Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘საყვარელი ვიდეოები’ Category

ის მაროკოში დაიბადა. დედამისი მაროკოელი მოცეკვავე იყო. მამამისი ფრანგი ჯარისკაცი. ისინი ერთად არ ცხოვროდბენ.

იზრდებოდა ტრადიციულ ბერბერულ ოჯახში, გარშემორტყმული ბიძებით, დეიდებით და ბიცოლებით, ჭრელ–ჭრელი ფარჩეულით, საკმაზიანი და სურნელოვანი საჭმელებით..

ეს ყველაფერი მანამ, სანამ 15 წლისა სკოლას მიატოვებდა და საფრანგეთში წავიდოდა მამასთან. იქ დაიწყო სიმღერების წერა და შესრულება, სწავლობდა სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას.. პარალელურად მუშაობდა, ხან სად, ხან სად, რომ თავი გაეტანა.

ახლა 33 წლის არის. მღერის ინგლისურ, ფრანგულ და ბერბერულ ენებზე.

2010 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი “Handmade”.
დღემდე მიღებული აქვს სხვადასხვა მუსიკალური პრემიები და ჯილდოები. ამ რაღაცეებში ვერ ვერკვევი და ასე რომ, დიდად არც დავინტერესებულვარ.

ის არ არის ლამაზი, მაგრამ არის მაცდური.
არის ცოტა ველური და ეგზოტიკური აზიელი ქალებივით, ცოტა სენტიმენტალური და ცოტაც გამომწვევი დასავლეთელი გოგონებივით.
მოკლედ, კარგი ნაზავია. :)

მისი სახელია ჰინდი ზაჰრა (ან ინდი ზარა – მაინც ვერ გავიგე, ეს ჰ–ები იკითხება თუ არა..).

მათთვის, ვისაც ჩემსავით მოეწონება ჰინდი, მისი ერთ–ერთი კონცერტის ერთსაათიანი ჩანაწერი.. ძალიან ისიამოვნებთ! :)

Read Full Post »

დარწმუნებული ვარ, ყველას გაქვთ ამოკვიატებული რაღაც ცეკვა, ან სიმღერა, ან ფრაგმენტი ფილმიდან.. მოკლედ, რაღაც რისი ყურებას სიამოვნებას გგვრით, ან შეიძლება ეს სიამოვნება იმ აღტაცებით უფრო იყოს გამოწვეული, რასაც ამ სიმღერის მოსმენისას თუ ფილმის ფრაგმენტის ცქერისას განიცდით.. აი, მაგალითად, ორი დღის წინ განვიცადე იგივე, კინოთეატრში – “გოგონა დრაკონის ტატუთი” უნდა დაწყებულიყო.. ხომ არიან, ადამიანები ფილმების ცქერა რომ უყვართ, ყველა ფილმის პრემიერაზე დადიან, ყველა მსახიობის ვინაობა იციან და აშ… მე ასეთი ადამიანი არ ვარ.. იშვიათად ფილმი თავიდან ბოლომდე ვნახო, ვაკვირდები სულელურ დეტალებს – როგორ მსუბუქად ასწია მსახიობმა ვითომდა მძიმე სამგზავრო ჩემოდანი, როგორ მოსვა ჩაი ცარიელი ფინჯდნიდან, რატომ არ ამოსდიოდა ორთქლი, როცა ყელამდე თოვლში იდგა და აშ.. მოკლედ, ჩემი ფილმით სიამოვნება რთული ამბავია, მაგრამ, ეს ახლა საააერთოდ არაფერ შუაშია – მოკლედ, სინათლეები როგორც იქნა ჩააქრეს, ნახევარი კოლოფი “ბაწი–ბუწი” უკვე შთანთქმული მქონდა და ამ დროს სამწუთიანი ინტრო დაიწყო, მე მგონი ეს იყო გრაფიკული ნამუშევარი (ვერ ვერკვევი ასეთ რამეებში) პლუს საოცარი მუსიკა!…  მელნიდან, თუ ნავთობიდან ამოდიან და რაღაც მასად იზილებიან და მოკლედ.. რაც არის… ისეთი მაგარი გაკეთებული იყო, იიისეთი, რო გაშტერებული ვუცქერდი სრული 2–3 წუთი…
და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს 3 წუთი მთელ ფილმს ჯობდა!

მოკლედ, იმედია მიხვდით იმ აღფრთოვანებაში რაც ვიგულისხმე, პირველი წინადადებიდან რომ ვჯახირობ ამოვთქვა..
ჰოდა, აი, ახლა მთავარზე გადავიდეთ – ზუსტად ასეთი აღფრთოვანება მიპყრობს ჰაკას ცქერისას!
ჰაკა, გეცოდინებათ, რომ მაორის ტომების, რომლებიც ახალი ზელანდიის მიწაზე ცხოვრობდნენ ტრადიციული წინასაბრძოლო ცეკვა თუ რიტუალი იყო.. ახლა, ეს ცეკვა სუფთა ფოლკლორია, ასრულებენ ფესტივალებზე, ასრულებს ყველა, ვისაც გაუხარდება, არსებობს სპეციალური ჰაკას შემსწავლელი გაკვეთილები.. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია – ამ ცეკვას ყოველი შერკინების წინ ასრულებს ახალი ზელანდიის უძლიერესი რაგბის ნაკრები – All Black და ჩემი აზრით, მათი წარმატება სწორედ ამ ცეცხლოვანი რიტუალის დამსახურებაა.

როცა პირველად ვნახე ვიდეო, სადაც რაგბისტები ჰაკას ასრულებდნენ, მიუხედავად მათი მრისხანე და შეშლილი სახეებისა (და მთელი ხიბლი სწორედ ამ შემძრწუნებელ და შიშისმომგვრელ სახეებშია), და მიუხედავად იმისა, რომ ტიპიური “ქვეშაფსია” პაცეფისტი ვარ, წინააღმდეგი ყოველგვარი ბრაზის, რისხვის, ომის და მძვინვარების (MAKE LOVE NOT WAR!) – ვერ ავღწერ რა დამემართა! მიყოლებით რამოდენიმე ათეული ვიდეო ვნახე, სადაც სპორტსმენები ჰაკას ასრულებდნენ, ასევე ვნახე ახალზელანდიელი მოცეკვავეების შესრულებული ჰაკაც…სამწუხაროდ, მათი უმეტესობა ჩალის ფასადაც არ ღირს.
როგორც ვიკიპედია (ოო, მამა ვიკიპედია) მოგვითხრობს – ეს წინა საბრძოლო ცეკვაა.. და ოღჩ, რად უნდა ამას ვიკიპედია, ძალიან უნდა ჭედავდე, რომ ვერ მიხვდე რას ემსახურება ეს როკვა – ბრრ!! საოცრება! ადნენალინის შადრევანი! ერთ მხარეს სისხლს თუ ადუღებს, მეორე მხარეს პირიქით – ყინავს!
დღეს ისევ ჰაკას დღე მქონდა… ბეევრი ჰაკა ვნახე, მაგრამ, ისევ ძველი ფავორიტების ტრფიალი ვრჩები.  ვაღიარებ, რომ ეს ველური როკვა საოცარი ენერგიით მავსებს, სურვილს მიჩენს მეც დავისვირნგო სახე და მკერდში მუჭი ვიცე მთელი ძალით, შემეძლოს ფეხის დაკვრით მიწა შევაზანზარო, ვიყვირო ასეთივე ხაფი ხმით, ისეთი ცხოველური ხმით რომ მტერს ქვეშ ჩავასვრევინო!
მაგრამ, ვაღიარებ, რომ ჩემი ფემინისტური მიდრეკილების მიუხედავად – ჰაკა ქალის საქმე არაა! არც ქალს უხდება ჰაკა, და არც ჰაკას ქალი…

აი, სიტყვები, რომელსაც მაორები ჰაკას შესრულებისას იმეორებენ –

“Ka mate, ka mate! ka ora! ka ora!
Ka mate! ka mate! ka ora! ka ora!
Tēnei te tangata pūhuruhuru
Nāna nei i tiki mai whakawhiti te rā
Ā, upane! ka upane!
Ā, upane, ka upane, whiti te ra!”

ქართულად ეს ასე ჟღერს –

“ჩვენ შეიძლება მოკვდეთ,
ჩვენ შეიძლება ვიცოცხლოთ,
ეს თმიანი კაცია, რომელმაც მოიტანა მზე და აიძულა მას ეკაშკაშა!
კიდევ ერთი ნაბიჯი წინ,
კიდევ ერთი ნაბიჯი!
კიდევ ერთი ნაბიჯი წინ…
და მზე ანათებს!”

ჩემზე ეს უბრალო სიტყვებიც ძალიან მოქმედებს, მაგრამ, გააცილებით მეტყველია სახის მიმიკები და ჟესტიკულაცია ცეკვის დროს. ასე მგონია, რომ თითეულ მოძრაობას თავისი ველური და სასტიკი მნიშვნელობა ჰქონდა, რომელზეც, ახლა ყურადღებას რატომღაც არ ამახვილებენ, ეგ კი არა, ზოგ მათგანს ხშირად არც კი იყენებენ (მაგალითად, ადიდასის ცნობილ რეკლამაში შესრულებულ ჰაკაში ყელის ქვეშ ცერა თითის გამოსმა საერთოდ არ არის.. არადა ეს ყველაზე მნიშვნელოვნია მომენტია ამ რიტუალში! მეტიც – სწორედ ეს არის რიტუალის არსი!).. მაგრამ, საკმარისია კარგად შესრულებული ჰაკა ნახო, აუცილებლად მიხვდები რას პირდებოდნენ მტერს მაორი მეომრები!

ოო, მესმის, რომ ეს “გაფრინდი შავო მერცხალო” არ არის და არც “შავლეგ შენი შავი ჩოხა” – მაგრამ, ეს არის ჰაკა! ჰაკა!
ყველაზე მაგარი, ველური, აღმგზნები, სისხლის ამდუღებელი, მძვინვარე, მხეცური, გიჟური როკვა!!!!!

ესეც გემრიელი ლუკმა :)

ისე, ფეხბურთი რაგბთან შედარებით ბალეტია, არა? :))))))))))))))))))

Read Full Post »

Stop Motion ანუ ”შეჩერებული თუ გაყინული კადრი” არის სახელწოდება ანიმაციური ფილმების შექმნის კიდევ ერთი ხერხისა, რომელიც, როგორც ვიკიპედიაში წერია – ფიზიკურად მანიპულირებად სხეულებს ისე წარმოაჩენს, თითქოს თავისით მოძრაობენო. სინამდვილეში საგნებს აადგილებენ ფოტოების გადაღებების შუალედში, და ამ ფოტოების თანმიმდევრობით ჩვენების შემდეგ, იქმნება ილუზია, რომ ეს საგნები უწყვეტ მოძრაობაშია..

აი, მე პირადად ძალიან მომწონს ორენ ლავის ეს სიმღერა.. მაგრამ, კიდევ უფრო მომწონს კლიპი, გადაღებული ზემოთხსენებული მეთოდით!!!!

ასევე მომწონს ოფიციალური პაროდია ამ კლიპისა! :)

აი, კიდევ ერთი, ძალიან მაგარი ვიდეო  –

ამათაც არაუშავთ რა…

იმედია მოგეწონათ :)

that’s all..

Read Full Post »

არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობის დაცვის ეროვნულმა ცენტრმა” ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შესრულებული ოჯახში ძალადობის კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა, რომელშიც 1250 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, 2010 წელს საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა. მიღებული შედეგების მიხედვით, გაირკვა, რომ საქართველოში ყოველი მესამე ქალი სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლია.

თქვენ თუ გიცემიათ ცოლი/მეგობარი ქალი?

თუ თქვენი პასუხი უარყოფითია, აქ წასაკითხიც არაფერია თქვენთვის.

დადებითი პასუხის შემთხვევაში უპასუხეთ მომდევნო შეკითხვას –

როგორ სცემთ ცოლს:

ა. გაშლილი ხელით სახეში

ბ. მუჭით სახეში და მუცელში

გ. წიხლით სახეში და მუცელში

დ. ქამრით

ე. იატაკის საწმენდი ჯოხით

ვ. სხვა (მიუთითეთ)

შეგიძლიათ რამოდენიმე პუნქტი ერთად შემოხაზოთ…

ისე, თქვენ გგონიათ მართლა მაინტერესებს?!  რა ჩემი საქმეა… არ იფიქროთ, რომ ცნობისმოყვარეობა მამოძრავებს და თქვენს ცხოვრებაში ვაპირებ ქექვას. უბრალოდ, გუშინ მშვენიერ ვიდეოებს გადავაწყდი იუტუბზე, რომლებსაც სიამოვნებით გაგიზიარებდით და რომლებიც (თუ, ჩემს მიერ ზემოთ დასმულ კითხვაზე დადებითი პასუხი გაქვთ) ფრიად გამოგადგებათ.

აი, ერთ-ერთში ვიდეოში, რომელიც რომელიღაც მუსულმანური სატელევიზიო (სავარაუდოდ შემეცნებითი) გადაცემის ჩანაწერია, წამყვანი მოზარდ ბიჭებს დაწვრილებით უხსნის, თუ როგორ უნდა სცემონ ცოლები – აქლემი რომ აქლებია, მასაც არ შეიძლება სახეში ვურტყათ, მით უფრო მეუღლეებსო… სისხლი არ გამოვადინოთ, ძვლები არ დავუმტვრიოთ და რაც მთავარია – სახე არ დავუუშნოვოთო (რაღა მისექსავს მერე უშნო ქალს!)…

არის კიდევ ერთი ვიდეო, სადაც უფრო დავწრილებით არის ცოლის ცემის მეთოდებზე საუბარი – ძალიან სათნო და ბრძნული სახის, წვეროსანი ძია იმასაც ამბობს – ცოლები ისე უნდა ვცემოთ, ცემის კვალი საერთოდ არ ეტყობოდეთო… არ შევეხოთ სახეს და სხეულის სხვა მგრძნობიარე ნაწილებსო. თანაც, არავითარ შემთხვევაში (ამ სიტყვებს სამჯერ იმეორებს მეტი დამაჯერებლობსათვის!) ბავშვების თანდასწრებითო! თუ ქმარმა ცოლის ცემის დროს ეს წესები დაარღვია, ცოლმა შეიძლება კიდეც აპატიოს, მაგრამ ალაჰი არ აპატიებს და ის ამისთვის დაისჯებაო!

კიდევ ბევრი ამ ტიპის ვიდეოს ნახავთ იუტუბზე. მათი სრული უმრავლესობა მაჰმადიანების მიერ მაჰმადიანებისთვის არის გადაღებული. ყურანზე დაყრდნობით იძლევიან ასეთ რჩევა-დარიგებებს.

ჩვენ კიდევ რა ღმერთი გაგვიწყრა, კაცო.. ქრისტიანები გვქვია – არადა, არც ბავშვებს ვერიდებით, არც ზრდასრულებს… ქალებს თმებით ვათრევთ, წიხლებს ვუშენთ, თვალებს ვულურჯებთ, კიდურებს ვამტვრევთ, თირკმლებს ვუჟეჟავთ, ელენთას ვუხეთქავთ – ხან ქამრით, ხან სახრით და კეტებით ვცემთ და მერე ჩვენს მიერვე დაუშნოვებული და დაბეგვილი ქალების მისექსვაც არ გვიჭირს… ეჰ…

მოკლედ, რარა გავაგრძელო და ნახეთ ვიდეოები. იმედია სუბტიტრების წაკითხვას შეძლებთ. გაიზიარეთ თქვენი მაჰმადიანი ძმების გამოცდილება და გახდით უფრო ლმობიერები საკუთარი მეორე ნახევრების მიმართ…

ხოლო, თუ ევროპელი ძმების გამოცდილების გაზიარება გირჩევნიათ, წაიკითხეთ ის, რაც ვიდეოების ქვემოთ წერია.

გისურვებთ წარმატებებს პირად ურთიერთობებში!

ოჯახური ძალადობის შესახებ:

”ქალების წინააღმდეგ მიმართული ძალდობის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის ოჯახური ძალადობა. ოჯახური ძალადობა მრავალი წლის მანძილზე ითვლებოდა პირად პრობლემად, რომელშიც სახელმწიფო და საკანონმდებლო სისტემა არ უნდა ჩარეულიყო. ის არ აზიანებს მხოლოდ ქალის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას, არამედ ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევა და შესაბამისად სისხლის სამართლის დანაშაულია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალები უფრო ხშირად ხდებიან ცემის, თავდასხმის და მკვლელობის ობიექტი მათი პარტნიორების ან ყოფილი პარტნიორების, ვიდრე სხვა რომელიმე ადამიანის მხრიდან.

ოჯახთან ან ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ძალადობისაგან დაზარალებულთა დიდი უმრავლესობა ქალები და გოგონები არიან. ოჯახური ძალადობის ასეთი გენდერული ხასიათი შეგვახსენებს, რომ მსოფლიოში ქალები ძალადობისაგან მხოლოდ იმიტომ იტანჯებიან, რომ ქალები არიან.

ოჯახში ძალადობა ყოველთვის ინტიმური ურთიერთობის კონტექსტში ხდება. სიტუაციაზე კონტროლის მიზნით ერთ-ერთი პარტნიორი ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება მეორე პარტნიორზე დამცირებისა და შეშინების გზით, რაც სიტყვიერ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში გამოიხატება.

მოძალადეს ამოძრავებს პარტნიორის (ძირითადად ცოლის) კონტროლისა და მისი გარშემომყოფთაგან იზოლაციის სურვილი. ოჯახური ძალადობა არ შემოიფარგლება ფიზიკური ძალადობით, ხშირად ეს არის შემდეგი ელემენტების კომბინაცია:

ფიზიკური და სქესობრივი ძალადობა

ფსიქოლოგიური აგრესია

მატერიალური ზეწოლა

ქალის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა შეიძლება გამოხატულ იქნეს სხვადასხვა მოქმედებებით, მაგალითად:  მუქარა, შეშინება, მანიპულირება, იზოლაცია, ფულის მიცემაზე უარის თქმა, თავისუფლების აღკვეთა, საკვების მიწოდებაზე უარის თქმა, ქალის დამორჩილების მიზნით ბავშვებზე განხორციელებული ძალადობა.

ფიზიკურ ძალადობას, როგორც წესი, ახლავს უხეში ფსიქოლოგიური ზეწოლა ან სიტყვიერი აგრესია. ხშირად ოჯახური ძალადობა იწყება დამამცირებელი მითითებებითა და შენიშვნებით. ოჯახური ძალადობა ისეთი სახის თავდასხმა და ძალადობაა, რომელიც ადამიანის რამდენიმე ძირითადი უფლების დარღვევას უკავშირდება.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო ენციკლოპედიური ლექსიკონი

“ნებისმიერი აქტი, რომელიც ფიზიკურ, სექსუალურ ან ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს ან შეუძლია მიაყენოს ქალს, მათ შორის ასეთ ქმედებასთან დაკავშირებული მუქარა, თავისუფლების იძულებითი ან თვითნებური აღკვეთა, გენურჩევლად იმისა თუ სად ხდება საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში წარმოადგენს გენდერულ საფუძველზე ჩადენილ ძალადობას”. ეს განმარტება მოცემულია გაერთიანებული ერების მიერ მიღებულ დეკლარაციაში ქალთა მიმართ ძალადობის ლიკვიდაციის შესახებ(1993წ). მარტივად რომ ვთქვათ, ძალადობა გენდერის საფუძველზე არის ძალადობა ჩადენილი ქალის მიმართ მისი სქესობრივი კუთვნილების გამო.

ძალადობა არ უნდა გავიგოთ, როგორც მხოლოდ მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობის სერიოზულ სახეს წარმოადგენს ასევე მუქარა, ფსიქოლოგიური ზეწოლა და ეკონომიკური კონტროლი. საერთაშორისო დონეზე ქალის მიმართ ოჯახური ძალადობა აღიარებულია, როგორც გენდერული ძალადობის ნაწილი, დისკრიმინაციის ფორმა და ადამიანის უფლებათა დარღვევის უხეში გამოვლინება.

სოციოლოგების მოსაზრებით ოჯახურ ძალადობას უმეტეს შემთხევაში ოჯახური ჩვეულებები იწვევენ. ფსიქოლოგების განმარტებით კი მამაკაცის მხრიდან ქალის მიმართ ძალადობა მიმართულია ან დარღვეული გენდერული იერარქიული ურთიერთობების აღდგენისა ან ასეთი იერარქიის წაქმოქმნისაკენ. ამ შეხედულების თანახმად, ოჯახური ძალადობა განსაკუთრებით რთულად უნდა იდგეს იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ტრადიციული ოჯახური წეს–ჩვეულებები.

წყარო: http://www.tsutimes.com/

Read Full Post »

დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩემს მიერ მრავალგზის ხსენებულ და ჩვენი ბედნიერი ცხოვრების განუყრელ თანამგზავრად ქცეულ სოციალურ ქსელ პირწიგნაკში ქართველები ახალ საბავშვო წიგნზე ალაპარაკდნენ. არა, კი არ ალაპარაკდნენ – ახმაურდნენ. მაშინ ბლოგი არ მქონდა, უბრალოდ იდეების გაცვლა-გამოცვლას ვაკვირდებოდი.

გუშინ ხელმეორედ წავაწყდი ამ წიგნის ფოტოს ერთ-ერთი ”ფრენდის” ალბომში. მის ქვემოთ გაკეთებული კომენტარები კი დაახლოებით ასე ჟღერდნენ – როგორ გაბედეს ამის ქართულად თარგმნა? ვინ ოხერმა ჩაიდინა ეს? აი, რა უნდათ, რომ ასწავლონ ქართველ ბავშვებს! და აშ და აშ…

ხო, მართლა, საუბარია ვერნერ ჰოლცვართის (Werner Holzwarth) ძალიან ცნობილ საბავშვო წიგნზე – ”პატარა თხუნელას შესახებ, რომელსაც სურდა გაეგო ვინ დააკუკა თავზე” (ეს ჩემი თარგმანია, მეტი ნათელი რომ მოვფინო საქმის ვითარებას).

ზღაპრის ავტორი, ბატონი ვერნერი (აკი, ეტყობა კიდეც ფოტოზე, ბოროტების განსახიერება რომ ბრძანდება!..) გახლავთ ვიზუალური კომუნიკაციების პროფესორი გერმანიაში, ვაიმარის უნივერსიტეტში. კიდევ ბევრგან მუშაობს და სხვადასხვა პროექტებით არის დაკავებული (მაგალითად, როგორ შემცირდეს ალკოჰოლიზმი მოზარდებში და მისთ), მაგრამ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს.

წიგნი, პატარა თხუნელაზე გამოიცა 1989 წელს და სწრაფადვე გახდა ბესტსელერი საბავშვო წიგნებს შორის. ეს წიგნი დღემდე პოპულარულია მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში.

საქართველოში მას კვერცხები დაუშინეს.

ახლავე მოგახსენებთ რატომ, მაგრამ, მანამდე, გთხოვთ ნახოთ მულტფილმი, შექმნილი ამ ზღაპრის (თუ რაც არის) მიხედვით –

ზღაპარის შინაარსი როგორია, ეს უკვე იცით. ახლა დავფიქრდეთ, რას შეიძლება ასწავლიდეს ის პატარებს?!. რაღაც ხომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა მისი დახმარებით?

ჩემი აზრით, ძნელი არ უნდა იყოს ამის გამოცნობა, პასუხი მეტისმეტად ტრივიალურია – ბავშვებო, საყვარლებო, თუ თავზე დაგაკუკეს, იცოდეთ, რომ , რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, თქვენც უნდა (არც მეტი და არც ნაკლები!!! მიაქციეთ ამას ყურადღება..) დააკუკოთ მას თავზე!

მე მინახავს ამაყი ქართველი მშობლები, რომლებიც ორი წლის შვილს აქეზებენ – დედა შეიგინე, მიდი, შეიგინე! ბავშვის გინებაც მომისმენია, საყვარლად უწმაწური (დედა მოტაა, შეცეციი, მულეტო, კეოო და აშ და აშ) .. მე მინახავს ქართველი მშობლები (შეიძლება სხვა ეროვნებისაც, მაგრამ, რაში მანაღვლებს ახლა მე ისინი) უკბილო პატარებს (კბილიანებსაც) სიგარეტს რომ სჩრიან პირში, ღვინოს და ლუდს ასმევენ და სიხარულით ჭკუაზე არ არიან – უიმე, მოეწონა, მამას გავს, ენაცვალოს მამა ჭუჭუ-კვერცხებშიო! მე მინახია ქართველი მამები, პატარა ბიჭებს რო ეჩურჩულებიან – წამო, მე და შენ ნაშებში წავიდეთო (დედები კისკისებენ ამ დროს), ცოლი არ მოგყავს, დროა უკვე, გაგებრიქა კუტუებიო და ამისთანები…

მაგრამ, ოო, როგორ შეიძლება ქართველმა მშობელმა შვილს წაუკითხოს ზღაპარი პატარა თხუნელაზე, რომელიც არ მოისვენებს, მანამ, სანამ სამაგიეროს არ მიუზღავს ეზოს ძაღლს – შეურაცყოფისათვის!

სამაგიეროდ, როცა ზემოთხსენებული ბავშვები გაიზრდებიან, მათ კარგად ეცოდნებათ დედის გინება, ლუდის და ღვინოს სმა, სიგარეტის ქაჩვა, ნაშებში სიარული.. მაგრამ, მორჩილად აიტანენ თავზე დაკუკვას ოჯახში, სკოლაში, სამსახურში, ქვეყანაში (მთავრობისგან, მაგალითად  ხელისუფლებისგან) და საერთოდ, ყველასგან, ვინც კი მოახერხებს მათ თავზე დააკუკოს…

ან თუ არ მოითმენენ — მოიტანენ დანას, ნაჯახს, თოფს, კალაშნიკოვს, მუხას, ქვემეხს, ტანკს მოაგორებენ და გადაცხრილავენ ვინც მათ თავზე დაკუკვა გაუბედა.. იმასაც გამოსჭრიან ყელს და მის ოჯახსაც, მეზობლებსაც და ყველას… ყველას, ვინც მის სიახლოვეს იქნება!

ნეტავი ვინ, რა არაადამიანმა გაბედა და თარგმნა ეს წიგნი! მერე,  როგორ გაბედეს და დაბეჭდეს! ეროვნულობას ებრძვიან! ერის გადაჯიშება უნდათ! მტრები გვყავს, მტრები!!!! ვაი, ბედკრულო საქართველოვ…

აი, ასეთი პათოსით და გულში მჯიღის ცემით ვასრულებ პოსტს პატარა თხუნელაზე, რომელიც ჩემი შვილების საყვარელი პერსონაჟია, სხვათაშორის.

Werner Holzwarth

Read Full Post »

იმ ადამიანების რიცხვს არ თუ ვერ მივეკუთნები, რეალითი თუ სხვა სატელევიზიო შოუებით რომ არიან გატაცებულები. ეგ კი არა, ბოლო დროს საერთოდ უარი ვთქვი ტელევიზორის ცქერაზე.

სამაგიეროდ და მყავს, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული ამდაგვარ სანახაობებზე. მისი ბრიტანეთის სამეფოსადმი განსაკუთრებულ სიყვარულს ვაბრალებ იმას, რომ Britain got Talent და X-Factor-ის დიდი ფანია და მგონი სეზონი არ ჩაუგდია ჯერ.

მერე, დროდადრო ჩემთან მოდის და  მისი ფავორიტების (ან უბრალოდ, რაღაცით სხვებისგან გამორჩეული მონაწილეების) გამოსვლებს მაყურებინებს (ზოგჯერ ოჯახურ ძალადობასაც კი აქვს ადგილი, მაგრამ რას იზამ!).

შარშანდელი ”ა, ტალანტ”-ისათვისაც (თუ რაც იყო)  არ მიცქერია.  სამაგიეროდ, მახსოვს როგორ ალაპარაკდა ჩემს ირგვლივ ვიღაც ცაგერელი ქალის ფანტასტიურ გამოსვლაზე და ხმაზე. ”არ გინახავს?”, ”როგორ არ უყურე!”, ”ხალხი დაშოკა!”, ”ჟიური გადარია!” და მისთ…

მეც დავინტერესდი, ავდექი და ვუყურე. ვუყურე და დავფიქრდი. დავფიქრდი და მეს მერე ვფიქრობ…….

სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ქართული ჟიური განსაკუთრებით მარიონეტულია და კონკურსანტებს (ხშირ შემთხვევაში) ნიჭის მიხედვით კი არა, მაყურებლის გასართობად და მათთვის ესემესების დასაცანცლად ირჩევს (ის ტიტველა ქალიც კმარა ამის დასტურად. რა ერქვა?  ჩემთვის პირადად სიტიტვლე კი არა, მისი უნიჭო ცეკვა იყო გამაღიზიანებელი. ასე ხო ყველა სტრიპტიზიორშა ცეკვავს? გაცილებით უკეთესადაც კი!).

ეს  ცაგერელი ქალიც, მხოლოდ ანალოგიური საზღვარგარეთული შოუების მიბაძვისთვის და კოპირებისთვის იყო საჭირო (გვიჭირს ორიგინალობაში!). იყო ამის მაგალითი  Britain got Talent -ში, სადაც 2009 წელს სცენაზე გამოვიდა ვინმე 47 წლის სუზან ბოილი, სასაცილო, ბრეჟნევისწარბებიანი და ცოტა წვერ-ულვაშიანი ქალი, რომელიც ისე იქცეოდა, მარტო ჟიურიმ კი არა, მთელმა დარბაზმა მაგრად დასცინა და რომელსაც ბოლოს ისეთი ხმა ამოუვიდა პირიდან, რომ შოკში ჩაგდო აბსოლიტურად ყველა!

არ არის საჭირო ინგლისურის გადასარევად ცოდნა, უბრალოდ უცქირეთ.

რაც შეეხება გულნაზი გოლეთიანს, ჩემი აზრით არც ხმა აქვს განსაკუთრებული, შესრულება და ტექნიკაც ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე, ხმაც ”ნამეტნავად” უკანკალებდა და საერთოდ, ასე მღერის ყოველი მეორე სააბაზანოში, შხაპის მიღებისას!

აგე, ბატონო, კიდევ ერთი ადამიანი, მობილურების გამყიდველი, სასაცილო შესახედაობის ადამიანი, რომელსაც ოპერის მომღერლობა სურს და ჟიურის ცინიკური რეაქციაც არ აყოვნებს. მაგრამ, იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის…

და კიდევ ერთი 50 წლის ქალბატონი, მერი ბორნი, პირადად ჩემი ფავორიტი, ვისი შესრულებული ქოვერიც I Got Nothing, ტომ ჯონსის ორიგინალს მირჩევნია.

მე შეიძლება კიდევ დიდხანს, ან სულაც სიცოცხლის ბოლომდე დავრჩე გულგრილი ასეთი შოუების მიმართ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სხვა თუ არა, ჩემი და მაინც გამაგებინებს, როცა საქართველოშიც გამოჩნდება ვინმე გ ა მ ო რ ჩ ე უ ლ ა დ ნიჭიერი და მეც სიამოვნებით დავტკბები მისით. მე თუ არა, თქვენც მაინც ხო დატკბებით.

Read Full Post »

%d bloggers like this: