Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘საშობაო სურვილები’

რამოდენიმე დღეა, ჩემს პირწიგნაკულ პროფილზე შესული თვალს ვადევნებ ერთ-ერთი ფირმის მიერ გამოცხადებულ საახალწლო კონკურსს, რომელსაც ჰქვია ”გაუგზავნე თხოვნა თოვლის ბაბუას”.

რამდენადაც ახლა ვიხსენებ, ჩემი წითელი ოთხმოციანების მიწურულსა და ნაცრისფერი ოთხმოცდაათიანების გარიჟრაჟზე დიდად არ მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის. ან, იქნებ, ეს თემა აქტუალურიც არ ყოფილა ჩვენს ოჯახში… მახსოვს ჩვენი დიდი და მოციმციმე ნაძვის ხე, მასოვს დედაჩემის გამთენიამდე ფუსფუსი გაზის ქურასთან, მისი გამომცხვარი თაფლის უგემრიელესი ნამცხვარი, სახელად ”ზღაპარი” და შოკოლადის ”ჩიტის რძე” – აი, თოვლის ბაბუას მოლოდინი – ნაღდად არ მახსოვს..

გარდატეხის ასაკში, არ ვიცი რატომ და საიდან, მაგრამ, გაჩნდა სურვილი საახალწლოდ ოჯახის წევრებისთვის საჩუქრები მეყიდა. სკოლის მოსწავლის მცირე ბიუჯეტი ძლივს კმაროდა ხელთათმანებს მამაჩემისთვის, ბარბის ჩემი დისთვის, პომადას დედისთვის და სხვა ასეთ უმნიშვნელო რამე-რუმეებს..
მე მგონი, ამის წყალობით, ჩემს უმცროს დას, ცოტათი უფრო მეტად სჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობა.

ამ რამოდენიმე დღის წინ, როცა ზემოთხსენებული კონკურსის პირობები წავიკითხე, მშვენივრად მივხვდი, რომ არც არავინ აპირებს აასრულოს ჩემი, ან ვინმე სხვისი სურვილები, მაგრამ, მაინც მომინდა ”ვირტუალური” ბაბუსთვის წერილი გამეგზავნა და მართლა, გულით მივწერე რა გამახარებდა საახალწლოდ (ვაღიარებ, სასაცილო ვარ!)…
როცა სხვის სურვილებას გადავავლე თვალი, მივხვდი, რომ იმათაც ასე, გულწრფელად მისწერეს თოვლის ბაბუს, რომელიც, ერთადერთ გამარჯვებულს მხოლოდ და მხოლოდ სამას ლარს პირდება და სულ ეს არის!

არადა, სურვილებია ისეთი….
ზოგიერთი ძალიან მომხვდა გულზე და ამოვიწერე კიდეც:

სიკვდილი მინდა, 200 000 $ მინდა, სამსახური მინდა. ეხლა ისეთი პერიოდი,მაქვს აღარც ოცნებების და აღარც ნტვრების ასრულების აღარ მჯერა, იმედი,რომ იმედია, ისიც კი აღარ მაქვს, ისიც არ ვიცი, რატომ მოგწერეთ, უბრალოდ რაღაც პატარა იმედი გამიჩნდა ალბად.. ისიც კი ვიცი, რომ ეს სურვილები არ შემისრულდება, მაგრამ მაინც დიდი მადლობა, ვინც ეს მოიფიქრა.

ნანა ჩ……. (თბილისი)

ძვირფასო თოვლის პაპავ, 37 წელია შენთვის წერილი არ მომიწერია, თუმცა შენს ასაკს ვუახლოვდები, მაგრამ მაინც გთხოვ სამ სათხოვარს. ჩემი პატარა ბიჭისთვის ორთვალა ველოსიპედი მომიტანე. მე კი ვუყიდი, მაგრამ შენი მოტანილი უფრო გაეხარდება!
ჩემი პატარა ქალიშვილისთვის ფურფუშელებიან კაბას თუ მოიტან, მის სიხარულს საზღვარი არ ექნება.
ერთი ციფრული ფოტოაპარატი მეც მომიტანე. იმედია არ მიწყენ ამდენ სათხოვარს და არ დამაღალატებ სხვა წლებივით, როცა მე მომიხდა შენი სახელით ჩემი შვილებისთვის საჩუქრის ყიდვა.

kaxaberi (თბილისი)

თოვლის ბაბუა, აჩუქე ჩემს გოგოს მამიკო, თორემ შემაწუხა უკვე კითხვებით-მამიკო როდის ჩამოფრინდება ციდან-ო. გეხვეწებით….

irma (თბილისი)

თოვლის ბაბუა! მე მინდა ერთი ცალი ველოსიპედი, ერთი ცალი პიანინო და ყვავილები დედიკოსთვის და კიდევ ერთი ველოსიპედი დედასთვისაც.:)) მალე მოდი თოვლის ბაბუა:) გწერს 8 წლის გეგა

გეგა გ…….. (თბილისი)

სიყვარული და შენ კარგად იყავი ბაბუ!

wolfess (თბილისი)

აი, ასე… ვეცადე პოზიტიური ნატვრა მომეძებნა დასასრულისთვის! თან, იმედს ვიტოვებ, რომ ყველა კეთილი სურვილი ადრე თუ გვიან ასრულდება!

და, უფრო მეტი სურვილებისთვის, შეგიძლიათ დააწკაპუნოთ აქ

P.S.

ჰო, ერთი ანეგდოტიც გამახსენდა (არადა , იშვიათად მახსენდება ანეგდოტები) სანტაზე – შობის ღამეს სომალელი ბავშვების სახლებს (თუ რაც აქვთ) გადაუფრენს და საჩუქრებს არ დაუტოვებს – ამ წელს ცუდად იქცეოდით, რადგან საჭმელს არ ჭამდითო! :(

საბრალო სომალელი ბავშვები და ცუდი, ცუდი სანტა!

Read Full Post »

%d bloggers like this: