.. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია – ამ ცეკვას ყოველი შერკინების წინ ასრულებს ახალი ზელანდიის უძლიერესი რაგბის ნაკრები – All Black და ჩემი აზრით, მათი წარმატება სწორედ ამ ცეცხლოვანი რიტუალის დამსახურებაა.

როცა პირველად ვნახე ვიდეო, სადაც რაგბისტები ჰაკას ასრულებდნენ, მიუხედავად მათი მრისხანე და შეშლილი სახეებისა (და მთელი ხიბლი სწორედ ამ შემძრწუნებელ და შიშისმომგვრელ სახეებშია), და მიუხედავად იმისა, რომ ტიპიური “ქვეშაფსია” პაცეფისტი ვარ, წინააღმდეგი ყოველგვარი ბრაზის, რისხვის, ომის და მძვინვარების (MAKE LOVE NOT WAR!) – ვერ ავღწერ რა დამემართა! მიყოლებით რამოდენიმე ათეული ვიდეო ვნახე, სადაც სპორტსმენები ჰაკას ასრულებდნენ, ასევე ვნახე ახალზელანდიელი მოცეკვავეების შესრულებული ჰაკაც…სამწუხაროდ, მათი უმეტესობა ჩალის ფასადაც არ ღირს.
როგორც ვიკიპედია (ოო, მამა ვიკიპედია) მოგვითხრობს – ეს წინა საბრძოლო ცეკვაა.. და ოღჩ, რად უნდა ამას ვიკიპედია, ძალიან უნდა ჭედავდე, რომ ვერ მიხვდე რას ემსახურება ეს როკვა – ბრრ!! საოცრება! ადნენალინის შადრევანი! ერთ მხარეს სისხლს თუ ადუღებს, მეორე მხარეს პირიქით – ყინავს!
დღეს ისევ ჰაკას დღე მქონდა… ბეევრი ჰაკა ვნახე, მაგრამ, ისევ ძველი ფავორიტების ტრფიალი ვრჩები.  ვაღიარებ, რომ ეს ველური როკვა საოცარი ენერგიით მავსებს, სურვილს მიჩენს მეც დავისვირნგო სახე და მკერდში მუჭი ვიცე მთელი ძალით, შემეძლოს ფეხის დაკვრით მიწა შევაზანზარო, ვიყვირო ასეთივე ხაფი ხმით, ისეთი ცხოველური ხმით რომ მტერს ქვეშ ჩავასვრევინო!
მაგრამ, ვაღიარებ, რომ ჩემი ფემინისტური მიდრეკილების მიუხედავად – ჰაკა ქალის საქმე არაა! არც ქალს უხდება ჰაკა, და არც ჰაკას ქალი…

აი, სიტყვები, რომელსაც მაორები ჰაკას შესრულებისას იმეორებენ –

“Ka mate, ka mate! ka ora! ka ora!
Ka mate! ka mate! ka ora! ka ora!
Tēnei te tangata pūhuruhuru
Nāna nei i tiki mai whakawhiti te rā
Ā, upane! ka upane!
Ā, upane, ka upane, whiti te ra!”

ქართულად ეს ასე ჟღერს –

“ჩვენ შეიძლება მოკვდეთ,
ჩვენ შეიძლება ვიცოცხლოთ,
ეს თმიანი კაცია, რომელმაც მოიტანა მზე და აიძულა მას ეკაშკაშა!
კიდევ ერთი ნაბიჯი წინ,
კიდევ ერთი ნაბიჯი!
კიდევ ერთი ნაბიჯი წინ…
და მზე ანათებს!”

ჩემზე ეს უბრალო სიტყვებიც ძალიან მოქმედებს, მაგრამ, გააცილებით მეტყველია სახის მიმიკები და ჟესტიკულაცია ცეკვის დროს. ასე მგონია, რომ თითეულ მოძრაობას თავისი ველური და სასტიკი მნიშვნელობა ჰქონდა, რომელზეც, ახლა ყურადღებას რატომღაც არ ამახვილებენ, ეგ კი არა, ზოგ მათგანს ხშირად არც კი იყენებენ (მაგალითად, ადიდასის ცნობილ რეკლამაში შესრულებულ ჰაკაში ყელის ქვეშ ცერა თითის გამოსმა საერთოდ არ არის.. არადა ეს ყველაზე მნიშვნელოვნია მომენტია ამ რიტუალში! მეტიც – სწორედ ეს არის რიტუალის არსი!).. მაგრამ, საკმარისია კარგად შესრულებული ჰაკა ნახო, აუცილებლად მიხვდები რას პირდებოდნენ მტერს მაორი მეომრები!

ოო, მესმის, რომ ეს “გაფრინდი შავო მერცხალო” არ არის და არც “შავლეგ შენი შავი ჩოხა” – მაგრამ, ეს არის ჰაკა! ჰაკა!
ყველაზე მაგარი, ველური, აღმგზნები, სისხლის ამდუღებელი, მძვინვარე, მხეცური, გიჟური როკვა!!!!!

ესეც გემრიელი ლუკმა :)

ისე, ფეხბურთი რაგბთან შედარებით ბალეტია, არა? :))))))))))))))))))

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: