Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მანიკური’

დღეს, სალონში, როცა ჩემს ფრჩხილებზე უღმერთოდ დაკრულ ნუნებთან ბრძოლაში რვაპიროფლგადასული ”მანიკურშა” ოფლის მეცხრე პირს იწმენდდა, ვიღაცამ მობილურზე დაურეკა.. -”დიახ მამაო.. ახლა კლინეტი მყავს, ერთ საათში მობრძანდით”-ო, თქვა მანიკურშამ, მერე ადმინისტრატორს გასძახა – მამა ესა და ეს მოვაო. ადმინისტრატორმაც ჩაინიშნა ალბათ, იმ თავის სქელ, გაქუცულ რვეულში.
ვიფიქრე, თმებს თუ იკრეჭს-მეთქი (სხვა რა საქმე უნდა ჰქონდეს მამაოს სალონში!). მამაოებს ხო, როგორც წესი გრძელი თმები აქვთ. რატომღაც, არასდროს მიფიქრია, რო სალონში დადიოდნენ თმის შესაკრეჭად. ერთხელაც არ მინახავს მამაო სალონის სავარძელში და ალბათ ამიტომ. ჰოდა – რა სულელი ვარ-მეთქი, ჩემს თავზე გამეცინა.
მანიკურშამ, ეტყობა ჩემთან თავის მოწონება გადაწყვიტა (უყვარს ისე, ამ ჩემს მანიკურშას თავის ქება) და – ეს მამაო წლებია ჩემი კლიენტიაო, მითხრა. ცოტა კი გამიკვირდა – როგორ, მანიკურს იკეთებს-მეთქი? – ჩავეკითხე.
– მანიკურს და პედიკურს ერთადო – მომიგო.
– პედიკურსაც-მეთქი? – უფრო-უფრო გამიკვირდა მე.
– ჰო, ფრჩხილის ჩაბრუნება აქვსო.
”აა”- მეთქი, და ვცადე წარმომედგინა მამაო პედიკურის იმ სკამზე (თუ როგორ დავარქვა!), ცოტა ხნის წინ მე რომ ვიჯექი. კაბას აიკეცავს (ალბათ. მოუწევს), შარვლის ტოტებს დაიკაპიწებს.. ეს ქალი დაბლა იქნება (როგორც ყოველთვის) მის (მოხარშულივით) თეთრ, ორთქლიან ფეხს დაიჭერს და ფრჩხილებს წკაპა-წკუპით დააჭრის, მერე ქუსლებს დაუხეხავს.. თუ რა ვიცი.. წარმოუდგენელი ან კი რა იყო.
– მანიკურს რაღატო იკეთებს-მეთქი, ვკითხე.
– ყველა ხელებზე კოცნის და მოწესრიგებული არ უნდა ჰქონდესო?!
ჰო, ასეა. მართალია ეს ქალი – როცა ხელს კოცნი, ყოველთვის ჯობია მანიკურიანს აკოცო, ვიდრე უმანიკუროს! წყალი არ გაუვა!
ნეტავი როგორ გამოიყურება-მეთქი, ეს მამაო, ვიფიქრე და ინტერნეტში, კარგა ხნის წინ შემთხვევით ნანახი ერთი რუსი მამაოს ფოტო გამახსენდა, რომელიც გავდა სიტყვას ”გავძეხი”.
ჰოდა, სწორედ ამ დროს, ისე მოხდა, რომ ეს მამაო დაბარებულზე ადრე მოვიდა!.. ოთახში შემოიხედა და ღიმილით მოვესალმა – არა, არანაირად არ გავდა იმ რუს მამაოს, არც სიტყვას ”გავძეხი”!… ერთი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მამაო იყო, შავკაბიანი, გრძელთმიანი, ტანდაბალი და ჭაღარა.
სერიზულად დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ჩემი ზოგიერთი წარმოდგენისა და ღირებულებების გადაფასების და გაახლების, სტერეოტიპების მსხვრევის დროა! ეტყობა სერიოზული ჩამორჩენა მაქვს ამ მხრივ (just press refresh button!)!
მერე დავიწყე ფიქრი იმაზეც, საერთოდ ღირს თუ არა ჩემი წარმოდგენების და ღირებულებების გაახლება.. და სტერეოტიპების დამსხვრევა.
და სერთოდ, როგორი ტიპები არიან ეს სტერეოტიპები?!
გამახსენდა, გერმანიაში რომ დამპატიჟეს წვეულებაზე, რომელსაც პატარა ქალაქის პასტორი მართავდა – თავის მეგობარ ქალთან ერთად. ძალიან კი გამაოცა ამ ამბავმა, თუმცა არ შევიმჩნიე (თავმომწონე ქართველი, რომელსაც არაფერი აოცებს!). წვეულება მეგობრულ წრეში გაიმართა და ყველა თავისი წილი საჭმლით ხელდამშვენებული წარსდგა მასპინძელთან (მახსოვს, მაშინ ამანაც გამაოცა). პასტორი, რომელსაც მისი წოდებისთვის სავსებით შესაბამისი სახელი – გოთფრიდი ერქვა (The boy’s name Gottfried is a variant of Godfrey (Old German) and Jeffrey (Old German), and the meaning of Gottfried is “God-peace”) მშვენივრად უკრავდა პიანინოზე, წრუპავდა ვისკის და ცეკვავდა როკ’ნ’როლს. ჯინსებზე ეცვა ცისფერი, კუბოკრული პერანგი და საერთოდ, საერთოდ არ გავდა სასულიერო პირს!
გვიან, როდესაც სხვა სტუმრებივით, მეც საძილე ტომარაში გამოვეხვიე და იატაკზე დავწექი მანსარდაში, დიდხანს ვფიქრობდი, რატომ და რითი განსხვავდებოდა ეს პასტორი ჩვენებური მამაოსგან და სულაც, კარგი იყო თუ არა, რომ განსხვავბდებოდა..
ბოლოს, სიამოვნებით დავასკვენი, რომ მარტივი და ლოგიკურია – თუ ადამიანი სასულიერო ცხოვრებას ირჩევს, მისი ცხოვრება უნდა განსხვავდებოდეს კიდეც საეროსგან, და ესე იგი, ჩვენი მამაოები ნაღდად სწორად იქცევიან, რომ მეგობარი ქალები არ ჰყავთ, კუბოკრული პერანგებით არ დადიან და ასეთ წვეულებებს არ მართავენ-მეთქი.
მაშინ 19 წლის ვიყავი.
მაშინ უფრო ადვილი იყო დასკვნების გაკეთება.
ახლა ცოტა ვიჭედები.


ჰო, ის ვიცი, რომ არ უნდა განიკითხო და არ განიკითხები…

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: