Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘ჭკუისკოლოფობა’ Category

რომელია შენი საყვარელი ფერი? რომელი ფერი გამშვიდებს და გახალისებს? ლურჯი, მწვანე, იქნებ წითელი?

წარმოიდგინე რომ ყველა და ყველაფერი მხოლოდ იმ ფერისა იყოს, რომელიც ასე მოგწონს. წითელი პური, წითელი კარაქი, წითელი ფისო, წითელი ყავა, წითელ გზაზე წითელ ავტომობილს წითელი ქალი მიაქროლებს, წითელი ბავშვები წითელ სკევრში დარბიან და წითელ ნაყინს მიირთმევენ, წითელი ბებო წითელ წინდას ქსოვს..

რომელია თქვენი საყვარელი ხილი? – ნესვი? ან იქნებ მარწყვი? იქნებ გარგარი?

წარმოიდგინეთ, რომ ყველა ხე, რაც კი დედამიწაზე ხარობს მხოლოდ გარგარს ისხამს. წარმოიდგინეთ მშვენიერი შემოდგომა სოფელში, გლეხები ვენახში გარგარს კრეფენ და გოდრებით სატვირთო მანქანებში ყრიან. ხეებზე ღუის გარგარი და ისევ გარგარი.. გარგრის ჯემი, გარგრის მურაბა, გარგრის ნაყენი, გარგრის ჩირი, ჩემო გარგარო, ჩემო გარგარტუჩება, ჩემო თვალებგარგარა და აშ

და რომელია თქვენი საყვარელი მსახიობი ქალი? მონიკა ბელუჩი, იქნებ ანჯელინა ჯოლი, იქნებ იუნონა რაიდერი..

წარმოიდგინე რომ ყველა ქალი იუნონა რაიდერია.. დედაშენი იუნონაა, შენი და, შენი მამიდაშვილებიც კი იუნონები არიან, ის გოგოც, შენს წინა კორპუსში რომ ცხოვრობს და ფანჯრიდან უთვაალთვალებ, იუნონას გავს.. შენი ლექტორი, დამლაგებელი ქალი, უბრალოდ გამვლელი და გამომვლელი, ყველა ქალი იუნონაა..

რომელია შენი საყვარელი ქვეყანა? იტალია? მექსიკა? საქართველო?

წარმოიდგინე, რომ სამოგზაუროდ მიდიხარ, იფრინე შვიდი საათი, თბილისიდან ჩაფრიდნი თბილისის აეროპორტში, გადაჯექი მეორე თვითმფრინავში და კიდევ რამოდენიმე საათი იფრინე.. და ისევ. ტბილისში ჩაფრინდი, ან ქუთაისში, ან ლანჩხუთში.. არ არის პირამიდები, არ არის ეიფელის კოშკი, არ არის მაჩუ პიკჩუ, არ არის ტაჯ მაჰალი.. არის მარტო ქართლის დედა, სათაფლია, გელათი, ვარძია და მოკლედ რაც არის..

გავაგრძელო? შორს წაგვიყვანს ეს აბსურდი.

იმის თქმა მინდოდა, რომ მშვენიერია ადამიანის თვალი, ამდენ ფერს რომ აღიქვამს,  წითლად მზის ჩასვლას, იისფრად ამოსვლას, ქათქათა თოვლს, მწვანე მინდორს, ჭრელ მინდვრის ყვავილებს.. მშვენიერია ადამიანის სახე, ზოგი მრგვალი, ზოგი ოვალური, ზოგი თეტრი, ზოგი ხორბლისფერი, ზოგიც შოკოლადისფერი, თხელტუჩება, სქელტუჩება, ცისფერ და თაფლისფერთვალებიანი… თავად ადამიანები, მაღლები, დაბლები, თხელები, სქელები, ნაირ-ნაირები.. უყურებ დდა ეძებ შენს საყვარელს და რომელიც შენი საყვარელია, ყველაზე ლამაზიც ის ხდება.. და ალბათ სიტყვა “ლამაზიც”არ იარსებებდა, რომ არა ყველაფერი განსხვავებული და არაერთნაირი..

განსხვავებული ტრადიციები, ლანდშაფტი, კულტურა, ისტორია, ცივილიზაციები, ადამიანები, გემოვნება, წარმოდგენები, კონფესიები, რიტუალები,  შეხედულებები… სწორდ განსხვავებულობა, მრავალფეროვნება და არაიდენტურობა არის ის, რის გამოც სიცოცხლე ღირს და მშვენიერია.

ამიტომ, უბრალოდ იდიოტიზმი და სიბრიყვეა, გინდოდეს ყველაფრის გაერთფეროვნება,  ყველაფერი განსხვავებულის უარყოფა, განდევნა, მოკვეთა, ძაგება და გინება.

ფაშისტური ხორცის საკეპი მანქანა, რომელიც ჩემს ირგვლივ ადამიანებს ნთქავს, ისრუტავს და ერთ უსახო, უღიმღამო და უსიხარულო მასად აქცევს, ძალიან მაშინებს.

სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა.

Read Full Post »

დღეს სტუმრად მიგვიწვიეს.
ასე 2 საათისთვის უკვე ვიყავით იმ ქუჩაზე და იმ კორპუსში, სადაც გვითხრეს მოდითო.
დიდი, თეთრი და რკინის კარის წინ ვიდექით მე, მამაჩემი და ჩემი ორი შვილი. ზარი დავრეკეთ ორჯერ. მესამე ცდაზე კარი გაიღო და მომღიმარი მოხუცი ქალის ჭაღარა თავი გამოჩნდა.
– მობრძანდით, მობრძანდით!  კარი ყურთამდე გამოაღო და შეგვიპატიჟა. ცხვირი წამაძრო წამლების სუნმა, კიდევ აი ისეთმა, მარტოსული მოხუცების სახლებში რომ იცის..
შევაბიჯეთ კი არა – შევლაგდით. რიგრიგობით.
მოხუცმა ქალმა სასტუმრო ოთახისკენ მიგვითითა, თან ბავშვებს გაეთამაშა და ისე, სხვათაშორის იკითხა – მეზობლები ხართო?
სახტად დავრჩი… ჰოდა მასპინძელი მოვიკითხეთ. ანუ, ის ადამიანი ვისთანაც მივდიოდით. ქალის ღიმილიანი გამომეტყველება არც შეცვლია – შეგეშალათ? აჰ, შეიძლება, ჰო შეიძლება ზემოთ ცხოვრობდეს…
აქ ჩვენი ბოდიშების კორიანტელი წამოვიდა და უკანსვლა დავიწყეთ. სამზარეულოდან კიდევ უფრო მოხუცი კაცი გამოჩლაჩუნდა ძველებური “შოფრული” ტვიდის ქუდით და ფაჩუჩების ფრატუნით – ჩვენც გვესიამოვნება თქვენი სტუმრობა და თუ შეიძლება ცოტა ხანი დარჩითო..
მოკლედ, კი იქნება, არ იქნება და როგორც იქნა გამოვაღწიეთ მარტოობის და წამლებისსუნიანი სახლიდან.
კიბეზე ავდიოდით და უკან ამ ქალის ლოცვა მოგვყვებოდა. თან მადლობას გვიხდიდა – ეს პატარა ანგელოზები რომ  შემოიყვანეთ ჩვენს სახლში და გვანახეთო..

მოკლედ, ამ ორი ადამიანის სახე თვალებიდან არ ამომდის.
სტუმრებით გახარებულების… ბავშვების ნახვით გაბედნიერებულების..
ადამიანებთან კონტაქტს მონატრებულების…
კიდევ გამახსენდა პატარა ხის სახლი წყალტუბოში გზის პირას. მისი მორყეული ღობის წინ მუდამ იჯდა მოხუცი კაცი, რომელიც ყველა გამვლელსა და გამომვლელს საათს ეკითხებოდა.. შინ ხმის გამცემი არავინ ჰყავდა.

მერე გამახსენდა ყველა ჩემი ნაცნობი და ახლობელი, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო ოჯახის შექმნას არ აპირებს თუ თავს არიდებს, გადაწყვეტილების მიღება უჭირს, ან არ უნდა, შვილების გაჩენა უაზრობად მიაჩნია, ან არ ვიცი…
ჰო, ვის არ უნდა იყოს Forever Young…

იქნებ იკითხოთ, სად მოხუცი ცოლ–ქმარი და სად ადამიანები, ვისაც ოჯახის შექმნა არ უნდათო..
ამათ ერთმანეთი მაინც ყავდათ…
მერე რომელიღაც დაასწრებს.. თუ გაასწრებს.. და მერე, ალბათ უარესი მარტოობა დაიწყება, რისი ამოვსებაც მარტო ადამიანებს თუ შეუძლიათ, ადამიანებს და მათ ყოველდღიურ ხმაურს, ქვაბების რახუნს, ბავშვების ჭყივილს, მტვერსასრუტის ხმას, ჩხუბს, სიცილს, ტირილს…
თუ თავიდანვე ჩაჭრი ადამიანებთან ურთიერთობების ძაფებს, მერე მეეჭვება მისი აღდგენა მოუნდეს ვინმეს. მერე, როცა მარტო დარჩები.
რაც არ უნდა მარტივი იყოს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრება, დასასრული არა მგონია სასიამოვნო ჰქონდეს.
თუმცა, ვინ იცის… იქნებ ვცდები..
პრინციპში, მე რას მისმენთ, იცხოვრეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით.

Read Full Post »

განა რას შეიძლებოდა ვეიძულებინე დამეტოვებინა რბილი საწოლი ამ შუა ღამისას და ჭრიჭინებისა და საბჭოთა მაცივრის დუეტის თანხლებით, ხელში კალმის აღების ნაცვლად, ჩემი შელანძღული, მაგრამ,მაინც მოწოდების სიმაღლეზე მდგომი ნოუთ–ბუქი გადამეხსნა – თუ არა მეგობრის უეცარ შეტყობინებას , რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა:

– „ნუთუ არ გაქვს სურვილი რამე დაწერო ამაზე..“
– „რას გულისხმობ?“ – იყო ჩემი ჰორიზონტალური და ფრიად მიამიტური პასუხი.
– „ათ აგვისტოს.  მთავარ გმირად გამომიყვანე მე.“

თავს ზემოთ ძალა აღარ იყო, მეგობის მიერ ჩემს მიმართ გამოცხადებულ უძირო ნდობას ნოველების თუ თხზულებების წერის ოსტატობაში და გენიოსობაში უპასუხოდ ხომ ვერ დავაგდებდი?

მაშ ასე, ათი აგვისტო.. ოო, დიადი ათი აგვისტო!

ეს ის ათი აგვისტოა, რომელიც სოფელში თავშეყრილ თავცარიელ და ჯიბეცარიელ ახალგაზრდებს ერთ სულ და ერთ ხორც აქცევდა ხოლმე. ჭაბუკური უმანკოებით გულანთებულებს ამ დღეს გვიყვარდა მთელი სამყარო, ყველა შენობა, ყველა ხე, ყველა კუნძი, ძროხის ნაკელიანი ქვებიც კი, შუკებში რომ ოხრად ეყარა; ვეფერებოდით და ვეხუტებოდით ყველას და სულ ერთი იყო ჩვენთვის უცნობი გოჩა და აკაკი იყო ეს, თუ ნაცნობი ნინო და ნათია.. თუ ყველანი ერთად.
არა, მე არ მინდა არასწორად გამიგოთ.  ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ…

მაშ, ასე, განვაგრძნობ – ამ დღეს ჩვენ ვაგებდით ერთსულოვნების მყარ კედელს, რომელსაც დუღაბად დიმედროლიანი, მჟავე ღვინო თუ ჭაჭის არაყი ჰქონდა. ამ კედელში ჩაკირულები ჩვენ ვეწეოდით მეგობრობის ყალიონს და სამუდამო მეგობრობის ფიცით შეკრულნი ორ ტონა ფიც–ვერცხლს ვჭამდით, თუმცაღა,  გავლენ წლები და ვინ იცის, სახელები გავიხსენოთ კი არა, სახეზეც ვერ ვიცნოთ ერთმანეთი..

და მაინც, ჩვენი  იმჟამინდელი ერთსულოვნება სრულყოფილი იყო, მას ვერაფერს აკლებდა ისეთი უმნიშვნელო ტექნიკური დაბრკოლებები, როგორიც იყო უეცარი უელექტროობა, უამინდობა, უფულობა, უდინამიკობა და მისთ.. საკმარისია დიჯეის, ანუ იმ ადამიანს, რომელიც ცალდინამიკდაზიანებულ პაწაწინა მაგინტოლასთან ჩაცუცქულიყო დაეყვირა – „ლაიფ ის ლაიფ დაიწყოო!“ – რომ ყველა, დიდი თუ პატარა მოხდენილად და ელასტიურად იწყებდა წელის რწევას, ფეხების და ხელების ქნევას და თავის კანტურს, რასაც უცილობლივ ადასტურებს მრავალდ შემონახული ისტორიული და დოკუმენტური ფოტო–მასალა..

ჩვენი ისტორიის გმირი (დიახ, გმირი, თუნდაც იმიტომ, რომ, მის გარეშე, მე სავარაუდოდ საწოლს არ დავტოვებდი, ახლა ღრმა და უშფოთველ ძილში ვიქნებოდი და შესაბამისად, ეს ღრმად მელანქოლიური თხზულებაც თუ რა ჯანდაბაც არის არ დაიწერებოდა), რომელიც დაუზარლად ადგენდა საჭირო ადამიანების თუ პროდუქტების სიას, დაუღლელად არჩევდა სხვადასხვა პრობლემის გადაჭრა–არ გადაჭრის გზებს ათ აგვისტომდე გარკვეული ხნით ადრეც, ბოლომდე ჩართული იყო სოფლის ჭრაჭუნა და ფამფალა კლუბის დალაგება–დასუფთავებისა და მორთვა–მოკაზმვის საკითხებშიც,  ვერც მაშინ დუნდებოდა და ეშვებოდა ბოლომდე, როცა ყველანი სუფრას უხდებოდნენ და ჭიქებს პირველად ავსებდნენ მჟავე ღვინითა თუ მყრალი არაყით. ის ომახიანად იძლეოდა დირექტივებს, შენიშვებს, დარბოდა გაუთავებლად, მოკლედ, ერთ გაწამაწიაში იყო.. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო – ათი აგვისტო..

ქართული კდემამოსილი სუფრის ტრადიციებისამებრ, თამადის არჩევის რიტუალის შემდეგ (რაც, ათ აგვისტომდე კარგა ხნით ადრე წყდებოდა კომისიის მაღალ ეშელონებში) იწყებოდა მზაყარი და ტკბილმოუბარი საუბარი ყბების გამალებულ ქნევის სინქრონში, რაც, მოკლე დროში იცვლებოდა ხმაჩახლეჩილი  და წამოჭარხლებული, გულ–პირ–საყელო–ჩამოწუწული თამადის მოწოდებებებით წესრიგისაკენ, სმენისაკენ, გაგონებისაკენ, რაც, გულწრფელად რომ გითხრათ, შეზარხოშებულ ახალგაზრდებს სულ ერთ ადგილას ეხატათ და სუფრაც შემუჩნევლად თუ შესამჩნევლად ცარიელდებოდა. მისი შევსება ხდებოდა ხოლმე სუფრაზე დარჩენილი თითო–ოროლა გადამწვარი მოქეიფის ბუნტის საფუძველზე, მაგრამ, მხოლოდ ძალიან მოკლე დროით..
წელის, თეძოს და სხვა კიდურების ქნევა სოფლის კლუბის სცენაზე ხდებოდა, რაც უფრო მარათონს გავდა, ვიდრე უბრალოდ ცეკვას. რაც უფრო დიდხანს  იქნევდი წელს, მით მეტი სივრცე თავისუფლდებოდა ირგვლივ. ბოლოს,  თუ ძალიან მოინდომებდი, მატა ჰარივით სრულიად მარტოდმარტოსაც შეიძლებოდა გექნია კურტუმი. თუმცა, ტაშის მდაკვრელიც არავინ გეყოლებოდა, სცენიდან ჩამოსულს თვალები კარგად უნდა დაგექაჩა რომ რომელიმე გემრიელი და მურაბა ადამიანისთვის მუცელზე ან რაიმე სხვა ადგილას არ დაგებიჯებინა. არადა, ისინი მრავალად იყვნენ იატაკზე განფენილნი. ზოგს მაგიდისთვის მიეშურებინა და საკუთარ თუ მოძმის საცივში ეძინა.. საცივი სიტყვის ხატოვნებისათვის ვთქვი, თორემ, შეიძლება ეს სულაც ტყემლიანი კარტოფილი ყოფილიყო, ან ლობიანი ფელამუში. აივანზე გადაფენილნი მზის სადიდებელს გალობდნენ, მავანნი მათთვის წყლის მოსატანად გარბოდა, მავანს მათი მაღალი შუბლები ეჭირა..
ღვინის, არაყის და ნარწყევის შეუდარებელი და დაუვიწყარი სურნელება ტრიალებდა სოფლის კლუბის ხის კედლებში. გავლენ წლები და აუერელიანო ბუენდია იქეთ იყოს და, მეცა და ამ ამბის გმირიც ხშირად, თვალზე კურცხლითაც კი მოვიგონებთ მას..

ამასობაში ეროსი ღრუბლებიდან აცურებდა თავის ვარდისფერ კოტიტა თითებს, ხოლო ჰელიოსის ცეცლიხსფერი ეტლი ცის კამარას სერავდა და ტყემლიანი თუ ფელამუშიანი თეფშიდან თავაღებული თამადა შეშფოთებით გაიშვერდა საჩვენებელ თითს უშუშებო ფანჯრისაკენ, რომლის მიღმაც იმ არამზადის ზურგი ჩანდა, რომელიც შეუმჩნევლად, წმინდა სამების სადღეგრძელოშეუსმელად ცდილობდა გასცლოდა ბრძოლის ველს.. მაგრამ, ვაგლახ, რომ თამადას საჩვებელი თითიც ისე უვარდებოდა და თავიც, რომ მის ხორხისმიერ ბგერებს ვერავინ არჩევდა და გამყიდველიც თავს შველოდა..
მაგიდის ქვეშ, ჩემი ბავშვობისდროინდელი ერთი კაი მულტფილმისა არ იყოს, ძმურად იყოფნდნე პურს ძაღლი, მგელი და კატა… იქნებ თაგვიც.. სადღაც, დაღრეცილი იატაკის ღრიჭოებს შორის კი უკვალოდ ჩაიკარგა ჩემი ბრაზილიური ხის საყურე, ჭრელი თუთიყუში..

P.S. საყვარელო მეგობარო, მომიტევეთ, თუ ეს “თხზულება” ვერ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, ან, ვინძლო იმედიც კი გაგიცრუეთ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ტკბილ მოგონებებს ამ თარიღთან დაკავშირებით მე ღრმად გულში ვინახავ, ისე ღრმად, რომ, მათი ამოქექვა და ქრონოლოგიურად დალაგება ჩემთვის მთლად ადვილი საქმეც არ იყო…

ეს რათქმაუნდა ხუმრობით ;)

Read Full Post »

დიდი ხანი არ გასულა იმ ამბის შემდეგც, რაც მე ჩემს გარდაცვლილი წიწილაზე და შინაური ცხოველებისა და ფრინველების მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე დავწერე პოსტი, რომ პირწიგნაკზე, ერთმა გოგონამ, სახელად მზია, სტატუსი დადო – ამადინების ბარტყები ხომ არავის გინდათ, გაჩუქებთო.. იქვე ჩიტუნების ფოტოც მოაყოლა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, 1 აპრილს ორი ძალიან მოსიყვარულე პაწია ჩიტუნა ჩემი ოჯახის წევრი გახდა.

სულ რაღაც სამ კვირაში შვიდი კვერცხი დადეს და ერთ მშვენიერ დღეს, დიდი ლოდინის შემდეგ, შვიდივე გამოჩეკეს. პატარა დინოზავრებივით პირდაბჩენილი, ტიტველა, მაგრამ, მაინც საყვარელი ბარყები.

რამოდენიმე დღის შემდეგ გალიაში მკვდარი ბარტყი ვიპოვნე.. ორი დღის მერე კიდევ ერთი.. მერე კიდევ..
თავიდან ვიფიქრე, რომ ბარტყი ბუდიდან თავისით გადმოვარდა და რახან დროზე ვერ შევამჩნიე, შიმშილით და სიცივით მოკვდა. მეორე ბარტყის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ დედა და მამა თავად აგდებდნენ მკვდარ ბარტყს.. მეტიც, ერთხელ დავინახე, როგორ გამოათრიეს ბუდიდან ცოცხალი, მაგრამ ყველაზე სუსტი ბარტყი და სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს.
სიმართლე გითხრათ, ძალიან ავღშფოთდი და გავბრაზდი..
ორი დღის წინ ვერ მოვითმინე და ბუდეში ცხვირი ჩავყე. დარჩენილი ოთხი ბარტყიდან ორი უკვე სამკმაოდ დიდია, შეიბუმბლენ კიდეც და პატარა დინოზავრებსაც აღარ გვანან. ორი კი, მიუხედავად იმისა, რომ ბუმბულის ამოსვლა დაეწყოთ, მაინც ძალიან პატარებად მომეჩვენენ.. თან, შევნიშნე, რომ დიდი ბარტყებისგან განსხვავებით ამ ორს ჩიჩახვი საკვებით სავსე არ ჰქონდა..
მივხვდი, რომ ეს ორიც სასიკვდილოდ იყო განწირული.. ალბათ, ჩემმა ამადინებმა შენიშნეს, რომ მათი ორი ბარტყი ისე სწრაფად ვერ იზრდებოდა, როგორც სხვები და დროსაც აღარ ხარჯავენ მათ გამოკვებაზე.

გამახსენდა, ბავშვობაში ბებიაჩემი როგორ აჭმევდა ხელით სუსტ წიწილებს. ორივე ბარტყი ამოვსვი და ვცადე წარბების  პინცეტით  როგორმე გამომეკვება, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა.. ბარტყებს საოცრად პატარა პირები აქვთ, მით უფრო, რომ საკვები ღრმად, ლამის ჩიჩახვამდე უნდა ჩაუდო. ძალიან გავწვალდი, მაგრამ ცოტ–ცოტა ორივეს ვაჭამე და ბუდეში დავაბრუნე..
ამ გამოკვების დროს მივხვდი, რომ ტყულად ვბრაზობდი ჩემს ჩიტუნებზე, ჩემზე უკეთ იციან რა და როგორ გააკეთონ… ბარტყი, რომელსაც საერთოდ აღარ კვებავდნენ ნამდვილად მომაკვდავი იყო და დღეს დილით გალიაში მისი პატარა და გაფშეკილი სხეულის ნახვა არ გამკვირვებია.

შეიძლება სულელურად ჟღერს, მაგარმ ეს დღეებია სულ ამაზე ვფიქრობ – ადამიანები სელექციის მეთოდით არ ხელმძღვანელობენ შვილებთან ურთიერთობისას.. ეგ კი არა, ხშირად ხდება, რომ ავადმყოფი და სუსტი შვილი უფრო უყვართ, თუ უფრო მფარველობენ..
ჩემს ჩიტებს სავარაუდოდ ორი ბარტყიღა დარჩებათ.. ყველაზე ჯანმრთელები და სიცოცხლისუნარიანები..  არ ვიცი რამდენად სამართლიანია სელექციის მეთოდი, მაგრამ, ფაქტია, რომ ბუნება სწორედ ამ მეთოდით ხელმძღვანელობს. მაძღარი ის არის, ვინც ყველაზე ხმამაღლა წივის, პირს აბჩენს და საჭმელს პირველი ეტანება.. ცოცხალიც სწორედ ის გადარჩება.
ისწავლეთ ადამიანებო.

Read Full Post »

(პროექტი “მომავალი წიგნის გვერდი”)

ეს იყო სქელ და  შინდისფერყდიანი წიგნი. 
ჩემი–შენი პირველი წიგნი.  ან, იქნებ – შენი–ჩემი.
ბიბლიოთეკიდან მოპარული. ასე გამოვიდა.. იმიტომ  გამოვიდა, რომ უკან დასაბრუნებლად ვერ გავიმეტე.

ზაფხული იყო.  პაპანაქება.
სასკოლო არდადეგები.
მე – ხურვებ –ცხელებიანი. აკაწკაწებული.
ჩვენი სოფლური, ხის სახლის მეორე სართულზე, საბანში შეფუთული ვიწექი და შინდისფერ–სქელყდიან წიგნს ვკითხულობდი. ფურცლების კიდეებზე მინაწერებს ვაკეთებდი. ახლა, როცა ამ მინაწერებს ვკითხულობ , მეცინება და მრცხვენია კიდეც…

ერთგან გიწერია – წიგნი ისეთი უნდა იყოს, მისი წაკითხვის მერე, ხელში ყურმილის აღება და ავტორთან დარეკვა გინდებოდესო. და იქაც ჩემი მინაწერები – „მე მინდა, მინდა, მინდა შენთან დავრეკო!“
შენ იყავი პირველი მწერალი და ვგონებ უკანასკნელიც, ვისთვისაც ოდესმე მდომებია წერილი მიმეწერა (ან დამერეკა, მენახა, დავლაპარაკებოდი) –  არა როგორც ბრძენი და გამოცდილი ადამიანისთვის, დიდი მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწისათვის, გამოჩენილი ფიგურისა თუ აღიარებული მწერლისათვის – არა. მე მინდოდა  ჩვენ მეგობრები ვყოფილიყავით, მე მინდოდა გცოდნოდა, რომ ვარსებობდი და ძალიან მიყვარდი, შენი პერსონაჟებივით მიყვარდი. მინდოდა შენც გყვარებოდი.

ეს რომ ათი წლით გვიან მომხდარიყო.. ის წიგნი რომ ათი წლით გვიან წამეკითხა და შენც ცოცხალი ყოფილიყავი, ალბათ, არც ელექტრონული ფოსტის გაგება გამიჭირდებოდა, არც ნამდვილი მისამართის, ან ფან–გვერდი გექნებოდა გახსნილი.. ჰოდა მოგწერდი კიდეც. ალბათ კი არა – აუცილებლად მოგწერდი.

ძვირფასო ჯერომ,

მას მერე, რაც ხელში ის შინდისფერყდიანი წიგნი ჩამივარდა, წიგნი, რომლის პირველ გვერდზე შავ–თეთრი ჰოლდენი ეხატა, ლაბადის საყელოში ცხვირჩარგული, სიგარეტით ხელში –  ჩემი სურვილი.. არა, ჩემი ოცნება გახდა შენსავით წერა შემძლებოდა და ჰოლდენივით ადამიანს შევხვედროდი.. შენს გამოჩენამდე  ჰემინგუეის ვაღმერთებდი და ვიცი, რომ შენც.  მაგრამ, ის ისეთია  –  ყველასია, შენ კი მარტო ჩემი ხარ.

მე ვიცხოვრე შენს მოთხრობებში, ვიყავი ფიბი, ვიყავი ესმე, ვიყავი სიბილი, ჯიმი ჯიმერინო… ეს დიალოგები, ვისკი და სიგარეტის კვამლი, სურნელები, გემოები, ფერები.. ყველაფერი, რასაც ზედმეტი ახსნა არ უნდა, რასაც კითხულობ, წარმოიდგენ და ხვდები – ახლა ჩემია.

„ჭერი ასწიეთ დურგლებო, სიძე მოდის სანაქებო…“

ჰო, სანაქებო. მარტოსულიც.

მინდა იცოდე, რომ ჰოლდენი ჩემი პირველი, ნამდვილი სიყვარული იყო. მე მიყვარდა მისი დაწერილი ესსე ბეისბოლის ხელთათმანზე. ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. ის ისეთივეა, როგორიც მაშინ იყო. და მგონი მეც ისეთივედ დავრჩი, მაშინ რომ ვიყავი…  დღემდე მგონია, რომ არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ჭვავის ყანაში მოთამაშე ბავშვებს თვალყური ადევნო, რომ სადმე არ გადაიჩეხონ, არაფერი იტკინონ… ბავშვები ხომ რაღაცნაირები არიან, სასაცილოები და დაუდევრები… ხან მუხლს იყვლეფენ, ხან იდაყვს..

კიდევ მინდოდა მეთქვა, რომ დღემდე ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან ცხენებს –  ლურჯა ფაშატი, წაბლა ულაყი, ქურანა, მერანი… დღემდე მგონია, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი რამეების გარჩევაა საჭირო და რათქმაუნდა, ეს ცხენებს სულაც არ ეხება.. პატარა ზღაპარი, სიმორი რომ უკითხავდა ფრენის, იმ შინდისფერყდიანი წიგნის მერე, ჩემთვის იმად გადაიქცა, ცხოვრების ფილოსოფიას რომ ეძახიან.

მიყვარხარ, მიყვარხარ, ისევე სულელურად, როგორც შინდისფერყდიანი წიგნის გვერდებზე მიყვარდი.
სიყვარული და ჭკვიანური, სად გაგონილა..

აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს ოდესმე და რახან ის უკვე ვიცი, რას ეუბნება კედელი კედელს, ამჯერად იმას გავიგებ – მოთხრობაში – „შენი მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები“  – ლისთან რომ ქალია, ის მართლა ართურის ცოლი არის თუ არა…

Read Full Post »

6 წლის ვიყავი, როდესაც მართლმადიდებლურად მოვინათლე.
ჩემი მშობლები ღრმად მორწმუნეები არ ყოფილან, იმიტომ, რომ მათი მშობლებიც არ ყოფილან ღრმად მორწმუნეები, არც მათი მშობლების მშობლები და არც მათი მშობლების მშობლების მშობლები.. თუმცა, ფაქტია, რომ ყველანი მართლმადიდებლები იყვნენ და მეც ტრადიციისამებრ მომნათლეს, ისე, როგორც ამას წესი და რიგი მოითხოვდა. მართლმადიდებლური წესი და რიგი. მამაჩემი ისტორიკოსია და, გულწრფელად რომ გითხრათ, ყველაფერ ქართულზე ყურებამდე შეყვარებული ამ ადამიანისთვის, ქრისტიანობა თუნდაც მარტო ის ხატია, ქართველებმა ფეხი რომ არ დაადგეს და ამის გამო, ჯალალედინმა ყველანი მტკვარში გადაუძახა.

პატარა რომ ვიყავი, ღამით კოშმარები მესიზმრებოდა. ვიღვიძებდი და ვტიროდი. მართალია, დედაჩემი მეუბნებოდა – არ არსებობენ გუდიანები და ოჩოკოჩები, სუ ზღაპრებია და მოგონილიო, მაგრამ ამან არ მიშველა. ერთხელაც,  მითხრა – ძილის წინ პირჯვარი გადაიწერე და ლოცვა თქვიო, თან პატარა ლოცვა მასწავლა, რომლის მარტო პირველი სტრიქონი მახსოვს – ” მე ვერ მაცდენს მაცდური, მე მწამს წმინდა გიორგი, ჯვარი პატიოსანი..”
ამის მერე, სწორედ ასე ვიქცეოდი, წილის წინ ამ სიტყვებს ვიმეორებდი და წარმოიდგინეთ, ის საშინელი სიზმრებიც აღარ მესიზმრებოდა.

ახლა, ამას “brainwashing”–ს ეძახიან, ანუ – ტვინის რეცხვას…
მე კი ვიცი ერთი რამ – ამ “ლოცვის” წყალობით მშვიდად ვიძინებდი. ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს ფსიქოლოგიური მომენტია, რწმენა რაღაცის, თუ ვიღაცის, რომელიც თავდაჯერებას გმატებს.. ჰოდა, სწორედ ამ რწმენაზე მინდა ახლა დავწერო, ჩემს რწმენაზე.

ახლაც ისე ვარ, როგორც ხუთი წლის ასაკში.. მწამს ღმერთის არსებობა, თუმცა, ეს სულაც არ მიშლის ხელს მჯეროდეს დარვინის თეორიების, მჯეროდეს ევოლუციის, მჯეროდეს კოსმოსის, მჯეროდეს მეზოზოური და პალეოზოური ერის, ისტორიის, არქეოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის, ფროიდის… და აინშტაინის თქმის არ იყოს – “Science without religion is lame, religion without science is blind.”

მე ადამიანი ვარ. ინდივიდი. ჩემს უფლებებს კონსტიტუცია იცავს და ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაცია. ჩემი უფლებები ბუნებითია (ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.” საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 14).

მე მიყვარს ჩემი რწმენა, ღმერთი, ჩემი ოჯახი და კიდევ ბევრი რამ, უმეტესწილად, მხოლოდ კარგი რამეები, თან ისეთი, სხვას რომ ზიანს არ აყენებს…
კიდევ, ძალიან მიყვარს ჩემი შეხედულებები, აზრები, შეკითხვები, ბევრი შეკითხვები, პროტესტის გრძნობები, წინააღმდეგობის გაწევის სურვილები და მინდა ადამიანები პატივს სცემდნენ ჩემს უფლებას, გამაჩნდეს ეს ყველაფერი….

მე პატივს ვცემ სხვის აზრებს და შეხედულებებს. ზოგჯერ, ძალიანაც მიჭირს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ.. ხან გამომდის, ხან ალბათ არა..   თუმცა, ეს არასდროს გამხდარა მიზეზი ადამიანის დასამცირების, შეურაცხყოფის, დაცინვის. მე მაინც მგონია, რომ არ შეიძლება სიმართლე მარტო ერთი იყოს. მით უფრო – მარტო ჩემი, ან, ჩემი და ჩემი მეგობრების.

ცოტა ხნის წინ გიორგი მაისურაძის ბლოგს გადავაწყდი, კლარა ცეტკინზე წერდა.  წუხდა – რატომ ეძახიანო 8 მარტს კომუნისტურს და ადამიანის უფლებების მებრძოლ ქალბატონზე საუბრობდა.. ბოლოს კი ასე ამთავრებდა – “ალბათ პარადოქსი უნდა იყოს, რომ დღევანდელ საქართველოში 8 მარტს საბჭოთა გადმონაშთს უწოდებენ და ის, როგორც კლარა ცეტკინის მოგონილი დღესასწაული, ანაქრონიზმად მიაჩნიათ. და, ამავე დროს, იგივე „პროგრესული ადამიანები“ სრული სერიოზულობით აღნიშნავენ ურჩხულებთან მეომარი წმინდანების დღესასწაულებს…”

ანუ, უკაცრავად, ბ/ნ გიორგი, თქვენ ფიქრობთ, რომ ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს არაპროგრესულია? :)

ისე, ძალიან ტენდენციურია (ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე ხომ განსაკუთრებით!) პროგრესულ ადამიანად და ათეისტად ერთდროულად (ან თანმიმდევრობით) თავის გამოცხადება თანამედროვე ქართულ–ლიბერალურ სივრცეში (ბრტყელი ტერმინისთვის – პარდონ).
თუ შეგნებული  და კაი ტიპი ხარ, “კანეშნა” ბლოგერი (რომელმაც, ხშირად ქართული მართლწერაც არ იცის, მარა მაინც წერს), აწყობ საპტორესტო პერფომანსებს, იბრძვი გეების უფლებებისთვის, რელიგიების თანასწორობისათვის, სტუდენტების და ზოგადად ადამიანების კეთილდღეობისთვის, სამართლიანობისათვის, სიყვარულისთვის, მეობისთვის, გაგებისთვის და რუდუნისთვის – რათქმაუნდა ათეისტი უნდა იყო..
როგორ შეიძლება ადამიანს გწამდეს ღმერთი და იყო პროგრესული?! იბრძოლო უსამართლობის წინააღმდეგ? არ შეიძლება ღმერთი გწამდეს და აზროვნებდე, არა და არა! (თურმე) ერთი ცნება ავტომატურად უკვე გამორიცხავს მეორეს..(“და, ამავე დროს, იგივე „პროგრესული ადამიანები“ სრული სერიოზულობით აღნიშნავენ ურჩხულებთან მეომარი წმინდანების დღესასწაულებს”…გ.მ.)
არადა, რა სამწუხაროა..

უფრო სამწუხაროა, რომ ამით, ეს განსხვავებულია აზრისთვის მებრძოლი ადამიანები მათგან განსხვავებულ აზრს საძირკველშივე კვეთენ, სრულიად იდიოტურ საზღვარს ავლებენ ე.წ. “პროგრესულ” და “არაპროგრესულ” (ჩამორჩენილ, განუვითარებელ, გაუნათლებელ) ადამიანებს შორის.. დაგცინიან და გეუბნებიან – შენ დებილი ხარ, ბრმა ხარ, ველური ხარ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისე არ ფიქრობ, როგორც მე.. და რა მნიშვნელობა აქვს შენ რას ფიქრობ, ან არ გკიდია, მე რას ვფიქრობ?! – მთავარი ისაა, რომ შენ ჩემნაირი არ ხარ, შესაბამისად – შენ არაპროგრესული ხარ!

არადა, სხვა შემთხვევაში, ხშირად გავმხდარვარ მოწმე, ეს ადამიანები როგორ თავგამოდებით იცავენ სხვა კონფესიის წარმომადგენლების უფლებებს (რაც ცუდი სულაც არ არის, თუ ეს თავგამოდება ნამდვილად საჭიროა).. ჰოდა, როგორ მაინტერესებს, მაჰმადიან ძმებსა და დებს თუ ეტყოდნენ ნეტავ – მუჰამედი არ არსებობდაო.. ან არსებობდა და გიჟი იყოო.. მის კარიკატურებს თუ დაულაგებდნენ ცხვირწინ და დასცინებდნენ.. ინდუისტს თუ ეტყონენ – სპილოსთავა განეშა და მაიმუნისსახა ჰანუმანი, არა იხვის ტოლმაო.. შივას თუ აიგდებდნენ მასხრად, ან ბუდას – თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ, რეების ეთაყვანებით, რეებს მიაც–მოაცუმთო…

არა, არ ეტყოდნენ.. ისინი ხომ დიადი ჰუმანიზმის კარიბჭესთან ფხიზლად მგომი ქართველი ლიბერალები არიან! ადამიანების უფლებების უბადლო ქომაგები (უბრალოდ, შინაურ ბერს არ ინდობენ. რა მოხდა, დიდი ამბავი, ეს ხომ გავრცელებული ქართული სენია..)!
სამაგიეროდ, მე, რიგითი მართლმადიდებელი დამიბრიყვეს, არაპროგრესულად და ჩამორჩენილად მომნათლეს, ჩემს რელიგიას ყველაზე ბრმას და ყრუს ეძახიან (ჰაჰა!), ყველანაირად ცდილობენ, იმას, რაც ჩემთვის წმინდაა – ზემოდან დააოხრონ, ჩემს ღმერთს საჯაროდ დასცინონ, ჩემს ხატებს აფურთხონ – თან ჩემს თვალწინ (უფრო რომ მეტკინოს და მეწყინოს), ან სულაც საჯაროდ და სიამაყით, გიჟური აღტკინებით..  და როგორ სიამოვნებთ ეს ყველაფერი!

გაამოთ, ჩემო კარგებო, გაამოთ…

მე უბრალოდ მგონია, რომ ადამიანი, რომელიც სხვებს უჩიჩინებს, აქციებს უწყობს, თითს უქნევს, ტრანსფარანტებს სახეზე აფარებს – განსხვავებულ აზრს და შეხედულებას პატივი ეცითო, სულ მცირე, საჯაროდ მაინც არ უნდა იქცეოდეს საკუთარი “მრწამსის” საპირისპიროდ.. გულში ჯანდაბას, იფიქროს რაც უნდა..

კიდევ, მგონია, რომ იმდენად გაქვთ გამჯდარი იმის რწმენა, რომ უმრავლესობა, ანუ, ე.წ “მასის” ნაწილი არ უნდა იყოთ (ცოცხალი თავით! აუ, რას ტეხავს!), ყოველთვის სხვებისაგან განსხვავებულად უნდა იაზროვნოთ, განსხვავებული აზრის ძიებაში იმ უკიდურესობაში ვარდებით, იმაზე გაცილებით უარესი რომ არის, რასაც თავად აკრიტიკებთ და აძაგებთ…
და რაც ყველაზე ცუდია, ამ ადამმიანების რაღაც ნაწილი ძალიან მაგონებთ ელოჩკა ლუდოედოჩკას (სულ ოცდაათი სიტყვა რომ ჰქონდა ლექსიკონში) – **ზე მკიდია, ყველაფერს ვ****ამთ, ეს გამო****ბი, მო***ე, შე**ი და მისთ…

ოე, ოეე…ფშშ–ფშშშშ!! ასჰგმჯგჰჯკფგდაკჯფგნაკდჯჰგყრ9ე85უტქპეიტმცჰგ!
მარტო იდიოტს თუ ეგონება, რომ ამ სიტყვების თქმა კაი ტიპობაა.. საკუთარი უკომპლექსობის და თავისუფლების ხარისხის ამ გზით ხაზგასმა! კაცი არ მეგულება ეგ სიტყვები არ იცოდეს, მაგათ გარეშე რამდენად ეფექტურად შეგიძლია მეტყველება და აზრის გადმოცემა, ეგ კიდევ სხვა საკითხია. შეგიძლია რო?

ისე, რა სასაცილოა მართლმადიდებლურ გვერდებს უვარდებოდე და ლანძღვა–გინებით, ზიზღის დორბლისდენით იკლებდე იქაურობას (“პროფილის” და” ნანუკას შოუს” კეკლუცი და ინწელეკწუალი მაყურებლებივით – აუ, რა დონეაო, არადა ერთ გადაცემასაც არ ტოვებენ!), მაშინ, როცა სწორედ სხვის მიერ გამოყენებული ბრძოლის ასეთი მეთოდების წინააღმდეგ ილაშქრებ ყველაზე ხშირად…

უცნაური კია, მე რომ მიხდება ამ ყველაფრის დაწერა. არც მე მომწონს ეგ გვერდები. არც “ვალაიქებ”.. თუ ჩემი მეგობარ–ნაცნობები ყოველ დღე “აშეარებენ” სურათებს, სადაც წერია – თუ საპყარს ეხმარებით, ამით ქრისტეს უდებთ ფულს ხელშიო, ქრისტე რომ მოგდგომოდა კარს, თუ გაუღებდი – გააზიარეო და ამდაგვარი უცნაურობები, მათ უბრალოდ ვმალავ (მადლობა მარკს, ეს ფუნქცია ფრიად ხელმისაწვდომია) და ამ სურათების სიუხვე სულაც არ ვნებს ჩემს რწმენას და არც ამ ადამიანებთან ურთიერთობას..
არც თქვენც  მოგწონთ?! – კეთილი ინებეთ და ნუ შეყოფთ ცხვირს იქ, სადაც არ გეპატიჟებიან!

დავიჯერო ბევრს ვითხოვ?  – მინდა პატივი სცენ ჩემს აზრს და ჩემს ღმერთს, ისევე, როგორც მე ვცემ პატივს სხვების აზრებს და ღმერთებს, თუ უღმერთობას.. მინდა თავზე არ დამაოხრონ ადამიანის უფლებების და საღი აზრის დაცვის სახელით! მინდა მაფასებდნენ იმის მიხედვით, თუ ვინ ვარ და რა შემიძლია, და არა იმის მიხედვით, მწამს თუ არა ვინმე, ან რამე (ეს მხოლოდ ჩემი საქმეა!)..

სხვა შემთხვევაში, თქვენი წყალ–წყალა და მოდური პიზდეცპროგრესულობის თავზეც გავიარეთ მე და კიდევ დანარჩენმა (რომელი კონფესიისაც გინდა) მორწმუნე სამყარომ..

P.S.  ჩემს სოფელში (ლეჩხუმშია) ერთი პატარა სალოცავი ყოფილა. კომუნისტებს დაუბარებიათ სოფლელები ამ სალოცავთან და გამოუცხადებიათ –  სოფლის კლუბი უნდა გავხსნათ აქო. ხალხი შეშფოთებულა. მათ დასამშვიდებლად ერთ–ერთი აქტივისტი–კომუნისტი (თუ ვინც იყო) – ასულა სალოცავის სახურავზე, ხვანჯარი გაუხსნია და ყველას თვალწინ გემოზე გადმოუშარდავს..  – აბა, სად არის თქვენი ღმერთი, რათ არ დამსაჯაო..
ჰოდა, ვიღაც კაცს ჩაუბურტყუნებია – შენ რაღა დასჯა გინდა, ჭკუა არ გქონიაო…

Read Full Post »

გვიყვარს ქართველებს მიცვალებულები.

არა, მე მესმის, თუ ადამიანი ცოცხალი გიყვარს, ის გარდაცვლილიც გეყვარება და სულაც არ არის კარგი, ადამიანის დავიწყება, როცა ის ცოცხლებში აღარ არის, მაგრამ, ჩვენს კულტურაში, მაინც რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს…
მარტო ის რად ღირს, რომ მიცვალებულს უძვირფასეს მარმარილოს გალავანში კრძალავენ, ზოგს კოშკებს უგებენ, ზოგს მანქანას უჩერებენ თავთან (ეს რომელიღაც უძველეს ტრადიციას მახსენებს, მე მგონი აღმოსავლურს, სადაც გარდაცვლილ მამაკაცს ცოცხალ ცოლებს და ცხენებს ატანდნენ საფლავში), ზოგს ეიფელის კოშკებს ადგამენ, ზოგს ეკლესიებს უშენებენ, ზოგს სახლს, მაგიდა, სკამები, განჯინა, სურათები, ვაზები, ბაღნარი, ტანსაცმელი.. რა ვიცი, კიდევ რას არ ნახავთ ზოგიერთის საფლავზე!
უარესიც მინახავს – ზოგიერთი საერთოდაც უარს ამბობს მიცვალებულის დამარხვაზე, ბალზამირებას უკეთებს მათ, მუმიებად აქცევს, შუშაში ათავსებს და სახლში იტოვებს (სუ ჭიანჭველები დამიდის ტანში).
კიდევ, მინახავს მიცვალებულთა ოთახები, კედლებზე გამოფენილია მისი ნატურალური ზომის სურათები, ფოტოები, ხელუხლებლად აწყვია მათი ნივთები,  საწოლზე გადაფენილია მათი ტანისამოსი.. გეგონება სადაც არის კბილის ჯაგრისით ხელში ოთახში შემოვა და გეტყვის – ცოტა ხანი გადი, უნდა გამოვიცვალოო…
კიდევ მინახავს გზაში ჯვრები, ქვები ფოტოებით, მაგიდა და სკამები, წყაროები მიცვალებულთა საპატივცემულოდ… წყალს დალევ და გული გისკდება, იმის წარმოდგენაზე, მანქანამ როგორ გადაუარა აქ… სწორედ აქ! თუმცა, ცოტა ხნის წინ კიდევ უფრო გასაოცარ რამეს წავაწყდი – თბილისში, წერეთლის გამზირზე უზარმაზარი ბილბორდი ვნახე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვლილის სურათებით ორივე მხარეს და წარწერით ”ღმერთმა გაანათლოს მისი სულიო!”

ცუდად არ გამიგოთ – ადამიანის გარდაცვალება ერთ-რთი ყველაზე მტკივნეული თემაა ჩემთვის, სულ უცხო ადამიანის სიკვდილიც შეიძლება გულთან ისე მივიტანო, კარგა ხანს მდგომარეობიდან ვერ გამოვიდე. სიკვდილზე ფიქრი მაშინებს და გავურბი რაც კი შემიძლია, მაგრამ, რა ემატება მიცვალებულს მის საფლავზე აშენებული კოშკებით, მარმარილოს სასახლეებით, მისი მუმიფიცირებით, იმით, თუ ქუჩაში მიმავალ ადამიანებს გულებს გავუხეთქავთ მისი უზარმაზარი სურათების ჩვენებით? მე დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები არაფრით არ ისურვებდნენ ამ ყველაფერს და იმ ბავშვის არ იყოს, მამა რომ ეკითხება – გინდა ლექსი წაკიგითხო, გინდა, ზღაპარი გიამბო, გინდა სიმღერა გიმღერო ძილის წინო – რომ შეეძლოთ, უბრალოდ გეტყოდათ – არაფერი მინდა, დამაძინეთ თუ შეიძლებაო!

თანამედროვე კრემატორიუმი

თანამედროვე კრემატორიუმი

რა ვქნა, სასაფლაოები ცუდ განწყობას აღძრავენ ჩემში. ხშირად ვიფქრობ იმ ხალხზე, რომლებიც სასაფლაოებთან ახლოს ცხოვრობენ – ნეტავი აქ რა აჩერებთ-მეთქი. ასევე უსიამოვნო განცდა მიჩნდება, როდესაც ხავსით და ბალახით დაფარული, მიტოვებული საფლავების გვერდით სრა-სასახლეებია წამოჭიმული, თითქოს აქაც კასტებად არიან დაყოფილი, პატევცემული და მივიწყებული მიცვალებულები. თუ საფლავს პატრონი დიდი ხნის მანძილზე არ გამოუჩნდება, მას როგორც წესი ხელახლა თხრიან და იქ სხვა მიცვალებულს მარხავენ, რაც კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის. მინახავს დამეწყრილი ძველისძველი სასაფლაოები, დაცურებული-დაყირავებული ქვებით, გამიგია, წვიმის დროს ხან თავის ქალა გამოჩნდება, ხან რომელიღაც ძვალიო… ამ ბოლო დროს, სასაფლაოებმა ქალაქებში საოცარი სიჩქარით დაიწყეს ზრდა-გაფართოება, ამიტომაც, მათ  ხელოვნურად ქმნიან – ციცაბო ადგილებთან ბეტონს ასხამენ და მასში მიწას ყრიან. ასეთ ადგილებში მისვლა ძალიან ძნელია, დიდხანს უნდებიან ჭირისუფლები ვიწრო ბილიკებზე სიარულს – გასაჩერებელ ადგილს ძნელად პოულობენ, ერთმანეთს აწყდებიან…
რატომ არ შეიძლება კრემაცია ჩავუტაროთ მიცვალებულებს? მერე ავიღოთ მათი ფერფლი და სპეციალურ კედელში

კრემირებულთა სასაფლაო

კრემირებულთა სასაფლაო

მოვათავსოთ, სადაც მის სახელსა და გვარს, გარდაცვალების წელს ამოტვიფრავენ? ან ქარს გავატანოთ, ან ტყეში მოვაბნიოთ, ზღვაში, მდინარეში…. არ იქნება სასახლეები, მანქანები, გულისმომკვლელი სურათები, ლამის სულში რომ გიყურებენ, საფლავებს რომ ჩაუვლი, მაგიდები ხაჭაპურებისთვის, სამაგიეროდ ხსონა ხომ სულ იქნება?! ადამიანის სიყვარული, ხომ სხვა საზომით იზომება და არა იმით, რაც უფრო ბევრი ფული დაიხარჯება მათი საფლავების კეთილმოწყობაზე? ან იქნებ ვცდები?
არ მომწონს უთავბოლო პანაშვიდები,  ქელეხები, არ მომწონს წითელი ლობიოს და ქიშმიშიანი ფლავის ნარჩენები ”მგლოვიარე” ხალხის კბილებში. არ მომწონს ქელეხიდან წასული ხალხი, რომ იგონებს – რა კარგი სუფრა იყო, რა გემრიელი ჩიხირთმა ვჭამე ცხონებულის ქელეხშიო, ან პირიქით… არ მომწონს ბალზამირება, არ მომწონს ”ლედნიკი”, არ მომწონს წრეზე სიარული, არ მომწონს უსუნო, იაფფასიანი, გაჩიკინებული (მით უფრო – ძვირფასი!) ყვავილები!!!!!!!!!!!!!!!!
არ მომწონს წერილები ბალიშქვეშ, არ მომწონს განცხადებები ტელევიზიებში, გაზეთებში, მოსაგონებელი წერილები, რომლებსაც  ვერც ერთი მიცვალებული ვერ წაიკითხავს და მეტიჩრობის მეტი არაფერი მგონია ჭირისუფლების მხრიდან… არ მომწონს ვიდეობის სარეკლამო რგოლებივით დატრიალება, არ მომწონს ზღაპრები, არ მომწონს ლექსები – უბრალოდ, აცალეთ ადამიანებს მშვიდად იძინონ, რა!!!

მოვითხოვ კრემატორიუმებს საქართველოში!!!!!!!!

საინტერესო ლინკი ამ თემაზე ა ქ!

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: