Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘წაპირადულო’ Category

შვიდ დღეში ახალი წელია.
ჩემი შვილები მოუთმენლად ელიან. კარგა ხანია სანტას წერილი მისწერეს, თუ რა სურთ მიიღონ საჩუქრად, ერთს ლეგო კუ ნინძები უნდა, მეორეს სათამაშო ძაღლი..
რომელი გინდათ რომ მოვიდეს, სანტა თუ თოვლის ბაბუ–მეთქი, ვკითხე და ჩაფიქრდნენ. სანამ ისინი ფიქრობდნენ, მე ჩემი ბავშვობა მომაგონდა და ვურჩიე – ისევ სანტა ჯობს, თოვლის ბაბუს სამი ცალი მანდარინის და უგემური კანფეტის მეტი არაფერი მოაქვს–მეთქი. გაოცებული მიყურებდნენ და მე ჩემს ნათქვამზე მეცინებოდა..
განა ვტყუოდი? მწარე გამოცდილება მალაპარაკებდა – ჩემს ბავშვობაში, თეთწვერა და დიდხურჯინიანი თოვლის ბაბუ ბაღის თუ სასკოლო საახალწლო ზეიმების ბოლოს, პატარა პარკში გამოკრულ სამ ცალ მანდარინს და სამ ცალ უგემურ კანფეტს გვირიგებდა ბავშვებს.
ახალი წლის მოსვლა რომ მიხაროდა, ეს კარგად მახსოვს, მაგრამ აშკარად არა საჩუქრების და თოვლის ბაბუს გამო.
იცით რის გამო მიხაროდა?
იმ ფუსფუსის გამო მიხაროდა, წინასაახალწლოდ რომ იწყებოდა ჩვენს 16 მ/კვ, პაწაწუნა სახლში. ოთახებში იდგა დედაჩემის გამომხვარი “ზღაპრის”, იგივე თაფლის ნამცხვრის სურნელი, რომელიც უზომოდ მიყვარდა! შემეძლო გვიანობამდე არ დამეძინა და დედაჩემს დავხმარებოდი კვერცხის ადღვებაში, ნამცხვრის დაკრემვაში, სახაჭაპურე ცომის დაბრტყელებაში, ემალის ღრმა თასში დარჩენილი ნამცხვრის ბისკვიტის თუ კრემის თითით ამოპრიალებაში, სალათის ინგრედიენტების დაჭრაში, რაღაც–რუღაცეების არევ–დარევასა და აზელ–დაზელაში.. ახალი წელი მიხაროდა მამაჩემის მიერ გაწყობილი ჭერამდე ნაძვის ხის გამო, ფანჯარას და ტელევიზორს შორის რომ  იდგა ხოლმე (სხვაგან ვერ ეტეოდა) და ბნელ ოთახში ფერადი ნათურების წყალობით თვალისმომჭრელად ბჟღვიალებდა..
სულ ეს იყო. ასე ცოტა კმაროდა ჩემი,  ქართული ოთხმოციანების პირმშოს ბედნიერებისათვის. რა  აიპადი, რის აიფოუნ ექვსი და ლეპტოპი… მიხაროდა და მორჩა! :)
ცოტა რომ წამოვიზარდე, ევროპულ თუ ამერიკულ ფილმებში ნანახი ნაძვის ხის გარშემო შემოწყობილი პიწკინა, ლამაზ ქაღალდებში შეფუთული საჩუქრებით ეშხით, გადავწყვიტე მე თვითონ მეკისრა თოვლის ბაბუობა – ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე ფულის შეგროვებას ვიწყებდი. ეს ფული ჩემი მშობლების მიერ სკოლაში სახარჯოდ მოცემული “კაპიკებისგან” შედგებოდა ბნელ და ცივ ოთხმოცდაათიანებში.
მოკლედ, ავად თუ კარგად, ჩემი ოჯახის წევრებს საჩუქრებს ვყიდულობდი, ვფუთავდი და ნაძვის ხის ქვეშ ვაწყობდი. როგორც წესი ეს იყო ხელთათმანები, წინდები, კალმები და მსგავსი უმსგავსობები :))))
ჰოდა, ახალი წელი რომ დგებოდა, ნებას ვრთავდი ჩემებს საჩუქრები გაეხსნათ. მე გაბადრული ვიდექი, ისინი კი ხსნიდნენ, ატრიალებდნენ ხელში ამ უსახურ და ხშირად სრულიად გამოუსადეგარ ნივთებს და უხერხული სახით მიღიმოდნენ…
მახსოვს, ერთხელ საშინელი ბარბი ვუყიდე ჩემს დას, რომელიც პატარა და სულელი იყო მაშინ. 12–ის მერე ზღურბლთან დავდე და კარზე დავაკაკუნე. კარი ჩემს დას გავაღებინეთ (რომელსაც, სხვა დროს რათქმაუნდა არავინ აძლევდა კარის გაღების უფლებას) და მან დაიჯერა, რომ უშნო ბარბი სწორედ თოვლის ბაბუმ მოუტანა :))

Advertisements

Read Full Post »

განა რას შეიძლებოდა ვეიძულებინე დამეტოვებინა რბილი საწოლი ამ შუა ღამისას და ჭრიჭინებისა და საბჭოთა მაცივრის დუეტის თანხლებით, ხელში კალმის აღების ნაცვლად, ჩემი შელანძღული, მაგრამ,მაინც მოწოდების სიმაღლეზე მდგომი ნოუთ–ბუქი გადამეხსნა – თუ არა მეგობრის უეცარ შეტყობინებას , რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა:

– „ნუთუ არ გაქვს სურვილი რამე დაწერო ამაზე..“
– „რას გულისხმობ?“ – იყო ჩემი ჰორიზონტალური და ფრიად მიამიტური პასუხი.
– „ათ აგვისტოს.  მთავარ გმირად გამომიყვანე მე.“

თავს ზემოთ ძალა აღარ იყო, მეგობის მიერ ჩემს მიმართ გამოცხადებულ უძირო ნდობას ნოველების თუ თხზულებების წერის ოსტატობაში და გენიოსობაში უპასუხოდ ხომ ვერ დავაგდებდი?

მაშ ასე, ათი აგვისტო.. ოო, დიადი ათი აგვისტო!

ეს ის ათი აგვისტოა, რომელიც სოფელში თავშეყრილ თავცარიელ და ჯიბეცარიელ ახალგაზრდებს ერთ სულ და ერთ ხორც აქცევდა ხოლმე. ჭაბუკური უმანკოებით გულანთებულებს ამ დღეს გვიყვარდა მთელი სამყარო, ყველა შენობა, ყველა ხე, ყველა კუნძი, ძროხის ნაკელიანი ქვებიც კი, შუკებში რომ ოხრად ეყარა; ვეფერებოდით და ვეხუტებოდით ყველას და სულ ერთი იყო ჩვენთვის უცნობი გოჩა და აკაკი იყო ეს, თუ ნაცნობი ნინო და ნათია.. თუ ყველანი ერთად.
არა, მე არ მინდა არასწორად გამიგოთ.  ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ…

მაშ, ასე, განვაგრძნობ – ამ დღეს ჩვენ ვაგებდით ერთსულოვნების მყარ კედელს, რომელსაც დუღაბად დიმედროლიანი, მჟავე ღვინო თუ ჭაჭის არაყი ჰქონდა. ამ კედელში ჩაკირულები ჩვენ ვეწეოდით მეგობრობის ყალიონს და სამუდამო მეგობრობის ფიცით შეკრულნი ორ ტონა ფიც–ვერცხლს ვჭამდით, თუმცაღა,  გავლენ წლები და ვინ იცის, სახელები გავიხსენოთ კი არა, სახეზეც ვერ ვიცნოთ ერთმანეთი..

და მაინც, ჩვენი  იმჟამინდელი ერთსულოვნება სრულყოფილი იყო, მას ვერაფერს აკლებდა ისეთი უმნიშვნელო ტექნიკური დაბრკოლებები, როგორიც იყო უეცარი უელექტროობა, უამინდობა, უფულობა, უდინამიკობა და მისთ.. საკმარისია დიჯეის, ანუ იმ ადამიანს, რომელიც ცალდინამიკდაზიანებულ პაწაწინა მაგინტოლასთან ჩაცუცქულიყო დაეყვირა – „ლაიფ ის ლაიფ დაიწყოო!“ – რომ ყველა, დიდი თუ პატარა მოხდენილად და ელასტიურად იწყებდა წელის რწევას, ფეხების და ხელების ქნევას და თავის კანტურს, რასაც უცილობლივ ადასტურებს მრავალდ შემონახული ისტორიული და დოკუმენტური ფოტო–მასალა..

ჩვენი ისტორიის გმირი (დიახ, გმირი, თუნდაც იმიტომ, რომ, მის გარეშე, მე სავარაუდოდ საწოლს არ დავტოვებდი, ახლა ღრმა და უშფოთველ ძილში ვიქნებოდი და შესაბამისად, ეს ღრმად მელანქოლიური თხზულებაც თუ რა ჯანდაბაც არის არ დაიწერებოდა), რომელიც დაუზარლად ადგენდა საჭირო ადამიანების თუ პროდუქტების სიას, დაუღლელად არჩევდა სხვადასხვა პრობლემის გადაჭრა–არ გადაჭრის გზებს ათ აგვისტომდე გარკვეული ხნით ადრეც, ბოლომდე ჩართული იყო სოფლის ჭრაჭუნა და ფამფალა კლუბის დალაგება–დასუფთავებისა და მორთვა–მოკაზმვის საკითხებშიც,  ვერც მაშინ დუნდებოდა და ეშვებოდა ბოლომდე, როცა ყველანი სუფრას უხდებოდნენ და ჭიქებს პირველად ავსებდნენ მჟავე ღვინითა თუ მყრალი არაყით. ის ომახიანად იძლეოდა დირექტივებს, შენიშვებს, დარბოდა გაუთავებლად, მოკლედ, ერთ გაწამაწიაში იყო.. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო – ათი აგვისტო..

ქართული კდემამოსილი სუფრის ტრადიციებისამებრ, თამადის არჩევის რიტუალის შემდეგ (რაც, ათ აგვისტომდე კარგა ხნით ადრე წყდებოდა კომისიის მაღალ ეშელონებში) იწყებოდა მზაყარი და ტკბილმოუბარი საუბარი ყბების გამალებულ ქნევის სინქრონში, რაც, მოკლე დროში იცვლებოდა ხმაჩახლეჩილი  და წამოჭარხლებული, გულ–პირ–საყელო–ჩამოწუწული თამადის მოწოდებებებით წესრიგისაკენ, სმენისაკენ, გაგონებისაკენ, რაც, გულწრფელად რომ გითხრათ, შეზარხოშებულ ახალგაზრდებს სულ ერთ ადგილას ეხატათ და სუფრაც შემუჩნევლად თუ შესამჩნევლად ცარიელდებოდა. მისი შევსება ხდებოდა ხოლმე სუფრაზე დარჩენილი თითო–ოროლა გადამწვარი მოქეიფის ბუნტის საფუძველზე, მაგრამ, მხოლოდ ძალიან მოკლე დროით..
წელის, თეძოს და სხვა კიდურების ქნევა სოფლის კლუბის სცენაზე ხდებოდა, რაც უფრო მარათონს გავდა, ვიდრე უბრალოდ ცეკვას. რაც უფრო დიდხანს  იქნევდი წელს, მით მეტი სივრცე თავისუფლდებოდა ირგვლივ. ბოლოს,  თუ ძალიან მოინდომებდი, მატა ჰარივით სრულიად მარტოდმარტოსაც შეიძლებოდა გექნია კურტუმი. თუმცა, ტაშის მდაკვრელიც არავინ გეყოლებოდა, სცენიდან ჩამოსულს თვალები კარგად უნდა დაგექაჩა რომ რომელიმე გემრიელი და მურაბა ადამიანისთვის მუცელზე ან რაიმე სხვა ადგილას არ დაგებიჯებინა. არადა, ისინი მრავალად იყვნენ იატაკზე განფენილნი. ზოგს მაგიდისთვის მიეშურებინა და საკუთარ თუ მოძმის საცივში ეძინა.. საცივი სიტყვის ხატოვნებისათვის ვთქვი, თორემ, შეიძლება ეს სულაც ტყემლიანი კარტოფილი ყოფილიყო, ან ლობიანი ფელამუში. აივანზე გადაფენილნი მზის სადიდებელს გალობდნენ, მავანნი მათთვის წყლის მოსატანად გარბოდა, მავანს მათი მაღალი შუბლები ეჭირა..
ღვინის, არაყის და ნარწყევის შეუდარებელი და დაუვიწყარი სურნელება ტრიალებდა სოფლის კლუბის ხის კედლებში. გავლენ წლები და აუერელიანო ბუენდია იქეთ იყოს და, მეცა და ამ ამბის გმირიც ხშირად, თვალზე კურცხლითაც კი მოვიგონებთ მას..

ამასობაში ეროსი ღრუბლებიდან აცურებდა თავის ვარდისფერ კოტიტა თითებს, ხოლო ჰელიოსის ცეცლიხსფერი ეტლი ცის კამარას სერავდა და ტყემლიანი თუ ფელამუშიანი თეფშიდან თავაღებული თამადა შეშფოთებით გაიშვერდა საჩვენებელ თითს უშუშებო ფანჯრისაკენ, რომლის მიღმაც იმ არამზადის ზურგი ჩანდა, რომელიც შეუმჩნევლად, წმინდა სამების სადღეგრძელოშეუსმელად ცდილობდა გასცლოდა ბრძოლის ველს.. მაგრამ, ვაგლახ, რომ თამადას საჩვებელი თითიც ისე უვარდებოდა და თავიც, რომ მის ხორხისმიერ ბგერებს ვერავინ არჩევდა და გამყიდველიც თავს შველოდა..
მაგიდის ქვეშ, ჩემი ბავშვობისდროინდელი ერთი კაი მულტფილმისა არ იყოს, ძმურად იყოფნდნე პურს ძაღლი, მგელი და კატა… იქნებ თაგვიც.. სადღაც, დაღრეცილი იატაკის ღრიჭოებს შორის კი უკვალოდ ჩაიკარგა ჩემი ბრაზილიური ხის საყურე, ჭრელი თუთიყუში..

P.S. საყვარელო მეგობარო, მომიტევეთ, თუ ეს “თხზულება” ვერ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, ან, ვინძლო იმედიც კი გაგიცრუეთ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ტკბილ მოგონებებს ამ თარიღთან დაკავშირებით მე ღრმად გულში ვინახავ, ისე ღრმად, რომ, მათი ამოქექვა და ქრონოლოგიურად დალაგება ჩემთვის მთლად ადვილი საქმეც არ იყო…

ეს რათქმაუნდა ხუმრობით ;)

Read Full Post »

(პროექტი “მომავალი წიგნის გვერდი”)

ეს იყო სქელ და  შინდისფერყდიანი წიგნი. 
ჩემი–შენი პირველი წიგნი.  ან, იქნებ – შენი–ჩემი.
ბიბლიოთეკიდან მოპარული. ასე გამოვიდა.. იმიტომ  გამოვიდა, რომ უკან დასაბრუნებლად ვერ გავიმეტე.

ზაფხული იყო.  პაპანაქება.
სასკოლო არდადეგები.
მე – ხურვებ –ცხელებიანი. აკაწკაწებული.
ჩვენი სოფლური, ხის სახლის მეორე სართულზე, საბანში შეფუთული ვიწექი და შინდისფერ–სქელყდიან წიგნს ვკითხულობდი. ფურცლების კიდეებზე მინაწერებს ვაკეთებდი. ახლა, როცა ამ მინაწერებს ვკითხულობ , მეცინება და მრცხვენია კიდეც…

ერთგან გიწერია – წიგნი ისეთი უნდა იყოს, მისი წაკითხვის მერე, ხელში ყურმილის აღება და ავტორთან დარეკვა გინდებოდესო. და იქაც ჩემი მინაწერები – „მე მინდა, მინდა, მინდა შენთან დავრეკო!“
შენ იყავი პირველი მწერალი და ვგონებ უკანასკნელიც, ვისთვისაც ოდესმე მდომებია წერილი მიმეწერა (ან დამერეკა, მენახა, დავლაპარაკებოდი) –  არა როგორც ბრძენი და გამოცდილი ადამიანისთვის, დიდი მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწისათვის, გამოჩენილი ფიგურისა თუ აღიარებული მწერლისათვის – არა. მე მინდოდა  ჩვენ მეგობრები ვყოფილიყავით, მე მინდოდა გცოდნოდა, რომ ვარსებობდი და ძალიან მიყვარდი, შენი პერსონაჟებივით მიყვარდი. მინდოდა შენც გყვარებოდი.

ეს რომ ათი წლით გვიან მომხდარიყო.. ის წიგნი რომ ათი წლით გვიან წამეკითხა და შენც ცოცხალი ყოფილიყავი, ალბათ, არც ელექტრონული ფოსტის გაგება გამიჭირდებოდა, არც ნამდვილი მისამართის, ან ფან–გვერდი გექნებოდა გახსნილი.. ჰოდა მოგწერდი კიდეც. ალბათ კი არა – აუცილებლად მოგწერდი.

ძვირფასო ჯერომ,

მას მერე, რაც ხელში ის შინდისფერყდიანი წიგნი ჩამივარდა, წიგნი, რომლის პირველ გვერდზე შავ–თეთრი ჰოლდენი ეხატა, ლაბადის საყელოში ცხვირჩარგული, სიგარეტით ხელში –  ჩემი სურვილი.. არა, ჩემი ოცნება გახდა შენსავით წერა შემძლებოდა და ჰოლდენივით ადამიანს შევხვედროდი.. შენს გამოჩენამდე  ჰემინგუეის ვაღმერთებდი და ვიცი, რომ შენც.  მაგრამ, ის ისეთია  –  ყველასია, შენ კი მარტო ჩემი ხარ.

მე ვიცხოვრე შენს მოთხრობებში, ვიყავი ფიბი, ვიყავი ესმე, ვიყავი სიბილი, ჯიმი ჯიმერინო… ეს დიალოგები, ვისკი და სიგარეტის კვამლი, სურნელები, გემოები, ფერები.. ყველაფერი, რასაც ზედმეტი ახსნა არ უნდა, რასაც კითხულობ, წარმოიდგენ და ხვდები – ახლა ჩემია.

„ჭერი ასწიეთ დურგლებო, სიძე მოდის სანაქებო…“

ჰო, სანაქებო. მარტოსულიც.

მინდა იცოდე, რომ ჰოლდენი ჩემი პირველი, ნამდვილი სიყვარული იყო. მე მიყვარდა მისი დაწერილი ესსე ბეისბოლის ხელთათმანზე. ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. ის ისეთივეა, როგორიც მაშინ იყო. და მგონი მეც ისეთივედ დავრჩი, მაშინ რომ ვიყავი…  დღემდე მგონია, რომ არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ჭვავის ყანაში მოთამაშე ბავშვებს თვალყური ადევნო, რომ სადმე არ გადაიჩეხონ, არაფერი იტკინონ… ბავშვები ხომ რაღაცნაირები არიან, სასაცილოები და დაუდევრები… ხან მუხლს იყვლეფენ, ხან იდაყვს..

კიდევ მინდოდა მეთქვა, რომ დღემდე ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან ცხენებს –  ლურჯა ფაშატი, წაბლა ულაყი, ქურანა, მერანი… დღემდე მგონია, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი რამეების გარჩევაა საჭირო და რათქმაუნდა, ეს ცხენებს სულაც არ ეხება.. პატარა ზღაპარი, სიმორი რომ უკითხავდა ფრენის, იმ შინდისფერყდიანი წიგნის მერე, ჩემთვის იმად გადაიქცა, ცხოვრების ფილოსოფიას რომ ეძახიან.

მიყვარხარ, მიყვარხარ, ისევე სულელურად, როგორც შინდისფერყდიანი წიგნის გვერდებზე მიყვარდი.
სიყვარული და ჭკვიანური, სად გაგონილა..

აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს ოდესმე და რახან ის უკვე ვიცი, რას ეუბნება კედელი კედელს, ამჯერად იმას გავიგებ – მოთხრობაში – „შენი მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები“  – ლისთან რომ ქალია, ის მართლა ართურის ცოლი არის თუ არა…

Read Full Post »

არსებობს რაიმე ტერმინი, იმ ადამიანების აღსანიშნავად, რომლებსაც ძალიან უყვართ ცხოველები?  აი, ისე ძალიან უყვართ, რომ მზად არიან გაუნაწილონ მათ საკუთარი ბიუჯეტი, საწოლი, თავისუფალი დრო და ზედმეტი პასუხისმგებლობებითაც დაიტვირთონ?.. არა, “ზედმეტი” ცუდი სიტყვაა – “დამატებითი” უნდა მეთქვა.. დამატებითი პასუხისმგებლობა..

და მე თუ ვიტყვი, რომ მიყვარს ცხოველები (ნიანგების გარდა), ძალიან მინდა ისინი კარგად, კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, იქ სადაც არიან, მაგრამ, არც ერთი წუთით არ შემიძლია მათი სახლში შეფარება  და ზრუნვა, გამოდის რომ “ფარისეველი” ვარ?

არა, მე მართლა მინდა არ დახოცონ ვეშაპები, არ ინადირონ შვლებზე, იხვებზე და ხოხბებზეც კი.. მე მინდა არ ვჭამდე ხორცს (დიდი სურვილი მაქვს!), მამაჩემის მოტანილ ე.წ ცოცხალ, ანუ გაუყინავ ქათმებს არ ვაჭრიდე გრძელ და დაკიდებულ კისერზე გამობმულ თავებს , არ ვუფათურებდე მუცელში ხელს და ვადღლიზავდე შიგნეულობას.. არ მინდა ჩემს შვილებს ვაჭმევდე ბებიაჩემის გამოგზავნილ ხბოს ხორცის წვნიანს, რომელიც, როგორც ბებიაჩემმა მითხრა, ისეთი თოთო იყო, ბალახის გემოც არ იცოდაო..

არ მინდა. ხო, მაგრამ, მათზე ზრუნვაც არ შემიძლია..

ბავშვობაში მყავდა ორი ლეკვი.. ქუჩის ძაღლმა დაყარა ჩვენს ეზოსთან. ლეკვები მთელი ღამე წკმუტუნებდნენ, მეც მთელი ღამე ვიხვეწებოდი – მე მოვუვლი–მეთქი.. 6–7 წლის ვიქნებოდი და ნება დამრთეს. ლეკვებს ტასო და კესო დავარქვი და მათი გამოკვება დავიწყე.. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ.. მერე დამავიწყდა, მერე ისევ დამავიწყდა.. მერე დამეზარა, მერე უფრო დამეზარა… ჰოდა ლეკვებიც წავიდნენ..

ცოტა რომ გავიზარდე, ეზოში კნუტი ვიპოვნე – ისევ დავიწყე ღრიტინი, მივხედავ–მეთქი. კარგიო, ერთი პირობითო – რასაც იზამს, ეგრევე შენ აწმენდო, შენ და არავინ სხვაო. ასე დაიწყო ჩემი და კნუტის თანაცხოვრება, რომლის სახელი არ მახსენდება.. ერთხელ ავწმინდე, ორჯერ, სამჯერ.. მერე დამეზარა, მერე არ მესიამოვნა და ბოლოს გავასხვისე..

ერთხელაც, მე–11 კლასში ვსწავლობდი, 8 მარტს მეგობარმა ბიჭებმა პატარა წიწილი მაჩუქეს.. “ზეპ” დავარქვი.. რატომ, ეს არ მახსოვს. ცუდი მარტი იყო, წლევანდელივით, ციოდა, ზეპი მუყაოს ყუთში ცხოვრობდა ღუმელის თავზე.. ერთი–ორჯერ კინაღამ გაიგუდა სიცხისგან.. თითქოს არც იზრდებოდა..სადღაც ერთი თვე გავიდა და ისევ ღინღლიანი იყო, ფრთები არ ამოსდიოდა. აპრილის დასაწყისში ჩემი დაბადების დღე ავღნიშნე, ღამე ვათიეთ.. დილით ტანსაცმლით შევძვერი საწოლში და მკვდარივით დამეძინა. შუადღისას გავიღვიძე, ჩემი მეგობრებიც გავაღვიძე და ზეპი მოვიკითხე – ყუთში არ იყო.. დიდხანს ვეძახე (როცა ვეძახდი, მოდიოდა..), ვეძებე და მერე მივხვდი, რომ სიზმარი, თითქოს ზეპი მოვიდა, სციოდა და საწოლში შევიწვინე, სულაც არ იყო სიზმარი.. გავიქეცი და საწოლში გაგუდული და გაბრტყელებული წიწილი ვიპოვნე..

ზეპის მერე არც თევზის, არც კატის, არც ძაღლის, არც სპილოს და არც გორილას მოვლის სურვილი არ მაქვს.. ქოთნის ყვავილებსაც კი ძლივს ვუვლი.

მალე ზეპის სიკვდილიდან 13 წელი შესრულდება.

Read Full Post »

უშესანიშნავეს ხასიათზე ვარ!!
მერე რა, რომ ღამის ორი შესრულდა!.. დღეს განსაკუთრებული საჩუქარი მივიღე და ალბათ მისი მიღებით გამოწვეული სიხარული, კიდევ კარგა ხანს გამყვება!
დაახლოებით ერთი წლის წინ ერთი ამერიკელი გავიცანი, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც იმ პროგრამის ფარგლებში ეწვია საქართველიოს, რომლისთვისაც მე ვმუშაობდი ოდესღაც. რაღაც უცნაური კაცი იყო, მაღალი, ჟღალი, მეზღვაურის წვერებით.. დაახლოებით ისეთით, ცნობილი მულტფილმის ”პაპაის” გმირს რომ აქვს.. მაგრამ, ყველაზე თვალშისაცემი მაინც ის იყო, რომ ამ გაჭაღარავებულ, ღიპიან წითურ ძიას, ძალიან მხიარული, ელვარე თვალები და კეთილზე-კეთილი სახე ჰქონდა.
არც ის მახსოვს რამდენი ხანი იყო საქართველოში, ან რამდენჯერ ვნახე. არაფერი განსაკუთრებული, გარდა მისი ”სანტაკლაუსური” გარეგნობისა, არ მაგონდება.
ამერიკაში წასვლიდან მალევე კულინარიული წიგნი გამომიგზავნა, იმ მხარისათვის დამახასიათებელი საჭმლის რეცეპტებით, სადაც თვითონ ცხოვრობდა.. ეტყობა სადღაც ვახსენე, სამზარეულოში ტრიალი მიყვარს-მეთქი და დაიმახსოვრა. გამიხარდა, რათქმაუნდა, შევპირდი, აუცილებლად დავამზადებ კერძებს ამ რეცეპტების მიხედვით, სურათებს გადავუღებ და გამოგიგზავნი-მეთქი. თუმცა, ემმ… ჯერაც არ შემისრულებია ეს პირობა…
რამოდენიმე თვის წინ მომწერა, კიდევ ერთი წიგნი გამოგიგზავნე ორგანიზაციის მისამართზეო. რამდენადაც მე იქ აღარ ვმუშაობდი, წიგნის წამოღება ხან დამავიწყდა, ხან დამეზარა.. მოკლედ, კარგა ხანს იარა ჩემამდე და ბოლოს და ბოლოს – დღეს , როგორც იქნა მოაღწია!
წიგნი, რომელიც, იდეაში საახალწლო საჩუქარი უნდა ყოფილიყო!
და წიგნი, რომელიც ოდრი ჰეპბერნის შესახებ არის!
დიიდი წიგნი!
ოდრის ისეთი ფოტოებით, რომლებსაც ინტერნეტში (მერწმუნეთ) ვერ ნახავთ! არადა, მე კოლექცია მაქვს ოდრის ფოტოების!
ძალიან მიყვარს ეს მსახიობი.. უფრო ქალი, ვიდრე მსახიობი! არ მინდა აქ ჩამოთვლა თუ ახსნა დავიწყო, რატომ ოდრი და არა ვინმე სხვა – უბრალოდ, უგონოდ მომწონს და ეს არის!
მაგრამ, მთავარი სიურპრიზი თურმე წინ მელოდა.. წიგნი გადავშალე და პირველსავე გვერდზე ასეთი უარაჩვეულებრივესი წარწერა დამხვდა –

”S…….,
I was walking past a bookstore and saw this book in the window. It spoke to me. It said “Can you help me get home?”
I said “where is your home?” and is said “Tbilisi”. “wow”, I said. “I know people there”. The book asked “Do you know S……D……………”? I said “What a coincidence! I do know her!”
“Please, help me to get home to… S…….”. So, what could I say? “Of course I will send you home”. The book was VERY happy.
I wish you and this book much happiness together.
Happy New Year 2011!
Charlie”

ისა, ვერ ვიხსენებ, ოდესმე, ვინმეს, ასე გულიანად ეჩუქებინოს წიგნი (მამაჩემის გარდა) და თან ასეთი უსაყვარლესი წარწერით (მამაჩემის გარდა!)… რომ წავიკითხე, კინაღამ ღრიალი დავიწყე.. რატომ? – არ ვიცი… უფრო სწორად, დიახაც ვიცი…
მიყვარს ყურადღებიანი ადამიანები, მიყვარს კარგი წიგნები საჩუქრად, მიყვარს ოდრი, მიყვარს თბილი წარწერები….
ზოგადად – სიცოცხლე მიყვარს! : )
ჰო, კარგი, წავედი… თორე ბევრ სისულელეს დავწერ…
უბრალოდ, მართლა, ბავშვობაში, მამაჩემის ნაყიდი და წაწერილი (იფ, რა სიტყვაა!!) წიგნების მერე, ააამდენი ხნის მერე, პირველად მაჩუქეს წიგნი გულითადად!
მამაჩემს ჭადრაკი უყვარს ძალიან. ეგონა და დიდი იმედი ჰქონდა, ჩემგან მსოფლიო ჩემპიონი დადგებოდა ჭადრაკში! იმდენ წიგნებს მყიდულობდა… დაბადებამდეც მყიდულობდა, ფეხადგმული არ ვიყავი, მაშინაც მყიდულობდა და აწერდა – ”ჩემს პატარა ცუნცულას, მომავალ მსოფლიო ჩემპიონს!”, ”მამიკო, ჩემო გოგოჭია, ხომ გახდები მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში?!”.. და კიდევ რამდენი ასეთი…
ჰოდა, ერთხელაც, კარადას ვალაგებდი და ყველას ერთად წავაწყდი.. მერვე კლასში ვიყავი მგონი… წარწერების გარდა, ნახატებიც იყო ამ წიგნებში – ბილიკებს რომ მივუყვებოდი ღრუბლებისკენ, მთების მწვერვალებისკენ… ეჰ!
მახსოვს, უსაზიზღრეს ადამიანად ვიგრძენი თავი.. წავედი და ჭადრაკის წრეზე ჩავწერე… ცოტა ხანი ვიარე კიდეც… მაგრამ, ისე დადგა ჩემგან მსოფლიო ჩემპიონი, როგორც დ. მედვედევისგან პრიმა ბალერინა!

მგონი სულ ეს იყო, რისი დაწერაც მინდოდა..
მეტი რაღა დავწერო? –
აა, ჰო – აჩუქეთ ერთმანეთს წიგნები… ასეთი თბილი, საყვარელი წარწერებით!

Read Full Post »

დარწმუნებული ვარ, ბავშვობაში ყველას გვიოცნებია, რომ გავიზრდებოდით ვიღაც ისეთი გამოვსულიყავით, ვინც არ გამოვედით და რაზეც ახლა გულიანად გვეცინება…

მე მაგალითად მინდოდა გამოვსულიყავი ექთანი, რომ ომში დაჭრილი მებრძოლებისთვის სისხლიან ჭრილობებზე სპირტიანი საფენები მედო, ან ფეხბურთის მოედანზე მოცელილი და ტკივილისგან დაგრეხილი სპორტსმენებისთვის ოფლით დაცვარული შუბლები მეწმინდა…

მინდოდა ფიზიკის მასწავლებელი გამოვსულიყავი, რომ სკოლის კარადაში პრიალა ლითონის, წკარუნა ბურთები და ნაირ-ნაირი ზომის და წონის პინები მქონდა (მათ შორის ძალიან, ძალიან პაწიები და საყვარლებიც), კიდევ მინდოდა ადამიანებისთვის სისხლის ანალიზები ამეღო და  შუშის ოთხკუთხა ფირფიტებს გასათბობად ზედ დავჯდომოდი,  მერე შუშის სინჯარებში შუშის პიპეტები უსასრულოდ მერაკუნებინა…

მოგვიანებით მომინდა ჟურნალისტი გავხდარიყავი და რეპორტაჟები ისეთი ცხელი წერტილებიდან გამეკეთებინა, სადაც სხვა წასვლას ვერა და ვერ გაბედავდა! ჰო, ტელეწამყვანობაც მინდოდა, ცისფერი ეკრანიდან დასტა ფურცლებით ხელში საინფორმაციო ნიუსების კითხვა (მე რომ პატარა ვიყავი, ტელეწამყვანები მხოლოდ ნიუსებს კითხულობდნენ!) და ბოლოს, ტელემაყურებლებთან დამშვიდობებისას ამ ფურცლებით მაგიდაზე მრავლისმეტყველად დაკაკუნება!

კიდევ, რადიოში დიჯეობა მინდოდა… მე და ჩემი მეგობარი ვიგონებდით და კასეტებზე ვიწერდით უზარმაზარ მონოლოგებს, რომლითაც ვითომდა მსმენელებს ვესაუბრებოდით და მხოლოდ ძალიან გვიან მივხვდი, რომ, რაც უფრო მეტს ლაპარაკობს ”დიჯეი”, მით უფრო მეტ სიბრიყვეს ფქვავს და მით უფრო გინდება, უბრალოდ ადგე და სხვა სიხშირეზე გადაერთო…

პრეზიდენტობა, პრეზიდენტის ცოლობა და დედოფლობაც კი, თქვენ წარმოიდგინეთ და არასდროს მისურვია… ალბათ ვერ ვიყავი და ვერ ვარ საკმარისად ამბიციური ნატურა!

რამოდენიმე დღის წინ წიგნების მაღაზიაში შევიარე, ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში… კონსულტანტი გოგონა სალაროსთან იჯდა და ახალთახალ, პიწკინა წიგნს საგულდაგულოდ კითხულობდა. რომ შევაბოტე, ფურცლებს შორის სანიშნე ფაქიზად ჩადო, ფრთხილად დახურა და ”რით შემიძლია დაგეხმაროთო” – მითხრა (სავსებით უბოროტოდ).

წიგნი მინდოდა ჩემი შვილისთვის. მომიძებნა, მერე ფული გამომართვა, ხურდა დამიბრუნა და როცა მაღაზიიდან გამოვედი, დავინახე – ისევ იმ პიწკინა წიგნის კითხვას შედგომოდა. ვითომ სულაც არ დამერღვიოს მისი მყუდროება, ვითომ სულაც არ ჩაედოს ფურცლებს შორის სანიშნე… ვითომ დეჟავუ მქონდა და სულ ეს იყო.

წამოვედი და თან ვფიქრობდი, ალბათ რა კარგია მუშაობდე პიწკინა და ფერადი წიგნებით სავსე მაღაზიაში, რომელიც ფრანგული პარფიუმერიისა და ძვირფასი ჩაისა და თამბაქოს მაღაზიებს შორისაა მოთავსებული და სადაც ყველა წიგნი შენია, თუნდაც მხოლოდ განსაზღვრული დროით… გარკვეული მიზეზების გამო, სიმყუდროვესაც მაინცადამიანც ხშირად არ დაგირღვევენ, ჩაისა და თამბაქოსთვის შორს წასვლა არ დაგჭირდება, კვირაში ხუთი (ან ექვსი) დღე, დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე შეგიძლია ფეხი-ფეხზე გადაიდო და იკითხო ყველაზე ახალი თუ ყველაზე ძველი, ყველაზე საინტერესო და ყველაზე უინტერესო, ყველაზე ფერადი და ყველაზე უფერული, ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე იაფფასიანი, ყველაზე მხიარული თუ ყველაზე სევდიანი, ყველაზე პოპულარული თუ ყველაზე არაპოპულარული წიგნები…  და დროდადრო, როცა თვალები გადაგეღლება, ხელებზესახედაყრდნობილმა უბრალოდ უცქირო შუშის კედლის მიღმა საქმიანად მოსიარულე ადამიანებს, მოიწონო ან არ მოიწონო მათი ვარცხნილობა, გაგეცინოს ან არ გაგეცინოს მათ სამოსზე, იფიქრო ან არ იფიქრო მათ ცხოვრებაზე და დაელოდო თვის ბოლოს, როცა მთელი თვის მანძილზე გაწეული ამ სასიამოვნოდ მძიმე შრომისათვის კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებ!

ჰოდა, მორჩა – გადაწყვეტილი ამბავია – რომ გავიზრდები, კონსულტანტი გამოვალ წიგნების მაღაზიაში! მაგრამ, რა ვიცი როდის გავიზრდები.. ან საერთოდ, გავიზრდები რო?!

Read Full Post »

შორენს უკითხავს დღეს პირწიგნაკზე – დედებო, რატომ გაგვაჩინეთო…  წავიკითხე თუ არა, იმ წამს პასუხის აკრეფა დავიწყე, მაგრამ, იმოდენა გამომივიდა, გადავწყვიტე აქ გადმომეტანა…

მე არ ვიცი რა იყო შორენის მოტივაცია, როცა ამას წერდა, მაგრამ ცხელ გულზე მეც დამისვამს იგივე შეკითხვა დედაჩემისთვის..  უფრო სწორად, თავი დამიმადლებია მისთვის – მე არ მითხოვია და ნეტავ რას მაჩენდი-მეთქი… ახლა, როცა შვილები მყავს, ხშირად მახსენდება ჩემი როყიოდ ნასროლი სიტყვები, დედაჩემის შეცბუნებული და შეწუხებული სახე მათი მოსმენისას და სინდისი მქეჯნის!

და აი, ახლა, როცა დასტურ ვიცი, როგორ ძალიან მეტკინება გული, თუ ჩემი შვილები იგივე შეკითხვას დამისვამენ ოდესმე, წინასწარ ვიცი რასაც ვუპასუხებ –

გაგაჩინეთ იმიტომ, რომ გაჩენამდე მსურდით, მიყვარდით და გნატრობდით! თქვენ რომ არ მყავდით, თმებგაწიწკნილ თოჯინებს ვარქმევდი თქვენს სახელებს, ვაჭმევდი ქვიშის ფაფას, ვაძინებდი მუყაოს ყუთში და ისეთივე მონდომებით  ვუმღეროდი ნანას, როგორც ახლა თქვენ გიმღერით – ”ნანაა-ა-ა-ა, ნანაა-ა-ა-ა!”…

გაგაჩინეთ იმიტომ, რომ უკიდეგანო ბედნიერება მომანიჭეთ! თქვენი მუცლადყოფნის ცხრა თვე ნამდვილი საოცრება იყო ჩემთვის, თავს გამორჩეულად და განსაკუთრებულად ვგრძნობდი, თქვენზე ზრუნვა სიამოვნებას მგვრიდა, თქვენი ფეთქვა ისეთი ნეტარებით მავსებდა, რომლის მსგავსი არ არსებობს…. და მიუხედავად იმ ტკივილისა, რომელიც თქვენი დაბადების დროს ვიგრძენი, თქვენი წითელი და სასაცილო სახეების დანახვისას მივხვდი – თურმე სწორედ თქვენს გასაჩენად გავჩენილვარ!

გაგაჩინეთ იმიტომ, რომ ჩემს თავს მარადიულობა მივანიჭო! თქვენ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება ხართ, თავს ვინუგეშებ, რომ ჩემს აუხდენელ ოცნებებს თქვენ აისრულებთ, ჩემს მიუღწეველ მიზნებს თქვენ მისწვდებით და ვიცი, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები – დავრჩები თქვენში, მერე თქვენს შვილებში გადავალ, შვილიშვილებში, შვილთაშვილებში და ამრიგად, არც არასდროს შევწყვეტ არსებობას!

გაგაჩინეთ იმიტომ, რომ ჩემი მშობლების მიერ ჩემზე გაწეული ამაგი, ზრუნვები, უძილო ღამეები, შიშები, კრთომები, დარდები როგორმე ავანაზღაურო…. მერწმუნეთ, სხვაგვარად ვერ შევძლებდი იმათი ”ვალის” გადახდას!

გაგაჩინეთ იმიტომ, რომ ის სითბო და სიმხურვალე, რომელსაც ახლა თქვენ გიწილადებთ – უთქვენოდ დამწვავდა და დამფერფლავდა!

გაგაჩინეთ იმიტომ, თქვენი ყოველი დანახვისას სიამაყე მავსებს, როგორც ჭეშმარიტ ხელოვანს საკუთარი ნამუშევრით ტკბობისას – აი სახე, რომელიც შეუცდომლად გამომიძერწავს და ულამაზესია, აი ტუჩები, პატარა ალუბლები… თვალები, კრიალა და გონიერი – მიცქერით და მგონია სულში მწვდებით, გამჭვირვალე ვხდები ამ დროს და არაფერი გრჩებათ დაუნახავი! თქვენი თითები, რომელიც ჩემსას გავს, თქვენი ცხვირი, რომელიც ჩემის ასლია…

მართლა უსასრულოდ შემიძლია ვწერო, თუ რატომ გაგაჩინეთ…. ოღონდ გულწრფელად, ყოველგვარი პატეთიკის და სიყალბის გარეშე.

მაგრამ, უსასრულოდ წერის ნაცვლად, ბოლოს აი, რას გეტყვით –

მე გაგაჩინეთ იმიტომ, რომ ადამიანი საუკეთესო რამ არის მათ შორის, რისი შექმნაც კი ადამიანს საერთოდ შეუძლია!!!

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: