Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘უსექსობა’

ერთი თანაკურსელი მყავდა, რუსეთში იყო გაზრდილი. სპორტსმენი იყო, ათლეტური აღნაგობის – ტერმინატორს ვეძახდით. ქართული კარგად იცოდა, მაგრამ, ზოგჯერ მაინც იჭედებოდა.. აი, მაგალითად, ერთხელ ვუთხარი – ყურებზე ხახვი არ დამაჭრა-მეთქი და ამით მისი აზროვნების ნახევარი საათით პარალიზება მოვახდინე.. ვერ გაიგო რატომ უნდა დაეჭრა მას ჩემს ყურებზე ხახვი..
ერთხელ ვუთხარი – შენს ქორწილში საცრით ვზიდავ-მეთქი წყალს და ძალიან შეწუხდა – ეტყობა წარმომიდგინა, საცრით როგორ გავრბი-გამოვრბოდი მაგიდებს შორის. მოკლედ, ერთხელ, შესვენებაზე ჰოროსკოპის ნიშნებზე ჩამოვარდა სიტყვა. ჰოდა, არც აცია, არც აცხელა – მე ქალიშვილი ვარო – განაცხადა!
ეს ისე მოვყევი, ქალიშვილებზე მომაგონდა. მაშინ ძალიან ვიხალისეთ ამაზე.
სინამდვილეში საქმე არც ისე სახალისოდაა.
აი, მე მყავს მეგობარი, რომელიც ოცდაათს გადაცდა და ქალიშვილია (ნუ, სხვანაირად როგორ შეიძლება, წესიერი, პატიოსანი, რელიგიურიც) – რამოდენიმე წელია ხანგამოშვებით საშვილოსნოდან სისხლისდენა უტყდება და ეს კარგა ხანს უგრძელდება. აწუხებს მმ.. ბევრი რამ (თავს არ შეგაწყენთ იმ ყველაფრის ჩამოთვლით) – აი, ხვალაც ექიმთან მიდის. ბოლოს რომ იყო კონსულტაციაზე, ასე უთხრეს – ან სასწრაფოდ გათხოვდები (სხვანაირად როგორ ეთქვათ), ან ქირურგიული ჩარევა იქნება საჭიროო.
ეს ჩემი მეგობარი ერთ-ერთია მრავალწიცხოვან ქართველ ქალიშვილთა შორის, რომლებსაც სექსის არ ქონის გამო აწუხებთ ნერვოზი და სხვადასხვა ქალური დაავადებები.
გუშინ, მეორე ქალიშვილ მეგობარს შევაპარე – ბავშვი მაინც გააჩინე-მეთქი და კატეგორიული უარი მტკიცა. ვიცი, რომ აჯობებს გავაჩინო, მაგრამ არ შემიძლიაო.

ჩემი აზრით, ქალიშვილობის ინსტიტუტი რელიგიიდან იღებს სათავეს (იქნებ ვცდები კიდეც). ჩვენი რელიგია და თუ არ ვცდები მაჰმადიანობაც, ქადაგებს წყვილის უცილობელ უბიწობას ქორწინებამდე. მე ვიცნობდი ერთ ინდოელს, რომელსაც კალიმ მულაჰი ერქვა, 27 წლის იყო და და ჯერაც უბიწო იყო. ეს ადამიანი იცავდა იმას, რასაც მისი ტრადიცია და რელიგია კარნახობდა. ჩემი აზრით, არც მისი ჯანი იქნებოდა ამის გამო მთლად მრთელი. ერთი ჩემი ახლობელი, რომელიც 18 წლის იყო ხშირად უჩიოდა გულს და წნევებს. უბრალოდ, დროდადრო ცუდად ხდებოდა! ექიმმა გასინჯა და უთხრა – ბუჭუნი, ხარივით ჯანმრთელი ხარ, ცოლი გინდა – ცოლიოო! მართალია, ცოლი ამ ამბიდან თხუთმეტი წლის მერე მოიყვანა, მაგრამ, გული და წნევები ამ დროისთვის უკვე აღარ აწუხებდა.
გამოდის, ეს უბიწოება და უსექსობა გარკვეული ასაკის მერე არც ქალს რგებს და არც კაცს. და თუ კაცებმა თავს უშველეს, რატომ არის, რომ ჩვენთან, უბიწოება მხოლოდ ქალებს მოეთხოვებათ? რელიგიურად სიძვა და მრუშობა, ხომ ქალისთვისაც ისეთივე დიდი ცოდვაა, როგორიც მამაკაცისთვის (საქმე ის არის, რომ რელიგია და პავლე მოციქულმა რა თქვა, ბევრს მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა თავად დასჭირდება!)?
და საერთოდ, რა ყრია ამ უბიწობაში? რას ვერ ელევიან ასე ქართველი მამაკაცები? დავიჯერო, მხოლოდ საქალწულე აპკს? თუ პირველი ღამის უფლებას? რასს, რაასს?
ცნობილია, რომ პირველ სექსზე ბევრი რამ არის დამოკიდებული როგორც ქალისთვის, ასე კაცისთვის. მეტ-ნაკლებად მტკივნეულია, ნერვული, სიამოვნებაც ნაკლებია. გარკევულწილად, სწორედ პირველ სექსზეა დამოკიდებული წყვილის მომავალი სექსუალური ცხოვრების წარმატება და საკუთარი ძალების რწმენა (როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე). მით უფრო, თუ მამაკაცი გამოცდილია, გამოუცდელ ქალთან მეტისმეტი სიფრთხილე და მოთმინება მართებს. ნუთუ ეს რთული პროცესი და დიდი პასუხისმგებლობა ხიბლავთ ქართველ მამაკაცებს?
ჰეჰეჰჰ, არამგონია..
რის შედეგად ვღებულობთ დომინანტ მამაკაცებს, რომლებსაც თავის შეკავება და შესაბამისად ქალისთვის სიამოვნების მინიჭება არ შეუძლიათ? გაშეშებულ, ფრიგიდულ ქალებს, რომლებსაც სექსი სულაც არ სიამოვნებთ, პირიქით, გრძნობენ ტკივილებს, ზიზღისგან ეწყებათ გულისრევა, ვერც პარტნიორს ანიჭებენ სიამოვნებას და აქტი მათ შორის გრძელდება მხოლოდ იმდენი ხანი, რამდენიც მამაკაცს სჭირდება სპერმის დათხევისთვის? ზედმეტია საუბარი ერთმანეთის სექსუალური ფანტაზიის დაკმაყოფილებაზე (ანდა, ეს რა საჭიროა, სექსის მიზანი, ხომ მხოლოდ და მხოლოდ შთამომავლობის გაგრძელებაა!), სხვადასხვა სექსუალურ სურვილებზე და ბოლოს, შთაბეჭდილებების გულახდილად გაცვლა-გამოცვლაზე.
დიდებულია!!!
ასეთი სექსუალური ურთიერთობა ოჯახში ასპროცენტიანი გარანტია ღრმა სიყვარულისა და სულიერი ჰარმონიისა!
კაცები, რომლებსაც უნდათ იგრძნონ, რომ სპერმიანი შპრიცები კი არა, მამაკაცები არიან, მიდიან მეძავებთან (ფული სექსის ნაცვლად), ან უბრალოდ ქალებთან (რომლებსაც ფული არ უნდათ, მაგრამ მაინც მეძავებად მოიხსენიებენ საქართველოში) რომლებსაც მართალია თავი არ სტკივათ გამუდმებით და ხშირად სულაც ფეხებზეც ჰკიდიათ ( კაცებს ამას ვერ დააჯერებ, მაგრამ მაინც) მათთან სექსი, მაგრამ, სამაგიეროდ კარგად შეუძლიათ მსახიობობა და ისეთი რამეების კეთებაც, რასაც არც ქართველი მამაკაცი აკადრებს ცოლს და არც პატიოსანი ცოლი იკადრებს, რაღათქმაუნდა!
არიან ქალები, რომლებთანაც დადიან მეძავი კაცები (საქართველოში ასეთი ქალებიც და მეძავი კაცებიც ძალიან ცოტაა), ან უბრალოდ საყვარლები ჰყავთ და ბოლოსდაბოლოს მაინც აკეთებენ იმას, რასაც არც ქართველი, პატიოსანი ცოლი იკადრებს და არც ნამდვილი, ვაჟკაცი მეუღლე აკადრებს მეუღლეს!
თუ ცოლი გებულობს, რომ ქმარი ღალატობს.. იწივლებს, იკივლებს, იშვიათად წყვეტს ურთიერთობას, ხშირად კი არც წყვეტს (ბავშვებს რჩენა ხომ უნდა? ბავშვებს მამა ხომ უნდა?).
თუ ქმარი გებულობს, რომ ცოლი ღალატობს — ხოცავს ცოლსაც და საყვარელსაც.. ან მხოლოდ ცოლს.. ან მხოლოდ საყვარელს.. ან მხოლოდ ცემა-ტყეპით შემოიფარგლება, ნათესავები და ახლობლები ქალს ვირტუალურ სახედარზე ვირტუალურად უკუღმა შემოსვამენ და მას მერე ხდება შუა თითით საჩვენებლი, საფურთხებელი, დედობის უღირსი, ბოზი, ჩათლახი და აშ… კაცი რა, მალევე მოიყვანს ცოლს და ცხოვრობს ”ტკბილად და ბედნიერად” (ანუ, ძველებურად).
მოკლედ, უბიწოებას დავუბრუნდეთ.
ჩემი აზრით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ის, რაც ასე მნიშვნელოვანია ქალის ცოლად მოყვანისას (საქალწულე აპკი) მხოლოდ 200 ლარადაა შეფასებული. აქედან გამომდინარე, მათი გონებრივი შესაძლებლობებიც, ვინც ამ 200 ლარიან რაღაცას ასე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ჩემთვის პირადად 200 ლარზე მეტად არ ფასდება.
საქართველოს გარდა, მეეჭვება სადმე ასე პოპულარობით სარგებლობდეს საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაცია! საქართველოს გარდა სად ნახავთ გოგოებს, რომლებსაც იმდენი სექსი ჰქონიათ, რამდენიც გაგიხარდებათ! თუმცა ქალიშვილები მაინც არიან! ვოტ!
თუ სხვაგან მოზარდები ჩქარობენ თავიდან მოიცილონ ეს მტკივნეული პროცესი, საქართველოში ობოლი მარგალიტივით უფრთხილდებიან და თან ისე მაგრად უფრთხილდებიან, რომ ბევრს საფლავშიც მიაქვს!
მახსოვს, გოგონებში ერთ დროს პოპულარული ხუმრობა – თუ მოვკვდე, დამიტირეთ – იმის უნახავად წავიდაო! ან – ისე როგორ მოვკვდე, ის არ ვნახოო..
ამაზე გამახსენდა კიდევ ერთი ამბავი – მეგობრები ქობულეთში ვისვენებდით. მეორე ოთახში, რომლისგანაც მხოლოდ ხის თხელი კედლით ვიყავით გამოყოფილი სამი ორმოცს მიტანებული, ”გასათხოვარი” მასწავლებელი ქალი დაბინავდა. ერთხელაც, ერთი ჩემი მეგობარი შეუძლოდ იყო და პლაჟზე არ წამოვიდა – გამოვიძინებო. უკან დაბრუნებულებს გვითხრა – ეგონათ მარტო იყვნენ და გულახდილი საუბრები გააბესო.. ჰოდა, ერთს უნატრია – ნეტავი ვინმე გამაუპატიურებდესო! მეორეს უთქვამს – ეჰ, სადღა არიან ვაჟკაცები, ქალებს რომ აუპატიურებდნენო!
ისეთ ტრადიციას რა ვუთხარი და ისეთ მენტალიტეტს, რომელიც ადამიანს ასეთ რამეს ანატრებინებს! ისეთ პატიოსნებას რა ვუთხარი.. ანდა – სულაც, რა არის ეს ყბადაღებული ”პატიოსნება”?! პატიოსნებაა, იყო 40 წლის ქალწული და სექსზე ოცნებობდე? ან ნორმალური ქვია იმ ადამიანს, რომელიც ოცნებობს, ნეტავი ვინმე გამაუპატიურებდესო? თუ ის არის პატიოსნება – ქალების გაუპატიურება ვაჟკაცობა გეგონოს? ან ის, ვინმეს ჩანთა სთხლიშო თავში, თუ მანქანით სახლამდე მიცილება შემოგთავაზა და მერე, დალაქებთან ასეთი სისულელეები აფრქვიო?


მოკლედ, რა გამოდის, თუ გარკვეული ასაკის შემდეგ ადამიანს ბუნებრივად აქვს სექსის მოთხოვნილება, და ეს ისეთივე ბუნებრივი ამბავია, როგორ ის, რომ ბიჭს წვერები ამოსდის და გოგოს ძუძუები.. რა უნდა ვქნათ? 14 წლის ასაკში გავთხოვდეთ და ცოლები მოვიყვანოთ?
კარგი ბატონო.. მაგრამ, მერე 19 წლის ასაკში ისევ დავშორდეთ! ან არ დავშორდეთ და სიკვდილამდე ვიტანჯოთ, იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ 14 წლის ასაკში რაც ადამიანს უნდა და მოსწონს, ბუნებრივია 19-20 წლის ასაკში გულზე აღარ ეხატება. ღირებულებები 25 წლამდე ყველაზე სწრაფად გადაფასდება, გემოვნება და მსოფმხედველობა სისტემატურად იცვლება. ამას თან ერთვის სწავლა და კარიერაზე ზრუნვა (ანუ, თვითდამკვიდრება, საკუთარი ადგილის პოვნა საზოგადოებაში, თვითრეალიზაცია) რომელსაც დაოჯახებულები (უფრო ხშირად მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლები) როგორ წესი ვერ (ან ხარისხიანად ვერ) ახერხებენ, რასაც შესაბამისად მოყვება ნერვული აშლილობა, დეპრესია და აშ…
თუ არც დავოჯახდით და არც ვისექსავეთ, მაშინ რა ჯანდაბა უნდა ვქნათ?
რატომ არ შეიძლება უბრალოდ ერთად ცხოვრება სუნიანი და ქოთიანი იარლიყების გარეშე?
თქვენ გაქვთ ამაზე პასუხი?
მაშ, გისმენთ.. :)


და მაინც, რა კარგია, რომ ამ დონემდე მაინც არ ვართ დაშტერებულები!

Read Full Post »

%d bloggers like this: