Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for სექტემბერი, 2010

იყო და არა იყო რა…
იყო ერთი პირმშვენიერი გოგონა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს შინიდან სასეირნოდ გამოვიდა. მიდიოდა, მიცუნცულებდა და უცებ, სად იყო და სად არა, მას თავში შამპანურის ბოთლი მოხვდა (რა მარკის შამპანური იყო, ეს ნამდვილად არ ვიცი და პრინციპში არც არავითარი მნიშვნელობა აქვს, სხვა მხრივ, კი ნამდვილ ამბავს გიყვებით)! მერე თავგახეთქილი, სისხლში ამოსვრილი უცნობი მარკის ავტომანქანაში შეტენეს და ცოლად მოიყვანეს (არც მეტი, არც ნაკლები!). მანამ, სანამ ცოლად მოიყვანდნენ, ერთ ოთახში ჩაკეტეს სავსებით, სავსებით უცნობ საქმროსთან ერთად (რომელიც აქამდე თვალითაც არ ენახა!), რომელსაც ეზოდან ე.წ. კეთილისმოსურნე ძმა-ბიჭები ყიჟინით ეძახდნენ – მიდი ბიჭოო, მიდი! აბა შენ იცი, არ შეგვარცხვინო! დროზე, თორე დაგვეცა პოლიციაო!
ბოლოს, როცა ის, რაც დროზე უნდა მომხდარიყო როგორღაც მოხდა, ფანრიდან მისი სისხლით მოსვრილი თეთრი ზეწარიც გადაფინეს (ტრალა-ლაა!)..
მერე ბევრი შვილები გაუჩნდა (ალბათ), კიდევ უფრო ბევრი შვილიშვილები, რეცხდა სარეცხს, ათუხთუხებდა კერძებს და ცხოვრობდა ტკბილად და ბედნიერად (აქ დიდი კითხვის ნიშანი!), მანამ, სანამ ღმერთმა თავისთან არ წაიყვანა.
ასე დასრულდა ეს ზღაპარი.
ჭირი იქა, ლხინი აქა!

ალბათ მიხვდით, რომ ეს ზღაპარი სინამდვილეში სულაც არ არის კეთილი ზღაპარი, ან სულაც – ზღაპარი და არ დასრულებულა კონკრეტულ დროსა და სივრცეში.
მერე რა, რომ დიდი ხანია ის დრო გავიდა, როცა შავ მერანზე ამხედრებული, ფაფახიანი, კავკასიელი ვაჟკაცები სასურველ ქალს, ნაბადში გამოხვეულს გადაჰკიდებდნენ ცხენზე და კლდეზე მერხცლის ბუდეებივით შეფენილი, საკუთარი ციხე-სიმაგრეების გზას გაუყენებდნენ.
მას მერე სამყარომ დიდი ნახტომებით იარა. გამოიგონეს ნათურა, რადიო, ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, სწრაფმავალი მატარებლები, შექმნეს იუტუბი და ფეისბუქი (ვენაცვალე ამათ მამგონს)!
ზღაპარს კი ბოლო რატომღაც არ უჩანს. დღესაც ხშირია (განსაკუთრებით პერიფერიებში) ცოლად მოყვანის მიზნით ქალების მოტაცების და მათზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და 20 წლამდე თავისუფლების აღკვეცით ისჯება. სინამდვილეში გამტაცებლების 99 %-ს სულაც არ სჯიან, რადგან, როგორც წესი, ნამუსაყრილ ქალს ერცხვინება ოჯახში დაბრუნება, იცის, რომ საზოგადოება გაკიცხავს და გარიყავს, მეორედ ოჯახის შექმნის შანსი შეიძლება სულაც აღარ მიეცეს, ოჯახის ავტორიტეტს შებღალავს და აშ.. ამიტომ, ბედს მორჩილდება და მთელ თავის უფლისაგან ერთხელ ბოძებულ სიცოცხლეს მოძალადე მეუღლესთან ატარებს.

არადა, როგორ გვიყვარს ქართველებს დედა – დედაენა, დედა-მიწა, დედა-ბოძი, დედა-ფუძე, დედ-ანი, დედ-ული.. დედას გეფიცებიო, ახლაც ასე ვარწმუნებთ ქართველები ერთმანეთს სიმართლესა და სიცხადეში (თუმცა, უფრო აქტუალურია ფრაზები – ჩემი დედას შე..ცი, ჩემი დედა მოვ…ნ!).
მარტო ენა როდი ადასტურებს, რომ საქართველოში ქალს და დედას განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ოჯახსა და საზოგადოებაში, ქართული ცეკვები გავიხსენოთ თუნდაც – მუდმივი დისტანცია ქალსა და მამაკაცს შორის, მამაკაცის კრძალვა ქალის მიმართ, ვერ მიკარება, თუმცა მის კვალდაკვალ სიარული და მცდელობა მიახლებისა; ეს ყველაფერი ნამდვილი გამოცდაა მისი ნებისყოფისთვის – როგორია სასურველ ქალს კუდში სდიო და თითიც არ ახლო! მაგრამ ცეკვის დროს თუ ქართველი მამაკაცი ამ გამოცდას კოხტად და ”ლამაზად” აბარებს, რეალობაში ეს ამბავი მხოლოდ ფოლკლორშიღა რჩება.
მხოლოდ ფოლკლორს შემორჩა ის ჩვეულებაც, როცა სამკვდრო-საციცოცხლო ორთაბძოლაში, გამეხებული მახვილების ნაპერწკლების წვიმაში, ქალის ჩაგდებული სიფრიფანა მანდილი საკმარისი იყო, რომ ბრძოლა შეწყვეტილიყო და ხმალი დროებით მაინც, ქარქაშში ჩაგებულიყო.
ქართველებს თამარ მეფეც გვყავდა. ქალი – მეფე. თან როდის?! თან როგორი?

სად იყვნენ მაშინ კონდოლიზა რაისი და ანგელა მერკელი!
მერე რა, რო ჩემი მანქანის მართვის მასწავლებელი, მთელი საათი მიმტკიცებდა, ღმერთს ქალი მანქანის სამართავად არ შეუქმნიაო (ეგ გაეგო გიორგი III-ს?!) – მამრს მიანიჭაო ამის უნარი. ღმერთმა რომ ადამიანები შექმნა, მანქანები მაშინ განა არსებობდა-მეთქი – ვუთხარი, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა. იქნებ იმიტომ, რომ ღმერთმა, მანქანის მართვის უნართან ერთად, მამრებს იხტიბარის არ გატეხვის უნარიც საკმაოდ მიანიჭა. მაგრამ, ჩემი მანქანის მართვის მანსწავლებელს თავი დავანებოთ; ის რომ ერთადერთი იყოს ამქვეყნად, ვინც ასე მარტივად ავლებს ზღვარს ქალისა და კაცის შესაძლებლობებს, უნარებსა და უფლებებს შორის, დარწმუნებული ვარ, რასაც ახლა ვწერ, ამის დასაწერად არც კი დავშვრებოდი.

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია?

ქალი, იგივე დედაკაცი, სუსტი სქესის წარმომადგენელი დღეს უმეტესწილად ძიძასთან, დამლაგებელსა და მზარეულთან ასოცირდება საქართველოში.
მართალია, ბევრი აზიური ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენთან აუცილებელი არაა ჩადრის ტარება, მუყაოს ამოდება შავი კაბების ქვეშ სხეულის სიმრგვალეების დასამალად და არც ზღურბლს გადაბიჯება ეკრძალებათ ქალებს (ტფუ, ტფუ, თვალი არ გვეცეს!), მაგრამ, სამაგიეროდ, ქალისაგან სექსუალური ინიციატივის გამჟღავნება ამორალობად ითვლება და გაკიცხვისა და ხშირად, სამწუხარო გაუგებრობების მიზეზიც ხდება. ასევე ხშირია ოჯახების რღვევა ადრეულ ასაკში შეუღლების ნიადაგზე; ადრეულ ასაკში შეუღლებას კი ქალიშვილობის უასაკო და უცნაური ინსტიტუტი იწვევს. საზოგადოება კი ამ ინსტიტუტს მრავალათასიანი დანგრეული ოჯახის საფასურადაც არ ელევა, რადგან ქართველი მამაკაცები პირველი ღამის უფლებას ვერა და ვერ თმობენ.
ქალიშვილობის ინსტიტუტის დაცვა ბევრ აზიურ ქვეყანაში მამაკაცისთვისაც ისეთივე სავალდებულოა, როგორც ქალისთვის. საქართველოში, რატომღაც, ქალები ამ მხრივაც დაიჩაგრენ. ერთი უბედურება ეს არის, მეორე კი ის, რომ ოჯახის შექმნის შემდეგაც, საზოგადოება მხოლოდ მოღალატე ქალებს კიცხავს, მამაკაცებს კი რატომღაც ხელს აფარებს. მეტიც, არათუ აფარებს – უბიძგებს კიდეც მათ ამისკენ. მექალთანეობა და მომატებული მამაკაცური პოტენციალი, მამრებისთვის ხშირად სიამაყის და თავმომწონეობის საფუძველია!

რამდენჯერაც გინდათ კამათი და ჩხუბიც მომსვლია, იმის გამო, რომ უთქვამთ – ერთ ქალთან რა მასექსავებსო მთელი ცხოვრება! იქნებ არც ქალებს უნდათ-მეთქი, მუდამ ერთ მამაკაცთან იმასქნა – აპ-აპ! ამის გაგონებაც არ სურთ! მზად არიან სიცოცხლით აგებინონ ქალს პასუხი იმაზე, რაც მათთვის ჩვეულებრივ ამბად ითვლება. ამ დროს, რატომღაც და როგორღაც რელიგიის იგნორირებაც (რომელიც, თანაბრად მოითხოვს ქალისა და მამაკაცისგან უბიწოების შენახვას ოჯახის შექმნამდე) ხდება, როცა, სხვა დროს იგივე რელიგიას იშველიებენ ქალებისთვის ზოგიერთი კონსტიტუციური და ბუნებითი უფლებების ასაყრელად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, ხშირად ეკლესია საოცრად ემსგავსება და ეთვისება იმ საზოგადოებას, რომელიც მას ატარებს და ხშირად ამ საზოგადოების სურვილების თუ ინტერესების დამცველად გვევლინება, და არა პირიქით (ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი ინტერვიუს ერთ სასულიერო პირთან, რომელიც წერდა, რომ ქალებისთვის უფრო დიდი ცოდვაა მრუშობა, ვიდრე კაცებისთვის, რადგან ქალის საშუალებით შთამომავლობას გადაეცემაო! ეს კი ცოტა გაუგებარია ჩემთვის…კაცისგან არ/აფერი გადაეცემა შთამომავლობას?..).

რამოდენიმე კვირის წინ ფოტოები ვნახე, საჩხერის რაიონში, სოფელ კაცხში გადაღებული, სადაც ჩამონგრეული კლდისაგან სასწაულებრივად გადარჩენილ უცნაურ სვეტზე პატარა ეკლესიაა აგებული. იქ მხოლოდ დაკიდებული კიბით თუ ახვალ. ძალიან მომინდა იქ წასვლა და ნახვის სურვილიც გამოვთქვი, მაგრამ ნურას უკაცრავადო – მითხრეს (სხვათაშორის, მამაკაცური ნიშნისმოგებით!), ქალებს იქ არ უშვებენო!
გამიკვირდა ჯერ. მერე მეწყინა. როგორ? რატომ? თან სად? ეკლესიაში?
და როცა ხმამაღლა გავაპროტესტე, საკმაოდ უცნაური რეაქცია მივიღე პასუხად, აქეთ გამაკრიტიკეს, აქეთ გამაქილიკეს და გამომლანძღეს! არადა, როგორ გგონიათ, ღმერთი იტყოდა, კაცხის სვეტზე რომ ეკლესიაა, იქ ქალები არ შეუშვათო?!

სულ ცოტა ხნით პრეისტორიულ ხანას თუ დავუბრუნდებით და წარმოსახვის თვალით ნეანდარტალელების გამოქვაბულში შევიხედავთ, დავინახავთ, რომ მდედრები საჭმელს ამზადებენ, ტყავს ამუშავებენ, მოხუცებს და ავადმყოფებს უვლიან, ბავშვებს ძუძუს აწოვებენ.. მამრებს ნანადირევი მოაქვთ, ხელცულებს და შუბებს ამზადებენ. გამოქვაბულს მტაცებელი ნადირისგან და მეზობელი ტომების თავდასმისაგან იცავენ.
არაფერია სასაცილო და მით უფრო გასაოცარი იმაში, რომ ქალი ნაზი და სუსტი არსებაა – ის ბიოლოგიურად, ანატომიურად არის ასეთი აგებულების (ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი ბოლო კვლევებზე, რომელიც ადასტურებდა, რომ ქალები და მამაკაცები განსხვავებულად აზროვნებენ, იმიტომ, რომ ერთი რეაგირებს ტვინის ნაცრისფერი ქსოვილით და მეორე თეთრით). არც მამაკაცის მონადირეობაა გასაკვირი ამბავი, ისევე, როგორც ის, რომ, ძალა ერჩის და ფიზიკურად უდაოდ ქალზე ღონიერია (არც თუ ისე იშვიათი გამონაკლისების გარდა).
დღეს, როცა არც ბიზონების ჭერაა საჭირო და არც ფოცხვერებთან ჭიდილი, როცა ერთი და იგივე გონებისმიერ საქმეს ქალიც და მამაკაციც სქესის მიუხედავად (მხოლოდ ადამიანური უნარების და განათლების გათვალისწინებით) წარმატებით ართმევს თავს, ჩემი აზრით ბევრ მამაკაცს ვერ გაუგია, ან არ უნდა რომ გაიგოს, რომ მამონტებზე ნადირობის დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა და სრულიად ზედმეტი ძალის დემონსტრირებით ახდენს საკუთარი ღირსების აფიშირებას და თავმოყვარეობის რეალიზებას.
თუმცა, არამარტო ამით აიხსნება XXI საუკუნეში ქალის, როგორც უსულო ნივთის მოტაცების ტრადიციის ჯერ კიდევ არსებობა, ერთის მხრივ ადამიანის უფლებებისა და მეორეს მხრივ, მისი როგორც პიროვნების უგულველყოფა, ან უარის თქმა ოჯახში ფუნქციების თანაბრად გადანაწილებაზე (მაგალითად, საჭმელი კაცმა არ უნდა აკეთოს, ჭურჭელი მხოლოდ ქალმა უნდა რეცხოს და ა.შ), მემკვიდრეობის გადაცემისას ქალიშვილის უგულველყოფაზე, ერთიდაიგივე სმასახურეობრივ პოზიციაზე მუშაობისას ანაზღაურების განსხვავებულობაზე, რეალიზებასტენდენციაზე – ქალების არდანიშვნისა საპასუხისმგებლო პოსტებზე და ა.შ..

ოჯახს, აღზრდას და საზოგადოებას ლომის წილი შეაქვს ამ ყველაფერში.

ბევრ ეკონომიურ-სოციალურ-კულტურულ-და ა. შ. კონტრასტს ვხვდებით ჩვენს ”ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტ” საქართველოში (მაგ.: ეკონომიური შეჭირვება და რესტორნების აყვავებული ბიზნესი, ეკლესიების სიმრავლე და ატოლერანტული საზოგადოება, სტუმრის დაფასება – შინაურის არად ჩაგდება, უძველესი კულტურა და უკულტურო თანამედროვეობა და აშ….), ჰოდა, ამ კონტრასტების ციკლის ნაწილია, ალბათ, რომ დედისა და ქალის ისტორიული კულტის მიუხედავად, ზოგიერთ მხარეში, ადამიანები შვილების რაოდენობას იმის მიხედვით ითვლიან, თუ რამდენი ვაჟი ჰყავთ (თუ ოჯახში სამი ქალიშვილია და ორი ვაჟი, ამბობენ – ორი შვილი გვყავსო). ვაჟი, როგორც წესი მემკვიდრეობის გამგრძელებლად ითვლება, ხოლო ქალიშვილი დღემდე ”დროებით სტუმრად” მოიაზრება. მაგალითისთვის – თუ ოჯახში სამი ვაჟია, ქონება აუცილებლად სამ თანაბარ ნაწილად გაიყოფა, ხოლო თუ ქალი და ვაჟია, ქონება მთლიანად ვაჟს დარჩება.
ხშირად მეუღლე და მეუღლის ნათესავები აიძულებენ ქალს დაურსულებლად აჩინოს შვილები, მანამ, სანამ ვაჟს არ შობს. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალიშვილს ”აიძულებენ” გათხოვდეს, იმიტომ, რომ ვაჟს დაოჯახებაში ხელი არ შეეშალოს(?).
სირცხვილი ისეთ მშობლებს, რომლებიც უპირველესნი დებენ კოდს შვილების მსოფმეხდველობაში, რომ ვაჟი გაიზარდოს ოჯახის უფროსად, ხშირად პატარა დიქტატორად, ხოლო ქალებს შთააგონებენ, რომ დაიბადნენ მამაკაცების მსახურად და ამ მისიას პირნათლად ასრულებინებენ სიცოცხლის ბოლომდე.

ხშირად ლექსიკაც კი ასახავს ეროვნულ დიფერენცირებას ქალსა და მამაკაცს შორის. ხშირად გსმენიათ, ალბათ, ქალზე – ”პატიოსანიაო”, ან პირიქით – ”არ არისო პატიოსანი”. სიტყვა ”პატიოსანი” ქართულ ლექსიკაში მამაკაცთან მიმართებაში სულ სხვა მნიშვნელობას იძენს, ნიშნავს კეთილსინდისიერ ადამიანს, ვინც არ ქურდობს, არ იპარავს, არ ცრუობს, მოქალაქეობრივ მოვალეობებს პირნათლად ასრულებს. ”პატიოსანი” ქალი კი – უბიწო ქალია, კაცთან გაუკარები და შეუხები (რათქმაუნდა, თუ ის კაცი, მისი მეუღლე არ არის).

ასევე მკაცრად გახლავთ გავლებული ხაზი ქალის უფლებებსა და მოვალეობებს შორის. თითქოს წინასწარგანსაზღვრულია ქალის შესაძლებლობების არეალიც.
ჩვენთან ვერ ნახავთ ტაქსის მძღოლ ქალებს. ქალებს ბენზინგასამართ სადგურებზე (ჰო, კარგი, ერთი არის, ვიცი!). საკმაოდ იშვიათია ქალი პოლიციელი და ქალი ჯარისკაცი (თუ ჯარისქალი!). ბევრ ახალბედა მსახიობს თუ მომღერალს ჩაეშალა კარიერა ოჯახის შექმნის შემდეგ, ითვლება, რომ რესტორნებსა და ბარებში მომუშავე ქალები აუცილებლად მსუბუქი ყოფა-ქცევისა არიან და აშ.
სამაგიეროდ, როცა ეძებთ სამუშაოს, ყველგან, სადაც ქალისთვის შესაფერისი ვაკანსიაა გამოცხადებული, შავით თეთრზე წაიკითხავთ, რომ კანდიდატი ქალი აუცილებლად სასიამოვნო გარეგნობის უნდა იყოს. საკვირველია, რატომ არ ეძებენ სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცებს??

”ქალის ჭკუა თხამ შეჭამაო”
– უყვართ კაცებს თქმა. ამაზე პასუხად ქალები ამბობენ – ქალის იმიტომ შეჭამა, კაცებს ვერ უპოვნაო.
კაცი ოჯახის თავიაო – დაუჟინებიათ კაცებს – ქალი კისერიო – არ ცხრებიან ქალები – თავს საითაც უნდა იქეთ მიატრიალებსო.
ქართველი მამაკაცების უმეტესობისათვის, იდეალური ცოლი – დიდმკერდიანი და გრძელფეხება, უნდა იყოს მუნჯი, რომ კაცს ვერ შეესიტყვოს, ბრმა – რომ ქმრის ღალატი ვერ დაინახოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ყრუ – რომ ბრძანებები/მითითებები კარგად გაიგონოს და შეასრულოს!
ყური უგდე რას ამბობს ქალი, და გააკეთე საპირისპირო – ეს მამაკაცების დევიზია.

ჰოდა, შინ უნდა იჯდეს, კეროს, ჭრას, გემრიელი კერძები ამზადოს, ბავშვები ზარდოს, სარეცხი რეცხოს და საპნის ოპერებს უყუროს (“-ქალი უნდა იყოს ლამაზი, წყნარი, განათლებული, თერაპევტი, წესიერი, კარგი ოჯახიშვილი…
-მასეთი, ჩვენს ქალაქში, მარტო დიმიტრია გელოვანი..
-ეეჰ, მოკვდა საწყალი…” . ფილმიდან ”არაჩვეულებრივი გამოფენა” (მთლად ზუსტად არ მახსოვს და მომიტევეთ))
ჰოდა, რახან დიმიტრი გელოვანი არც ქალი იყო და თანაც აღარც ცოცხლებში წერია, ქართველების საოცნებო ქალი არ არის აუცილებელი განათლებული იყოს (საქართველოში ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნისას, როცა ქალები საერთოდ წყვეტენ განათლების მიღებას) და მეუღლის სიტყვას გადავიდეს.
სასურველია ქმარზე არც წარმატებული იყოს და არც მეტი ანაზღაურება ჰქონდეს, რომ ოჯახურ პოლიტიკას არ მართავდეს. რაც მთავარია, იხილეთ აქ…

კიდევ კარგი, ბოლო ათწლეულების მანძილზე ბევრი რამ გაკეთთდა გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლად მსოფლიოში – ქალებს მინეიჭათ არჩევნებში ხმის მიცემის, მოგვიანებით მონაწილეობის მიღების უფლებაც კი!.. შეიქმნა და ლამის ყოველდღიურად იქმნება ასეულობით ქალთა ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღეს უკვე ქალები მართავენ ფირმებს, ორგანიზაციებს, ქვეყნებსაც კი! თუმცა (მათი რიცხვი ძალიან მცირეა მამაკაცებთან შედარებით), ამით თემა ნაკლებად აქტუალური არ გამხდარა – პირიქით. დღესდღეობით უკვე არსებული შედეგების პროცენტული მაჩვენებლის ზრდაზეა საუბარი და არა ფუნდამენტურ ცლილებებზე (თუმცა, რიგ ქვეყნებში ეს უკანასკნელიც სანატრელია – ცოტა ხნის წინ მაჰმადიანი 16 წლის გოგონა ჩაქოლეს, მხოლოდ იმის გამო, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს გაესაუბრა).

ჩემის ჭკუისკოლოფობით, გამოსავალი მხოლოდ მენტალობის ცვლასა და განათლებაშია.
ამ ორიდან პირველს ასწლეულები სჭირდება, მეორეს კი მონდომებული ადამიანი, რამოდენიმე წელიწადს აკმარებს. ამბობენ, სამყაროს შეცვლა უფრო სწრაფად შეიძლება, ვიდრე ერთი ადამიანის მენტალობისო. ასე რომ, ამ მხრივ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
თუმცა, თუ ქართული რეალობიდან გამომდინარე ვისმეჯელბთ, თუ ქალს სათანადო განათლება ექნება, თუ ის საკმარის შემოსავალს გაიჩენს და საკუთარ თავსა და შვილებზე ზრუნვას დამოუკიდებლად შესძლებს, ალბათ მორჩილებით აღარ აიტანს ღალატს, ჩხუბს, აყალმაყალს თუ ყოველდღიურ ლოთი-შფოთობას… წარმატებული ადამიანი, სულ ერთია ქალია თუ კაცი, ადვილად ახერხებს საკუთარი ინტერესების გატარებას საზოგადოებაში. თუ წარმატებული ქალების რიცხვი გაიზრდება, ისინი შესძლებენ რეალობა და საზოგადოების დამოკიდებულება შეცვალონ მათ სასარგებლოდ.
და ბოლოს, თუ ქალს საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია, ის ვერც სხვა ადამიანების და მით უმეტეს ვერც ქვეყნის დაცვას ვერ შესძლებს. ამ შემთხვევაში, ის როგორც მოქალაქეც უმოქმედო და პასიურია.


უფლებააყრილი და გაუნათლებელი ქალი უფლებააყრილ შთამომავლობას შობს და გაუნათლებელ თაობას აღზრდის (რა რეალობის წინაშეც უკვე დგას ჩვენი ერი). გენდერული უთანასწორობის წყალობით მხოლოდ ”ვიღაც ქალები” და რიგითი ადამიანები კი არა, პირველ რიგში ბევრისთვის (განსაკუთრებით პატრიოტი მამაკაცებისთვის) ასე საყვარელი და სათაყვანებელი ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა ზარალდება.

P.S. ეჰ, ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია!

P.P.S. ”მამენტ”, რუსტაველი უფრო ”პრადვინუტი” იყო, ვიდრე ბევრი ახალი ქართველი.. ჰეჰეჰეე

Advertisements

Read Full Post »

ამ პოსტის დაწერა ერთმა შემთხვევამ გადამაწყვეტინა.
შემთხვევა კი არა, ეს იყო უბრალო დიალოგი სოციალურ ქსელში ”Facebook”, რომლის დროსაც, ერთმა ადამიანმა დაახლოებით ასეთი რამ გააჟღერა – ქალი, რომელსაც არ აქვს წარმატებული კარიერა და დიასახლისია, ქმრის კისერზეა (შესაბამისად – კმაყოფაზე) დაკიდებულიო.
რამდენადაც, არ არსებობს შეუფასებელი შრომა, გადავწყვიტე გამოვითვალო რა რაოდენობის ხელფასი ეკუთვნის დიასახლისს ყოველთვიურად.
წარმოვიდგინოთ, რომ არ არსებობს ის.. ანუ – ”თქვენი” დიასახლისი!
დავიწყებ იმით, რომ ბავშვის გაჩენა სუროგაციის მეშვეობით ღირს დაახლოებით 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. აქედან 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ირიცხება სუროგატი დედის საბანკო ანგარიშზე (ანუ, სრულად მისია). დანარჩენი 5 000 ხმარდება 9 თვის მანძილზე სუროგატი დედის საცხოვრებელს, კვებას, ექიმებთან კონსულტაციას, მედიკამენტებსა და შესაბამისად მშობიარობას.
ახლა, ეს თანხა გავამრავლოთ იმდენ შვილზე, რამდენიც გვინდა რომ გვყავდეს და მივიღებთ იმ თანხას, რასაც მარტო შთამომავლობის გაჩენისთვის იმსახურებს ”თქვენი” ”დიასახლისი”.
გავაგრძელოთ..
ბავშვის/ბავშვების გაჩენის შემდეგ ოჯახში საზრუნავი და ხარჯიც იმატებს.
ძიძის ანაზღაურება, რომელიც ერთ ბავშვს 24 საათის მანძილზე უვლის 600-800 ლარამდე მერყეობს (მინიმუმ). თავისთავად, თუ ბავშვები მეტია, ანაზღაურებაც (არ ორმაგდება, მაგრამ, საკმაოდ) იზრდება.
ანაზღაურება ქალისა, რომელიც ამზადებს საჭმელს და ასუფთავებს სახლს დღეში 20 ლარია, ზოგჯერ მეტიც კი, გააჩნია სახლის ფართობს, ოჯახის წევრების რაოდენობას და ა.შ. (ანუ, სამუშაოს სიმძიმეს). 20 ლარი X 30 დღეზე = 600 ლარს.
თუ ბავშვი სკოლის ასაკისაა, მას შესაბამისად სხვადასხვა გაკვეთილების მომზადებში დახმარებაც დასჭირდება (დაწყებით კლასებში ვგულისხმობ, სადაც დახმარებას დედაც.. უჰ, უკაცრავად – დიასახლისიც ახერხებს). რამდენადაც ვიცი, ერთი საგნის ფასი 40 ლარია (მშობლიური ენა, მათემატიკა, ბუნება, ინგლისური, რუსული). შესაბამისად, თვეში 100-150 ლარი გამოდის მინიმუმ.
ახლა კი, თქვენის ნებართვით დავაჯამოთ:
600 + 600 + 150 = 1350 ლარია, და ისიც იმ შემთხვევაში თუ ”თქვენს” დიასახლისს მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს.
ამასგარდა, 13 000 აშშ დოლარი (2000 დოლარი გამოვაკელი, როგორც ექიმებთან კონსულტაციის და მშობიარობის ღირებულება, რაც ასეც დაგეხარჯებოდათ და ისეც) გავყოთ ათ წელზე (ათ წელში ერთი შვილი რომ ვიანგარიშოთ, ეს ისე, მაგალითისთვის), მივიღებთ 1300 აშშ დოლარს.
მოკლედ, გარდა 1350 ლარი ყოველთვიური ანაზღაურებისა, ”თქვენს” დიასახლისს წელიწადში 1300 აშშ დოლარის ექვივალენტი (მინიმუმ) პრემიაც ეკუთვნის.

და რამდენს გამოიმუშავებთ თქვენ?

თვეში რამდენს აძლევთ, საერთოდ, და აქედან, რამდენს ხარჯავს ”თქვენი” დიასახლისი მისი პირადი ინტერესებისთვის?

დავალიანება ხომ არ დაგიგროვდათ, შემთხვევით? :)

და უი.. კინაღამ დამავიწყდა.. რა ღირს ერთი ვიზიტი ქალთან? :) აიღეთ ეგ თანხა და გაამრავლეთ იმდენზე, რამდენჯერაც იმასშვებით…

ახლა კი, ნაღდად და უნუგეშოდ გადავარდით ვალებში!

P.S. და ბოლოს –
ის სითბო და პასუხისმგებლობა, რასაც ”თქვენი” დიასახლისი გრძნობს და განიცდის საკუთარი ოჯახის მიმართ – ნამდვილად შეუფასებელია და ვერც ერთი მაღალანაზღაურებადი ძიძისგან და გუვერნანტისგან მის მეათასედსაც კი ვერ მიიღებთ!

Read Full Post »

ერთი თანაკურსელი მყავდა, რუსეთში იყო გაზრდილი. სპორტსმენი იყო, ათლეტური აღნაგობის – ტერმინატორს ვეძახდით. ქართული კარგად იცოდა, მაგრამ, ზოგჯერ მაინც იჭედებოდა.. აი, მაგალითად, ერთხელ ვუთხარი – ყურებზე ხახვი არ დამაჭრა-მეთქი და ამით მისი აზროვნების ნახევარი საათით პარალიზება მოვახდინე.. ვერ გაიგო რატომ უნდა დაეჭრა მას ჩემს ყურებზე ხახვი..
ერთხელ ვუთხარი – შენს ქორწილში საცრით ვზიდავ-მეთქი წყალს და ძალიან შეწუხდა – ეტყობა წარმომიდგინა, საცრით როგორ გავრბი-გამოვრბოდი მაგიდებს შორის. მოკლედ, ერთხელ, შესვენებაზე ჰოროსკოპის ნიშნებზე ჩამოვარდა სიტყვა. ჰოდა, არც აცია, არც აცხელა – მე ქალიშვილი ვარო – განაცხადა!
ეს ისე მოვყევი, ქალიშვილებზე მომაგონდა. მაშინ ძალიან ვიხალისეთ ამაზე.
სინამდვილეში საქმე არც ისე სახალისოდაა.
აი, მე მყავს მეგობარი, რომელიც ოცდაათს გადაცდა და ქალიშვილია (ნუ, სხვანაირად როგორ შეიძლება, წესიერი, პატიოსანი, რელიგიურიც) – რამოდენიმე წელია ხანგამოშვებით საშვილოსნოდან სისხლისდენა უტყდება და ეს კარგა ხანს უგრძელდება. აწუხებს მმ.. ბევრი რამ (თავს არ შეგაწყენთ იმ ყველაფრის ჩამოთვლით) – აი, ხვალაც ექიმთან მიდის. ბოლოს რომ იყო კონსულტაციაზე, ასე უთხრეს – ან სასწრაფოდ გათხოვდები (სხვანაირად როგორ ეთქვათ), ან ქირურგიული ჩარევა იქნება საჭიროო.
ეს ჩემი მეგობარი ერთ-ერთია მრავალწიცხოვან ქართველ ქალიშვილთა შორის, რომლებსაც სექსის არ ქონის გამო აწუხებთ ნერვოზი და სხვადასხვა ქალური დაავადებები.
გუშინ, მეორე ქალიშვილ მეგობარს შევაპარე – ბავშვი მაინც გააჩინე-მეთქი და კატეგორიული უარი მტკიცა. ვიცი, რომ აჯობებს გავაჩინო, მაგრამ არ შემიძლიაო.

ჩემი აზრით, ქალიშვილობის ინსტიტუტი რელიგიიდან იღებს სათავეს (იქნებ ვცდები კიდეც). ჩვენი რელიგია და თუ არ ვცდები მაჰმადიანობაც, ქადაგებს წყვილის უცილობელ უბიწობას ქორწინებამდე. მე ვიცნობდი ერთ ინდოელს, რომელსაც კალიმ მულაჰი ერქვა, 27 წლის იყო და და ჯერაც უბიწო იყო. ეს ადამიანი იცავდა იმას, რასაც მისი ტრადიცია და რელიგია კარნახობდა. ჩემი აზრით, არც მისი ჯანი იქნებოდა ამის გამო მთლად მრთელი. ერთი ჩემი ახლობელი, რომელიც 18 წლის იყო ხშირად უჩიოდა გულს და წნევებს. უბრალოდ, დროდადრო ცუდად ხდებოდა! ექიმმა გასინჯა და უთხრა – ბუჭუნი, ხარივით ჯანმრთელი ხარ, ცოლი გინდა – ცოლიოო! მართალია, ცოლი ამ ამბიდან თხუთმეტი წლის მერე მოიყვანა, მაგრამ, გული და წნევები ამ დროისთვის უკვე აღარ აწუხებდა.
გამოდის, ეს უბიწოება და უსექსობა გარკვეული ასაკის მერე არც ქალს რგებს და არც კაცს. და თუ კაცებმა თავს უშველეს, რატომ არის, რომ ჩვენთან, უბიწოება მხოლოდ ქალებს მოეთხოვებათ? რელიგიურად სიძვა და მრუშობა, ხომ ქალისთვისაც ისეთივე დიდი ცოდვაა, როგორიც მამაკაცისთვის (საქმე ის არის, რომ რელიგია და პავლე მოციქულმა რა თქვა, ბევრს მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა თავად დასჭირდება!)?
და საერთოდ, რა ყრია ამ უბიწობაში? რას ვერ ელევიან ასე ქართველი მამაკაცები? დავიჯერო, მხოლოდ საქალწულე აპკს? თუ პირველი ღამის უფლებას? რასს, რაასს?
ცნობილია, რომ პირველ სექსზე ბევრი რამ არის დამოკიდებული როგორც ქალისთვის, ასე კაცისთვის. მეტ-ნაკლებად მტკივნეულია, ნერვული, სიამოვნებაც ნაკლებია. გარკევულწილად, სწორედ პირველ სექსზეა დამოკიდებული წყვილის მომავალი სექსუალური ცხოვრების წარმატება და საკუთარი ძალების რწმენა (როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე). მით უფრო, თუ მამაკაცი გამოცდილია, გამოუცდელ ქალთან მეტისმეტი სიფრთხილე და მოთმინება მართებს. ნუთუ ეს რთული პროცესი და დიდი პასუხისმგებლობა ხიბლავთ ქართველ მამაკაცებს?
ჰეჰეჰჰ, არამგონია..
რის შედეგად ვღებულობთ დომინანტ მამაკაცებს, რომლებსაც თავის შეკავება და შესაბამისად ქალისთვის სიამოვნების მინიჭება არ შეუძლიათ? გაშეშებულ, ფრიგიდულ ქალებს, რომლებსაც სექსი სულაც არ სიამოვნებთ, პირიქით, გრძნობენ ტკივილებს, ზიზღისგან ეწყებათ გულისრევა, ვერც პარტნიორს ანიჭებენ სიამოვნებას და აქტი მათ შორის გრძელდება მხოლოდ იმდენი ხანი, რამდენიც მამაკაცს სჭირდება სპერმის დათხევისთვის? ზედმეტია საუბარი ერთმანეთის სექსუალური ფანტაზიის დაკმაყოფილებაზე (ანდა, ეს რა საჭიროა, სექსის მიზანი, ხომ მხოლოდ და მხოლოდ შთამომავლობის გაგრძელებაა!), სხვადასხვა სექსუალურ სურვილებზე და ბოლოს, შთაბეჭდილებების გულახდილად გაცვლა-გამოცვლაზე.
დიდებულია!!!
ასეთი სექსუალური ურთიერთობა ოჯახში ასპროცენტიანი გარანტია ღრმა სიყვარულისა და სულიერი ჰარმონიისა!
კაცები, რომლებსაც უნდათ იგრძნონ, რომ სპერმიანი შპრიცები კი არა, მამაკაცები არიან, მიდიან მეძავებთან (ფული სექსის ნაცვლად), ან უბრალოდ ქალებთან (რომლებსაც ფული არ უნდათ, მაგრამ მაინც მეძავებად მოიხსენიებენ საქართველოში) რომლებსაც მართალია თავი არ სტკივათ გამუდმებით და ხშირად სულაც ფეხებზეც ჰკიდიათ ( კაცებს ამას ვერ დააჯერებ, მაგრამ მაინც) მათთან სექსი, მაგრამ, სამაგიეროდ კარგად შეუძლიათ მსახიობობა და ისეთი რამეების კეთებაც, რასაც არც ქართველი მამაკაცი აკადრებს ცოლს და არც პატიოსანი ცოლი იკადრებს, რაღათქმაუნდა!
არიან ქალები, რომლებთანაც დადიან მეძავი კაცები (საქართველოში ასეთი ქალებიც და მეძავი კაცებიც ძალიან ცოტაა), ან უბრალოდ საყვარლები ჰყავთ და ბოლოსდაბოლოს მაინც აკეთებენ იმას, რასაც არც ქართველი, პატიოსანი ცოლი იკადრებს და არც ნამდვილი, ვაჟკაცი მეუღლე აკადრებს მეუღლეს!
თუ ცოლი გებულობს, რომ ქმარი ღალატობს.. იწივლებს, იკივლებს, იშვიათად წყვეტს ურთიერთობას, ხშირად კი არც წყვეტს (ბავშვებს რჩენა ხომ უნდა? ბავშვებს მამა ხომ უნდა?).
თუ ქმარი გებულობს, რომ ცოლი ღალატობს — ხოცავს ცოლსაც და საყვარელსაც.. ან მხოლოდ ცოლს.. ან მხოლოდ საყვარელს.. ან მხოლოდ ცემა-ტყეპით შემოიფარგლება, ნათესავები და ახლობლები ქალს ვირტუალურ სახედარზე ვირტუალურად უკუღმა შემოსვამენ და მას მერე ხდება შუა თითით საჩვენებლი, საფურთხებელი, დედობის უღირსი, ბოზი, ჩათლახი და აშ… კაცი რა, მალევე მოიყვანს ცოლს და ცხოვრობს ”ტკბილად და ბედნიერად” (ანუ, ძველებურად).
მოკლედ, უბიწოებას დავუბრუნდეთ.
ჩემი აზრით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ის, რაც ასე მნიშვნელოვანია ქალის ცოლად მოყვანისას (საქალწულე აპკი) მხოლოდ 200 ლარადაა შეფასებული. აქედან გამომდინარე, მათი გონებრივი შესაძლებლობებიც, ვინც ამ 200 ლარიან რაღაცას ასე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ჩემთვის პირადად 200 ლარზე მეტად არ ფასდება.
საქართველოს გარდა, მეეჭვება სადმე ასე პოპულარობით სარგებლობდეს საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაცია! საქართველოს გარდა სად ნახავთ გოგოებს, რომლებსაც იმდენი სექსი ჰქონიათ, რამდენიც გაგიხარდებათ! თუმცა ქალიშვილები მაინც არიან! ვოტ!
თუ სხვაგან მოზარდები ჩქარობენ თავიდან მოიცილონ ეს მტკივნეული პროცესი, საქართველოში ობოლი მარგალიტივით უფრთხილდებიან და თან ისე მაგრად უფრთხილდებიან, რომ ბევრს საფლავშიც მიაქვს!
მახსოვს, გოგონებში ერთ დროს პოპულარული ხუმრობა – თუ მოვკვდე, დამიტირეთ – იმის უნახავად წავიდაო! ან – ისე როგორ მოვკვდე, ის არ ვნახოო..
ამაზე გამახსენდა კიდევ ერთი ამბავი – მეგობრები ქობულეთში ვისვენებდით. მეორე ოთახში, რომლისგანაც მხოლოდ ხის თხელი კედლით ვიყავით გამოყოფილი სამი ორმოცს მიტანებული, ”გასათხოვარი” მასწავლებელი ქალი დაბინავდა. ერთხელაც, ერთი ჩემი მეგობარი შეუძლოდ იყო და პლაჟზე არ წამოვიდა – გამოვიძინებო. უკან დაბრუნებულებს გვითხრა – ეგონათ მარტო იყვნენ და გულახდილი საუბრები გააბესო.. ჰოდა, ერთს უნატრია – ნეტავი ვინმე გამაუპატიურებდესო! მეორეს უთქვამს – ეჰ, სადღა არიან ვაჟკაცები, ქალებს რომ აუპატიურებდნენო!
ისეთ ტრადიციას რა ვუთხარი და ისეთ მენტალიტეტს, რომელიც ადამიანს ასეთ რამეს ანატრებინებს! ისეთ პატიოსნებას რა ვუთხარი.. ანდა – სულაც, რა არის ეს ყბადაღებული ”პატიოსნება”?! პატიოსნებაა, იყო 40 წლის ქალწული და სექსზე ოცნებობდე? ან ნორმალური ქვია იმ ადამიანს, რომელიც ოცნებობს, ნეტავი ვინმე გამაუპატიურებდესო? თუ ის არის პატიოსნება – ქალების გაუპატიურება ვაჟკაცობა გეგონოს? ან ის, ვინმეს ჩანთა სთხლიშო თავში, თუ მანქანით სახლამდე მიცილება შემოგთავაზა და მერე, დალაქებთან ასეთი სისულელეები აფრქვიო?


მოკლედ, რა გამოდის, თუ გარკვეული ასაკის შემდეგ ადამიანს ბუნებრივად აქვს სექსის მოთხოვნილება, და ეს ისეთივე ბუნებრივი ამბავია, როგორ ის, რომ ბიჭს წვერები ამოსდის და გოგოს ძუძუები.. რა უნდა ვქნათ? 14 წლის ასაკში გავთხოვდეთ და ცოლები მოვიყვანოთ?
კარგი ბატონო.. მაგრამ, მერე 19 წლის ასაკში ისევ დავშორდეთ! ან არ დავშორდეთ და სიკვდილამდე ვიტანჯოთ, იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ 14 წლის ასაკში რაც ადამიანს უნდა და მოსწონს, ბუნებრივია 19-20 წლის ასაკში გულზე აღარ ეხატება. ღირებულებები 25 წლამდე ყველაზე სწრაფად გადაფასდება, გემოვნება და მსოფმხედველობა სისტემატურად იცვლება. ამას თან ერთვის სწავლა და კარიერაზე ზრუნვა (ანუ, თვითდამკვიდრება, საკუთარი ადგილის პოვნა საზოგადოებაში, თვითრეალიზაცია) რომელსაც დაოჯახებულები (უფრო ხშირად მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლები) როგორ წესი ვერ (ან ხარისხიანად ვერ) ახერხებენ, რასაც შესაბამისად მოყვება ნერვული აშლილობა, დეპრესია და აშ…
თუ არც დავოჯახდით და არც ვისექსავეთ, მაშინ რა ჯანდაბა უნდა ვქნათ?
რატომ არ შეიძლება უბრალოდ ერთად ცხოვრება სუნიანი და ქოთიანი იარლიყების გარეშე?
თქვენ გაქვთ ამაზე პასუხი?
მაშ, გისმენთ.. :)


და მაინც, რა კარგია, რომ ამ დონემდე მაინც არ ვართ დაშტერებულები!

Read Full Post »

აი, ახლა, ფოტოზე რომ წიგნს ხედავთ, ეს წიგნი ოოოდესღაც ჩვენს ოჯახშიც იყო, მახსოვს (მხედველობითი მეხსიერების წყალობით). ვერ გეტყვით ვის უკუთვნოდა, ალბათ, უფრო ბებიაჩემს, რომელიც ბაბუაჩემის მრავალირცხოვან საყვარლებს ხან ჩანთით იგერიებდა, ხან მუჭით და ხანაც წიხლით.
ვიქნები ძალიან გულხადილი და ძალიან სუბიექტური და გეტყვით, რომ მსგავსი იდიოტიზმი იშვიათად თუ წამიკითხავს (მხედველობაში მაქვს ფოტოზე წარწერა)! საერთოდ, ძალიან ხშირად მიწევს კამათი და დავა გენდერულ საკითხებზე. ხშირად ჩიხიში შევდივარ, როცა ვხედავ, რომ კამათი გავს კედელთან დგომას და თავის ზედ გამეტებით ცემას!
ამჯერად, ნაღდად არ ვაპირებ ჩემი აზრები გადმოვახვავო ამასთან დაკავშირებით, ამას სხვა დროისთვის გადავდებ. უბრალოდ, აი ამ ფოტოს წავაწყდი და..

მოკლედ, რუსული ვიცი, ბევრმა იცის, მაგრამ, მეტი დამაჯერებლობეისთვის მაინც გადმოვაქართულებ ამ შიზოფრენიულ ციტატებს სამოციან წლებში გამოცემული წიგნიდან ოჯახის წარ/მართვის (თუ რაღაც ამდაგვარის) შესახებ და შიგადაშიგ ჩემს აზრსაც ჩავაქსოვ:

უნდა გახსოვდეთ, რომ სამსახურიდან დაბრუნებული ქმრის დასახვედრად ყოველდღიურად უნდა ემზაებოდეთ. ამას რად უნდა წიგნში წაკითხვა, როცა ადამიანი გიყვარს, მის მოსვლას დღესასწაულივით ელოდები. ეს გამომიცდია და ნაღდად ვიცი, წყალი არ გაუვა. მოამზადეთ ბავშვებიც, დაბანეთ, დავარცხნეთ და გამოაწყვეთ სუფთა, კოხტა ტანიამოსში (აქ რუსულად უფრო მრავლისმეტყველად ჟღერს სიტყვა ”ნარიადნი”!). ჯერ ერთი, გამოდის, ქმრის მოსვლამდე დასაშვებია იყვნენ გაჩეჩილები და მურიანები და მეორეც, ქმარმა რომ დაინახოს დასაბანი ბავშვები, ძაან ესთეტია და გული წაუვა თუ რა? ისინი უნდა უნდა ჩამწკრივდნენ და მიესალმონ მამას, როცა ის სახლში შემოვა. აი, მარაზმი! ხელი შუბლთან ხომ არ უნდა მიიტანონ? ან წინ გაიშვირონ? იქნებ უნდა დაიჩოქონ? იქნებ მუცლით უნდა იხოხონ? იქნებ დაფნის ფოთლები გაუფინონ? იქნებ გაწვნენ იატაკზე, რომ მამამ ზედ გადაუაროს?! რატომაც არა? ასე უფრო არ გამოხატავენ თავის პატივისცემას და მოწიწებას საყვარელი და მშრომელი მამის მიმართ? ასეთ შემთხვევაში თქვენც ჩაიცვით სუფთა წინსაფარი(გიჟია ეს ჩემისა!) და ეცადეთ გაკოპწიავდეთ, მაგალითად თმაში ჩაიმაგრეთ ბანტი! ამის ავტორს რჩევა ჩემთვის რო ეკითხა, ვეტყოდი ბანტი კი არა, ქალებს ურჩიე სუ გაიძრონ ყველაფერი და ბეწვზე წამოგორებული დახვდნენ-თქო ქმარს, ან ლაქის სტრინგი ჩაიცვან და ხელში ტყავის მათრახი დაიჭირონ. რავი, დავიჯერო თმაში ჩაბნეული ბანტის ნახვაზე უფრო მეტად, ეს არ ეამებოდა მშრომელ საბჭოთა მამაკაცს?
არ გააბათ მასთან საუბარი. გახსოვდეთ, როგორ ძალიან არის დაღლილი და რაზე წასვლა უწევს მას ყოველდღიურად სამსახურში თქვენი გულისთვის. უკაცრავად? ვისი გულისთვის? და რაზე წასვლა უწევს მაინც? ლომების მომთვინიერებლებისთვის არის წიგნი დაწერილი თუ წითელ კიბორჩხალებზე მოთევზავეებისთვის? მდუმარედ დააპურეთ და მხოლოდ მას მერე, რაც გაზეთებს გაეცნობა, შეეცადეთ დაელაპარაკოთ.” აი, თუ გაზეთების გაცნობა არ უნდა, ქეჩოში მოკიდეთ ხელი და ჟურნალების მაგიდაზე არტყმევინეთ თავი, აუცილებლად მდუმარედ!
და რაზე უნდა დაელაპარაკო, ამას რატო არ გვირჩევს ნეტავი? ალბათ იმაზე უნდა ესაუბრათ, როგორ იპყრობდნენ საბჭოთა ადამიანების ხომალდები კოსმოსის უსაზღვრო სივრცეებს.. მაგრამ ახლა? ახლა რაზე ვილაპარაკოთ გაზეთების კითხვის მერე? ჰმმ… (ნიკაპისმსრესელისმაილიკი)
კიდევ ერთი ნაწყვეტი იგივე წიგნიდან, ოღონდ ამჯერად ”რჩევები მამაკაცებისთვის””ცოლთან ინტიმური აქტის დასრულების შემდეგ თქვენ საშუალება უნდა მისცეთ ცოლს წავიდეს სააბაზანოში, მაგრამ გაყოლა საჭირო არ არის. მიეცით მას საშუალება მარტო დარჩეს. შეიძლება მას ტირილი სურს.” აქ ყბა ჩამომივარდა გაოცებისგან.. არა, მარაზმიც არის და მარაზმიც!
თავიდან, სანამ წინადადებას დავასრულებდი, მეგონა ეწერებოდა – მიეცით მას საშუალება მარტო დარჩეს, რომ მასტურბაციით მაინც დაკავდესო.. მაგრამ არა, თურმე უნდა იტიროს..
და რატომ უნდა ეტირა საბჭოთა მამაკაცის მეუღლეს?
ეს ბედნიერების ცრემლები უნდა ყოფილიყო თუ სიმწრის?
თუ ბედნიერების – ქმართან ბედნიერების ცრემლების დაღვრა არ შეიძლება?
თუ სიმწრის – ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ არც თუ მაინდამაინც ნორმალური სქესობრივი ცხოვრება ჰქონდა ამის გაჭირვებულ დამწერს და ვიზიარებ მისი ცოლის მწუხარებას, თუ ის ცოცხალია რათქმაუნდა. თუმცა, სქესობრივს თავი დავანებოთ, მე მგონი ზოგადად, ცხოვრება ჰქონდა არანორმალური და უსიხარულო.. ცოლი არ ელაპარაკებოდა, ბავშვები გახამებული რობოტებივით ესალმებოდნენ, შრომაში ტრაკშიბოლგასული მისი ცხოვრების ერთადერთი ბედნიერება გაზეთების კითხვა იყო და დაახლოებით სამწუთიანი სექსი (იქნებ უფრო ხანმოკლეც), რომლის მერე, ცოლი სააბაზანოში გარბოდა, ან ქუსლებით სახეხით იხეხდა ვაგინას, ანდა ქვითინით გულს იოხებდა..

მოკლედ, აი ჩემი აზრი –
ამ წიგნის ავტორი ნამდვილი იდიოტია. ის ვინც წიგნი გამოსცა – ასევე მმაგარი იდიოტია და ის, ვინც წაიკითხა და ისე მოიქცა, როგორც აქ წერია – პენისით არის დასაკიდებელი!
აი, სწორედ ასე!

Read Full Post »

არ ვიცი, არ ვიცი..
დამწყევლა ალბათ ვინმემ თუ რა ჯანდაბა მჭირს…
ნაჭრის თოჯინა თუ შეკერეს, ჩემი ფოტოსურათიდან ამოჭრილი სახე დააკერეს, ჩემი გაცვენილი თმები მიაწებეს და მერე სუ მახათები ურჭეს თავში!
ქათამი და კვერცხის გაჩენის ამბავივითაა ჩემი და პარიკმახერების (არ თქვათ, რა დროს სიტყვა ”პარიკმახერიაო”! დალაქი და სტილისტიო – შემისწორა ერთმა! არადა, ეს ტიტულიც კი ზედმეტია მაგათთვის!) სიძულვილის ამბავი.. არა, მაინც, მე უფრო ადრე მძულდენ პარიკმახერები თუ იმათ უფრო ადრე ვძულდი მე?!
გად ნოუზ!
ერთადერთხელ მახსოვს, რომ მივედი და ბედნიერი წამოვედი. ვიღაც ჩიორა სომხის ქალი იყო, თმები ისე დამიხვია, კარგა ხანი მეძახდნენ ”ვზრივ ნა მაკარონნოი ფაბრიკეო”. მანამდეც და მას მერეც დღემდე, პარიკმახერხები სკალპს მაგლეჯენ ჩეროკებივით, მღიჯნიან, მძიძგნიან, მერე ჩემს ცრემლებში განიბანენ ცოდვებს!
არადა, რა დავუშავე? არც არაფერი!
ერთი ჩუმი, უპრეტენზიო კლიონეტი ვარ!
თვეობით ფეხს ვითრევ, სალონში მისვლას ლომს შევუყო თავი ხახაში ის მირჩევნია.. არადა, სხვა გზა მაინც არ მაქვს (ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია!), ვინ არ ვცადე, ვინ არ ვნახე.. შენც არ მომიკვდეე!
დღეს ”ჩოლკა” შემისწორე-მეთქი (ასეთი განა რა ვითხოვე? ”ჩოლკა” ეს ოხერი, მხოლოდ ”ჩოლკა”!) და ისევ – ცულით, ნაჯახით, ცელით, ნამგალით და უროთი!..
ვიტირე, მაგრამ, იმიტომ კი არა, რომ ამდენი ხნის წვალებით გაზრდილი თმა დამენანა, არა.. იმიტო ვიტირე, რომ ჯოჯოხეთის მაშხალას ვგავდი, სარკეში რომ ჩავიხედე..
ივანუშკა დურაჩოკს..
სულით ავადმყოფს..
და კიდევ იმიტომ ვიტირე, რომ ვიღაცამ უეჭველი დამწყევლა და ვერ გავიხარებ მე, ამ პარიკმახერების ხელში ერტყობა ვერასოდეს..
აზრზე მოდი, ტიპმა დამამშვიდა- არაუშავს, გენაცვალე, გაგეზრდებაო!
გადავიხადე ჩემი ტანჯვის საფასური და წამოვედი და თან, წარმოსახვის მუჭით წარმოსახვით კბილებს სათითაოდ ვუმტვრევდი იმ თავგასიებულს, მაგრამ, აბა მე რა ხეირი მანდედან!

Read Full Post »


ქობულეთში ვიყავი სულ რაღაც ერთი კვირით. ყველაზე მეტად თვალში რაც მომხვდა, ეს იყო:
1. სუპერ-დუპერ ბევრი დამსვენებელი,
2. სუპერ-დუპერ დანაგვიანებული პლაჟი, სკვერები, ქუჩები… და აშ..
3. ბლომად ბავშვები პლაჟის მოვაჭრეებს შორის.

სუპერ-დუპერ ბევრი დამსვენებლის საწინააღმდეგო რა უნდა ჰქონდეს ადამიანს – ბევრი დამსვენებელი, ბევრი ფული მასპინძლების და შესაბამისად (ალბათ) სახელმწიფოს ბიუჯეტშიც. ეგაა, რომ კარგად გავითავისე, თუ დილით ადრე არ გამოვცხადდებოდი პლაჟზე, არც შეზლონგი შემხვდებოდა და არც ადგილი ზღვასთან.. თუ დავაგვიანებდი, შეიძლება ადგილი სულაც არ შემხვდროდა. ეს ჯანსაღი კონკურენცია მზისქვეშ ადგილების მოსაპოვებლად ერთის მხრივ ცუდი სულაც არ არის, ისედაც ცხადია, რომ შუადღის მზე მავნებელია.
სუპერ-დუპერ დანაგვიანებული პლაჟი პრინციპში სწორედ სუპერ-სუპერ ბევრმა დამსვენებელმა გამოიწვია. საღამოობით, როცა პლაჟი დამსვენებლებისაგან თავისუფლდება, ჩამავალი მზის სხვივებზე ლაპ-ლაპს იწყებენ გამაგრილებელი სასმელების ბოთლები, პოლიეთილენის პარკებში გამოხვეული სიმინდის ტაროს ნარჩენები, დაჭმუჭნული ალუმინის ქილები, სიგარეტის კოლოფები და აშ და აშ..
მთელი წელი ნაშრომ-ნაჯაფი ადამიანები ცდილობენ მაქსიმალურად დაისვენონ, ალბათ ამის გამოა, რომ პლაჟზე გატარებული რამოდენიმე საათის განმავლობაში დაგროვილი ნაგავის ურნამდე მიტანაც ეზარებათ. ზოგი კიდევ, პირიქით – ძალიანაც დაუზარელია – ქვებიან ნიადაგს გულიანად ჩიჩქნის და თავის ნაგავს იქ ათავსებს. მოფიქრება ხომ უნდა!
ნარჩენები სკვერებში მეტ-ნაკლებად განსხვავდება პლაჟის ნარჩენებისაგან – ჭარბობს ბოთლები, მათ შორის შუშისაც (სპირტიანი სასმელები), ერთჯერადი თეფშები და ჭიქები, აქა-იქ პრეზერვატივებიც (ვაშა, ჰქონია, ორგაზმიც ჰქონია!).. სიგარეტის კოლოფები და ცელოფანის ნარჩენები – ეს უკვე არავის უკვირს
პლაჟზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაკეთებული აბრაც ვნახე – ”მადლობა თუ იცავთ გარემოს!”. ცოტა გული დამწყდა, რომ ეს მადლობა, ძალიან ცოტას თუ ეხებოდა იქ მყოფთაგან.

რაც შეეხება პლაჟის მოსიარულე გამყიდველებს
აბბას სიმღერა ხომ იცით -”Money, money, money” ?
იქ არის ასეთი ფრაზა – Money, money, money always sunny in the rich man’s world..
ეს ფრაზა ჩემთვის წლევანდლამდე ისეთივე ფრთიანი იყო, როგორცაა, მაგალითად – ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს! მაგრამ, ამ ზაფხულს მივხვდი, რომ მთლად ასეც არაა და რომ უფულოებსაც მაგრად აცხუნებთ მზე (და იქნებ უფრო მაგრადაც კი, ვიდრე ფულიანებს!). არ ვიცი რა გემო უნდა ჩაატანო დასვენებას ადამიანმა, როცა მძიმე ნაბიჯებით ჩამოგივლიან (ვერნელაკის H16-ი მიმიქარავს, ისეთი ფერი აქვთ (მაგრამ, მეეჭვება ეს ახარებდეთ)), ოფლით დაცვარული, დაკუნთული ქალები, კაცები, ბიჭები, გოგოები და სამწუხაროდ ახლა უკვე ბავშვებიც.. 9, 10, 12, 14 წლის ბიჭები ძლივს მიათრევდნენ ბეჭზე შედგმულ გამაგრილებელ სასმელებს, ზურგზე მძიმე ზურგჩანთები ეკიდათ და წელზე მიწის თხილი, მზესუმზირა და რა ვიცი კიდევ რა.. ზოგი მოხარშულ ჭყინტ ტაროს დაატარებდა სათლებით, ზოგი ერთად ასხმულ ათობით კამერას.
ვუყურებდი ამ ბავშვებს (დიდებსაც) და ვფიქრობდი, რომ მათ ვეზიზღებოდით ჩვენ, პლაჟზე წამოკოტრიალებული არსებები, რომელბსაც მოწყალება უნდა გაგვეღო და მათგან რამე შეგვეძინა. უყურებენ ეს ბავშვები თავიანთ თანატოლებს, მხიარულებს, უდარდელებს, განებივრებულებს, მაშინ, როცა სამყარო მთელი სიმძიმით აწევთ ზურგზე. ერთს ვკითხე – ალბათ წვიმა გიხარიათ-მეთქი. – კი, ძალიანო, მითხრა.
თავიდან ძალიან ვბრაზობდი მათ მშობლებზე. დიდი ჭკუა და განათლება არ უნდა იმას, რომ მიხვდე, რომ თოთო ხერხემლისთვის არაფრით არ შეიძლება ასეთი დატვირთვა (იწვევს სქოლიოზს, ოსტეოქონდროზს, მალების დისკოზს, მოზრდილობაში ეს დაავადებები თავისთავად კიდევ უფრო ბევრ დაავადებებს იწვევენ და 35-40 წლის ასაკში თითქმის ინვალიდი ადამიანი გვაქვს სახეზე!) ერთხელაც დავინახე, ერთს ქალი ელაპარაკებოდა (ჭყინტი სიმინდი დაჰქონდა იმ ქალს). საოცრად გავდნენ ერთმანეთს. არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ სახეზე ისე ნაზად მოეფერა, ნამდვილად დედა იქნებოდა. ჰოდა, სიბრაზემ გადამიარა, მაგრამ, ჩემი აზრით, კარგად რომ შეეძლოთ ამ ბავშვების მშობლებს იმის გააზრება რა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზიანს აყენებენ საკუთარ შვილებს, დარწმუნებული ვარ, მუშაობას აღარ აიძულებდნენ.

აი, რა ვიპოვნე ინტერნეტში ბავშვთა შრომის შესახებ:

ბავშვთა შრომის ზოგიერთი ფორმა დაშვებულია კანონმდებლობით. ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლოატაციისაგან, აგრეთვე ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც შეიძლება მავნე აღმოჩნდეს მისი ჯანმრთელობისათვის, ანდა ხელს უშლიდეს მის ფიზიკურ, ფსიქიკურ, სულიერ, მორალურ, ან სოციალურ განვითარებას.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ბავშვთა შრომა ეს არის შრომა, რომელიც აზიანებს ბავშვს, მის კეთილდღეობას, განვითარებას და მომავალს, ზოგადად. ბავშვთა შრომა წყვეტს ბავშვებს თავიანთი ბავშვობიდან, ვნებს მათ პოტენციალს და ნაყოფიერებას.

კანონის თანახმად 16 წლამდე ბავშვების შრომა დაშვებულია მხოლოდ დღეში რამდენიმე საათით, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმნება და განათლების მიღებაში ხელი არ ეშლება.

დასასრულს, იხილეთ სხვა ფოტოებიც.

Read Full Post »

(ტექსტის უფრო გასაგებად იხილეთ წინა პოსტი ”ფსმა ჩაკუზული ანუ ქართული ვაჟკაცობის საზომი” და მის ქვემოთ გაკეთებული რიგით მესამე კომენტარი)

მოდი, იქედან დავიწყებ, რომ გულშიც არ გამივლია გაპოპულარებული თემებით მანიპულირება და სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი თუ ქართული სუფრის თემა, როგორც თქვენ ამბობთ – ისტერიკაში თუ ისტერიაშია გადაზრდილი. ისე, თუ კი ეს სიმართლეა, ნამდვილად არ მეწყინება, თუნდაც იმიტომ, რომ ეტყობა ის მარაზმი, სადამდეც ქართული სუფრაა დღეს მისული, უკვე ძალიან თვალშისაცემი გახდა და ბევრს აწუხებს.
რაც შეეხება ჭამას და სმას, საქართველოში ეს ორი რამ სახვა ერებზე არც მეტად უყვართ და არც ნაკლებად, ამაზე საუბარი მე სულაც არ მქონია.
რახან გერმანელები ახსენეთ, იქნებ მაინც გავბედოთ და რაიმეში მაინც შევეჯიბროთ. ნუ, მართალია ჩვენ სუპერ კულტურული ერი ვართ და გერმანელები რო სუფრაზე აბოყინებენ, ჩვენ ასეთ რამეებს არ ვკადრულობთ, მაგრამ, სამაგიეროდ, სანამ ღრეობას მოაწყობენ, ერთი კვირით ადრე მაინც აფრთხილებენ მეზობლებს წერილობითი სახით, თუ ეს ღრეობა გვიანობამდე გაგრძელდება და ხალხს შეაწუხებს, მშვიდად იძახებენ პოლიციას და ყველაფერი გვარდება. მთვრალი გერმანელიცა და ქართველიც მთვრალია, მაგრამ, ჩვენთან არც სიფხიზლეში არსებობს თვითკონტროლი, ხოლო იქ, ეს წითელი, გარუმბულ თავებშიც უნთიათ.
კარგა ხანს ვცხოვრობდი იქ, მშვენიერ ბროთჰენებს აცხობენე კი, და საყასბოებიც მშვენიერი აქვთ, მაგრამ, უზომოდ და უაზროდ ჭამა, მე იქ არასდროს მინახავს (თუმცა, ალბათ იქაც თქვლეფენ).. სამაგიეროდ მინახავს, როგორ ყიდულობენ ერთ ცალ ბულგარულს მაღაზიაში, ან ორ ცალ კარალიოკს, კიტრის მესამედს და საზამთროს მეექვსედს..
ახლა თამადას დავუბრუნდეთ (ისევ კონტრშენიშვნის კონტრშენიშვნა) – მე დავწერე რომ ძალიან ბევრ განსხვავებულ სუფრაზე და ნადიმზე ვარ ნამყოფი. დამიჯერეთ, შორს წასვლა კარგი თამადის მაგალითი რომ მოვიყვანო არ დამჭირდება. აგერ, მამაჩემი ბოლოს და ბოლოს.. არც ღიპი აქვს (მშვენიერი აღნოგობით გამოირჩევა), არც ყვითელი ფრჩხილი, არც ღმუის და არც ყმუის.. ისტორიკოსია, დოცენტი, მწერალი, პოეტი, რამოენიმე წიგნის ავტორი (ი, ნაკონეც პროსტი კრასავჩიკ! :))) (ძაან კი ვაქებ მამიჩემს, მაგრამ, ვიცი, ეგ ამას არ წაიკითხავს და არ აუვარდება!) – სიტყვა-პასუხი არ ეშლება მოკლედ. მისი სადღეგრძელოს მოსმენა ერთი სიამოვნებაც კია. ჰოდა, ყველგან ეპატიჟებიან თამადად. სამაგიეროდ ცუდად იტანს სასმელს. მართალია სუფრაზე თავს არ ირცხვენს, მაგრამ სახლში აღარ დაგვედგომება… და ვერ ვხვდები, საერთოდ რა ფასი აქვს მოლხენას, თუ ბოლოს ისეთ დღეში უნდა ჩავარდე, როგორშიც ის ვარდება (ბოლოს რომ დათვრა, მძინარეს ცხვირიდან სისხლის დენა აუტყდა და რომ არა უბრალოდ შემთხვევითობა, არაა გამოირცხული გაღმა გასულიყო, მარილზე)..
რაც შეეხება ღიპიან თამადებს, აი ისეთს, ვიდეოზე რომ არის ასახული, სხვათაშორის, როცა მისი აღწერა დავასრულე, იუტუბზე გავუშვი ძებნაში სიტყვა ”თამადა” და ბევრი ვიცინე იმაზე, რომ ძებნის შედეგი ზუსტად დაემთხვა იმას, რაც/ვინც ავღწერე.. თითიც კი (წინასწარგაფრთხილებულივით) – ზუსტად ისე აქვს გამოფშეკილი.
ისე, რაც არ უნდა კარგი თამადა იყოს (რომელიც უნდა წაუძღვეს სუფრას და ხალხიც არ მოაწყინოს თქვენი ტექსტიდან ) – ვერ გავიგე, რატომ უნდა იზრუნოს ვინმე თამადამ მე არ მომაწყინოს (მაგ ლოგიკით თამადა კარის ჯამბაზზს უფრო ემსგავსება)? მე რა, ჩემით ვერ დავლევ რამდენიც მინდა, ვერ ვისაუბრებ რაზეც მინდა, როგორც მინდა ვერ გავერთობი?.. რატომ უნდა მაკონტროლოს ვიღაცამ? რატომ უნდა მიმითითოს სიჩუმეზე, მაშინ როცა მე ვიღაცას ვესაუბრები? რატომ უნდა ვუსმინო, თუ არ მაინტერესებს? რატო არ შეიძლება სუფრაზე მაინც იყოს დემოკრატია?
მაშინ მოდით არ ჰყავდეს ქვეყანას პრეზიდენტი, პარლამენტს თავმჯდომარე, სამინისტროს მინისტრი, სკოლას დირექტორი და კლასს ხელმძღვანელი და არც თამადა იქნება სუფრაზე (ისევ თქვენი ტექსტიდან) – ეს უბრალოდ სასაცილოა… სხვა ქვეყნებში, სადაც თამადის კულტურა არ არსებობს, რა, არც სკოლებს ყავთ დირექტორი და არც ქვეყნებს პრეზიდენტი? ნამეტნავად სუსტი მცდელობა იყო, რაღაცის დასაბუთებისა..
ახლა მითხარით, რა უფრო ხშირია – მამაჩემისნაირი თამადა თუ იმ ღიპიანისნაირი? რა უფრო ხშირია, კულტურული ნადიმი თუ უაზრო დღნარვა-ხეთქვა-ლეშვა?
სავარაუდოდ მეორე..
მეც სწორედ ამაზე მაქვს საუბარი. ქართული სუფრა ნელ-ნელა რაღაც მარაზმად იქცევა. დავიჯერო ცუდია, თუ ამას ავღნიშნავ? რა უფრო ცუდია, საკუთარი ნაკლის დანახვა თუ ვერ დანახვა? საკუთარი თავის კრიტიკა თუ ხბოს აღტაცება?
ინგლისელი ფეხბურთის ფანების დალევაზე, დათრობაზე და შემდგომ ქცევაზეც ხომ არ დავწერო ერთი ორი სიტყვა? (თქვენი ტექსტიდან)- რატომაც არა, დაწერეთ. ხანდახან, მაგათი ამბებით გულს ვიოხებ, ამაში მაინც გყვავს ბადალი-მეთქი.
სანამ ქართული სუფრის ძაგებას დაიწყებდეთ, ნერწყვი კარგად გადაყლაპეთ არ დაიხრჩოთ და თუ მაინც გადაგცდათ კარგი წითელი ღვინო მაქვს გამოიარეთ, დაგაყოლებინებთ – ოჰ, ნამეტნავად დიდი მადლობა, მაგრამ მე ქართულ სუფრას კი არ ვაძაგებ, ჩემო მურაბა ადამიანო, ვაკრიტიკებ იმას, რაც გაცუდდა, დრო მოჭამა, გაუარესდა, გადასაგდებია, მოსაშორებელია, შესაცვლელია… რატომ გვაქვს ქართველებს შენიშვნებზე ასეთი მძაფრი რეაქცია, ვერ გავიგე. მეც ქართველი ვარ და როცა რაღაც გაცუდქართულებულზე ვწერ, ჩემს თავსაც ისევე მოავიაზრებ იქ, როგორც სხვა დანარჩენებს. უცხო და უცნობი შენიშვნას არ მოგცემს, დამიჯერე, და შინაურს არ უნდა გაულავანდო, იმისთვის, თუ გეტყვის გამოხეული შარვალი გაცვია და წადი, გამოცვალეო.
მოკლედ, უცხოელები კი გიჟდებიან ამ ჩვენს გემრიელობებზე, სუფრებს ოტხივე კუტხიდან უღებენ ფოტოებს. ჩვენც გვიხარია, ჭკუაზე არ ვართ, რომ სტუმრები მოვხიბლეთ.. და როცა სტუმრები მიდიან, გვიანობამდე ვალაგებთ, ვრეცხავთ, არ ვიცით სად შევტენოთ ამდენი საჭმელი… მეორე დღეს ადამიანებად აღარ ვარგივართ! სხვათაშორის, იგივე ხდება დღესასწაულებზე.. მე მაგალითად, დიდი ხანი ვერ ვიტანდი ჩემს დაბადების დღეს, სანამ არ აღმოვაჩინე, რომ ვიღლები სასწაულად, ჯერ ამდენი ხორაგის დამზადებისას, მერე გააწყვე, მერე იტრიალე, თეფში გამოსაცვლელია, კერძი ჩასამეტებლია, მერე აალაგე, დარეცხე… მტრისას! დაბადების დღეა თუ დაჩმორების! იგივე თუდაც ახალ წელს.. ჩემს ოჯახში ახალ წელს მუდამ გაფქვილულები ვხვდებით, გაწეწილები, წინსაფრებით – იმიტომ, რომ ასმეთორმეტე კერძი ჯერაც თუხთუხშია, ხაჭაპურები აიღუმელშია… იგივე ქორწილებში! ქალაქში კიდევ ნაკლებად, რაიონებში ოჯახს ეხმარებიან მეზობლები და უახლოესი ნათესავები… და რა გამოდის? ყველაზე ახლობლებს, ვისაც ყველაზე მეტად უხარიათ შენი ბედნიერება, კბილებიდანაც ოფლი სდით! ამ დროს ვინ ქეიფობს? აზრზეც რომ ხარ… ყვავის ჩხიკვის მამიდები!
რატომ ასეთი სიმახინჯე? ხომ შეიძლება გავაკეთო ერთი კერძი და ახალ წელს დასვენებული და მხიარული შევხვდე? რატომ ვერ მოვიშალეთ გაპრანჭვის და კეკლუცობის ეს უაზრო ტრადიცია?
ჰოდა, ნერწყვი რატომ უნდა გადავყლაპო კარგად ვერ გავიგე.. ღვინო მეც მაქვს, სხვასაც და საერთოდ, საქართველოში ოჯახი არ მეგულება, ღვინო არ ჰქონდეს ლიტრობით.. ამას გარდა, სხვა რამეებიც მაქვს, რისი გამოლაგებაც არ დამენანება! იმიტომ, რომ ასე თუ ისე, ჯერ კიდევ მსხვერპლი ვარ ამ ქართული უშნო ტრადიციის..
ასე რომ, თუ დაპაიჯებაა, მე გეპაიჯებით!..:))))))

P.S. და.. ისე, სხვათაშორის, მე სუფრაზე კი არა, ქართველ ვაჟკაცებზე უფრო ვწერდი..

Read Full Post »

%d bloggers like this: