Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ქართული შმიზნესი’

არსებობს ასეთი ქართული სიტყვა ”ფასდაკლება” (გსმენიათ და გინახავთ.. ალბათ).
ფასდაკლება კარგი, პოზიტიური განწყობის მატარებელი სიტყვაა, იდეაში. თუმცაღა, ჩემთვის სიტყვები ”SALE” და “REDUZIERT” უფრო პოზიტიურად ჟღერს და აი, რატომ..

განვითარებულ ქვეყნებში (იქნებ განუვითარებლებსა და განვითარებადებშიც, ოღონდ საქართველოში არა) საქონლის მაღაზიებში შემოდინების სპეციფიკა ასეთია – ყოველი სეზონის დასაწყისში მარაგდებიან მომდევნო სეზონის ტანისამოსით!
მაგალითად, შემოდგომით მაღაზიებში ზამთრის კოლექცია შეაქვთ, ზამთარში გაზაფხულის, გაზაფხულზე ზაფხულის, ზაფხულზე შემოდგომის და ასე უსასრულოდ.
კლიენტს ეს საშუალებას აძლევს, მანამ შეიძინოს სასურველი სამოსი, სანამ უშუალოდ მისი არქონის ფაქტის წინაშე დადგება. ამ ამბის კიდევ ერთი პლიუსი ის არის, რომ მაგალითად, ზამთრის ტანისამოსს ზამთარში უკვე ფასდაკლებით შეიძენთ, ხოლო სეზონის მიწურულამდე თუ აითრევთ ფეხს, შეიძლება თითქმის დამზადების ფასად ჩაიგდოთ ხელში!
ფასდაკლება მინახავს 20 – 75 %-ანი! (უფრო დიდს ვერ ვიხსენებ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მაღაზია იხურება ან რაღაც ამდაგვარი) და თუ არსებობს, შემისწორეთ)
თუ იკითხავთ, მაღაზიებს რა ხეირი მანდედანო, მოგახსენებთ – ის ხეირი, რომ სეზონის დასასრულს, საწყობში უმეტესწილად მხოლოდ წუნიანი საქონელიღა რჩება (დანარჩენი ყველაფერი ამოყიდულია), რომელსაც ტომრებში ტენიან და წონით ყიდიან (თავიდან იშორებენ). ამ ყველაფრის პარალელურად მაღაზია ახალი საქონლით ივსება, ისე როგორც გულის პარკუჭები სისხლით და ეს შემოდინება-გადინების პროცესი შვეიცარული საათს მექანიზმივით ზუსტად და სინქროულად მუშაობს.
და რა ხდება ამ დროს საქართველოში?
ვიტრინაზე ბევრგან და ხშირად ნახავთ თვალისმომჭრელ წარწერას – ”გრანდიოზული ფასდაკლება! 5 % – 20 %!”

WTF!

ხუთას ლარიან ქურთუკს რომ 475 ლარად იყიდი, თურმე ფასდაკლებაა!
თვეობით, წლობით უდევთ საქონელი მაღაზიებში და საწყობებში. ძველი არ იყიდება, არც ემეტებათ ფასდაკლებისთვის, ახალიც ვერ შემოაქვთ და არიან ასე, გაძეძგილები, გაჭედილები თავიანთ პატარ-პატარა ბუწიკებში! სად წაიღონ საქონელი არ იციან, ზოგს აზიან, ზოგი თავზე ადევთ! ზოგიც ავიწყდებათ, ისე აქვთ შეტენილი…
ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ გაიგებ სად რა აწყვია, თვალები გიჭრელდება და ბოლო-ბოლო თავს ანებებ, გირჩევნია იქ წახვიდე, სადაც წესრიგი და სიხალვათეა.

………………………………………………..

შვიდი თვის ფეხმძიმედ ვიყავი, ერთ მაღაზიაში პაწაწინა ჯინსის კაბა ვნახე. სამოცი ლარი ღირსო, გამყიდველმა და ცივად გავუშვი ხელი (თქვენი არ ვიცი და მე მეძვირა).
ცხრა თვის იყო ჩემი ბაო, იგივე მაღაზიაში შევაბოტე და ჩემდა გასაოცრად ის პატარა ჯინსის კაბა ისევ იქ დამხვდა… იქნებ ფასმა დაიკლო-მეთქი და ოლოლო შენო, ვერ მოგართვითო, ისევ სამოცი ლარი ღირსო.
გავიდა კიდევ ერთი წელი და ეს კაბა ისევ იქ ეკიდა…
ერთხელაც, გამყიდველს გულწრფელად ვუთხარი – ხომ ხედავთ არ იყიდება, ფასს თუ გაანახევრებთ ახლავე ვიყიდი-მეთქი. იწყინა, ხო იცი – თავისი მყიდველი ამასაც გამოუჩნდებაო.
გაგიკვირებათ და, ის საყვარლობა ახლაც იქ კიდია… (მესამე წელია!!!)
ისევ სამოცი ლარი ღირს!
არადა, ჩემს ბაოს ნამდვილად აღარ მოერგება!

ოდესმე, შვილიშვილისთვის მაინც ხომ ვიყიდიიიიი! : )

……….

გულითადი რჩევა ქართველი შმიზმესმენებს – როცა რაღაც არ იყიდება (ერთი, ორი, სამი და აშ წელი) – დაუკელი, დალოცვილო ფასი, დაუკელიი!..
თუ მაინც არ გაიყიდება, კიდევ დაუკელი ცოტა.. კიდე და კიდევ!
და ასე მანამ, სანამ არ გაიყიდება!


თუ არადა, ჩამოიკიდე ერთ ადგილას და იარეე!

Advertisements

Read Full Post »

მარკეტინგი (ინგლ. marketing < market „ბაზარი“) — სოციალური და მმართველობითი პროცესი, რომელიც მოწოდებულია გაცვლის მეშვეობით ადამიანთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ.

მატკეტინგი მიმართულია მოგების მიღების მიზნით ბაზრისა და კონკრეტულ მომხმარებელთა მოთხოვნილებების შესწავლასა და ამ მიზნით წარმოებულისაქონლის დამომსახურების ორიენტაციის სამომხმარებლო მოთხოვნის ფორმირების,სტიმულირებისა და გაყიდვის გაფართოებისაკენ.
იმის გამო,რომ ადამიანები სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებში თუ კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ, განსხვავებულია მათი ზნე-ჩვეულებები, მოთხოვნილებები. მარკეტოლოგები ცდილობენ გამოავლინონ მომხმარებელთა ჯგუფები, რომლებიც დადებითად განეწყობიან მათი პროდუქციისადმი და შემდეგ იმოქმედონ ამ მომხმარებლის ჯგუფის ინტერესების სასარგებლოდ.

სწორი მარკეტინგული სტრატეგიის შერჩევის მიზნით აუცილებელია კარგად შევისწავლოთ ადამიანის საჭიროება, რომელიც თავის მხრივ განსაზღვარვს მოთხოვნილებას, ხოლო მოთხოვნილება წარმოშობს გარკვეულ მოთხოვნას ბაზარზე.

ბლა-ბლა ბლა…
ეს ამონარიდები ვიკიპედიამ შემომაშველა. მე დიდი სპეციალისტი არ გახლავართ ამ სფეროში, მხოლოდ სამთვიანი კურსი გამივლია ამ თემასთან დაკავშირებით და ისიც მხოლოდ იმისთვის იყო საკამარისი, რომ წარმოდგენა შემექმნა მარკეტინგზე და მივმხვდარიყავი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გაიგო რა და როგორ სურს კლიენტს და მაქსმიმალურად დააკმაყოფილო მისი მოთხოვნები! ან შეიძლება სულაც არ დააკმაყოფილო, მაგრამ აფიქრებინო მაინც, რომ დაიკამყოფილა…

მოკლედ, ქართულ შმიზნესზე პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა ჩემი პირწიგნაკელი მეგობრის მონათხრობმა, თუ როგორ დატოვეს თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ოთახის გარეშე და დიდი დავიდარაბის შემდეგ დააწვინეს იატაკზე დაგებულ ლეიბზე!

სურათების ბეჭდვა ჭიქებზე

ამ წარწერას ხშირად შეხვდებით უკვე თბილისის ქუჩებში. მეც მომჭრა თვალი და ერთ მშვენიერ დღეს, გადავწყვიტე გამეხარებინა ჩემი და ჩემი ქმრის მშობლები ჭიქებით, რომლებზეც მათი საყვარელი შვილიშვილების ფოტო იქნებოდა აღბეჭდილი. შევარჩიე შესაფერისი სურათი და გამოვცხადდი შესაბამის ადგილას. ფასმა ცოტა კი დამაფიქრა (15 ლარი ერთი ჭიქა! არადა, ჭიქა საკმაოდ მდარე ხარისხის კერამიკის გახლდათ, ლამის ნახევარი კილო იქნებოდა ერთი ცალი. გაცილებით უკეთესი მასალის ჭიქას, ნაირ-ნაირად გაფორმებულს თავისუფლად იყიდით 1-5 ლარის ფარგლებში), მაგრამ, წარმოვიდგინე რა, როგორი სასიამოვნო დასალევი იქნებოდა ჩაი ან ყავა, თუნდაც უბრალოდ წყალი შვილიშვილებიანი ჭიქით, უკან არ დავიხიე და 30 ლარი ჩავუთვალე მენეჯერს, გამყიდველს, კონსულტანტს თუ ვინც იყო. ორიოდე დღის შემდეგ ჭიქებს მივაკითხე და დიდი ზარ-ზეიმით მივართვი მშობლებს.
დედამთილმა მითხრა – ამას ”სერვანდში” გამოვდებ, რეცხვისას არ დაზიანდესო! რას ამბობ-მეთქი, შევიცხადე, ამდენი ფული განა იმისთვის გადავიხადე, რომ სურათი ჩამოირეცხოს, ეგრე ხო მეც მივაკრავდი-მეთქი!
მოკლედ, ჩამოირეცხა და თან როგორ ჩამოირეცხა! როგორც 50 თეთრიანი ”სტიკერი” ისე აეცალა ჭიქას!
არადა, ჯანდაბას ის 15 ლარი. უბრალოდ, ვფიქრობ, ის რომ ხარისხიანი ყოფილიყო, ფასის მიუხედავად, ალბათ ჩემთვისაც შევუკვეთავდი ერთ-ორ ცალს, სხვებიც ნახავდნენ, მოეწონებოდათ, მკითხავდნენ სად გააკეთეო, ისინიც შეიძენდნენ და ასე შემდეგ…
ნათქვამია, ერთ კმაყოფილ კლიენტს ოცი ახალი კლიენტი მოჰყავსო (ოცი თუ არა, სამი, ოთხი ან ხუთი მაინც..), ხოლო უკმაყოფილო – ოცს გაკარგინებსო (ოცს თუ არა, ორ, სამს, ან ჰაჰა – ხუთს მაინც!)…

ვიქნები რა, მისტიური მომხმარებელი!

რამოდენიმე დღის წინ აფთიაქში შევედი, მედიკამენტების და კიდევ რაღაც-რუღაცეების შესაძენად.
ფარმაცევტმა გოგონამ ორი საათი უკირკიტა კომპიუტერს სანამ ჩემს წამლებს გაატარებდა. დასახმარებლად კოლეგა მოვიდა. რის შემდეგაც კიდევ ორი საათი ორივემ ერთად უკირკიტეს კომპიუტერს. ამასობაში, მოთმინებით ვიდექი დახლთანდა კედელზე გაკრულ მრავალრიცხოვან სიგელებს და სერთიფიკატებს ზანტად ვათვალიერებდი.
რათქმაუნდა, არ დავასახელებ რა ფირმის აფთიაქი იყო, თუმცა ავღნიშნავ, რომ ამ ფირმის აფთიაქები ათობითაა თბილისში და სააკმაოდ პრესტიჟულად ითვლება. ზემოთხსენებულ, ჩემს მარკეტინგულ სამთვიან კურსებზე, ლექტორი გვიყვებოდა მისტიურ მომხმარებლებზე და აღნიშნა, რომ ეს ფარმაცევტული კომპანია საკმაოდ ხშირად იყენებდა კვლევის ამ მეთოდს საკუთარ ქსელში წესრიგის და დისციპლინის გასაკონტროლებლად (სავარაუდოდ, ეს იყო ოდესღაც!).
ვიდექი დახლთან და ვიფქრობდი, მე რომ მე არ ვიყო და და მისტიური მომხმარებელი ვიყო, ხომ დაერხათ ორივეს მეთქი და რატომღაც მომინდა მათი მკერდზე მიბნეული სახელები ამომეკითხა – სახელები არადა, განსაცფიბრებლად ჭუჭყიანი, ოდესღაც თეთრი ხალათები კი შემრჩა! იდაყვები, მაჯები, შესაკრავები – ყავისფერი! ერთ-ერთ მათგანს, მოზრდილი ბროშისოდენა ცხიმის ლაქა ზედ გულზე ეწუწა!
გული ამერია და თვალი მოვარიდე. როგორც იქნა ჩამილაგეს წამლები და წამოვედი. შინ მოსულმა აღმოვაჩინე, რომ ოთხიდან ორი მედიკამენტი პარკში არ იდო. იძულებული გავხდი აფთიაქში დავბრუნებულიყავი (რომელიც ახლო ნამდვილად არ იყო!) და წამლები წამომეღო!

გაუშვი ხელი, მყიდველი არ ხარ შენ!

ეს ფრაზა ბევრს გაგიგიათ ალბათ, ვინც ე.წ. ბუწიკებში სიარულით არ ხართ განებივრებული! ბაზრობაზე აღრენილი ადამიანის ნახვა არ მიკვირს, ზამთარ-ზაფხულ, სიცივესა და სიცხეში ნახევარ კვადრატულ მეტრზე დგანან ფეხმოუცვლელად, დამწვარ ზეთში შემწვარ ”პერაშკებს” ჭამენ, წყალწყალა ყავას აყოლებენ და გაწეული შრომის ადექვატურ ანაზღაურებას მაინც ვერ ღებულობენ. ბევრს ცხრა კლასის განათლება არ აქვს, ბევრს წითელი დიპლომი უდევს შინ, მაგრამ მაინც არ ესმის, რომ რაც არ უნდა იყოს, არ შეიძლება კლინეტის ლანძღვა და გინება, რომ ამით თავადვე ზარალდებიან..
მაგრამ, სამწუხაროდ, თბილისის (განა მარტო თბილისის) ბევრ სავაჭრო ცენტრებში არსებულ პატარ-პატარა მაღაზიებში ხშირად შეხდებით აგრესიულ და გაღიზიანებულ გამყიდველებს. ერთხელ კაბებს ვათვალიერებდი და მოულოდნელად საკიდი (მხოლოდ საკიდი) გამიცურდა ხელიდან. ის-ის იყო დავიხარე ასაღებად, რომ გამყიდველი, საკმაოდ სიმპატიური, ახალგაზრდა გოგონა ქორივით დამაცხრა და საკიდი ისე წამგლიჯა ხელიდან, ლამის თითები წამაცალა. არ მახსოვს რა, მაგრამ რაღაც უხეშად ვუთხარი და გამოვედი. გარკვეული დროის შემდეგ, როცა მიკროავტობუსში ვიჯექით, ჩემმა დამ, რომელიც თან მახლდა, მითხრა, როცა გამოვედით, იმ გოგომ ”შე დებილო”- მოგაძახაო.
ერთი გაფიქრება, ვიფიქრე, დავბრუნდები, იმ მაღაზიის მფლობელს ვიკითხავ და ვეტყვი, რა ხვითოც უზის-მეთქი, მაგრამ, მერე დამეზარა და ის გოგო, შეიძლება ახლაც ისე ცოფავს კლიენტებს…

ისე, მე თუ მკითხავთ, უკეთესი სიტუაცია არც ”გლამურულ ბუწიკებშია”. შესვლას ვერ ასწრებ, რომ მაშინვე მოვარდებიან – დახმარება ხომ არ გნებავთო და მერე, სულ ერთია დახმარება გნებავს თუ არა, კუდში დაგყვებიან და ორბის მახვილ მზერას არ გწყვეტენ. თქვენი არ ვიცი და, მე ისე მეხამუშება ეს მზერა, ვდილობ ასეთ მაღაზიებში ან არ შევიდე, ან ძალიან სწრაფად გავეცალო იქაურობას.

მოკლედ, ცხადზე ცხადია, რომ ქართველი შმიზნესმენების დიდი ნაწილისათვის ცნობილი ფრაზა ”კლიენტი მუდამ მართალია” არ ჭრის!

მოკლედ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, ამჯერად ამით მოვრჩები, თუმცა, მოგვიანებით კიდევ დავწერ ამ ”ამოუწურავ” თემასთან დაკავშირებით (სეილები, ანუ ფასდაკლებები ქართულად, გაუცინარი ოფიციანტები და გამყიდველები და აშ და აშ), თუ და როცა არ დამეზარება.

დასასრულს, იხილეთ ბორატისა და მართვის მასწავლებლის და ბორატისა და მასაჟისტის დიალოგი – კლასიკური ნიმუში კლიენტის სწორად მოპყრობისა!
თქვენც უყურეთ, ქართველო შმიზნესმენებო და აყურებინეთ თქვენს ხელქვეითებსაც! :)

სამწუხაროდ, მინდოდა დამედო ბორატისა და მანქანების გამყიდველის დიალოგი და ვერ ვიპოვნე იუტუბზე. არადა, ყურებად ნამდვილად ღირს :)

Read Full Post »

%d bloggers like this: