Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ატეხილი გოგოები’

ხშირად გამიგონია ასეთი ფრაზა – ”გვეგონა მასწავლებელი არც სამელს ჭამდა და არც ტუალეტში დადიოდაო”. სხვისი არ ვიცი და, მე ასეთი აზრი არასდროს გამჩენია. მგონი იმიტომ, რომ ჩემი ოჯახის წევრები და ნათესავების უმეტესობა მასწავლებლები იყვნენ, ჰოდა, ვხედავდი როგორ ჭამდნენ, სვამდნენ და საპირფარეშოშიც არ უკადრისობდნენ შესვლას!

ბერნარდ ლივეხუდის ”ბავშვის განვითარების ფაზები” წელს, წიგნების გამოფენაზე ბევრი ფიქრის გარეშე შევიძინე. ერთი მარტივი მიზანი მამოძრავებდა – გავცნობოდი ბავშვის განვითარების ფაზებს. ჯერ ერთი, რომ ასეთი რამეები ისედაც მაინტერესებს, და მერე მეორეც, ორი შვილის დედა ვარ და არ იქნება ურიგო, ცოტა მეტი თუ მეცოდინება მათ განვითარებაზე.
მოკლედ, აღმოჩნდა, რომ წიგნი სულაც არაა მშრალი ანოტაცია, თუ როგორ ვითარდება ბავშვი, რომელი კბილის მერე რომელი ამოსდის, რამხელა მისი თავის გარშემოწერილობა, რა უნდა აჭამო ამა და ამ ასაკში და მისთ… წიგნი არის ზოგადად, ადამიანის – არა იმდენად ფიზიკურ, რამდენადაც ფსიქოლოგიურ და ზნეობრივ განვითარებაზე და ოჯახის, მშობლების და საზოგადოების როლზე ამ პროცესებში.. განსაკუთრებით კი მასწავლებელზე აკეთებს აქცენტს.
ჰოდა, ეს ყველაფერი რომ წავიკითხე, ნათლად დავინახე ჩემი მშობლების თუ მასწავლებლების მიერ ჩემი აღზრდისას დაშვებული ლაფსუსები! არადა, პროფესორ ლივეხუდს რომ ჰყავს აღწერილი, ისეთი მასწავლებელი ერთი მაინც რომ მყოლოდა, დარწმუნებული ვარ, გაცილებით უფრო უნარიანი და წარმატებული ვიქნებოდი ახლა. და ნამდვილად უცნაურია, რომ იმ მასწავლებლების ხელში, ვინც მყოლია (ყველაზე არ მაქვს საუბარი, რაღათქმაუნდა) – ასეთი როგორ გავიზარდე, როგორიც ვარ!

”მასწავლებელი არაა უბრალოდ ცნობისმოყვარე დამკვირვებელი, არამედ აქტიური პიროვნება და მისი მოღვაწეობის მიმართულება და შინაარსი განისაზღვრება მის მიერ დასახული მიზნით. ეს მიზანია ჰარმონიულ პიროვნებად ჩამოყალიბებული ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ერთის მხრივ განვითარებული აქვს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მეორეს მხრივ კი არის მშვენიერების, სიბრძნისა და კულტურის მატარებელი, რომელიც უნდა გადასცეს მომავალ თაობებს.” (ბ. ლივეხუდი – პროფესორი, ექიმი, პედაგოგი, ფსიქოლოგი)

აზრზე ხართ რამხელა მისია, როლი და გინდ პასუხისმგებლობა აკისრია მასწავლებელს? ეს რომ იცოდნენ და ისიგრძეგანებდნენ, 90% სტუდენტებისა, ვინც ახლა პედაგოგიურზე სწავლობს (მიუხედავად იმისა, წასასვლელი რომ არსად ჰქონდათ, იქ იმიტომაც მივიდნენ) – დაუყონებლივ აიკრეფდა გუდა-ნაბადს და საკლასო ოთახში შესვლაზე აღარც იოცნებებდა! არამარტო სტუდენტები – ბეევრი აწ უკვე ახალბედა თუ სტაჟიანი მასწავლებლებიც მიჰყვებოდათ უკან..

მოკლე ექსკურსი ჩემი მოსწავლეობის ხანაში დასკვნები თქვენზე იყოს.
მოკლედ,
ავიღოთ ვ.მ – ჩემი სამართლისა და ისტორიის მასწავლებელი. მაღალი, დონდლო ტიპი გეის მანერებით. გაკვეთილზე ეწეოდა სიგარეტს, რომლის მოსატანადაც როგორც წესი მოსწავლეს გზავნიდა უახლოეს მაღაზიაში. მისი გაკვეთილების დროს, მე და ჩემი მეგობარი ფანჯრიდან ვიპარებოდით სახაჭაპურეში, ვყიდულობდით ორ ფენოვანს, ერთ ბოთლ ლიმონათს, მივირთმევდით, ფანჯრიდანვე ვბრუნდებოდით გაკვეთილზე და ვიძინებდით. საკუთარ თავს გაპრანჭვის გარეშე უწოდებდა – საუკეთესო რეპეტოტორს და არ ვიცი ეს თვითრეკლამა ჭრიდა თუ რა იყო, ათობით აბიტურიენტი იჯდა ერთდროულად მასთან სახლში. მისთვის კლასი იყოფოდა სამ ნაწილად – შავტრაკა ბიჭები, თეთრტრაკა ბიჭები და ატეხილი გოგოები. მისი გაკვეთილები პირველი იყო ცხრილში, მეც მუდამჟამს ვაგვიანებდი. კარს შევაღებდი თუ არა – მოხვედი შე ატეხილო პეპელაო – მეტყოდა – დაეგდეო. ერთხელ იატაკის საწმენდი ჯოხით გამოგვეცხადა და ბიჭებს მისდგა – შატოია შავტრაკა, მოეშვი ტლიკინს, თორე თუ გაგიყარე ეს პოლისჯოხი ტრაკში, იმდენს ვუკაკუნებ, სანამ პირში არ ამოგივაო (ეს შავტრაკა უტაია ამჟამად მერიაში მუშაობს), ხვიჩაია თეთრტრაკა, (უცხუნა და უცხუნა ბეჭებზე) როგორ იყო, მეორე კლასში სასიძოდ რო მომეწონე და ასე მითხარი – არ მინდა შენი გოგოო! რა აქვს, შე მაიმუნო იმას შენი დასაწუნიო! თუ მოგკიდე ხელი ყვერებში, კამათელივით ვათამაშებო!
ერთხელაც, დასვენებაზე შემოიხედა და მე და ჩემი შეყვარებული დაგვინახა, მერხთან ვიჯექით და რაღაც შეყვარებულების ტესტს ვავსებდით რომელიღაც იმდროინდელ ჟურნალში – ”ვარსკვლავები” იყო თუ ”სარკე”.. მოკლედ, გაიღრიჭა – რა გვრიტებივით სხედხართო, ერთი შავი ხართ, მეორე თეთრი, მაგარი იქნება თქვენი ნაჯვარიო!
ჰოდა, ვ.მ-ზე ბევრი რომ არ გავაგრძელო, მისი შვილი დღესდღეობით მთავარ პროკურატურაში მუშაობს და ყოველ მეორე დღეს თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც ვხედავ ტელევიზიით, საკაიფოდ ლაქლაქებს, სერიოზული მასტია. თან სუ მამამისი მაგონდება!
მ.კვ.მ-მდე ისტორიას გვასწავლიდა. ახალი გადასული ვიყავი იმ სკოლაში, პირველ გაკვეთილზე შემოვიდა – უფორმო, მსუქანი, ღაჟღაჟა წითელი პომადით და გადმოქაჩული თვალებით. დაჯდა, ხელები და კოტიტა თითები დიიდი ძუძუებისქვეშ ამოილაგა, თავი უკან გადააგდო, თვალები უფრო დაქაჩა – ახლები ფეხზე ადექითო. ხუთნი ავდექით. – ტფუ, რას გავხართ, თქვე ჭაობში გაზრდილო ბაყაყებოო – მოგვახალა – დაეგდეთო.
გაკვეთილიც ისეთივე პოზიტიური ჰქონდა, როგორიც თვითონ იყო. მოკლედ, განცხადება დავწერეთ და დირექტორს მისი შეცვლა მოვთხოვეთ. მართალია, დირექტორი რომ მოვიდადა იკითხა – ვის არ მოგწონთო, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მე და ჩემი მეგობარი ვიდექით ფეხზე, მაგრამ, შეცვლით მაინც შეცვალეს – ვაის გაგვყარეს და ვუის კი შეგვყარეს!
გ.? (გვარი არ მახსოვს) ქიმიის მასწავლებელი, ანუ – ”H1O NO3 – გიულია ცხენოსანი!” – ცოტა წაიელმებდა, ჰოდა, ვერ ვხვდებოდი როცა ლაპარაკობდა, მე მიყურებდა თუ ვინმე სხვას. ამიტომაც, ვცდილობდი სულ პირში მეცქირა, რაც მაინდამაინ სასიამოვნო არ იყო! როცა ძალიან გაუხურეს ჩემი კლასის ბიჭებმა, აქაოდა, თქვენ მე ვინ გგონივართო, მთელი გაკვეთილები იმას ყვებოდა, რომ ახალგაზრდობაში განაბი იყო, ქურდობა უნდოდა, ცუდ ბიჭებს ძუყნიდა და მისთ… მოკლედ, გაკვეთილს ეს ნაკლებად ეხებოდა.
მ.ძ – ფიზკულტურის მასწავლებელი – ბებერი, ბოროტი ძუკნა (ღმერთმა აცხონოს) – ფურთხით ნაკეთებს გვეძახდა ყველას.
მ.ფ – ქართულის მასწავლებელი – დაბალი, ძვალტყავა, ჩაცვენილი თვალებით – ვერ იტანდა განსხვავებულ აზრს, უყვარდა ჩვენი ზუბრიაჩკა, ოფლისუნიანი კლასელი, რომელმაც წერტილ-მძიმიანა იცოდა ”გარჩევის” წიგნიდან ტექსტები. ნიშანი დამაკლო საგამოცდო ესსეში, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ, ჩათვალა – ”ეს უფრო საგაზეთო სტატია იყო, ვიდრე საგამოცდო ნაშრომი”.
ლ.რ – ინგლისურის მასწავლებელი – სლავური აღნაგობითა და ფიზიონომიით, არც ერთი კბილით პირის ღრუში. უყვარდა ტელესრიალები და გაკვეთილებს უთმობდა ამა თუ იმ გმირის განხილვასა და კრიტიკას.
ნ.ჟ – ჩვენი დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი – შინაბერა სქელჩარჩოიანი სათვალით, რომელიც გოტივით ისვამდა თვალების ირგვლივ შავ ”წენებს” და ბრდღვიალა ვარდისფერი პომადა მუდამ ნიკაპიდან ცხვირამდე ეცხო. გაქანებული ზვიადისტი და შესაბამისად, რომანტიკოსი.. ისე, გულით კი ვუყვარდით, ამიტომაც იყო, ახალ მასალას ხო თავისთავად თვითონ გვიხსნიდა, ძველსაც თვითონ ყვებოდა, განტოლებებსა და ამოცანებსაც თვითონვე ხსნიდა.. ჰოდა, ალბათ ამის ბრალია, ახლა გამრავლების ტაბულასაც რომ ვერ ვიხსენებ ჩემდა სამარცხვინოდ. თუმცაღა, ვაღიარებ, მთელი მონდომებით ცდილობდა ჩვენგან კარგი მოქალაქეები გაეზარდა – დავყავდით ტაძრებში, დაგვქონდა დროშები, გვიკითხავდა მხატვრულ ლიტერატურას და გვპატიობდა ყველაფერს, თუმცაღა, მანამდე სათვალეს მოიგლეჯდა და კედელს შეანარცხებდა ისე, რომ მეორე დღეს იზოლენტიანი ჩარჩოს ტარება უხდებოდა.
ისე არ გამომივიდეს, იფიქროთ, თითქოს სუ გიჟები მასწავლიდნენ. მთლად ასეც არ იყო.
მყავდა ბევრი კარგი მასწაველებლიც – მ. გორდაძე – დაწყებით კლასებში გვასწავლიდა, დღემდე ძალიან მიყვარს ეს ქალი, ჯ. დარჩია – ქართულის მასწავლებელი, რომელიც არასდროს მზღუდავდა ჩარჩოებით მუშაობის დროს, ვ. ნიქაბაძე – მკაცრი მათემატიკის მასწავლებელი, რომლის დროსაც ახალი გაკვეთილიც ამიხსნია კლასისთვის, ნ. თევდორაძე – ქართულის მასწავლებელი, რომლის გაკვეთილზე ყველაზე ხმაურიანებიც ისხდნენ და ყურადღებით ისმენდნენ და ა.შ..
როგორც პროფესორი ლივეხუდი ამტკიცებს, ადამიანს თუ სურს მასწავლებლობა, მას აუცილებლად პედაგოგიური ნიჭი უნდა ჰქონდეს. ”მასწავლებლები ჩვენი ხვალინდელი დღე არიან. ამიტომ, შესაძლებელი უნდა იყოს საზოგადოების საუკეთესო ნაწილის მოზიდვა ამ ამოცანის შესასრულებლად”.
ჰაი, ჰაიი – საუკეთესო ნაწილიო – და არა ის ლუზერები, ვინც სხვაგან არსად მიიღესო (ხაზს ვუსვამ, რომ აქ ყველას არ ვგულისხმობ)!
პრინციპში, რომ დაფიქრდე, მართლა არ არის მასწავლებლობაზე უფრო საპასუხისმგებლო და საპატიო პროფესია. იმიტომ, რომ ვერავინ გახდები სწავლის გარეშე. კარგ მასწავლებელზე უფრო კარგად ვინ გასწავლის?!
და ჩვენთან როგორი მდგომარეობაა? მტრისასსს
მმდას.. ამაზეა ზუსტად საუბარი.
ჰო, რაც შეეხება იმას, უნდა დადიოდნენ თუ არა მასწავლებლები საპირფარეშოში, ლივეხუდს ამაზე ნამდვილად არაფერი ეწერა. ალბათ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ საქართველოში მასწავლებლები მოსწავლეებს თავს ანგელოზებად ან ქიმერებად აჩვენებენ!

Read Full Post »

%d bloggers like this: