Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for თებერვალი, 2012

რამოდენიმე დღის წინ, გვიან ღამით კომპიუტერთან შემორჩენილი “პირწიგნაკში” დავძვრებოდი და სწორედ ამ დროს, ჩემი ყურადღება ერთმა ფბ რეკლამამ მიიპყრო (ეს ის რეკლამაა, ეკრანის მარჯვენა მხარეს რომ ჩნდება პერიოდულად, ან სისტემატურად, როდესაც თქვენი პირწიგნაკის (Facebook) “კედელზე” იმყოფებით).

ეს გარემოსა დაცვის ოფიციალური გვერდის რეკლამა იყო, სლოგანით “გვერდი, სადაც მინისტრი საკუთარი ფეხით დადის..”

რამდენადაც, თუნდაც ჯგუფ “სახესთან” დაკავშირებული ჩემი ბავშვობის “ტკბილი” მოგონებების გამო, და კიდევ ერთი გარემოსდაცვითი აქციის გამო, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა დედამიწის დღეს, 22 აპრილს ჩავატარეთ და რომლის დროსაც, სავსებით მოულოდნელად დამირეკეს ზემოთხსენებული სამინისტროდან და უბრალოდ მითხრეს, რომ “აქციას ვერ დავესწრებით, მაგრამ, თქვენთან გვიგულეთო” – გარკვეული სიმპათიებით ვარ გამსჭვალული, როგორც სამინისტროს, ასევე ჩვენი სიმპატიური და ახალგაზრდა მინისტრის მიმართ – დაუფიქრებლად შევედი სამინისტროს გვერდზე და ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად, შემდეგი კომენტარი გავაკეთე:

“კარგია გარემოს დაცვა, მაგრამ, გვერდს სარეკლამო სლოგანი აქვს ცუდი..
1. აზრად ვის მოუვიდა?
2. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს სლოგანი გაეშვათ?
ორივე მოხსენით :) )))
სადაც მინისტრი საკუთარი ფეხით დადის….:|:|:|
გაგიჟდები რა..”

ნება მიბოძეთ აგიხსნათ, რატომ არის ეს სლოგანი ცუდი.. და უბრალოდ ცუდი კი არა – ძალიან ცუდი! პრინციპში, მშვენივრად გამოდგება იმის ნიმუშად, თუ როგორი არ უნდა იყოს სლოგანი.. მით უფრო – სახელმწიფო უწყების!

ყველამ ძალიან კარგად იცით, რა არის ის ადგილი, სადაც მეფენიც კი თავისი ფეხით დადიოდნენ.. დიახ – ტუალეტი! ანუ, ადგილი – სადაც მეფენიც კი კუჭში გადიოდნენ! და ეს არის სწორედ ის, რაც ადამიანს გონებაში ამოუტივტივდება ამ სლოგანის წაკითხვისთანავე…

და ზოგადად, რა არის სლოგანი? – ადვილად დასამახსოვრებელი ფრაზა, მოწოდება, რომელსაც იყენებენ პოლიტიკოსები, ფირმები, სარეკლამო კამპანიების დროს და აშ…
სლოგანი სასურველია იყოს მოკლე, მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სლოგანი არ უნდა იყოს ნეგატიური (გარკვეული გამონაკლისების გარდა და ახლა ამ გამონაკლისებს ნუ ჩამომათვლევინებთ, პლზ)!

რაც შეეხება ჩვენს ზემოთხსენებულ სლოგანს, უფრო ნეგატიურის მოფიქრება ძალიან გაუჭირდებოდა ადამიანს – მობრძანდით, დაალაქიეთ საზოგადოებრივი ტუალეტი ფბ–ზე, სადაც მინისტრიც კი საკუთარი ფეხით დადის.. და რა “სასიამოვნო” და უცნაური დამთხვევაა, რომ ეს სამინისტრო ბუნების დაცვისაა..

მოკლედ, აი, რა მოხდა რამოდენიმე წუთში (იხ. ფოტო) –

სამინისტრომ ძალიან ზრდილობიანად მომაწოდა ფსიქიატრიულის კოორდინატები.. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ – დავაიო, რა..

ნამდვილად არ გამკვირვებია, ვირტუალურ სივრცეშიღა დარჩა ჩვენს სახელმწიფოს წესრიგი დასამყარებელი, ისე, ხომ ყველაფერი “აჟურშია”..

მორიგი კომენტარი გავაკეთე და რამდენადაც რამოდენიმე წუთის მანძილზე პასუხი არ მიმიღია, გვერდზე დავბრუნდი ამ მოკლე მიმოწერის “დასასქრინად” (შთამომავლობისთვის რომ შემენახა!), მაგრამ, ის უკვე წაშლილი დამხვდა.

სამაგიეროდ, რამოდენიმე წამში უცნაური მიმოწერის მოწმე გავხდი – ჩემი მოკლე დიალოგი სამინისტროსთან უკვე დაუფიქსირებია ერთ–ერთ ბლოგერს, აუტვირთავს საკუთარ პროფილზე და სავსებით ლოგიკურ კითხვას სვამდა (ვციტირებ) – “გარემოს დაცვის სამინისტროს ფეიჯის ადმინი ვინაა? შიგ აქვს?”

მოკლედ, პასუხი ბევრნაირი გაიცა.. ზოგს სამინისტროს გვერდის ადმინისტრატორის ოხუნჯობა მოეწონა, ზოგს არ მოეწონა, ზოგს ჩემი კომენტარი მოეჩვენა არაადექვატურად და ა.შ.. აღსანიშნავი ის არის, რომ ამ პოლემიკაში თავად ის ადამიანიც იღებდა მონაწილეობას, რომელმაც ეგზომ ზრდილობიანად გამისტუმრა ფსიქიატრიულში სამინისტროს სახელით.. ის ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი თავით (მე ასე მომეჩვენა, ყოველ შემთხვევაში).

მე პირადად ვთვლი, რომ სამინისტრო თავის სიმაღლეზე ვერ დგას, თუ კი რიგითი დაქირავებული თავს უფლებას აძლევს სამინისტროს სახელით, საკუთარი ინიციატივით რაღაც–რაღაცეები წეროს.. თუმცა, ჩემი საქმე არ არის, რახან ასეთი უნდათ, ყავთ კიდეც და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ!

უბრალოდ, აი რა გამახსენდა, როდესაც მთელ ამ დისკუსიას ვადევნებდი თვალს – რამოდენიმე თვის წინ, ბლოგერებმა აკვაპარკის ფბ გვერდის ადმინისტრატორი ჰომოფობიაში “ამხილეს”.. რამდენადაც მახსოვს, აქცია იყო, ერთ შეძენილ ბილეთზე შეიძლებოდა პარტნიორის წაყვანა, გვერდის ადმინისტრატორი კი თვლიდა, რომ გოგონას პარტნიორი აუცილებლად მამრობითი სქესის უნდა ყოფილიყო და პირიქით…

ო, ნუ გამახსენებთ ამას რა მოყვა! დიდი ამბავი… მთელს ინტერნეტ სივრცეში მიმოიფანტა სქრინები გვერდის ადმინისტრატორთან დიალოგებისა… ბლოგერი არ დარჩენილა ამ თემისათვის პოსტი არ მიეძღვნა. მაშინ შედარებით აქტიურად ვეცნობოდი ქართულ ბლოგოსფეროს – რამოდენიმე დღის მანძილზე სხვა თემაზე არაფერი დაწერილა…

შედეგად გვერდი დაიხურა. ადმინისტრატორს რა ბედი ეწია – ეს არ მახსოვს…

აი, ასე, ამ ორი შემთხვევის შედარება და დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია საყვარელო ქართველო ბლოგერებო… ჩემო კეთილებო და ლამაზებო… ძალიან ობიექტურებო და ძალიან სამართლიანებო.. “ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაგლეჯსო” – ნათქვამია… დიდება ბრძენ და ძველ ქართველს, ეს რომ პირველად წარმოთქვა! დიდება!

P.S. აი, ბარემ ესეც აქ იყოს… გოგონა, რომელმაც კომენტარი დაწერა სამინისტროს კედელზე, ერთ–ერთი იმ იშვიათ

ეგზემპლართაგანია, მარტო, საკუთარი ინიციატივით რომ დადის ბაღებში და სკვერებში და ნარჩენებს აგროვებს, ძალიან ხშირად და ამის აფიშირებას საერთოდ არ აკეთებს… ის ერთ–ერთი აქციის დროს გავიცანი, ძალიან აქტიურად მოგვეხმარა ვერის პარკის დასუფთავებისას.
საინტერესოა, თავად გვერდის ადმინისტრატორს რა გაუკეთებია გარემოს დასაცავად? ეპიკ ტონი! ეპიკ პასუხი! საღოლ! :)

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: