Feeds:
ჩანაწერები
Comments

(ტექსტის უფრო გასაგებად იხილეთ წინა პოსტი ”ფსმა ჩაკუზული ანუ ქართული ვაჟკაცობის საზომი” და მის ქვემოთ გაკეთებული რიგით მესამე კომენტარი)

მოდი, იქედან დავიწყებ, რომ გულშიც არ გამივლია გაპოპულარებული თემებით მანიპულირება და სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი თუ ქართული სუფრის თემა, როგორც თქვენ ამბობთ – ისტერიკაში თუ ისტერიაშია გადაზრდილი. ისე, თუ კი ეს სიმართლეა, ნამდვილად არ მეწყინება, თუნდაც იმიტომ, რომ ეტყობა ის მარაზმი, სადამდეც ქართული სუფრაა დღეს მისული, უკვე ძალიან თვალშისაცემი გახდა და ბევრს აწუხებს.
რაც შეეხება ჭამას და სმას, საქართველოში ეს ორი რამ სახვა ერებზე არც მეტად უყვართ და არც ნაკლებად, ამაზე საუბარი მე სულაც არ მქონია.
რახან გერმანელები ახსენეთ, იქნებ მაინც გავბედოთ და რაიმეში მაინც შევეჯიბროთ. ნუ, მართალია ჩვენ სუპერ კულტურული ერი ვართ და გერმანელები რო სუფრაზე აბოყინებენ, ჩვენ ასეთ რამეებს არ ვკადრულობთ, მაგრამ, სამაგიეროდ, სანამ ღრეობას მოაწყობენ, ერთი კვირით ადრე მაინც აფრთხილებენ მეზობლებს წერილობითი სახით, თუ ეს ღრეობა გვიანობამდე გაგრძელდება და ხალხს შეაწუხებს, მშვიდად იძახებენ პოლიციას და ყველაფერი გვარდება. მთვრალი გერმანელიცა და ქართველიც მთვრალია, მაგრამ, ჩვენთან არც სიფხიზლეში არსებობს თვითკონტროლი, ხოლო იქ, ეს წითელი, გარუმბულ თავებშიც უნთიათ.
კარგა ხანს ვცხოვრობდი იქ, მშვენიერ ბროთჰენებს აცხობენე კი, და საყასბოებიც მშვენიერი აქვთ, მაგრამ, უზომოდ და უაზროდ ჭამა, მე იქ არასდროს მინახავს (თუმცა, ალბათ იქაც თქვლეფენ).. სამაგიეროდ მინახავს, როგორ ყიდულობენ ერთ ცალ ბულგარულს მაღაზიაში, ან ორ ცალ კარალიოკს, კიტრის მესამედს და საზამთროს მეექვსედს..
ახლა თამადას დავუბრუნდეთ (ისევ კონტრშენიშვნის კონტრშენიშვნა) – მე დავწერე რომ ძალიან ბევრ განსხვავებულ სუფრაზე და ნადიმზე ვარ ნამყოფი. დამიჯერეთ, შორს წასვლა კარგი თამადის მაგალითი რომ მოვიყვანო არ დამჭირდება. აგერ, მამაჩემი ბოლოს და ბოლოს.. არც ღიპი აქვს (მშვენიერი აღნოგობით გამოირჩევა), არც ყვითელი ფრჩხილი, არც ღმუის და არც ყმუის.. ისტორიკოსია, დოცენტი, მწერალი, პოეტი, რამოენიმე წიგნის ავტორი (ი, ნაკონეც პროსტი კრასავჩიკ! :))) (ძაან კი ვაქებ მამიჩემს, მაგრამ, ვიცი, ეგ ამას არ წაიკითხავს და არ აუვარდება!) – სიტყვა-პასუხი არ ეშლება მოკლედ. მისი სადღეგრძელოს მოსმენა ერთი სიამოვნებაც კია. ჰოდა, ყველგან ეპატიჟებიან თამადად. სამაგიეროდ ცუდად იტანს სასმელს. მართალია სუფრაზე თავს არ ირცხვენს, მაგრამ სახლში აღარ დაგვედგომება… და ვერ ვხვდები, საერთოდ რა ფასი აქვს მოლხენას, თუ ბოლოს ისეთ დღეში უნდა ჩავარდე, როგორშიც ის ვარდება (ბოლოს რომ დათვრა, მძინარეს ცხვირიდან სისხლის დენა აუტყდა და რომ არა უბრალოდ შემთხვევითობა, არაა გამოირცხული გაღმა გასულიყო, მარილზე)..
რაც შეეხება ღიპიან თამადებს, აი ისეთს, ვიდეოზე რომ არის ასახული, სხვათაშორის, როცა მისი აღწერა დავასრულე, იუტუბზე გავუშვი ძებნაში სიტყვა ”თამადა” და ბევრი ვიცინე იმაზე, რომ ძებნის შედეგი ზუსტად დაემთხვა იმას, რაც/ვინც ავღწერე.. თითიც კი (წინასწარგაფრთხილებულივით) – ზუსტად ისე აქვს გამოფშეკილი.
ისე, რაც არ უნდა კარგი თამადა იყოს (რომელიც უნდა წაუძღვეს სუფრას და ხალხიც არ მოაწყინოს თქვენი ტექსტიდან ) – ვერ გავიგე, რატომ უნდა იზრუნოს ვინმე თამადამ მე არ მომაწყინოს (მაგ ლოგიკით თამადა კარის ჯამბაზზს უფრო ემსგავსება)? მე რა, ჩემით ვერ დავლევ რამდენიც მინდა, ვერ ვისაუბრებ რაზეც მინდა, როგორც მინდა ვერ გავერთობი?.. რატომ უნდა მაკონტროლოს ვიღაცამ? რატომ უნდა მიმითითოს სიჩუმეზე, მაშინ როცა მე ვიღაცას ვესაუბრები? რატომ უნდა ვუსმინო, თუ არ მაინტერესებს? რატო არ შეიძლება სუფრაზე მაინც იყოს დემოკრატია?
მაშინ მოდით არ ჰყავდეს ქვეყანას პრეზიდენტი, პარლამენტს თავმჯდომარე, სამინისტროს მინისტრი, სკოლას დირექტორი და კლასს ხელმძღვანელი და არც თამადა იქნება სუფრაზე (ისევ თქვენი ტექსტიდან) – ეს უბრალოდ სასაცილოა… სხვა ქვეყნებში, სადაც თამადის კულტურა არ არსებობს, რა, არც სკოლებს ყავთ დირექტორი და არც ქვეყნებს პრეზიდენტი? ნამეტნავად სუსტი მცდელობა იყო, რაღაცის დასაბუთებისა..
ახლა მითხარით, რა უფრო ხშირია – მამაჩემისნაირი თამადა თუ იმ ღიპიანისნაირი? რა უფრო ხშირია, კულტურული ნადიმი თუ უაზრო დღნარვა-ხეთქვა-ლეშვა?
სავარაუდოდ მეორე..
მეც სწორედ ამაზე მაქვს საუბარი. ქართული სუფრა ნელ-ნელა რაღაც მარაზმად იქცევა. დავიჯერო ცუდია, თუ ამას ავღნიშნავ? რა უფრო ცუდია, საკუთარი ნაკლის დანახვა თუ ვერ დანახვა? საკუთარი თავის კრიტიკა თუ ხბოს აღტაცება?
ინგლისელი ფეხბურთის ფანების დალევაზე, დათრობაზე და შემდგომ ქცევაზეც ხომ არ დავწერო ერთი ორი სიტყვა? (თქვენი ტექსტიდან)- რატომაც არა, დაწერეთ. ხანდახან, მაგათი ამბებით გულს ვიოხებ, ამაში მაინც გყვავს ბადალი-მეთქი.
სანამ ქართული სუფრის ძაგებას დაიწყებდეთ, ნერწყვი კარგად გადაყლაპეთ არ დაიხრჩოთ და თუ მაინც გადაგცდათ კარგი წითელი ღვინო მაქვს გამოიარეთ, დაგაყოლებინებთ – ოჰ, ნამეტნავად დიდი მადლობა, მაგრამ მე ქართულ სუფრას კი არ ვაძაგებ, ჩემო მურაბა ადამიანო, ვაკრიტიკებ იმას, რაც გაცუდდა, დრო მოჭამა, გაუარესდა, გადასაგდებია, მოსაშორებელია, შესაცვლელია… რატომ გვაქვს ქართველებს შენიშვნებზე ასეთი მძაფრი რეაქცია, ვერ გავიგე. მეც ქართველი ვარ და როცა რაღაც გაცუდქართულებულზე ვწერ, ჩემს თავსაც ისევე მოავიაზრებ იქ, როგორც სხვა დანარჩენებს. უცხო და უცნობი შენიშვნას არ მოგცემს, დამიჯერე, და შინაურს არ უნდა გაულავანდო, იმისთვის, თუ გეტყვის გამოხეული შარვალი გაცვია და წადი, გამოცვალეო.
მოკლედ, უცხოელები კი გიჟდებიან ამ ჩვენს გემრიელობებზე, სუფრებს ოტხივე კუტხიდან უღებენ ფოტოებს. ჩვენც გვიხარია, ჭკუაზე არ ვართ, რომ სტუმრები მოვხიბლეთ.. და როცა სტუმრები მიდიან, გვიანობამდე ვალაგებთ, ვრეცხავთ, არ ვიცით სად შევტენოთ ამდენი საჭმელი… მეორე დღეს ადამიანებად აღარ ვარგივართ! სხვათაშორის, იგივე ხდება დღესასწაულებზე.. მე მაგალითად, დიდი ხანი ვერ ვიტანდი ჩემს დაბადების დღეს, სანამ არ აღმოვაჩინე, რომ ვიღლები სასწაულად, ჯერ ამდენი ხორაგის დამზადებისას, მერე გააწყვე, მერე იტრიალე, თეფში გამოსაცვლელია, კერძი ჩასამეტებლია, მერე აალაგე, დარეცხე… მტრისას! დაბადების დღეა თუ დაჩმორების! იგივე თუდაც ახალ წელს.. ჩემს ოჯახში ახალ წელს მუდამ გაფქვილულები ვხვდებით, გაწეწილები, წინსაფრებით – იმიტომ, რომ ასმეთორმეტე კერძი ჯერაც თუხთუხშია, ხაჭაპურები აიღუმელშია… იგივე ქორწილებში! ქალაქში კიდევ ნაკლებად, რაიონებში ოჯახს ეხმარებიან მეზობლები და უახლოესი ნათესავები… და რა გამოდის? ყველაზე ახლობლებს, ვისაც ყველაზე მეტად უხარიათ შენი ბედნიერება, კბილებიდანაც ოფლი სდით! ამ დროს ვინ ქეიფობს? აზრზეც რომ ხარ… ყვავის ჩხიკვის მამიდები!
რატომ ასეთი სიმახინჯე? ხომ შეიძლება გავაკეთო ერთი კერძი და ახალ წელს დასვენებული და მხიარული შევხვდე? რატომ ვერ მოვიშალეთ გაპრანჭვის და კეკლუცობის ეს უაზრო ტრადიცია?
ჰოდა, ნერწყვი რატომ უნდა გადავყლაპო კარგად ვერ გავიგე.. ღვინო მეც მაქვს, სხვასაც და საერთოდ, საქართველოში ოჯახი არ მეგულება, ღვინო არ ჰქონდეს ლიტრობით.. ამას გარდა, სხვა რამეებიც მაქვს, რისი გამოლაგებაც არ დამენანება! იმიტომ, რომ ასე თუ ისე, ჯერ კიდევ მსხვერპლი ვარ ამ ქართული უშნო ტრადიციის..
ასე რომ, თუ დაპაიჯებაა, მე გეპაიჯებით!..:))))))

P.S. და.. ისე, სხვათაშორის, მე სუფრაზე კი არა, ქართველ ვაჟკაცებზე უფრო ვწერდი..

დღეს პოლიტიკური ფილოსოფიის ბლოგზე ვკითხულობდი გამოხმაურებას ირაკლი კაკაბაძისადმი, რომელსაც თან ერთვოდა ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო დიალოგი ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესთან. ისიც და ბლოგის ავტორიც რამოდენიმე თემას ეხებოდნენ, მე კი, ამჯერად, მათგან მხოლოდ ერთზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.. ეს არის – ქართული სუფრა.
სანამ ჩემს სუბიექტურ და არც თუ მაინდამაინ მოკრძალებულ აზრს მოგახსენებდეთ, ისევ პოლიტიკური ფილოსოფიის ბლოგიდან გადმოვიტან ნაწყვეტს გრიგოლ რობაქიძის ესსედან ”რა უნდა აგონდებოდეს ქართველს”.
“ ქართულ ნადიმზე, რომელსაც ბადალს ვერსად მოუნახავ, ყოველი მოლხინე რომელიმე მხრით “პირველია”: ერთი როგორც მომღერალი, მეორე როგორც მროკავი, მესამე როგორც მორკინალი, მეოთხე როგორც მჭერმეტყველი, მეხუთე როგორც მოშაირე, მეექვსე როგორც მასწავლებელი, მეშვიდე როგორც უზადოდ ნაკვთიერი და ლამაზი: და ასე ბოლომდე სუფრის ირგვლივ. ჰყავს რომელიმე მათგანს აქ მოქიშპე, მაშინ მისი “პირველობა” იმ ნიშნით გამოჰყავთ, რომლითაც იგი მოქიშპესაგან გამოირჩევა. თუ ვინმე არც მომღერალია, არც მროკავი, არც მორკინალი, არც მჭერმეტყველი, არც მოშაირე ,არც მასწავლებელი, არც უზადოდ ნაკვთიერი და ლამაზი – მესიტყვე რაღაცას მაინც გამონახავს მასში, “თავმოსაწონს”, რაიცა მისებურ სხვას არ ახასიათებს: ან ერთგულებას, ან გაბედულებას, ან სიმამაცეს, ან კიდევ სხვა რამეს. ქართული ნადიმი, ამრიგად, “ქეიფი” კი არა უბრალო, ანუ “დროსტარება”: იგი კულტია ნამდვილი, საცა შეხვედრა კრებულში პოლიფონიურ იმართება. ამ “პოლიფონიურობით” იცდენს ქართველი თავისს საფრთხეს: განკერძოებას, განაპირებას, განთიშვას, განდგომას. საკვირველი არაა, თუ რატომ აფასებენ ქართველნი ასე დიდად ნადიმის ხელმძღვანელს: თამადას. “პოლიფონის” გამყვანელი იგია და როგორც ასეთი, ნამდვილი ხელოვანი, ხელოვანი ყოფის მოგვარებისა. გამჭრიახი გონი, ცოდნა პსიხოლოგიური ნიუანსებისა ხასიათთა, მოზომვა “სმურის”, სიდინჯე, შემარიგებელი ტონი შეხლა-შემოხლისას, ტაქტი, ეს უწინარეს ყოვლისა – აი დამახასიათებელნი თვისებანი ნამდვილი თამადისა.
აპრილი, 1952
გრიგოლ რობაქიძე
ჟენევა

(წყარო: კარლო ინასარიძის გამოცემა: გრიგოლ რობაქიძე. კრებული, მიუნხენი 1984 გვერდები 1-4.)

ბევრნაირ სუფრაზე მოვხვედრივარ, დაწყებული ჩვენი ქვეყნის კულტურული, ნაღები საზოგადოების თავყრილობებით – დამთავრებული სოფლებში, ”ბირჟებზე” თავშეყრილი უსაქმურების ღრეობებით, მაგრამ, ისეთი ნადიმი, როგორზეც გრიგოლ რობაქიძე წერს მე ნამდვილად არ შემხვედრია. ეგაა რო, ბუნდოვნად მახსენდება, ჩემს ბავშვობაში, ჩვენს ოჯახში, სუფრასთან, ნავთის ლამფის ირგვლივ შეკრებილი ქუთაისელი მწერლების და პოეტების დიალოგები. დაახლოებით მე-8 ან მე-9 კლასში ვიქნებოდი მაშინ და ვფიქრობდი, რომ გავიზრდები, რასაც ახლა ესენი ლაპარაკობენ, აუცილებლად სიტყვა-სიტყვით დავწერ-მეთქი, მაგრამ, რათქმაუნდა, ერთი სიტყვაც არ შემორჩა ჩემს მეხსიერებას მათი საუბრებიდან, მხოლოდ ის ემოცია არ გამნელებია, რაც მათი მოსმენისას მეუფლებოდა. მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ მათ შეკრებას სუფრა ან ნადიმი ერქვა, უფრო მშიერი და ნიჭიერი ადამიანების თავყრილობა იყო.

მოკლედ, ისევ ქართულ სუფრას დავუბრუნდეთ. ახლა ვცდილობ გავიხსენო, რა მნიშვნელოვანი ნაწილებისგან შედგება ის:
1. მიზეზი – რისთვისაც იეწყობა ქეიფი,
2. ადგილი – სადაც მიდის ”სმა-ჭამა დიდად შესარგი”,
3. ადამიანები, ანუ თანამეინახეები
4. საჭმელ-სასმელი,
5. სადღეგრძელოები,
6. ცეკვა-სიმღერა
7. თამადა
8. განსხვავებული სასმისი
მოდით, მივყვეთ –
1. ქეიფის მიზეზი ქორწილი, დაბადების დღე, ნათლობა, უნივერსიტეტში მოწყობა, ახალი ბინის ან მანქანის შეძენა რომ ხდება ხოლმე, აბა ეს რა გასაკვირია.. მაგრამ, უფრო საინტერესო მიზეზებიც არსებობს, მაგალითად – ქელეხი! ხშირად, ტრადიციული დაპურება, მიცვალებულის გამოსაგლოვად შეკრებილი ხალხისა, მიცვალებულის დაბადების დღეს უფრო ემსგავსება..
2. რაც შეეხება ადგილს, ქეიფი დაა დროსტარება ისე გვიყვარს, ყველგან მშვენივრად ვახერხებთ – ჭერქვეშ თუ ღია ცის ქვეშ! მაგრამ რესტორნებზე განსაკუთრებით ვაფანატებთ ქართველები! რომ იკითხო, მწვავე ეკონომიკური ფონია და ხალხს უჭირს, ხელფასები საარსებო მინიმუმს მკვეთრად ჩამოუვარდება და აშ.. მაგრამ, რესტორნები ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით ემატებიან ერთი-მეორეს, სადაც გაიხედავ – ყველგან რესტორანია და აბა, საღამოობით გაიარეთ რომელიმესთან!
3. სუფრასთან, როგორც წესი იკრიბებიან მეგობრები, ნათესავები, მეგობრების მეგობრები, ნათესავების ნათესავები, მეგობრების მეგობრების მეგობრები, ნათესავების ნათესავების ნათესავები, მეგობრების მეგობრების მეგობრების მეგობრები და ასე უსასრულოდ!
4. მმმ, როგორ გვიყვარს უცხოელი სტუმრების გაოცება ჩვენი მრავალსართულიანი სუფრით და სუპერ-დუპერ ცხიმიანი საჭმელებით.. შემწვარი, მოხრაკული, ცხელი შოთის პურები და მისთ… მოაქვთ და მოაქვთ ოფიციანტებს, მერე რა, რომ არც მაგიდაზეა ადგილი და არც კუჭში! მერე რა, რომ დაიშლებიან მოქეიფეები და სუფრაზე იმდენს საჭმელს ტოვებენ, ერთ ამდენ მოქეიფეს კიდევ რომ დააპურებს (ვის ახსოვს ამ დროს, რომ სომალში და განაში ბავშვებს მოხარშული ბრინჯი ენატრებათ – ასე ვამუნათებ ჩემს შვილს, როცა თეფშზე საჭმელს ტოვებს)! ქართველობაც ეგაა, სუფრაცა და კუჭიც სიმძიმისგან უნდა იზნიქებოდეს, მეორე დღეს ლიტრობით მინერალურმაც ვერ უნდა გიშველოს, თავი გისკდებოდეს, ფეხები გისივდებოდეს, მაგრამ მაინც არ უნდა ამბობდე უარს ხუთ ლიტრ ლუდზე პახმელიისგან თავის დასაღწევად!
5. რაც შეეხება ჩვენთვის ასე საყვარელ, ქართული სუფრის მშვენება სადღეგრძელოებს – არ ვიცი ადრე რა და როგორ იყო (არადა, ეჭვგარეშეა, რომ დღევანდელ სადღეგრძელოებს აშკარად კარგი წინაპარი ჰყავდა), მაგრამ ახლა, ეს არის მკაცრი ფილოსოფიური თანმიმდევრობით დალაგებული გაზუთხულ-გაზეპირებული, ხშირად ყველანაირ გულახდილობას და გულწრფელობას მოკლებული ტექსტების ერთობლიობა. არაქართველისთვის დარწმუნებული ვარ ისინი საინტერესო მოსასმენია, მაგრამ ჩემთვის პირადად – არა! პატარა ბავშვმაც ზეპირად იცის, რომ სუფრა იწყება მშვიდობის სადღგერძელოთი, მას მოსდევს თამადის სადრეგრძელო, შემდეგ თავყრილობის მიზეზის და აშ და აშ.. და რომ, მიცვალებულთა შესანდობარი შორს არ უნდა გადადო (თორე, აუცილებლად გადაყირავდება ჭიქა და დაგეღვრება ღვინო!), ხოლო მას, აუცილებლად უნდა მოსდევდეს მომავალი თაობის სადღეგრძელო!
თგეთანხმებით, არის ამაში რაღაც ფილოსოფიური, თუმცა ასჯერ და ათასჯერ ერთიდაიგივეს გამეორება, ცოდნის კი არა თავისტკივილის დედაა.
ცალკე თემაა ქართველი მმმ-ების (მასვი, მაჭამე, მალხინე) ესოდენ საყვარელი პერსონალური სადღეგრძელოები (ქართული სუფრის სიყალბის აპოთეოზი!)! როგორ წესი, ამ დროს სადღეგრძელოს ადრესატს ფეხზე დააყენებენ და ერთმანეთის მიყოლებით უხსნიან სიყვარულს, უმტკიცებენ ცას და მიწას და მასაც და სხვასაც არწმუნებენ, რომ ის მსოფლიოს მეცხრე საოცრებაა – ადამიანი – მოსიარულე გული, უნიჭიერესი, უკეთილშობილესი, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი/მანდილოსანი და აშ და აშ დაუსრულებლად! მერე (არც თუ იშვიათად), ამ ყველაფერს პასუხადაც ისეთი მლიქვნელობა მოსდევს, გუგული და მამალის იგავი მონაგონია!
სამშობლოს სადღეგრძელო განსაკუთრებით უყვართ ქართველებს! თვითმყოფადი ერი ვართო, ულამაზესი ბუნებითო, უძველესი კულტურითო (გავკარით ევროპას და ამერიკასო, ეგ უჯიშოები, მაგათ რა იციან მეობა, რუდუნი და ჩახუტებაო!), მერე რა, რო ნასუფრალს ბუნებაშივე ტოვებენ და ნაგავს მარჯვნივ და მარცხნივ ისვრიან, მაშინაც კი, თუ ურნა ცხვიწინ უძევთ; ძმობას ეფიცებიან ერთმანეთს და მერე, შეზარხოშებულები ფეხის დაბიჯებაზეც საქმეებს არჩევენ სადმე ბნელ კუთხეში, კარგ შემთხვევაში მხოლოდ ერთმანეთის დედებს და კარგებს გადაჟიმავენ ვირტუალურად და ცუდ შემთხვევაში საკუთარ კბილებს ეძებენ ბალახებში.. თუმცა, უფრო ცუდი დასასრულიც არ არის იშვიათობა.
ვაჟკაცობის სადღეგძელოს მეტრიანი ყანწით დააყუდებენ და მერე, უბნელი დედაკაცებით შეშინებულები გარბიან არჩევნებზე. ღმერთის და სამების სადღეგრძელოთი ამთავრებენ სუფრას და შემდეგ სუფრამდე აღარც ახსოვთ უფალი.

6. ”ღვინოს სვამენ და პურს სჭამენ, სიმღერას არ იტყვიანო” – რა საკადრებელია! ჩვენთან ძნელი საპოვნელი არ არიან უნივერსალური მუსიკოსები (დამკვრელები), რომლებსაც, ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ ”კოკო-ჯამბოსა” და ”ბაღნარია ბაღდათი”-ს შესრულება, მათ პლეილისტში ნახავთ ჯეკსონის, ბარი უაითის,წურწუმიას, კაკულიას და აშ და აშ და აშ სიმღერებს! ეს უდაოდ მათ მულტინიჭიერებაზე მიუთითებს!

7. და ო, როგორ არ გიყვარდეს ტრადიციული, ნამდვილი ქართველი თამადა, ოდნავ ფერხორციანი, დიდი ან მეტნაკლებად დიდი ღიპით, იღლიებამდე დაკაპიწებული პერანგით, ბანჯგვლიანი გულმკერდით და ხშირი სმისგან წამოწითლებული, დაბიჟვინებული სახით – ოფლიანი იღლიებით, გრძელი და ყვითელი ფრჩხილით ნეკა თითზე, მიკროფონის ჭერისას რო გარეთ გამოფშეკს.

მის სტიქიაში გადავარდნილი, ის ცხვირსახოცს წამდაუწუმ ისვამს სახეზე, ლიტრობით ოფლის ასაშრობად, მიკროფონი ლამის ხახაში აქვს გამცობილი და ლოგიკურია, რო მისი ხახის ოხშივარი ასდის! :) არავინ და არაფერი ავიწყდება თამადას, ყველას დალოცვა უნდა მოასწროს, ამიტომაა ყურს რო უყრუებს თხოვნებს – იქნებ ერთი-ორი სიტყვა ჩვენც გვათქმევინოთო ან ცოტა ხანი შეისვენოთო, გვაცეკვეთო, გვამღერეთო..
პატარა დიქტატორული სახელმწიფოს მოდელია ქართული სუფრა: თამადა, ვიცე თამადები, მათ ყველა უსმენს, მათ ნათქვამს ყველა იმეორებს, ისინი თუ სასმისს აწევენ – დანარჩენებმაც იგივე უნდა გააკეთონ, ფეხზე დგებიან? – ადგებიან სხვებიც. არავითარი საუბარი სუფრაში, პატივი ეცით და დაემორჩილეთ თამადას (თამადაა თუ თამარა, ბოლოს და ბოლოს!). ყველამ დალიოს, ყველამ დაცალოს, ამა აჩვენეთ ბოლო წვეთი როგორ ვარდება ჭიქიდან (ასე მტერი დაგეცალოთ! კი ბატონო..).
– საპირფარეშოში არ გახვიდეთ, მერე რა თუ შარდის ბუშტი გისკდება! ჩაიფსი, მაგრამ არ გახვიდე, იმიტომ, რომ ნამდვილი ვაჟკაცები ტუალეტში მხოლოდ ორჯერ მიდიან – ქეიფის დასაწყისში და ქეიფის ბოლოს! რა გარანტიაა რო მარტო მოფსამ? იქნებ გულიც აირიო და სუფრას სუ ცინცხალი დაუბრუნდე! აი, ეგ კი არ გაგივა! ამიტომაც, იჯექი და ითმინე!
– რაო, დალევა არ შეგიძლია? რატომ არ შეგიძლია? ღვიძლი გაწუხებს? კაი კაცო, ამ ერთხელ გეტკინოს, დიდი ამბავი, ყველა სიკვდილის შვილები ვართ მაინც, უარი არ მითხრა, მეწყინება იცოდე… გული გაწუხებს? – ჰეჰეჰ, გული ვის არ აწუხებს საქართველოში, ჩვენს ძმობაში უარი არ გავიგო!
არა, მაინც საინტერესოა (მე მაგალითად გულწრფელად ძალიან, ძალიან მაინტერესებს) – საიდან იღებს სადავეს ეს ქართულ-სუფრული სადო-მაზოხიზმი, ადამიანს აიძულო დალიოს, ან დალიოს ბოლომდე, დალიოს ყველა ჭიქა, დალიოს განსხვავებული, დალიოს ”ჯარიმა”.. და ისიც სვამს!
8. და ბოლოს – ჩვენი საყვარელი, უცნაური განსხვავებული სასმისები – ბოკალი, დიდი ბოკალი, ფიალა, დიდი ფიალა, ყანწი, დიდი ყანწი, ძალიან დიდი ყანწი, ჭინჭილა, დიდი ჭინჭილა, ლაფის შუშა, თოფის ლულა, საკუთარი ან სხვისი ფეხსაცმელი, კრამიტი, სამშენებლო ბლოკი (http://www.youtube.com/watch?v=6IXKMBlllw8) და აშ (უსაზღვროა ქართველების ფანტაზია!)…

ის, ვინც არ სვამს – კვერცხია!.. ქათამია!.. ეგ რა კაცია?.. ბარემ ჩაკუზულმა მოფსას!!!

არადა, მე ვიცი, ღრმად მწამს, საქართველოში ეს არ მოხდება, საქართველო ვაჟკაცების ქვეყანაა, ამიტომ ყველა სასმისი (ბლოკი, კრამიტი, ფეხსაცმელი, ლაფა..) ბოლომდე დაიცლება, ყველა ღვიძლი დაიშლება, ყველა გული გასკდება (”თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს”.. ლ.ა).. და ყველა ქელეხზე იტყვიან, რომ გული შესტკივათ, იმიტომ რომ ნამდვილი ვაჟკაცი, ყველათვის საყვარელი და სათაყვანებელი, სამაგალითო ადამიანი დააკლდა ქვეყანას..

ღმერთმა აცხონოს!

P.S. არა, მაინც კაია, რომ ამ დონემდეც არ ვართ ჯერ! :))))))))))

P.P.S. ეს კი სწორედ ის ინტერვიუა გიორგი მაისურაძესთან, რომელზეც თავში მქონდა საუბარი.

დღეს, სალონში, როცა ჩემს ფრჩხილებზე უღმერთოდ დაკრულ ნუნებთან ბრძოლაში რვაპიროფლგადასული ”მანიკურშა” ოფლის მეცხრე პირს იწმენდდა, ვიღაცამ მობილურზე დაურეკა.. -”დიახ მამაო.. ახლა კლინეტი მყავს, ერთ საათში მობრძანდით”-ო, თქვა მანიკურშამ, მერე ადმინისტრატორს გასძახა – მამა ესა და ეს მოვაო. ადმინისტრატორმაც ჩაინიშნა ალბათ, იმ თავის სქელ, გაქუცულ რვეულში.
ვიფიქრე, თმებს თუ იკრეჭს-მეთქი (სხვა რა საქმე უნდა ჰქონდეს მამაოს სალონში!). მამაოებს ხო, როგორც წესი გრძელი თმები აქვთ. რატომღაც, არასდროს მიფიქრია, რო სალონში დადიოდნენ თმის შესაკრეჭად. ერთხელაც არ მინახავს მამაო სალონის სავარძელში და ალბათ ამიტომ. ჰოდა – რა სულელი ვარ-მეთქი, ჩემს თავზე გამეცინა.
მანიკურშამ, ეტყობა ჩემთან თავის მოწონება გადაწყვიტა (უყვარს ისე, ამ ჩემს მანიკურშას თავის ქება) და – ეს მამაო წლებია ჩემი კლიენტიაო, მითხრა. ცოტა კი გამიკვირდა – როგორ, მანიკურს იკეთებს-მეთქი? – ჩავეკითხე.
– მანიკურს და პედიკურს ერთადო – მომიგო.
– პედიკურსაც-მეთქი? – უფრო-უფრო გამიკვირდა მე.
– ჰო, ფრჩხილის ჩაბრუნება აქვსო.
”აა”- მეთქი, და ვცადე წარმომედგინა მამაო პედიკურის იმ სკამზე (თუ როგორ დავარქვა!), ცოტა ხნის წინ მე რომ ვიჯექი. კაბას აიკეცავს (ალბათ. მოუწევს), შარვლის ტოტებს დაიკაპიწებს.. ეს ქალი დაბლა იქნება (როგორც ყოველთვის) მის (მოხარშულივით) თეთრ, ორთქლიან ფეხს დაიჭერს და ფრჩხილებს წკაპა-წკუპით დააჭრის, მერე ქუსლებს დაუხეხავს.. თუ რა ვიცი.. წარმოუდგენელი ან კი რა იყო.
– მანიკურს რაღატო იკეთებს-მეთქი, ვკითხე.
– ყველა ხელებზე კოცნის და მოწესრიგებული არ უნდა ჰქონდესო?!
ჰო, ასეა. მართალია ეს ქალი – როცა ხელს კოცნი, ყოველთვის ჯობია მანიკურიანს აკოცო, ვიდრე უმანიკუროს! წყალი არ გაუვა!
ნეტავი როგორ გამოიყურება-მეთქი, ეს მამაო, ვიფიქრე და ინტერნეტში, კარგა ხნის წინ შემთხვევით ნანახი ერთი რუსი მამაოს ფოტო გამახსენდა, რომელიც გავდა სიტყვას ”გავძეხი”.
ჰოდა, სწორედ ამ დროს, ისე მოხდა, რომ ეს მამაო დაბარებულზე ადრე მოვიდა!.. ოთახში შემოიხედა და ღიმილით მოვესალმა – არა, არანაირად არ გავდა იმ რუს მამაოს, არც სიტყვას ”გავძეხი”!… ერთი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მამაო იყო, შავკაბიანი, გრძელთმიანი, ტანდაბალი და ჭაღარა.
სერიზულად დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ჩემი ზოგიერთი წარმოდგენისა და ღირებულებების გადაფასების და გაახლების, სტერეოტიპების მსხვრევის დროა! ეტყობა სერიოზული ჩამორჩენა მაქვს ამ მხრივ (just press refresh button!)!
მერე დავიწყე ფიქრი იმაზეც, საერთოდ ღირს თუ არა ჩემი წარმოდგენების და ღირებულებების გაახლება.. და სტერეოტიპების დამსხვრევა.
და სერთოდ, როგორი ტიპები არიან ეს სტერეოტიპები?!
გამახსენდა, გერმანიაში რომ დამპატიჟეს წვეულებაზე, რომელსაც პატარა ქალაქის პასტორი მართავდა – თავის მეგობარ ქალთან ერთად. ძალიან კი გამაოცა ამ ამბავმა, თუმცა არ შევიმჩნიე (თავმომწონე ქართველი, რომელსაც არაფერი აოცებს!). წვეულება მეგობრულ წრეში გაიმართა და ყველა თავისი წილი საჭმლით ხელდამშვენებული წარსდგა მასპინძელთან (მახსოვს, მაშინ ამანაც გამაოცა). პასტორი, რომელსაც მისი წოდებისთვის სავსებით შესაბამისი სახელი – გოთფრიდი ერქვა (The boy’s name Gottfried is a variant of Godfrey (Old German) and Jeffrey (Old German), and the meaning of Gottfried is “God-peace”) მშვენივრად უკრავდა პიანინოზე, წრუპავდა ვისკის და ცეკვავდა როკ’ნ’როლს. ჯინსებზე ეცვა ცისფერი, კუბოკრული პერანგი და საერთოდ, საერთოდ არ გავდა სასულიერო პირს!
გვიან, როდესაც სხვა სტუმრებივით, მეც საძილე ტომარაში გამოვეხვიე და იატაკზე დავწექი მანსარდაში, დიდხანს ვფიქრობდი, რატომ და რითი განსხვავდებოდა ეს პასტორი ჩვენებური მამაოსგან და სულაც, კარგი იყო თუ არა, რომ განსხვავბდებოდა..
ბოლოს, სიამოვნებით დავასკვენი, რომ მარტივი და ლოგიკურია – თუ ადამიანი სასულიერო ცხოვრებას ირჩევს, მისი ცხოვრება უნდა განსხვავდებოდეს კიდეც საეროსგან, და ესე იგი, ჩვენი მამაოები ნაღდად სწორად იქცევიან, რომ მეგობარი ქალები არ ჰყავთ, კუბოკრული პერანგებით არ დადიან და ასეთ წვეულებებს არ მართავენ-მეთქი.
მაშინ 19 წლის ვიყავი.
მაშინ უფრო ადვილი იყო დასკვნების გაკეთება.
ახლა ცოტა ვიჭედები.


ჰო, ის ვიცი, რომ არ უნდა განიკითხო და არ განიკითხები…

დილით 6:30-ზე გავიღვიძე. სპორტულები ჩავიცვი და სარბენად გავედი. ქუჩაში ჰაერი ლამის ისეთი სუფთაა, როგორც მაღალმთიან კურორტებზე. ეზოში გასულს წინ ციყვებმა გადამირბინეს. მტრედები დინჯი ღუღუნით დადიან ასფალტზე და არ მიფრთხიან. ქალაქების გამწვანების სამსახურებმა იმდენი ქნეს, სანამ ქვეყანა ჯუნგლებს არ დაამსგავსეს. ამ ჯუნგლებში თუხთუხით დადიან უზარმაზარ ჩოთქიანი მანქანები და ქუჩებს გვიან. ქალაქიც ნელ-ნელა იღვიძებს.
შინ დაბრუნებულს ეზოც დასუფთავებული მხვდება. თუმცა, რა იყო დასასუფთავებელი, ფეხშიშველს რომ გაგევლო, მტვერსაც ვერ აიკრავდი.
წყალი გადავივლე და ბავშვები გავაღვიძე. დინჯად და უხმაუროდ ემზადებიან – ვისაუზმეთ, ფორთოხლის წვენი დავლიეთ და ბუტერბროდები მივირთვით. უფროსი 9:30-ზე გავიდა, ხუთ წუთში მისი სკოლის ავტობუსიც ჩამოივლის. მითხრა, რომ სკოლის შემდეგ ბიონერთა კლუბში წავიდოდა. უმცროსი ბაღში მიმყავს. თოჯინას მოათრევს და მხიარული ჭყლოპინით მიყვება რა უნდა ითამაშონ დღეს, რა ზღაპარი წაუკითხეს გუშინ და რა აჩვენა მასწავლებელმა ზოოპარკში.
იქვე, ავტოსადგომზე მივდივართ და მანქანაში ვსხდებით. მას თავის უსაფრთხოების სკამში ვსვამ, მე ღვდს ვიკრავ და მივდივართ. მის ჯგუფში სულ ათი ბავშვია. ეზო სავსეა ათასნაირი გასართობით. შენობა სუფთა და ნათელია. შესასვლელში გემრიელი საუზმის სურნელი ტრიალებს. ის ბაღის მასწავლებელს ეხვევა და ვერ ამჩნევს რომ მოვდივარ.
ისევ მანქანაში მჯდები და ამჯერად სამსახურისკენ მივდივარ. რადიოს ვრთავ და საინფორმაციო გამოშვებას ვისმენ: საქართველოში წუხელ მერვემილიონე მოქალაქე დაბადებულა, რომელიც ქალაქის მერმა 800 000 ლარით დააჯილდოვა, და საერთოდ, შობადობა წინა წლების მაჩვენებელთან შედარებით სამჯერ გაიზარდაო, აცხადებს წამყვანი (ამის მიზეზი ისიც შეიძლება იყოს, რომ ყოველ ახალშობილს ანგარიშზე სახელმწიფო 10 000 ლარს ურიცხავს). შეერთებული შტატებისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ჯერ კიდევ მიდისო მოლაპარაკება ნასას შტაბის სამაჩაბლოს ტერიტორიაზე გადმოტანის შესახებ, აფხაზეთში სამი ახალი სასტუმრო გაიხსნაო, რასაც ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებოდნენ, ისინი ოჯახებით იმყოფებოდნენ საქართველოში და აპირებენ დასასვენებლად ათი დღით დარჩენასო.
სხვა ტალღაზე გადავრთე. რომელიღაც პოლიტიკოსი საუბრობდა საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესების გამკაცრებაზე, რადგან ძალიან დიდი იყო როგორც ევროპიდან ასევე აზიიდან ბოლო წლებში მიგრაცია. ეკონომიკის ბოლო დროინდელმა სწრაფმა განვითარებამ, სოციალური პირობების უპრეცედენტო გაუმჯობესებამ, მაღალმა ხელფასებმა, რბილმა სამუშაო კანონმდებლობამ საქართველო საცხოვრებლად და სამუშაოდ სასურველ ქვეყნად აქცია – აცხადებდა ინტერვიუერი. საქართველოში დაბრუნებლმა ქართველმა ემიგრანტებმა უკვე შეადგინეს სამ მილიონზე მეტი, მათ შორის იყვნენ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტებიც. ისინი ბრუნდებოდნენ მშობლიურ ქალაქებში და მუშაობას იწყებდნენ ინსტიტუტებში, სკოლებში, ბიზნეს-სექტორში და ა.შ.. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათი სრული უმრავლესობა საერთოდ აღარ გეგმავდა სამშობლოს დატოვებას (მხოლოდ ტურისტული მიზნით).
გადაცემაში ჟურნალისტი ჩაერთო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ახალი ამბავი აღარაა, რომ ქართული უნივერიტეტები უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ მთელ მსოფლიოში. იქ იმდენივე უცხოელ სტუდენტს ნახავთ, რამდენსაც ქართველს. ჟურნალისტი შვეიცარიელ სტუდენტს გაესაუბრა – ის ამბობდა, რომ სიგიჟემდე მოსწონდა ბათუმი, რომ ბედნიერი იყო, მიუხედავად მაღალი გადასახადებისა, შესძლო და მოხვდა ამ უნივერსიტეტში. ფიზიკოსობას აპირებდა და არ გამორიცხავდა, სამომავლოდ სულაც საქართველოში დარჩენილიყო. დაახლოებით იგივე თქვა კიდევ ორმა სტუდენტმა, ინგლისელმა და ავსტრალიელმა.
წითელზე შევჩერდი (საცობები იშვიათობა გახდა, რაც ადამიანები სოფლებს დაუბრუნდნენ და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაღალი კლასის, პუნქტუალობის და სიიაფის გამო, ძალიან ბერვმა უარიც თქვა პირადი ავტომანქანის ყოლაზე) და მანქანებს დავაკვირდი. გამახსენდა ჩვენი სამსახურის მიერ ჩატარებული ორი წლისწინანდელი კვლევები – საქართველოს მძღოლების 87%-ს ჩვევაში ჰქონდა გადასული მანქანში ჩაჯდომისას ღვედის შეკვრა, 12 % ჯერაც არ თვლიდა საჭიროდ ამის გაკეთებას, მაგრამ ჯარიმის შიშით მაინც ეკვრებოდა. ხოლო დარჩენილ 1 %-ს 60 წელს მიტანებული მამაკაცები შედგაენდნენ, რომლებსაც კუზიანივით სამარეც ვერ გაასწორებდათ. დაახლოებით იგივე შედეგები იყო ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის შესახებ კვლევისას – ან, რაღა კლვევა უნდოდა, ბოლო წლებში ავტოსაგზაო შემტვევებმა პრაქტიკუალდ ერთეულბი შეადგინა და მ მიზეზით სიკვდილიანობა 90%ით შემცირდა. სამაგიეროდ ძალიან გაიზარდა ველოსიპედებით და მოპედებით მოსიარულეთა რიცხვი. სპეციალურად მათთვის სამანქანო გზებს ვიწრო ბილიკი დაემატა. ველოსიპედის ქონა დიდი პლიუსი გახდა განსაკუთრებით მას მერე, რაც ქალაქების ძველი და კოლორიტული უბნების უმეტესობა მანქანებისთვის მიუწვდომელი გახდა. იმათთვის, ვინც მრავალრიცხოვან მაღაძიებში შოპინგს აპირებს, ველოსიპედი პირდაპირ მისწრება არის.
კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ჩვენმა ფირმამ უნივერსიტეტებში ჩაატარა – გვინდოდა სტუდენტებში გასული წლის ყველაზე პოპულარული ათი პროფესია შეგვერჩია – ამ სიაში პირველი იყო მასწავლებელი, შემდეგ მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ექიმი, იურისტი და ა.შ.
საპენსიო ასაკად 55 წელი გამოცხდადდა და სავალდებულო გახდა. თავიდან ეგონათ ეს გაუგებრობას გამოიწვევდა, თუმცა ქართველმა პენსიონერებმა მსოფლიო პენსიონერულ მარშს ფეხი მალევე აუწყვეს და ტურისტულმა სააგენტოებმა ერთხმად აღიარეს, რომ მათი მსოფლიოს ირგვლივ კრუიზების გაყიდვების 90%-ს სწორედ პენსიონერ წყვილებზე მოდიოდა.
ნამდვილად უცნაური ტენდენცია იყო, ქვეყანაში სოკოებივით ჩნდებოდნენ მსოფლიო დონის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები. რას იკვლევდნენ ვერ გეტყვით, თუმცა დიდ მონდომებას კი აქსოვდნენ. პრინციპში, სიახლე არ იყო, რომ საქართველო დიდი ხანია იმპორტს აღარ საჭიროებდა, განსაკუთრებით დიდი არის მოთხონა ეკოლოგიურად სუფთა , ანუ ბიო-პროდუქციაზე. ქართულმა შოკოლადმა და ყველმა ისეთ პოპულარობა მოიპოვა, რომ მას უკვე საქართველოს საზღვრებს გარეთაც ვაწარმოებდით (მაგალითად ჩინეთში). ქართული ღვინო და შამპანური ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გახლავთ მსოფლიო ბაზარზე.
იგივე შეიძლება ითქვას ქართულ კურორტებზე. უნდა ვაღიარო, რომ შარშან მარმარისიდან რომ დავბრუნდით, ვინანეთ კიდეც, რომ ჩვენს კურორტებზე არ შევაჩერეთ არჩევანი. განსხვავება თვალშისაცმელი იყო – მომსახურება ჩვენთან ჯობს, ფასებიც აქ უფრო დაბალია, სასტუმროები ხუთვარსკლავიანი. ეგაა, რომ ხშირად თვეებით ადრე უნდა გააკეთო ჯავშანი. უცხოელი დამსვენებლების ნაკადი ყოველთვიურად კი არა, ყოველდღიურად მატულობს.
სამსახურს მივუახლოვდი, მანქანა სპეციალურ სადგომზე დავაყენე. გაზეთების ჯიხურს ჩავუარე და თვალი მოვკარი სტატიას, რუსეთის შესახებ, რომელსაც დიდი ხანია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები უკლებლივ გამოეყვნენ და გადატრიალების შემდეგ, რაც ხალხმა მთავრობას მოუწყო, სიტუაცია ნელ-ნელა სტაბილური ხდებოდა. შევჩერდი და გაზეთი შევიძინე, მეორე სტატია, რამაც დამაინტერესა, ნარჩენების სეგრეგაციას და გადამუშავებას შეეხებოდა. სეგრეგაცია ახალი არ არის, რამოდენიმე წელია დამკვიდრდა საქართველოში, ვინც ძალიან ბუზღუნებდა ამ აბის გამო, ახლა ისინიც სიამოვნებით ახარისხებენ ნარჩენებს, მაგრამ სტატიაში ეწერა, რომ ქართველ მეცნიერებს ახლახანს, ნარჩენებისგან ავეჯის დამზადება დაუწყიათ. ფოტოც თან ერთვოდა. ერთი შეხედვით ვერავინ გეტყოდათ, რომ ეს ავეჯი რაიმეთი განსხვავებოდა სხვა, ჩვეულებრივი ავეჯისგან. სტატია სრულდებოდა ერთ-ერთი ქართველი მეცნიერის ფრაზით – რომ, სულ მალე, საქართველოშო ბოლო ღია ნაგავსაყრელიც დაიხურებოდა, რადგან ასი პროცენტით მოხდებოდა ნარჩენების ათვისება.
გაზეთი იღლიაში ამოვიჩარე და შენობაში შევედი. სამსახურში ჩვეული სამუშაო დღე იწყებოდა. ერთმანეთს ვესალმებოდით და ჩვენს მაგიდებს ვუსხდებოდით.

ახლა გადავიკითხე და მაგრა ვიხალისე. ძაან ბოდვაა. ბევრი ”გადასაკეთებელი” სფერო და პუნქტი გამომრჩა, ხო? ეეჰაა :) როგორც იტყვიან – ოცნებას კაცი არ მოუკლავს!

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ადამიანების სხეულის ნაწილები და მთლიანად სხეულებიც ხშირად განხილვის და მითქმა-მოთქმის საგანი გამხდარა (იყო, არის და იქნება! დღეს, სადღაც ვკითხულობდი, ანჯელინა ჯოლის ფეხებზე ბევრი ვარჯიშისგან კუნთები დაასხდაო!), მე ვერ ვიხსენებ ჯეი ლოს ტაკუნებზე უფრო გაპოპულარულებულ ორგანოს მსოფლიოს მაშტაბით!
ნუ, დიდი მოყვარული არ გახლავართ ყვითელი პრესის, არც ექსპერტი გახლავართ ვარსკვლავების ცხოვრებაში ქექვისა, ჰოდა, თუ მეშლება, ან ვერ ვიხსენებ რამეს, მზად ვარ შენიშვნებისთვისაც.
მახსოვს, ყველას, დიდსა და პატარას პირზე ეკერა ჯეი ლომ ტაკუნები მილიონ დოლარად დააზღვიაო. დღემდე ვერ მივმხვდარვარ, როგორი შეიძლება ყოფილიყო ჯეი ლოს ტაკუნების სადაზღვევო პაკეტი. რას გულისხმობდა – მოულოდნელად გაჩენილ ბუასილს? უცაბედად გამოჩეკილ ფურუნკულს? ბენ აფლეკის მოუზომავ ნაჩქმეტს? სტრინგისან გახეხილობას? თუ რას??
მოკლედ, ჯეი ლო კარგად მეყოლოს თავისი ტაკუნებიანა, მიშელ უელბეკს ვკითხულობდი ეს კვირა – ”ელემენტარული ნაწილაკები” და ”პლატფორმა”, მეტი ჯერ-ჯერობით ვერაფერი ვიშოვნე. ჰოდა, შეუძლებელია მისი ინტელექტუალური რომანების მთავარ პერსონაჟებსა და თვითონ მას შორის მსუყე პარალელი არ გაავლო, ძალიან ხშირად და ძალიან ბევრ რამეს, აშკარად თავის თავზე ყვება (რათქმაუნდა, არ ვგულისხმობ თავად ისტორიებს). ეს უდავოა! მეტი დამაჯერებლობისთვის შემიძლია გვერდებიც მივუთითო, მაგრამ, რა აზრი აქვს, ლამის მთელი წიგნის ამონიშვნა მომიწევს.
ჰოდა, ფაქტია, რომ ეს კაცი, ანუ უელბეკი, მისი რომანები და რაც მთავარია, მისი სირიც (!) დღესღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობენ! მიშელი, ბრუნო და კიდევ ვიღაცეები კი არა, მისი რომანების მთავარი პერსონაჟი სწორედაც მისი სირია! მილიონობით მკითხველმა იცის, როდის აქვს ერექცია, როგორი ფისუნები მოსწონს, როგორ ქალებზე უდგება (რაც შეიძლება ქორფები და დიდძუძუიანები) და როგორზე არა (შორს მისგან ცელულიტი და მოწელილი ჯიქანი), სად ანძრევს მას პატრონი და ვის უდებს!
მოკლედ, ასეთი პოპულარობა, ჩემი აზრით, მსოფლიოში ჯერ არც ერთ სირს არ ხვდომია წილად (მერე რა, რომ ამბობენ ანრი ტულუზ ლოტრეკს კაბარეს მოცეკვავეები გაგიჟებული ჰყავდა უზარმაზარი პენისით, ხოლო ჩაპლინს ოცდახუთსანტიმეტრიანი ჰქონდაო!)! მართალია, უელბეკი მისი სირუკას სიდიდით მთლად კმაყოფილიც არაა, მაგრამ, პოპულარობა, სახელი, მასების სიყვარული და შარავნდედი კი უდავოდ მოუხვეჭა! :)
ჰოდა, რაღა ჯეი ლოს ტაკო და რაღა უელბეკის სირი!

ხშირად გამიგონია ასეთი ფრაზა – ”გვეგონა მასწავლებელი არც სამელს ჭამდა და არც ტუალეტში დადიოდაო”. სხვისი არ ვიცი და, მე ასეთი აზრი არასდროს გამჩენია. მგონი იმიტომ, რომ ჩემი ოჯახის წევრები და ნათესავების უმეტესობა მასწავლებლები იყვნენ, ჰოდა, ვხედავდი როგორ ჭამდნენ, სვამდნენ და საპირფარეშოშიც არ უკადრისობდნენ შესვლას!

ბერნარდ ლივეხუდის ”ბავშვის განვითარების ფაზები” წელს, წიგნების გამოფენაზე ბევრი ფიქრის გარეშე შევიძინე. ერთი მარტივი მიზანი მამოძრავებდა – გავცნობოდი ბავშვის განვითარების ფაზებს. ჯერ ერთი, რომ ასეთი რამეები ისედაც მაინტერესებს, და მერე მეორეც, ორი შვილის დედა ვარ და არ იქნება ურიგო, ცოტა მეტი თუ მეცოდინება მათ განვითარებაზე.
მოკლედ, აღმოჩნდა, რომ წიგნი სულაც არაა მშრალი ანოტაცია, თუ როგორ ვითარდება ბავშვი, რომელი კბილის მერე რომელი ამოსდის, რამხელა მისი თავის გარშემოწერილობა, რა უნდა აჭამო ამა და ამ ასაკში და მისთ… წიგნი არის ზოგადად, ადამიანის – არა იმდენად ფიზიკურ, რამდენადაც ფსიქოლოგიურ და ზნეობრივ განვითარებაზე და ოჯახის, მშობლების და საზოგადოების როლზე ამ პროცესებში.. განსაკუთრებით კი მასწავლებელზე აკეთებს აქცენტს.
ჰოდა, ეს ყველაფერი რომ წავიკითხე, ნათლად დავინახე ჩემი მშობლების თუ მასწავლებლების მიერ ჩემი აღზრდისას დაშვებული ლაფსუსები! არადა, პროფესორ ლივეხუდს რომ ჰყავს აღწერილი, ისეთი მასწავლებელი ერთი მაინც რომ მყოლოდა, დარწმუნებული ვარ, გაცილებით უფრო უნარიანი და წარმატებული ვიქნებოდი ახლა. და ნამდვილად უცნაურია, რომ იმ მასწავლებლების ხელში, ვინც მყოლია (ყველაზე არ მაქვს საუბარი, რაღათქმაუნდა) – ასეთი როგორ გავიზარდე, როგორიც ვარ!

”მასწავლებელი არაა უბრალოდ ცნობისმოყვარე დამკვირვებელი, არამედ აქტიური პიროვნება და მისი მოღვაწეობის მიმართულება და შინაარსი განისაზღვრება მის მიერ დასახული მიზნით. ეს მიზანია ჰარმონიულ პიროვნებად ჩამოყალიბებული ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ერთის მხრივ განვითარებული აქვს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მეორეს მხრივ კი არის მშვენიერების, სიბრძნისა და კულტურის მატარებელი, რომელიც უნდა გადასცეს მომავალ თაობებს.” (ბ. ლივეხუდი – პროფესორი, ექიმი, პედაგოგი, ფსიქოლოგი)

აზრზე ხართ რამხელა მისია, როლი და გინდ პასუხისმგებლობა აკისრია მასწავლებელს? ეს რომ იცოდნენ და ისიგრძეგანებდნენ, 90% სტუდენტებისა, ვინც ახლა პედაგოგიურზე სწავლობს (მიუხედავად იმისა, წასასვლელი რომ არსად ჰქონდათ, იქ იმიტომაც მივიდნენ) – დაუყონებლივ აიკრეფდა გუდა-ნაბადს და საკლასო ოთახში შესვლაზე აღარც იოცნებებდა! არამარტო სტუდენტები – ბეევრი აწ უკვე ახალბედა თუ სტაჟიანი მასწავლებლებიც მიჰყვებოდათ უკან..

მოკლე ექსკურსი ჩემი მოსწავლეობის ხანაში დასკვნები თქვენზე იყოს.
მოკლედ,
ავიღოთ ვ.მ – ჩემი სამართლისა და ისტორიის მასწავლებელი. მაღალი, დონდლო ტიპი გეის მანერებით. გაკვეთილზე ეწეოდა სიგარეტს, რომლის მოსატანადაც როგორც წესი მოსწავლეს გზავნიდა უახლოეს მაღაზიაში. მისი გაკვეთილების დროს, მე და ჩემი მეგობარი ფანჯრიდან ვიპარებოდით სახაჭაპურეში, ვყიდულობდით ორ ფენოვანს, ერთ ბოთლ ლიმონათს, მივირთმევდით, ფანჯრიდანვე ვბრუნდებოდით გაკვეთილზე და ვიძინებდით. საკუთარ თავს გაპრანჭვის გარეშე უწოდებდა – საუკეთესო რეპეტოტორს და არ ვიცი ეს თვითრეკლამა ჭრიდა თუ რა იყო, ათობით აბიტურიენტი იჯდა ერთდროულად მასთან სახლში. მისთვის კლასი იყოფოდა სამ ნაწილად – შავტრაკა ბიჭები, თეთრტრაკა ბიჭები და ატეხილი გოგოები. მისი გაკვეთილები პირველი იყო ცხრილში, მეც მუდამჟამს ვაგვიანებდი. კარს შევაღებდი თუ არა – მოხვედი შე ატეხილო პეპელაო – მეტყოდა – დაეგდეო. ერთხელ იატაკის საწმენდი ჯოხით გამოგვეცხადა და ბიჭებს მისდგა – შატოია შავტრაკა, მოეშვი ტლიკინს, თორე თუ გაგიყარე ეს პოლისჯოხი ტრაკში, იმდენს ვუკაკუნებ, სანამ პირში არ ამოგივაო (ეს შავტრაკა უტაია ამჟამად მერიაში მუშაობს), ხვიჩაია თეთრტრაკა, (უცხუნა და უცხუნა ბეჭებზე) როგორ იყო, მეორე კლასში სასიძოდ რო მომეწონე და ასე მითხარი – არ მინდა შენი გოგოო! რა აქვს, შე მაიმუნო იმას შენი დასაწუნიო! თუ მოგკიდე ხელი ყვერებში, კამათელივით ვათამაშებო!
ერთხელაც, დასვენებაზე შემოიხედა და მე და ჩემი შეყვარებული დაგვინახა, მერხთან ვიჯექით და რაღაც შეყვარებულების ტესტს ვავსებდით რომელიღაც იმდროინდელ ჟურნალში – ”ვარსკვლავები” იყო თუ ”სარკე”.. მოკლედ, გაიღრიჭა – რა გვრიტებივით სხედხართო, ერთი შავი ხართ, მეორე თეთრი, მაგარი იქნება თქვენი ნაჯვარიო!
ჰოდა, ვ.მ-ზე ბევრი რომ არ გავაგრძელო, მისი შვილი დღესდღეობით მთავარ პროკურატურაში მუშაობს და ყოველ მეორე დღეს თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც ვხედავ ტელევიზიით, საკაიფოდ ლაქლაქებს, სერიოზული მასტია. თან სუ მამამისი მაგონდება!
მ.კვ.მ-მდე ისტორიას გვასწავლიდა. ახალი გადასული ვიყავი იმ სკოლაში, პირველ გაკვეთილზე შემოვიდა – უფორმო, მსუქანი, ღაჟღაჟა წითელი პომადით და გადმოქაჩული თვალებით. დაჯდა, ხელები და კოტიტა თითები დიიდი ძუძუებისქვეშ ამოილაგა, თავი უკან გადააგდო, თვალები უფრო დაქაჩა – ახლები ფეხზე ადექითო. ხუთნი ავდექით. – ტფუ, რას გავხართ, თქვე ჭაობში გაზრდილო ბაყაყებოო – მოგვახალა – დაეგდეთო.
გაკვეთილიც ისეთივე პოზიტიური ჰქონდა, როგორიც თვითონ იყო. მოკლედ, განცხადება დავწერეთ და დირექტორს მისი შეცვლა მოვთხოვეთ. მართალია, დირექტორი რომ მოვიდადა იკითხა – ვის არ მოგწონთო, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მე და ჩემი მეგობარი ვიდექით ფეხზე, მაგრამ, შეცვლით მაინც შეცვალეს – ვაის გაგვყარეს და ვუის კი შეგვყარეს!
გ.? (გვარი არ მახსოვს) ქიმიის მასწავლებელი, ანუ – ”H1O NO3 – გიულია ცხენოსანი!” – ცოტა წაიელმებდა, ჰოდა, ვერ ვხვდებოდი როცა ლაპარაკობდა, მე მიყურებდა თუ ვინმე სხვას. ამიტომაც, ვცდილობდი სულ პირში მეცქირა, რაც მაინდამაინ სასიამოვნო არ იყო! როცა ძალიან გაუხურეს ჩემი კლასის ბიჭებმა, აქაოდა, თქვენ მე ვინ გგონივართო, მთელი გაკვეთილები იმას ყვებოდა, რომ ახალგაზრდობაში განაბი იყო, ქურდობა უნდოდა, ცუდ ბიჭებს ძუყნიდა და მისთ… მოკლედ, გაკვეთილს ეს ნაკლებად ეხებოდა.
მ.ძ – ფიზკულტურის მასწავლებელი – ბებერი, ბოროტი ძუკნა (ღმერთმა აცხონოს) – ფურთხით ნაკეთებს გვეძახდა ყველას.
მ.ფ – ქართულის მასწავლებელი – დაბალი, ძვალტყავა, ჩაცვენილი თვალებით – ვერ იტანდა განსხვავებულ აზრს, უყვარდა ჩვენი ზუბრიაჩკა, ოფლისუნიანი კლასელი, რომელმაც წერტილ-მძიმიანა იცოდა ”გარჩევის” წიგნიდან ტექსტები. ნიშანი დამაკლო საგამოცდო ესსეში, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ, ჩათვალა – ”ეს უფრო საგაზეთო სტატია იყო, ვიდრე საგამოცდო ნაშრომი”.
ლ.რ – ინგლისურის მასწავლებელი – სლავური აღნაგობითა და ფიზიონომიით, არც ერთი კბილით პირის ღრუში. უყვარდა ტელესრიალები და გაკვეთილებს უთმობდა ამა თუ იმ გმირის განხილვასა და კრიტიკას.
ნ.ჟ – ჩვენი დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი – შინაბერა სქელჩარჩოიანი სათვალით, რომელიც გოტივით ისვამდა თვალების ირგვლივ შავ ”წენებს” და ბრდღვიალა ვარდისფერი პომადა მუდამ ნიკაპიდან ცხვირამდე ეცხო. გაქანებული ზვიადისტი და შესაბამისად, რომანტიკოსი.. ისე, გულით კი ვუყვარდით, ამიტომაც იყო, ახალ მასალას ხო თავისთავად თვითონ გვიხსნიდა, ძველსაც თვითონ ყვებოდა, განტოლებებსა და ამოცანებსაც თვითონვე ხსნიდა.. ჰოდა, ალბათ ამის ბრალია, ახლა გამრავლების ტაბულასაც რომ ვერ ვიხსენებ ჩემდა სამარცხვინოდ. თუმცაღა, ვაღიარებ, მთელი მონდომებით ცდილობდა ჩვენგან კარგი მოქალაქეები გაეზარდა – დავყავდით ტაძრებში, დაგვქონდა დროშები, გვიკითხავდა მხატვრულ ლიტერატურას და გვპატიობდა ყველაფერს, თუმცაღა, მანამდე სათვალეს მოიგლეჯდა და კედელს შეანარცხებდა ისე, რომ მეორე დღეს იზოლენტიანი ჩარჩოს ტარება უხდებოდა.
ისე არ გამომივიდეს, იფიქროთ, თითქოს სუ გიჟები მასწავლიდნენ. მთლად ასეც არ იყო.
მყავდა ბევრი კარგი მასწაველებლიც – მ. გორდაძე – დაწყებით კლასებში გვასწავლიდა, დღემდე ძალიან მიყვარს ეს ქალი, ჯ. დარჩია – ქართულის მასწავლებელი, რომელიც არასდროს მზღუდავდა ჩარჩოებით მუშაობის დროს, ვ. ნიქაბაძე – მკაცრი მათემატიკის მასწავლებელი, რომლის დროსაც ახალი გაკვეთილიც ამიხსნია კლასისთვის, ნ. თევდორაძე – ქართულის მასწავლებელი, რომლის გაკვეთილზე ყველაზე ხმაურიანებიც ისხდნენ და ყურადღებით ისმენდნენ და ა.შ..
როგორც პროფესორი ლივეხუდი ამტკიცებს, ადამიანს თუ სურს მასწავლებლობა, მას აუცილებლად პედაგოგიური ნიჭი უნდა ჰქონდეს. ”მასწავლებლები ჩვენი ხვალინდელი დღე არიან. ამიტომ, შესაძლებელი უნდა იყოს საზოგადოების საუკეთესო ნაწილის მოზიდვა ამ ამოცანის შესასრულებლად”.
ჰაი, ჰაიი – საუკეთესო ნაწილიო – და არა ის ლუზერები, ვინც სხვაგან არსად მიიღესო (ხაზს ვუსვამ, რომ აქ ყველას არ ვგულისხმობ)!
პრინციპში, რომ დაფიქრდე, მართლა არ არის მასწავლებლობაზე უფრო საპასუხისმგებლო და საპატიო პროფესია. იმიტომ, რომ ვერავინ გახდები სწავლის გარეშე. კარგ მასწავლებელზე უფრო კარგად ვინ გასწავლის?!
და ჩვენთან როგორი მდგომარეობაა? მტრისასსს
მმდას.. ამაზეა ზუსტად საუბარი.
ჰო, რაც შეეხება იმას, უნდა დადიოდნენ თუ არა მასწავლებლები საპირფარეშოში, ლივეხუდს ამაზე ნამდვილად არაფერი ეწერა. ალბათ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ საქართველოში მასწავლებლები მოსწავლეებს თავს ანგელოზებად ან ქიმერებად აჩვენებენ!

ყველა კულტურულ პერიოდს საკუთარი პედგოგიური იდეალი ჰქონია. მაგალითად,
ბერძნებისთვის ამგვარი იედალი ყოფილა გიმნასტი! არა – დაკუნთული კაცი, არამედ, ფიზიკურ-სულიერად ჰარმონიულად განვითარებული ადამიანი, რომლის სხეული სულის ინსტრუმენტი უნდა ყოფილიყო. ბერძნული აღზრდა-განათლება მიმდინარეობდა პალესტრაში, ტანვარჯიშის საშუალებით და ასევე ორკესტრაში, აცეკვაო ადგილებში, სადაც ბერძენი ახალგაზრდები მუსიკის თანხლებით ასრულებდნენ რიტმულ ცეკვებს და სწავლობდნენ გარკვეული სულიერი ღირებულებების ჟესტებით გამოხატვას.

რომაელების იდეალი აღზრდისას ყოფილა – რიტორი! რიტორიკის ოსტატი, ადამიანი, ვისაც შეეძლო სხვათა დარწმუნება საკუთარი არგუმენტებით და ამ გზით, სახელმწიფოს მართვაში დახმარების გაწევა. რომაული იდეალი, პრაქტიკული, პოლიტიკური ბუნებისა იყო, სახელმწიფო კი მოქალაქეთა უმნიშვნელოვანესი შემოქმედება გახლდათ.

გვიანი შუასაუკუნეებიდან დღემდე იდეალი არის პროფესორი! ადამიანი, ვინც ბევრის მცოდნეა, რახან ცოდნაა ძალაა!

XIX საუკუნის განმავლობაში, აღიარეს რა ევოლუციის დარვინისეული თეორია, მისი წყალობით ადამიანების იდეალი გახდა ჯარისკაცი! ადამიანი, რომელიც ყველაზე უფრო უნარიანია მძიმე პირობებისადმი ადაპტირებისა, რადგან, საბოლოოდ ”ყველაზე შეგუებული გადარჩება”.

მოგვიანებით, ინდუსტრიალიზაციის შედეგად გაჩნდა სპეციალისტის იდეალი. ჰოდა, განათლება ემსახურება ისეთი პიროვნების აღზრდას, რომელიც ფაქტობრივად, რთული ეკონომიკური მექანიზმის ჭანჭიკი ხდება.

ინდვიდის შესახებ ამ მატერიალისტური შეხედულების შედეგია რაც შეიძლება მეტი ცოდნის დაგროვება. არა იმიტომ, რომ ცოდნას სიბრძნისკენ მივყავართ, არამედ, იმიტომ, რომ ცოდნა ძალაუფლებასთან ასოცირდება.

ეს ყველაფერი ამოვიკითხე პროფესორ ბერნარდ ლივენხუდის ნაშრომში ”ბავშვის განვითარების ფაზები”, სადაც ამ ჩამონათვალის ბოლოს ლამის მწუხარებით აღნიშნავს, რომ დღესდღეობით არავითარ, ან ძალზე მცირედ როლს თამაშობსო ჰარმონიული პიროვნების იდეალი, რომელიც, ერთის მხრივ, ივითარებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, მეორეს მხრივ კი ხდება მშვენიერების, სიბრძნის და კულტურის მატარებელი.

მე ვუერთდები ლივენხუდის მწუხარებას, თუ მოსაზრებას…
და როგორია თქვენი იდეალი?

გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 453 other followers

%d bloggers like this: