Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘თამადა’

დღეს პოლიტიკური ფილოსოფიის ბლოგზე ვკითხულობდი გამოხმაურებას ირაკლი კაკაბაძისადმი, რომელსაც თან ერთვოდა ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო დიალოგი ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესთან. ისიც და ბლოგის ავტორიც რამოდენიმე თემას ეხებოდნენ, მე კი, ამჯერად, მათგან მხოლოდ ერთზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.. ეს არის – ქართული სუფრა.
სანამ ჩემს სუბიექტურ და არც თუ მაინდამაინ მოკრძალებულ აზრს მოგახსენებდეთ, ისევ პოლიტიკური ფილოსოფიის ბლოგიდან გადმოვიტან ნაწყვეტს გრიგოლ რობაქიძის ესსედან ”რა უნდა აგონდებოდეს ქართველს”.
“ ქართულ ნადიმზე, რომელსაც ბადალს ვერსად მოუნახავ, ყოველი მოლხინე რომელიმე მხრით “პირველია”: ერთი როგორც მომღერალი, მეორე როგორც მროკავი, მესამე როგორც მორკინალი, მეოთხე როგორც მჭერმეტყველი, მეხუთე როგორც მოშაირე, მეექვსე როგორც მასწავლებელი, მეშვიდე როგორც უზადოდ ნაკვთიერი და ლამაზი: და ასე ბოლომდე სუფრის ირგვლივ. ჰყავს რომელიმე მათგანს აქ მოქიშპე, მაშინ მისი “პირველობა” იმ ნიშნით გამოჰყავთ, რომლითაც იგი მოქიშპესაგან გამოირჩევა. თუ ვინმე არც მომღერალია, არც მროკავი, არც მორკინალი, არც მჭერმეტყველი, არც მოშაირე ,არც მასწავლებელი, არც უზადოდ ნაკვთიერი და ლამაზი – მესიტყვე რაღაცას მაინც გამონახავს მასში, “თავმოსაწონს”, რაიცა მისებურ სხვას არ ახასიათებს: ან ერთგულებას, ან გაბედულებას, ან სიმამაცეს, ან კიდევ სხვა რამეს. ქართული ნადიმი, ამრიგად, “ქეიფი” კი არა უბრალო, ანუ “დროსტარება”: იგი კულტია ნამდვილი, საცა შეხვედრა კრებულში პოლიფონიურ იმართება. ამ “პოლიფონიურობით” იცდენს ქართველი თავისს საფრთხეს: განკერძოებას, განაპირებას, განთიშვას, განდგომას. საკვირველი არაა, თუ რატომ აფასებენ ქართველნი ასე დიდად ნადიმის ხელმძღვანელს: თამადას. “პოლიფონის” გამყვანელი იგია და როგორც ასეთი, ნამდვილი ხელოვანი, ხელოვანი ყოფის მოგვარებისა. გამჭრიახი გონი, ცოდნა პსიხოლოგიური ნიუანსებისა ხასიათთა, მოზომვა “სმურის”, სიდინჯე, შემარიგებელი ტონი შეხლა-შემოხლისას, ტაქტი, ეს უწინარეს ყოვლისა – აი დამახასიათებელნი თვისებანი ნამდვილი თამადისა.
აპრილი, 1952
გრიგოლ რობაქიძე
ჟენევა

(წყარო: კარლო ინასარიძის გამოცემა: გრიგოლ რობაქიძე. კრებული, მიუნხენი 1984 გვერდები 1-4.)

ბევრნაირ სუფრაზე მოვხვედრივარ, დაწყებული ჩვენი ქვეყნის კულტურული, ნაღები საზოგადოების თავყრილობებით – დამთავრებული სოფლებში, ”ბირჟებზე” თავშეყრილი უსაქმურების ღრეობებით, მაგრამ, ისეთი ნადიმი, როგორზეც გრიგოლ რობაქიძე წერს მე ნამდვილად არ შემხვედრია. ეგაა რო, ბუნდოვნად მახსენდება, ჩემს ბავშვობაში, ჩვენს ოჯახში, სუფრასთან, ნავთის ლამფის ირგვლივ შეკრებილი ქუთაისელი მწერლების და პოეტების დიალოგები. დაახლოებით მე-8 ან მე-9 კლასში ვიქნებოდი მაშინ და ვფიქრობდი, რომ გავიზრდები, რასაც ახლა ესენი ლაპარაკობენ, აუცილებლად სიტყვა-სიტყვით დავწერ-მეთქი, მაგრამ, რათქმაუნდა, ერთი სიტყვაც არ შემორჩა ჩემს მეხსიერებას მათი საუბრებიდან, მხოლოდ ის ემოცია არ გამნელებია, რაც მათი მოსმენისას მეუფლებოდა. მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ მათ შეკრებას სუფრა ან ნადიმი ერქვა, უფრო მშიერი და ნიჭიერი ადამიანების თავყრილობა იყო.

მოკლედ, ისევ ქართულ სუფრას დავუბრუნდეთ. ახლა ვცდილობ გავიხსენო, რა მნიშვნელოვანი ნაწილებისგან შედგება ის:
1. მიზეზი – რისთვისაც იეწყობა ქეიფი,
2. ადგილი – სადაც მიდის ”სმა-ჭამა დიდად შესარგი”,
3. ადამიანები, ანუ თანამეინახეები
4. საჭმელ-სასმელი,
5. სადღეგრძელოები,
6. ცეკვა-სიმღერა
7. თამადა
8. განსხვავებული სასმისი
მოდით, მივყვეთ –
1. ქეიფის მიზეზი ქორწილი, დაბადების დღე, ნათლობა, უნივერსიტეტში მოწყობა, ახალი ბინის ან მანქანის შეძენა რომ ხდება ხოლმე, აბა ეს რა გასაკვირია.. მაგრამ, უფრო საინტერესო მიზეზებიც არსებობს, მაგალითად – ქელეხი! ხშირად, ტრადიციული დაპურება, მიცვალებულის გამოსაგლოვად შეკრებილი ხალხისა, მიცვალებულის დაბადების დღეს უფრო ემსგავსება..
2. რაც შეეხება ადგილს, ქეიფი დაა დროსტარება ისე გვიყვარს, ყველგან მშვენივრად ვახერხებთ – ჭერქვეშ თუ ღია ცის ქვეშ! მაგრამ რესტორნებზე განსაკუთრებით ვაფანატებთ ქართველები! რომ იკითხო, მწვავე ეკონომიკური ფონია და ხალხს უჭირს, ხელფასები საარსებო მინიმუმს მკვეთრად ჩამოუვარდება და აშ.. მაგრამ, რესტორნები ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით ემატებიან ერთი-მეორეს, სადაც გაიხედავ – ყველგან რესტორანია და აბა, საღამოობით გაიარეთ რომელიმესთან!
3. სუფრასთან, როგორც წესი იკრიბებიან მეგობრები, ნათესავები, მეგობრების მეგობრები, ნათესავების ნათესავები, მეგობრების მეგობრების მეგობრები, ნათესავების ნათესავების ნათესავები, მეგობრების მეგობრების მეგობრების მეგობრები და ასე უსასრულოდ!
4. მმმ, როგორ გვიყვარს უცხოელი სტუმრების გაოცება ჩვენი მრავალსართულიანი სუფრით და სუპერ-დუპერ ცხიმიანი საჭმელებით.. შემწვარი, მოხრაკული, ცხელი შოთის პურები და მისთ… მოაქვთ და მოაქვთ ოფიციანტებს, მერე რა, რომ არც მაგიდაზეა ადგილი და არც კუჭში! მერე რა, რომ დაიშლებიან მოქეიფეები და სუფრაზე იმდენს საჭმელს ტოვებენ, ერთ ამდენ მოქეიფეს კიდევ რომ დააპურებს (ვის ახსოვს ამ დროს, რომ სომალში და განაში ბავშვებს მოხარშული ბრინჯი ენატრებათ – ასე ვამუნათებ ჩემს შვილს, როცა თეფშზე საჭმელს ტოვებს)! ქართველობაც ეგაა, სუფრაცა და კუჭიც სიმძიმისგან უნდა იზნიქებოდეს, მეორე დღეს ლიტრობით მინერალურმაც ვერ უნდა გიშველოს, თავი გისკდებოდეს, ფეხები გისივდებოდეს, მაგრამ მაინც არ უნდა ამბობდე უარს ხუთ ლიტრ ლუდზე პახმელიისგან თავის დასაღწევად!
5. რაც შეეხება ჩვენთვის ასე საყვარელ, ქართული სუფრის მშვენება სადღეგრძელოებს – არ ვიცი ადრე რა და როგორ იყო (არადა, ეჭვგარეშეა, რომ დღევანდელ სადღეგრძელოებს აშკარად კარგი წინაპარი ჰყავდა), მაგრამ ახლა, ეს არის მკაცრი ფილოსოფიური თანმიმდევრობით დალაგებული გაზუთხულ-გაზეპირებული, ხშირად ყველანაირ გულახდილობას და გულწრფელობას მოკლებული ტექსტების ერთობლიობა. არაქართველისთვის დარწმუნებული ვარ ისინი საინტერესო მოსასმენია, მაგრამ ჩემთვის პირადად – არა! პატარა ბავშვმაც ზეპირად იცის, რომ სუფრა იწყება მშვიდობის სადღგერძელოთი, მას მოსდევს თამადის სადრეგრძელო, შემდეგ თავყრილობის მიზეზის და აშ და აშ.. და რომ, მიცვალებულთა შესანდობარი შორს არ უნდა გადადო (თორე, აუცილებლად გადაყირავდება ჭიქა და დაგეღვრება ღვინო!), ხოლო მას, აუცილებლად უნდა მოსდევდეს მომავალი თაობის სადღეგრძელო!
თგეთანხმებით, არის ამაში რაღაც ფილოსოფიური, თუმცა ასჯერ და ათასჯერ ერთიდაიგივეს გამეორება, ცოდნის კი არა თავისტკივილის დედაა.
ცალკე თემაა ქართველი მმმ-ების (მასვი, მაჭამე, მალხინე) ესოდენ საყვარელი პერსონალური სადღეგრძელოები (ქართული სუფრის სიყალბის აპოთეოზი!)! როგორ წესი, ამ დროს სადღეგრძელოს ადრესატს ფეხზე დააყენებენ და ერთმანეთის მიყოლებით უხსნიან სიყვარულს, უმტკიცებენ ცას და მიწას და მასაც და სხვასაც არწმუნებენ, რომ ის მსოფლიოს მეცხრე საოცრებაა – ადამიანი – მოსიარულე გული, უნიჭიერესი, უკეთილშობილესი, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი/მანდილოსანი და აშ და აშ დაუსრულებლად! მერე (არც თუ იშვიათად), ამ ყველაფერს პასუხადაც ისეთი მლიქვნელობა მოსდევს, გუგული და მამალის იგავი მონაგონია!
სამშობლოს სადღეგრძელო განსაკუთრებით უყვართ ქართველებს! თვითმყოფადი ერი ვართო, ულამაზესი ბუნებითო, უძველესი კულტურითო (გავკარით ევროპას და ამერიკასო, ეგ უჯიშოები, მაგათ რა იციან მეობა, რუდუნი და ჩახუტებაო!), მერე რა, რო ნასუფრალს ბუნებაშივე ტოვებენ და ნაგავს მარჯვნივ და მარცხნივ ისვრიან, მაშინაც კი, თუ ურნა ცხვიწინ უძევთ; ძმობას ეფიცებიან ერთმანეთს და მერე, შეზარხოშებულები ფეხის დაბიჯებაზეც საქმეებს არჩევენ სადმე ბნელ კუთხეში, კარგ შემთხვევაში მხოლოდ ერთმანეთის დედებს და კარგებს გადაჟიმავენ ვირტუალურად და ცუდ შემთხვევაში საკუთარ კბილებს ეძებენ ბალახებში.. თუმცა, უფრო ცუდი დასასრულიც არ არის იშვიათობა.
ვაჟკაცობის სადღეგძელოს მეტრიანი ყანწით დააყუდებენ და მერე, უბნელი დედაკაცებით შეშინებულები გარბიან არჩევნებზე. ღმერთის და სამების სადღეგრძელოთი ამთავრებენ სუფრას და შემდეგ სუფრამდე აღარც ახსოვთ უფალი.

6. ”ღვინოს სვამენ და პურს სჭამენ, სიმღერას არ იტყვიანო” – რა საკადრებელია! ჩვენთან ძნელი საპოვნელი არ არიან უნივერსალური მუსიკოსები (დამკვრელები), რომლებსაც, ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ ”კოკო-ჯამბოსა” და ”ბაღნარია ბაღდათი”-ს შესრულება, მათ პლეილისტში ნახავთ ჯეკსონის, ბარი უაითის,წურწუმიას, კაკულიას და აშ და აშ და აშ სიმღერებს! ეს უდაოდ მათ მულტინიჭიერებაზე მიუთითებს!

7. და ო, როგორ არ გიყვარდეს ტრადიციული, ნამდვილი ქართველი თამადა, ოდნავ ფერხორციანი, დიდი ან მეტნაკლებად დიდი ღიპით, იღლიებამდე დაკაპიწებული პერანგით, ბანჯგვლიანი გულმკერდით და ხშირი სმისგან წამოწითლებული, დაბიჟვინებული სახით – ოფლიანი იღლიებით, გრძელი და ყვითელი ფრჩხილით ნეკა თითზე, მიკროფონის ჭერისას რო გარეთ გამოფშეკს.

მის სტიქიაში გადავარდნილი, ის ცხვირსახოცს წამდაუწუმ ისვამს სახეზე, ლიტრობით ოფლის ასაშრობად, მიკროფონი ლამის ხახაში აქვს გამცობილი და ლოგიკურია, რო მისი ხახის ოხშივარი ასდის! :) არავინ და არაფერი ავიწყდება თამადას, ყველას დალოცვა უნდა მოასწროს, ამიტომაა ყურს რო უყრუებს თხოვნებს – იქნებ ერთი-ორი სიტყვა ჩვენც გვათქმევინოთო ან ცოტა ხანი შეისვენოთო, გვაცეკვეთო, გვამღერეთო..
პატარა დიქტატორული სახელმწიფოს მოდელია ქართული სუფრა: თამადა, ვიცე თამადები, მათ ყველა უსმენს, მათ ნათქვამს ყველა იმეორებს, ისინი თუ სასმისს აწევენ – დანარჩენებმაც იგივე უნდა გააკეთონ, ფეხზე დგებიან? – ადგებიან სხვებიც. არავითარი საუბარი სუფრაში, პატივი ეცით და დაემორჩილეთ თამადას (თამადაა თუ თამარა, ბოლოს და ბოლოს!). ყველამ დალიოს, ყველამ დაცალოს, ამა აჩვენეთ ბოლო წვეთი როგორ ვარდება ჭიქიდან (ასე მტერი დაგეცალოთ! კი ბატონო..).
– საპირფარეშოში არ გახვიდეთ, მერე რა თუ შარდის ბუშტი გისკდება! ჩაიფსი, მაგრამ არ გახვიდე, იმიტომ, რომ ნამდვილი ვაჟკაცები ტუალეტში მხოლოდ ორჯერ მიდიან – ქეიფის დასაწყისში და ქეიფის ბოლოს! რა გარანტიაა რო მარტო მოფსამ? იქნებ გულიც აირიო და სუფრას სუ ცინცხალი დაუბრუნდე! აი, ეგ კი არ გაგივა! ამიტომაც, იჯექი და ითმინე!
– რაო, დალევა არ შეგიძლია? რატომ არ შეგიძლია? ღვიძლი გაწუხებს? კაი კაცო, ამ ერთხელ გეტკინოს, დიდი ამბავი, ყველა სიკვდილის შვილები ვართ მაინც, უარი არ მითხრა, მეწყინება იცოდე… გული გაწუხებს? – ჰეჰეჰ, გული ვის არ აწუხებს საქართველოში, ჩვენს ძმობაში უარი არ გავიგო!
არა, მაინც საინტერესოა (მე მაგალითად გულწრფელად ძალიან, ძალიან მაინტერესებს) – საიდან იღებს სადავეს ეს ქართულ-სუფრული სადო-მაზოხიზმი, ადამიანს აიძულო დალიოს, ან დალიოს ბოლომდე, დალიოს ყველა ჭიქა, დალიოს განსხვავებული, დალიოს ”ჯარიმა”.. და ისიც სვამს!
8. და ბოლოს – ჩვენი საყვარელი, უცნაური განსხვავებული სასმისები – ბოკალი, დიდი ბოკალი, ფიალა, დიდი ფიალა, ყანწი, დიდი ყანწი, ძალიან დიდი ყანწი, ჭინჭილა, დიდი ჭინჭილა, ლაფის შუშა, თოფის ლულა, საკუთარი ან სხვისი ფეხსაცმელი, კრამიტი, სამშენებლო ბლოკი (http://www.youtube.com/watch?v=6IXKMBlllw8) და აშ (უსაზღვროა ქართველების ფანტაზია!)…

ის, ვინც არ სვამს – კვერცხია!.. ქათამია!.. ეგ რა კაცია?.. ბარემ ჩაკუზულმა მოფსას!!!

არადა, მე ვიცი, ღრმად მწამს, საქართველოში ეს არ მოხდება, საქართველო ვაჟკაცების ქვეყანაა, ამიტომ ყველა სასმისი (ბლოკი, კრამიტი, ფეხსაცმელი, ლაფა..) ბოლომდე დაიცლება, ყველა ღვიძლი დაიშლება, ყველა გული გასკდება (”თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს”.. ლ.ა).. და ყველა ქელეხზე იტყვიან, რომ გული შესტკივათ, იმიტომ რომ ნამდვილი ვაჟკაცი, ყველათვის საყვარელი და სათაყვანებელი, სამაგალითო ადამიანი დააკლდა ქვეყანას..

ღმერთმა აცხონოს!

P.S. არა, მაინც კაია, რომ ამ დონემდეც არ ვართ ჯერ! :))))))))))

P.P.S. ეს კი სწორედ ის ინტერვიუა გიორგი მაისურაძესთან, რომელზეც თავში მქონდა საუბარი.

Read Full Post »

%d bloggers like this: