ამერიკის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ
ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილ საუკეთესო ამბების კონკურსს.
იმ დილას თვალებგახელილი შევხვდი.
დედაჩემის გაფრთხილებების მიუხედავად , წვეთი არ მძინებია. ვიცოდი, არც მას დაეძინებოდა. მესმოდა ჩემი დების მშვიდი და თანაბარი სუნთქვა და თავს ვანუგეშებდი, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, რომ ეს ყველაზე კარგი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. დღე, რომელსაც, ჩემზე უფრო დიდი ხანი ბებერი ბირდი და ოსკარი ელოდნენ..
სამზარეულოდან წყლის ჩხრიალი და ბირდის ხალათის შარი–შური შემომესმა. ფრთხილად გადმოვდგი ფეხები საწოლიდან და ფაჩუჩებში გავუყარე. დედაჩემი ყავას ხარშავდა, ოთახში გახუხული შავი პურის და ყავის გემრიელი სუნი იდგა. ვინმე უცნობს რომ შემოეხედა ჩვენთვის, იტყოდა, შავების ერთი ჩვეულებრივი დილა გათენებულაო.. არადა, ორივე უგერგილოდ ვიქცეოდით, ყველაფერი ძირს გვივცვიოდა, ხელები გვიცახცახებდა. დედაჩემი თვალებს კი მარიდებდა, მაგრამ ეტყობოდა ძალიან ბედნიერი და ამაყი იყო. ბედნიერი, ამაყი და ცოტათი შეშფოთებულიც..
გახუხულ პურზე კარაქი სქლად გადაუსვა და თეფშზე დამიდო. ადრე ასე სქლად არასდროს გადაუსვამს. ეგ კი არა, არც მახსენდება, ბოლოს როდის გადაუსვა ჩემთვის პურზე კარაქი .. არ მინდა–მეთქი, ჩავიბურტყუნე და მაშინვე ვინანე. ლუკმა უგემურად ჩავღეჭე. თვალი საათისკენ გამექცა – 6:21 უჩვენებდა.
– შენთან ერთად ხომ არ წამოვიდე? – მითხრა და თვალებში ჩამაცქერდა. ალბათ, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ არ მეშინოდა. არა–მეთქი, თავი გავაქნიე. მხარზე ხელი მომითათუნა და ოთახიდან გავიდა.
სახლი ნელ–ნელა ახმაურდა. სამზარეულოში ფეხშისველა სამუელი გამოტანტალდა. ჩემი პურის ნარჩენი უკითხავად ჩაბღუჯა და დედას გაყვა.
ჩემს ერთადერთ გამოსასვლელ თეთრ პერანგს და უჯრულა ნაჭრით გაწყობილ ტილოს ქვედაბოლოს დედაჩემი ორ საათზე დიდხანს აუთოვებდა წუხელ. ბებერი ბირდი ყოველ დღე ათობით შავ უსინათლოს ასწავლის ტანსაცმელების რეცხვას და გაუთოვებას; ჩემი და ჩემი ექვსი და–ძმის სარეცხსაც თვალისდახამხამებაში ატკიცინებს, მაგრამ, ჩემი კაბის გაუთოვებას, მაინც, რატომღაც, თითქმის ორი საათი მოანდომა.. აუჩქარებლად აუთოვებდა და ღიღინებდა. მისი შემყურე, ადამიანი იფიქრებდი, ამაზე უფრო სასიამოვნო საქმე დედამიწაზე არ არსებობსო.
ერთნაირ, სასაცილო ღამის პერანგებში გამოწყობილი ბავშვები ერთმანეთს წამდაუწუმ რაღაცეებს ეჩურჩულებოდნენ და თვალს არ მაშორებდნენ. ჩემი საწოლის თავთან დაკიდებულ პატარა სარკეში თავი შევათვალიერე და თმებიდან სარჭების მოხსნა დავიწყე – დღეს ისეთი ლამაზი უნდა ვიყო, როგორც არასდროს! – ვუთხარი ჩემს თავს.
პერანგი გულმოდგინედ ჩავიკეცე კაბის სათავეში. რუთმა ჩემი თეთრი წინდები და ლაქის ფეხსაცმელები მომიტანა და მოწიწებით დამიწყო ფეხებთან – ღმერთო, როგორი ლამაზი ხარ, ენი – პატარა ხელები გულზე დაილაგა და ნატვრით შემომხედა – ყველაზე ლამაზი გოგო ხარ ლითლ როკში! რომ გავიზრდები, მეც შენსავით ლამაზი ვიქნები!
იმ წუთას გულით მჯეროდა მისი – მარტო ლითლ როკში კი არა, მთელ არკანზასში ყველაზე ლამაზი გოგო ვიყავი!
ბებერმა ოსკარმა, სასადილოს მაგიდასთან რძიან ყავას რომ ხვეპდა, შუბლზე მაკოცა. ჭაღარა ხვეული თმები საფეთქეთან კლოუნივით ასწეწოდა. დაწითლებულ თვალებზე ცრემლი ადგა. რკინიგზის ჟანგიანი ვაგონების შეკეთებისგან დაკოჟრილი ხელებით გულში ჩამიკრა და ჩემს და–ძმებს სთხოვა სათითაოდ ეკოცნათ ჩემთვის. რკინის კიბეებზე ხმაურით ჩავირბინე. ჯამალის დედა, დეიდა დოროთი ეზოში თეთრეულს ქოშინით ავლებდა. წმინდა მარიამი გფარავდესო, მომაძახა და კოტიტა თითებით გაურკვეველი ფიგურა მოხაზა ჰარეში…
სექტემბრის თბილი და მზიანი დილა იდგა. ლითლ როკში გრილი სიო ქროდა. ავტობუსების გაჩერებისკენ გავეშურე. ჩემი ორი თვის დანაზოგით შეძენილი ლამაზი მზის სათვალეები ცხვირზე მოვირგე და სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე – არა, ეს დღე აუცილებლად ყველაზე კარგი დღე უნდა იყოს ჩემს ცხოვრებაში!
ლითლ როკ სენტრალის სკოლასთან ბუზივით ირეოდა ხალხი. სასწავლებლის ეზო მოგუგუნე ფუტკრების სკას გავდა. ვუახლოვდებოდი და გუგუნი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ხეებზე მიმაგრებული რადიო–სასმენებიდან გადმოღვრილ მუსიკის ხმებს სკოლის დირექტორის მისასალმებელი სიტყვა შეენაცვლა. თვალებით ვეძებდი ერნსტს, ჯეფერსონს, ტერენსს, შარლოტას, მინიჯინს, გლორიას, ტელმას და მელბა პატილოს. ჩვენ მე–14 ქუჩის შესახვევთან უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, ისინი კი არსად ჩანდნენ.
ხელით მზე მოვიჩრდილე და კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ხალხით გაჭედილ ეზოს. მზით განათებული ლითლ როკ სენტრალის სკოლა უშველებელ ტაძარს უფრო გავდა, თაღებიანი შესასვლელით, ორნამენტებიანი ფანჯრებით, ლამპიონებითა და ქანდაკებებით.. ერთი წამით ისიც ვიფიქრე, ნეტავ ბირდი მართლა გამომყოლოდა მეთქი, მაგრამ მაშინვე საკუთარი უმწეობის შემრცხვა – უკვე დიდი ხარ ენი, დიდი გოგო, მთელი თხუთმეტი წლის!
სკოლის ეზოში ლამაზი სტუდენტების ფერადი კაბები და პერანგები პატარა ალმებივით ფრიალებდნენ. ქერა, წითური თუ ყავისფერი, საფეთქლებთან დახვეული, კეფასთან აწეულ თუ დაშვებულ თმებიანი ლამაზი და მოცინარი სახეები, თხელი წვივები და მბზინავი ლაქის ფეხსაცმელები ერთმანეთში ირეოდა და ბედნიერებისგან სული მიგუბდებოდა – ისეთი ლამაზები არიან, ისეთი ლამაზები არიან… ისეთი ლამაზები ვართ!
ყოველთვის, როცა ბირდის ვეკითხებოდი, რატომ არის მეთქი, რომ ავტობუსში მარტო უკან შეგვიძლია დავჯდეთ, რატომ არის, რომ იმ ონკანიდან წყლის დალევა არ შეგვიძლია, რომლიდანაც თეთრები სვამენ, რატომ არის, რომ მე და ბობ მაკფერინს, რომლის დედაც ხშირად მოდიოდა ჩვენთან და გასარეცხ თეთრეულს უტოვებდა დედაჩემს – ერთად თამაში არ შეგვიძლია, მპასუხობდა – გული ნუ დაგწყდება, ჩემო გოგონი.. ეს ყველაფერი დროებითია..
– როგორ დროებით – ოდესმე ჩვენც გავთეთრდებით?
– არა, გოგონი.
– აბა, ისინი გაშავდებიან?
– არა, ენი, ყველანი ისეთებად დავრჩებით როგორებიც ვართ. იმისთვის რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ, არ არის აუცილებელი ერთი ფერის კანი ჰქონდეთ. ოდესმე უფრო მეტად გავიცნობთ და შევიყვარებთ ერთმანეთს, ეს არის და ეს.
– ეგ როდის მოხდება, დედა?..
– მალე, ენი, მალე..
აი, ის დროც მოვიდა, ვფიქრობდი ჩემთვის. მართალი იყო ბებერი ოსკარი, როცა მეუბნებოდა, რომ ტყუილია, თითქოს თეთრები განსხვავდებიან შავებისაგან – აი, ორი ხელი გვაქვს ჩვენც და იმათაც, ორი თვალი, ორი ყური.. ჭრილობიდან ჩვენც და თეთრებსაც წითელი სისხლი გვდის! აბა, შეხედე – ფერის გარდა ხედავ რაიმე განსხვავებას?
– ვერა– მეთქი, თავს ვაქნევდი მე.
– ასეა, ასე, ერთი ტალახისგან ვართ მოზელილები და ერთ ტალახად გადავიქცევით ბოლოს.. – ღიღინებდა ოსკარი და ეზოს ონკანთან ხელებს იბანდა, დაკოჟრილ და ნამუშევარ ხელებს – ფეხებში ჩემი და–ძმები ებლანდებოდნენ. ხან რუთს დაისვამდა მხრებზე, ხან მაიკლს და ასე ღიღინ–ღიღინითვე აუყვებოდა რკინის კიბეებს.
– ჰეი, შენ, ზანგო! – დაიძახა ვიღაცამ. წამით ვერ მივხვდი, მომეჩვენა თუ მართლა გავიგონე. – შენ გეუბნები, ხო, შენ – სად მოეთრევი, ვერ დაეტიე შენს წვინტლიან ამხანაგებთან? – სიტყვები გამოტყორცნილი მძიმე საგანივით მომხვდა ზურგში. წავბარბაცდი. უკან მოხედვის შემეშინდა. ერთი წამით შევყოვნდი. რვეული მთელი ძალით ჩავიკარი. ტყუილია, თითქოს გაქცევა დავაპირე – უბრალოდ, დრო მჭირდებოდა რეალობაში დასაბრუნებლად, ლითლ როკ სენტრალის სკოლის ეზოში დასაბრუნებლად, სადაც ის დრო, რომელზეც დედაჩემი მიყვებოდა, როცა ერთმანეთი უკეთ გვეცოდინებოდა და გვეყვარებოდა – ჯერაც არ დამდგარიყო..
სკოლამდე ორასიოდე მეტრი იყო. ახლა ეს მანძილი უსასრულობად მეჩვენებოდა. მით უფრო, რომ ისტერიულად გამკივანი ხმა, რომელიც ფეხდაფეხ მომდევდა, უფრო და უფრო მიახლოვდებოდა..
– აფრიკაში დაბრუნდი, ბინძურო ზანგო! – არ ცხრებოდა ვიღაც.
ნუთუ ამათ აფრიკა ჩემი პატარა ბინა ჰგონიათან, ან სულაც ჩემი და ჩემი დების საძინებელი, სადაც შეიძლებოდა შევვარდნილიყავი და კარი საგულდაგულოდ გადამერაზა?!. ნეტავი თუ იციან, რომ ნამყოფიც არ ვარ აფრიკაში, ნათესავიც კი არავინ მყავს იქ.. და შემოვრუნდი, რომ ხმამაღლა მეთქვა – მე აფრიკელი კი არა, ამერიკელი ვარ–მეთქი – ამერიკელი! შემოვბრუნდი და სიტყვა შემაცივდა – ღიმილიანი და ბედნიერი სახეები უკვალოდ გამქალიყო, ფერად–ფერადი პერანგები და კაბები უსიამოდ ფრიალებდნენ..
– „ენ, ვინ, ზენ, თან – ჩვენ არ გვინდა ზანგებთან!“ – ხმაშეწყობით მღეროდა ხელჩაკიდებული ოთხი გოგო… კამერებმომარჯვებულმა ფოტო–რეპორტიორებმა ჩემს ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს, წინ და უკან დარბოდნენ და კამერებს სახეში მჩრიდნენ.
„გაიქეცი ენ, გაიქეცი..“ – თითქოს ვიღაც ყურთან ჩამჩურჩულებდა – „არა, ფეხს არ მოვიცვლი, სკოლაში უნდა შევიდე!“ – მოკუმული ბაგეებით ვპასუხობდი მე – „ სახლში წადი, ენ, ბირდთან წადი, ოსკართან წადი“ – „არა, ბირდს გული გაუსკდება სახლში რომ მივიდე“ – „დაიმალე ენ, დაიმალე და ტირილით გული მოიჯერე“ – „არ ვიტირებ! პატარა აღარ ვარ, არ ვიტირებ!“
– შენთან ერთად გაკვეთილებს არ დავესწრებით! შენი ადგილი სამრეცხაოშია… წადი შენს აფრიკაში! მოგვწყდი თავიდან! – გუგუნით მომდევდნენ სიტყვები და ის–ის იყო სკოლას მივუახლოვდი, რომ ჩემს წინ რამოდენიმე შეიარაღებული და ფორმიანი აისვეტა – ვერ გაგატარებთ, მის – კბილებში გამოსცრა ერთმა.
ყელში მობჯენილი ბურთი სუნთქვას მიკრავდა. მთელი ძალით მივაწექი ჩემს წინ აღმართულ ცოცხალ კედელს და მუდარით ვთხოვე – გთხოვთ, გამატარეთ, სკოლაში მივდივარ!
– ვერ გაგიშვებთ, მის, ბრძანებაა! – ცივად გამიმეორა ხმამ.
რამოდენიმე წამი უშედეგოდ ვცდილობდი ამ ადამიანებს დავსხლტომოდი. თითქოს, მხოლოდ ის მინდოდა ბირდის და ოსკარის წინაშე მართალი ვყოფილიყავი, თუ მკითხავდნენ, მეთქვა – ყველაფერი ვცადე–მეთქი..
– სახლში დაბრუნდით, მის.. ვერ გაგატარებთ, მისს..“
„ ჩხაკ–ჩხაკ–ჩხაკ“ – არ ჩერდებოდნენ ფოტო–კამერები.
მორჩა, მეტი აღარ შემეძლო, ბირდისთვის და ოსკარისთვისაც აღარ შემეძლო. შემოვტრიალდი. მზე თვალებში მაჭერდა, მაგრამ კარგად ვხედავდი მათ სახებს, დაგრძელებულებს, თვალებდაწვრილებულებს, წარბებდაგრეხილებს, ისე მიცქერდნენ როგორც ქუჩის შფოთს, ტანსაცმელებშემოფლეთილს, მთვრალს და ჭუჭყიანს – სეირი რომ გაუმართავს – აკი გახამებული გამოსასვლელი კაბა მეცვა, კრიალა კაბა, ბირდი რომ ორი საათი აუთოვებდა გუშინ, ლითლ როკში ყველაზე ლამაზი გოგოც, აკი მე ვიყავი.. ყველაზე კარგი მოსწავლე ჩემს სკოლაში!
თავ–ბრუ დამეხვა. ვიღაც მოხუცმა ქალმა ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა და მომეჩვენა, რომ უნდოდა ხელი შემოეშველებინა – მისკენ შევრბუნდი – შემომაფურთხა – წაეთრიე, ბინძურო გომბიოო – დაიკივლა და ჩანთა ჰაერში მოიქნია..
ჯერ ჩქარი ნაბიჯით წავედი, მერე გავიქეცი. ფერად–ფერადი კაბების და პერანგების ალმები გზას მითმობდნენ, ყვიროდნენ, იცინოდნენ და უშვერ სიტყვებს მომძახოდნენ.. თუმცა, უკვე არაფერი მესმოდა. ფოტო–რეპორტიორები კამერების ჩხაკუნ–ჩხაკუნით დამტრიალებდნენ, ზურგიდან, წინიდან, გვერდიდან – ჩხაკ–ჩხუკ.. თავი მძულდა, ეს ხალხიც მძულდა! ნეტავ ის კანონი საერთოდაც არ მიეღოთ და მეც, ჩემს ძველ სკოლაში წავსულიყავი–მეთქი – ამდენი ხნის დაგუბებული ცრემლები ერთბაშად გადმომცვდა.
– არ იტირო! – მითხრა ვიღაც შლაპიანმა კაცმა და ჩემს წინ აისვეტა – ამათ ცრემლებს ნუ დაანახებ. ჩემსა და რეპორტიორებს შორის ისე ჩადგა, ცრემლის მოწმენდა რომ მომეხერხებინა. მერე ავტობუსის გაჩერებაზე, სკამზე მიმითითა და გვერდით მომიჯდა – ნუ შეგვიძულებ ამის გამო, კარგი?.. გგონია თვითონ ხვდებიან რას აკეთებენ? გგონია იმიტომ ყვირიან და მოგდევენ, რომ მართლა ცუდი ხარ, ან აუტანელი? უბრალოდ, ჩვენ ყველანი მშიშრები ვართ და გაუბედავები.. ყველაფრის გვეშინია და აი, ასე ვცდილობთ პასუხისმგებლობების თავიდან აცილებას.. – მერე კორესპოდენტებს მიუტრიალდა – დაანებეთ თავი, ბავშვია, ანერვიულდა!
– მისმინე, ჩემო პატარავ, ვიცი, ეს სულაც არ არის საკმარისი, მაგრამ, ბოდიშს გიხდი ამათი საქციელის გამო – მითხრა ვიღაც ქერა ქალმა, პატარა ჩანთას ხელებით რომ ჭმუჭნიდა და ლამაზად დაჩითული კაბა რომ ეცვა. როდის და როგორ მოგვიახლოვდა, ვერც კი შევნიშნე. იმ წუთას მართლაც არ იყო ეს სიტყვები საკმარისი ჩემთვის, იმ წუთას მეგონა ვერავინ და ვერაფერი შეძლებდა ჩემი ტკივილის და დამცირების გამოსყიდვას – ვიცი არ დამიჯერებ, მაგრამ, სულ მალე, აუცილებლად ყველაფერი შეიცვლება.. – მხარზე ხელის დადება უნდოდა, მაგრამ, შეშინებულმა უკნა გავიწიე და მანაც, ხელი მორჩილად დაუშვა. სახეში შემომცქეროდა – იცი, ჩემი გოგოც შენი ხნის იქნება.. რამდენის ხარ – თოთხმეტის ან ჰა–ჰა თხუთმეტის, ხომ?
– დიახ, მემ – დავუქნიე თავი და ვიგრძენი, რომ უკვე აღარაფერი მემუქრებოდა – გამიღიმა და მისი ღიმილი ისეთი თბილი, ისეთი გულწრფელი იყო, ძალაუნებურად ისევ გამახსენდა ოსკარის სიტყვები, რომ ყველანი ერთმა ღმერთმა გაგვაჩინა, რომ ერთნაირად ვიბადებით და ვკვდებით, ერთიდაიგივე ავადმყოფობებით ვავადდებით, ერნაირად გვტკივა და გვიხარია, ერთნაირად გვიყვარს და გვძულს, თანაბრად ვართ კეთილებიც და ბოროტებიც – სახლამდე მიგაცილებ, თუ წინააღმდეგი არ იქნები – თითქმის ჩურჩულით მითხრა ქალმა.
კარგი–მეთქი, თავი დავუქნიე. ქუჩის ბოლოში ავტობუსი გამოჩნდა. შლიაპიანი კაცი კიბეზე ასვლაში დამეხმარა და დამშვიდობების ნიშნად ხელი დამიქნია. ხელში ფანქარი და ბლოკნოტი ეჭირა.
……………………………………..
15 წლის ელიზაბეტ ენ ეკფორდი ერთ–ერთი იყო იმ ცხრა ფერადკანიან მოწაფეს შორის, რომლებსაც პირველად 1952 წელს დართეს ნება თეთრკანიან ბავშვებთან ერთად ესწავლათ ლითლ როკ ცენტრალში, არკანზასში. ისინი 4 სექტმებრის დილით სკოლასთან უნდა შეკრებილიყვნენ და ერთად შესულიყვნენ სკოლის შენობაში, რადგან, ვარაუდობდნენ, რომ შეიძლებოდა მათთვის წინააღმდეგობა გაეწიათ ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებიათ. მოხდა ისე, რომ შეხვედრა დილის ნაცვლად შუა დღისთვის გადაიდო, როცა, სავარაუდოდ, სკოლასთან მოწაფეების და მშობლების რაოდენობა მოიკლებდა – რაც, სამწუხაროდ, ტელეფონის არქონის გამო ელიზაბეტს ვერ ეცნობა და მას სრულიად მარტო მოუხდა შეჯახებოდა ინტერგრირების მოწინააღმდეგე ახალგაზრდების, მშობლების, ათობით კორესპოდენტის და არკანზასის ნაციონალურ დაცვის აგრესიას, რომელმაც საშუალება არ მისცეს გოგონას სკოლაში შესულიყო.
ყველაფერი