Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘რას გაიგებ..’ Category

შვიდ დღეში ახალი წელია.
ჩემი შვილები მოუთმენლად ელიან. კარგა ხანია სანტას წერილი მისწერეს, თუ რა სურთ მიიღონ საჩუქრად, ერთს ლეგო კუ ნინძები უნდა, მეორეს სათამაშო ძაღლი..
რომელი გინდათ რომ მოვიდეს, სანტა თუ თოვლის ბაბუ–მეთქი, ვკითხე და ჩაფიქრდნენ. სანამ ისინი ფიქრობდნენ, მე ჩემი ბავშვობა მომაგონდა და ვურჩიე – ისევ სანტა ჯობს, თოვლის ბაბუს სამი ცალი მანდარინის და უგემური კანფეტის მეტი არაფერი მოაქვს–მეთქი. გაოცებული მიყურებდნენ და მე ჩემს ნათქვამზე მეცინებოდა..
განა ვტყუოდი? მწარე გამოცდილება მალაპარაკებდა – ჩემს ბავშვობაში, თეთწვერა და დიდხურჯინიანი თოვლის ბაბუ ბაღის თუ სასკოლო საახალწლო ზეიმების ბოლოს, პატარა პარკში გამოკრულ სამ ცალ მანდარინს და სამ ცალ უგემურ კანფეტს გვირიგებდა ბავშვებს.
ახალი წლის მოსვლა რომ მიხაროდა, ეს კარგად მახსოვს, მაგრამ აშკარად არა საჩუქრების და თოვლის ბაბუს გამო.
იცით რის გამო მიხაროდა?
იმ ფუსფუსის გამო მიხაროდა, წინასაახალწლოდ რომ იწყებოდა ჩვენს 16 მ/კვ, პაწაწუნა სახლში. ოთახებში იდგა დედაჩემის გამომხვარი “ზღაპრის”, იგივე თაფლის ნამცხვრის სურნელი, რომელიც უზომოდ მიყვარდა! შემეძლო გვიანობამდე არ დამეძინა და დედაჩემს დავხმარებოდი კვერცხის ადღვებაში, ნამცხვრის დაკრემვაში, სახაჭაპურე ცომის დაბრტყელებაში, ემალის ღრმა თასში დარჩენილი ნამცხვრის ბისკვიტის თუ კრემის თითით ამოპრიალებაში, სალათის ინგრედიენტების დაჭრაში, რაღაც–რუღაცეების არევ–დარევასა და აზელ–დაზელაში.. ახალი წელი მიხაროდა მამაჩემის მიერ გაწყობილი ჭერამდე ნაძვის ხის გამო, ფანჯარას და ტელევიზორს შორის რომ  იდგა ხოლმე (სხვაგან ვერ ეტეოდა) და ბნელ ოთახში ფერადი ნათურების წყალობით თვალისმომჭრელად ბჟღვიალებდა..
სულ ეს იყო. ასე ცოტა კმაროდა ჩემი,  ქართული ოთხმოციანების პირმშოს ბედნიერებისათვის. რა  აიპადი, რის აიფოუნ ექვსი და ლეპტოპი… მიხაროდა და მორჩა! :)
ცოტა რომ წამოვიზარდე, ევროპულ თუ ამერიკულ ფილმებში ნანახი ნაძვის ხის გარშემო შემოწყობილი პიწკინა, ლამაზ ქაღალდებში შეფუთული საჩუქრებით ეშხით, გადავწყვიტე მე თვითონ მეკისრა თოვლის ბაბუობა – ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე ფულის შეგროვებას ვიწყებდი. ეს ფული ჩემი მშობლების მიერ სკოლაში სახარჯოდ მოცემული “კაპიკებისგან” შედგებოდა ბნელ და ცივ ოთხმოცდაათიანებში.
მოკლედ, ავად თუ კარგად, ჩემი ოჯახის წევრებს საჩუქრებს ვყიდულობდი, ვფუთავდი და ნაძვის ხის ქვეშ ვაწყობდი. როგორც წესი ეს იყო ხელთათმანები, წინდები, კალმები და მსგავსი უმსგავსობები :))))
ჰოდა, ახალი წელი რომ დგებოდა, ნებას ვრთავდი ჩემებს საჩუქრები გაეხსნათ. მე გაბადრული ვიდექი, ისინი კი ხსნიდნენ, ატრიალებდნენ ხელში ამ უსახურ და ხშირად სრულიად გამოუსადეგარ ნივთებს და უხერხული სახით მიღიმოდნენ…
მახსოვს, ერთხელ საშინელი ბარბი ვუყიდე ჩემს დას, რომელიც პატარა და სულელი იყო მაშინ. 12–ის მერე ზღურბლთან დავდე და კარზე დავაკაკუნე. კარი ჩემს დას გავაღებინეთ (რომელსაც, სხვა დროს რათქმაუნდა არავინ აძლევდა კარის გაღების უფლებას) და მან დაიჯერა, რომ უშნო ბარბი სწორედ თოვლის ბაბუმ მოუტანა :))

Read Full Post »

რომელია შენი საყვარელი ფერი? რომელი ფერი გამშვიდებს და გახალისებს? ლურჯი, მწვანე, იქნებ წითელი?

წარმოიდგინე რომ ყველა და ყველაფერი მხოლოდ იმ ფერისა იყოს, რომელიც ასე მოგწონს. წითელი პური, წითელი კარაქი, წითელი ფისო, წითელი ყავა, წითელ გზაზე წითელ ავტომობილს წითელი ქალი მიაქროლებს, წითელი ბავშვები წითელ სკევრში დარბიან და წითელ ნაყინს მიირთმევენ, წითელი ბებო წითელ წინდას ქსოვს..

რომელია თქვენი საყვარელი ხილი? – ნესვი? ან იქნებ მარწყვი? იქნებ გარგარი?

წარმოიდგინეთ, რომ ყველა ხე, რაც კი დედამიწაზე ხარობს მხოლოდ გარგარს ისხამს. წარმოიდგინეთ მშვენიერი შემოდგომა სოფელში, გლეხები ვენახში გარგარს კრეფენ და გოდრებით სატვირთო მანქანებში ყრიან. ხეებზე ღუის გარგარი და ისევ გარგარი.. გარგრის ჯემი, გარგრის მურაბა, გარგრის ნაყენი, გარგრის ჩირი, ჩემო გარგარო, ჩემო გარგარტუჩება, ჩემო თვალებგარგარა და აშ

და რომელია თქვენი საყვარელი მსახიობი ქალი? მონიკა ბელუჩი, იქნებ ანჯელინა ჯოლი, იქნებ იუნონა რაიდერი..

წარმოიდგინე რომ ყველა ქალი იუნონა რაიდერია.. დედაშენი იუნონაა, შენი და, შენი მამიდაშვილებიც კი იუნონები არიან, ის გოგოც, შენს წინა კორპუსში რომ ცხოვრობს და ფანჯრიდან უთვაალთვალებ, იუნონას გავს.. შენი ლექტორი, დამლაგებელი ქალი, უბრალოდ გამვლელი და გამომვლელი, ყველა ქალი იუნონაა..

რომელია შენი საყვარელი ქვეყანა? იტალია? მექსიკა? საქართველო?

წარმოიდგინე, რომ სამოგზაუროდ მიდიხარ, იფრინე შვიდი საათი, თბილისიდან ჩაფრიდნი თბილისის აეროპორტში, გადაჯექი მეორე თვითმფრინავში და კიდევ რამოდენიმე საათი იფრინე.. და ისევ. ტბილისში ჩაფრინდი, ან ქუთაისში, ან ლანჩხუთში.. არ არის პირამიდები, არ არის ეიფელის კოშკი, არ არის მაჩუ პიკჩუ, არ არის ტაჯ მაჰალი.. არის მარტო ქართლის დედა, სათაფლია, გელათი, ვარძია და მოკლედ რაც არის..

გავაგრძელო? შორს წაგვიყვანს ეს აბსურდი.

იმის თქმა მინდოდა, რომ მშვენიერია ადამიანის თვალი, ამდენ ფერს რომ აღიქვამს,  წითლად მზის ჩასვლას, იისფრად ამოსვლას, ქათქათა თოვლს, მწვანე მინდორს, ჭრელ მინდვრის ყვავილებს.. მშვენიერია ადამიანის სახე, ზოგი მრგვალი, ზოგი ოვალური, ზოგი თეტრი, ზოგი ხორბლისფერი, ზოგიც შოკოლადისფერი, თხელტუჩება, სქელტუჩება, ცისფერ და თაფლისფერთვალებიანი… თავად ადამიანები, მაღლები, დაბლები, თხელები, სქელები, ნაირ-ნაირები.. უყურებ დდა ეძებ შენს საყვარელს და რომელიც შენი საყვარელია, ყველაზე ლამაზიც ის ხდება.. და ალბათ სიტყვა “ლამაზიც”არ იარსებებდა, რომ არა ყველაფერი განსხვავებული და არაერთნაირი..

განსხვავებული ტრადიციები, ლანდშაფტი, კულტურა, ისტორია, ცივილიზაციები, ადამიანები, გემოვნება, წარმოდგენები, კონფესიები, რიტუალები,  შეხედულებები… სწორდ განსხვავებულობა, მრავალფეროვნება და არაიდენტურობა არის ის, რის გამოც სიცოცხლე ღირს და მშვენიერია.

ამიტომ, უბრალოდ იდიოტიზმი და სიბრიყვეა, გინდოდეს ყველაფრის გაერთფეროვნება,  ყველაფერი განსხვავებულის უარყოფა, განდევნა, მოკვეთა, ძაგება და გინება.

ფაშისტური ხორცის საკეპი მანქანა, რომელიც ჩემს ირგვლივ ადამიანებს ნთქავს, ისრუტავს და ერთ უსახო, უღიმღამო და უსიხარულო მასად აქცევს, ძალიან მაშინებს.

სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა.

Read Full Post »

დღეს სტუმრად მიგვიწვიეს.
ასე 2 საათისთვის უკვე ვიყავით იმ ქუჩაზე და იმ კორპუსში, სადაც გვითხრეს მოდითო.
დიდი, თეთრი და რკინის კარის წინ ვიდექით მე, მამაჩემი და ჩემი ორი შვილი. ზარი დავრეკეთ ორჯერ. მესამე ცდაზე კარი გაიღო და მომღიმარი მოხუცი ქალის ჭაღარა თავი გამოჩნდა.
– მობრძანდით, მობრძანდით!  კარი ყურთამდე გამოაღო და შეგვიპატიჟა. ცხვირი წამაძრო წამლების სუნმა, კიდევ აი ისეთმა, მარტოსული მოხუცების სახლებში რომ იცის..
შევაბიჯეთ კი არა – შევლაგდით. რიგრიგობით.
მოხუცმა ქალმა სასტუმრო ოთახისკენ მიგვითითა, თან ბავშვებს გაეთამაშა და ისე, სხვათაშორის იკითხა – მეზობლები ხართო?
სახტად დავრჩი… ჰოდა მასპინძელი მოვიკითხეთ. ანუ, ის ადამიანი ვისთანაც მივდიოდით. ქალის ღიმილიანი გამომეტყველება არც შეცვლია – შეგეშალათ? აჰ, შეიძლება, ჰო შეიძლება ზემოთ ცხოვრობდეს…
აქ ჩვენი ბოდიშების კორიანტელი წამოვიდა და უკანსვლა დავიწყეთ. სამზარეულოდან კიდევ უფრო მოხუცი კაცი გამოჩლაჩუნდა ძველებური “შოფრული” ტვიდის ქუდით და ფაჩუჩების ფრატუნით – ჩვენც გვესიამოვნება თქვენი სტუმრობა და თუ შეიძლება ცოტა ხანი დარჩითო..
მოკლედ, კი იქნება, არ იქნება და როგორც იქნა გამოვაღწიეთ მარტოობის და წამლებისსუნიანი სახლიდან.
კიბეზე ავდიოდით და უკან ამ ქალის ლოცვა მოგვყვებოდა. თან მადლობას გვიხდიდა – ეს პატარა ანგელოზები რომ  შემოიყვანეთ ჩვენს სახლში და გვანახეთო..

მოკლედ, ამ ორი ადამიანის სახე თვალებიდან არ ამომდის.
სტუმრებით გახარებულების… ბავშვების ნახვით გაბედნიერებულების..
ადამიანებთან კონტაქტს მონატრებულების…
კიდევ გამახსენდა პატარა ხის სახლი წყალტუბოში გზის პირას. მისი მორყეული ღობის წინ მუდამ იჯდა მოხუცი კაცი, რომელიც ყველა გამვლელსა და გამომვლელს საათს ეკითხებოდა.. შინ ხმის გამცემი არავინ ჰყავდა.

მერე გამახსენდა ყველა ჩემი ნაცნობი და ახლობელი, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო ოჯახის შექმნას არ აპირებს თუ თავს არიდებს, გადაწყვეტილების მიღება უჭირს, ან არ უნდა, შვილების გაჩენა უაზრობად მიაჩნია, ან არ ვიცი…
ჰო, ვის არ უნდა იყოს Forever Young…

იქნებ იკითხოთ, სად მოხუცი ცოლ–ქმარი და სად ადამიანები, ვისაც ოჯახის შექმნა არ უნდათო..
ამათ ერთმანეთი მაინც ყავდათ…
მერე რომელიღაც დაასწრებს.. თუ გაასწრებს.. და მერე, ალბათ უარესი მარტოობა დაიწყება, რისი ამოვსებაც მარტო ადამიანებს თუ შეუძლიათ, ადამიანებს და მათ ყოველდღიურ ხმაურს, ქვაბების რახუნს, ბავშვების ჭყივილს, მტვერსასრუტის ხმას, ჩხუბს, სიცილს, ტირილს…
თუ თავიდანვე ჩაჭრი ადამიანებთან ურთიერთობების ძაფებს, მერე მეეჭვება მისი აღდგენა მოუნდეს ვინმეს. მერე, როცა მარტო დარჩები.
რაც არ უნდა მარტივი იყოს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრება, დასასრული არა მგონია სასიამოვნო ჰქონდეს.
თუმცა, ვინ იცის… იქნებ ვცდები..
პრინციპში, მე რას მისმენთ, იცხოვრეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით.

Read Full Post »

ორი დღის წინ საინტერესო შეხვედრას ვესწრებოდი.
ამერიკელი ქალბატონი, კენდრა ოლბრაითი, რომელიც GIPA–ს სტუდენტებს  გვსტუმრობდა სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახლდათ. ფრიად სასიამოვნო ადამიანი იყო, სამი თუ ოთხი შვილის დედა, ძველი როკერი, ძირძველი დემოკრატების ოჯახიდან, ობამას პოლიტიკურ კურსს უჭერდა მხარს და ზოგადად, ამაზეც და კიდევ ბევრ რამეზე ისაუბრა. ერთი, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა (ახლა ნუ დაიწყებთ კირკიტს – რატომ მაინცადამაინც ეგო, დამასრულებინეთ ჯერ თხრობა) იყო საუბარი გენდერულ ბალანსზე (რამდენადაც მახსოვს, აღნიშნა – ამ თემაზეც ვკითხულობ ლექციებსო, ) და გარკვეულ (წყარო უცნობია ჩემთვის) სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მან თქვა, რომ ბოლო დროს ამერიკაში ტენდენციაა გაცილებით მეტი ქალი იყოს დასაქმებული, ვიდრე მამაკაცი; გაცილებით მეტი ქალი აგრძელებდეს სწავლას კოლეჯებში, ვიდრე მამაკაცები, ოჯახებში ქალი ხდება დომინანტური, საზოგადოებაში ქალები უფრო აქტიურები არიან, ვიდრე მამაკაცები და აშ.. ეს ქალბატონი, ამას რომ ამბობდა, წუხდა, რომ გენდერული ბალანსი ირღვევაო და ჩვენ ვაპირებთ სხვადასხვა პროექტების ამოქმედებას მამაკაცების როლის გასააქტიურებლადო..
მეთქი –  სადა ვბანაობთ.
ხო.
აქვე მეორე ამბავი..  რამდენად არის კავშირში ამ ამერიკელ ქალთან და მის მონათხრობთან, ამის გარკვევა თქვენთვის მომინდვია.
დღეს სილამაზის სალონში გახლდით. ეს ხშირად არ ხდება. მეტიც – ეს ხდება საკმაოდ იშვიათად. გამაოგნებელი ფასების გამო, რომლითაც გამოირჩევიან თბილისური “დონე სალონებე” , მათზე უარს ვამბობ, იქნებ ამიტომაც, სანამ თავზე საღებავი მედო და ნახევარი საათის გასვლას მოუთმენლად ველოდი, გავხდი მოწმე სალონის თანამშრომლების შორის გამართული რიგითი და არაფრით გამორჩეული საუბრისა.
სამნი იყვნენ.

ერთი, ახალი გათხოვილი და ფეხმძიმე საუბრობდა ოქროს სამაჯურზე, რომელიც უყიდეს და რომელშიც ათას ლარამდე გადაიხადეს. სთხოვდა მეორეს, რომ მის მეუღლესთან არაფერი წამოსცდენოდა მეორადებში ნაყიდ რვალარიან მაისურზე, წუხდა ორსულობისას მომატებული წონის გამო და ამბობდა, რომ გაისად აუცილებლად დაისვენებს ზღვაზე, ბავშვს დედამისს მიაბარებს, თვითონ კი თავს მოიწესრიგებს და კლუბში წავა.

მეორე, გაუთხოვარი, მორიდებული გოგონა ამბობდა, რომ ფულს დააგროვებს და გაისად საცურაო აუზზე ივლის. ზღვაზე წასვლისაგან თავს იკავებდა, რადგან, როგორც მისი სიტყვებიდან გაირკვა, არ ყავდა არავინ, რომ წაყოლოდა.. მარტო წასვლა კი არ მინდაო.

მესამე, რომლის კლიენტიც მე გახდლით სრული შემთხვევითობის წყალობით, თავიდან დედაჩემის ხნის მეგონა – ძალიან გაბრაზებული იყო ქმარზე, რომელსაც დებილი უწოდა რამოდენიმეჯერ, იმიტომ, რომ ის აპირებდა გამოეტანა სესხი ამ ქალის საკერდიტო ბარათით, რომ დროებით მიეცა ვიღაცისთვის და ამბობდა, ნეტავი ის ვიღაც ფულს საერთოდ არ დაუბრუნებდესო… მან ისიც თქვა, რომ სალონი  როგორც წესი 20:00 საათამდე მუშაობს, თუმცა, რადგანაც კლიენტები სწორედ საღამოს საათებში მოდიან, ის სახლში 10–11 საათისთვის ბრუნდება, აპურებს ოჯახის წევრებს (მინიმუმ სამს, რადგან თქვა, რომ 24 წლის ასაკში უკვე 6 წლის ბიჭი და 3 წლის გოგო ყავდა) და რადგან სხვა აღარაფრის თავი არ აქვს წვება, თუმცა კიდევ ორი–სამი საათი დაძინებას ვერ ახერხებს, ხოლო გათენებამდე სამჯერ–ოთხჯერ გადის საპირფარეშოში (სავარაუდოდ ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ავტ. შენიშ.). დილით 7:00–ზე აღვიძებს შვილების შარი–შური და აქედან იწყება მისი დღე, ალაგებს სახლს, ამზადებს საჭმელს და მიდის სამსახურში.
საუბრის დროს ახსენეს რამოდენიმე დღის წინანდელი ამბავი, როცა მას გული წაუვიდა, სალონში, კლიენტის მომსახურების დროს. მან თქვა, რომ ეს იმის ბრალია, წელს რომ არ დაუსვენია და რომ ძალიან სჭირდება დასვენება. სინანულით აღნიშნა, რომ, როცა შინ მიიყვანეს, ცუდად მყოფს ქალიშვილი დაადგა თავზე და “სნიკერსის” ფული სთხოვა.
რამოდენიმეჯერ ახსენა ჟურნალში “და ქალი” ამოკითხული ინფორმაცია სირბილის და კალორიების დაწვის შესახებ. რამდენადაც აწუხებდა ჭარბი წონა, ძალიან უნდოდა დილაობით ევარჯიშა, თუმცა, ფეხები ძალიან მტკივა და ვერ ვირბენ, მხოლოდ ვივლიო, აღნიშნა. ხოლო, როცა კალორიების დიეტაზე ჩამოვიუგდე სიტყვა, გაეცინა –დღეში მხოლოდ ერთხელ ვახერხებდა ჭამას და ის რასაც ვჭამ 1500 კლკალორია არც კი იქნებაო.
როგორც უკვე ავღნიშნე, ეს ადამიანი თავიდან დედაჩემის ხნის მეგონა, თუმცა, რეალურად ჩემზე მაქსიმუმ 5–8 წლით თუ იქნებოდა უფროსი, ანუ, დაახლოებით 35–38 წლისა..

მოკლედ, სულ ეს იყო რისი დაწერაც მინდოდა.
უბრალოდ, იმ ამერიკელი ქალბატონის გამოსვლიდან კიდევ ერთ ფრაგმენტს გავიხსენებდი, სადაც საუბარი იყო ქალისა და მამაკაცის შრომაზე და მან აღნიშნა, რომ მსოფლიო კვლევების თანახმად, ქალები მამაკაცებზე გაცილებით დიდხანს შრომობენ და გაცილებით მძმე სამუშაოს ასრულებენ; რომ მამაკაცებს აქვთ განსაზღვრული სამუშაო საათები, ხოლო ქალები შრომობენ გაღვიძებიდან დაძინებამდე.

Read Full Post »

სანამ ამ პოსტს წაიკითხავდეთ (თუ კი წაკითხვას აპირებთ, რათქმაუნდა, თორე, ისე ვინ გაძალებთ..), მინდა დაბეჯითებით განვაცხადო (კიდევ ერთხელ და მემილიონედ), რომ მართლმადიდებელი ვარ, თუმცა, რიგი შეხედულებების გამო და რიგიც შემთხვევითობის გამო, კარგად არ ვარ გათვითცნობიერებული ჩემს რელიგიაში, სჯულის კანონებში და აშ..
მოკლედ, ჩათვალეთ, რომ ეს პოსტი არის პირველ რიგში გულწრფელი შეკითხვა.. მეორე რიგში – გულწრფელი აღშფოთება.

ორი თვე არ არის გასული, რაც ჩემი ბავშვობის ერთ–ერთ მეგობარს შვილი შეეძინა. ჩემსა და მის ერთ საერთო მეგობარს, რომელიც კიდევ უფრო ახლობელი და დიდი ხნის მეგობარია ახალშობილის მამის და დედისაც კი, მათი შვილი უნდა მოენათლა. ამას, წინ უსწრებდა, როგორც ხდება ხოლმე ჩვენთან ჯვრისწერაზე მეჯვარეობა. მოკლედ, ეს ამბავი ამ ჩვენი მეგობრის დაოჯახებიდან მწიფდება და ყველანი ერთად ველოდით ჯერ ბავშვის გაჩენის, ხოლო შემდეგ ნათლობის დღეს.

სულ რამოდენიმე დღის წინ ეს დღეც დადგა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა რომ, ჩემს მეგობარს, რომელსაც ბავშვი უნდა მოენათლა ე.წ “დედათა წესი” დაეწყო. ამ დროს მართლმადიდებელ ქალებს ტაძარში შესვლა ეკრძალებათ, რადგან უწმინდურებად მოიაზრებიან (მენსტრუაცია, რაც ჩემთვის საკრალური პროცესია საშოს სანაყოფედ მოსამზადებლად რატომ ითვლება უწმინდურობად ნამდვილად არ მესმის, თუმცა, ამას შევეშვათ). ამის მიუხედავად, ჩემი მეგობარი ნათლობაზე მაინც წავიდა, იმ იმედით, რომ ტაძრის გარეთ მომლოდინეს, მას ნათლიად “მოიხსენიებდნენ” (ნათლიად მოხსენიება, კი, მოგეხსენებათ, ცხრა მთას იქეთ გადაკარგული კაცისაც შეიძლება).
არაფერიც!  როგორც შემდეგ თავად აღნიშნა, შეწუხებულმაც, გაბრაზებულმაც, გაკვირვებულმაც – მამაომ, რომელმაც ბავშვი მონათლა და რომელიც 30 წელზე დიდი ხნისა არ იქნებოდაო, ისიც და კიდევ ერთი მეჯვარე გოგონა, რომელსაც ასევე დედათა წესი ჰქონდა, ნათლიებად არც მოიხსენია, სწორედ იმ მიზეზით,რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ!

რამდენადაც არც მოძღვარი მყავს რომ ვკითხო, არც ვიცნობ ვინმეს ღრმად კომპეტენტურს (ისეთს მაინც, ვინც გააზრებულად არის მართლმადიდებელი.. მართლა არ ვიცნობ.. ჩემი მართლმადიდებელი ნაცნობების აბსოლიტური უმრავლესობა იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც ნებისმიერი მამაოს ნათქვამს, უბრალოდ, დაფიქრების გარეშე ჭეშმარიტებად მიიჩნებს, რადგან მათ შესამოსელი აცვიათ და წვერს ატარებენ), ამიტომ, ეს შეკითხვა დავწერე პირწიგნაკზე არსებულ თეოლოგიურ გვერდზე  Orthodox Theology, სადაც ისე დაემთხვა, რომ სწორედ ამ თემაზე მიდიოდა დებატები. არ ვიცნობ იმ ადამიანებს, ვინც ამ ჯგუფში წერს, თუმცა, ფაქტია, რომ მათი ნაწილი მაინც კარგადაა გარკვეული იმ საკითხში, რაზეც საუბრობს.

მოკლედ, ერთ–ერთისაგან (მხოლოდ ერთისგან, სხვამ არ ჩათვალა შეკითხვა თუ ფაქტი ყურადსაღებად, ალბათ) პასუხი ასეთი იყო: სოფიო, მე მოკლედ მოგწერ, მოძღვრის მიერ არმოხსენიებაც ზედმეტი სიმკაცრე იყო, რაც სამწუხარო რეალობაა, რომელიც იმედია ნელნელა გამოსწორდება.
ბ-ნ ლევანს მადლობა, რომ დიალოგი კორექტულად მიმდინარეობს, უბრალოდ იმედია მალევე მივალთ დასკვნებამდე, რომ ძალიან არ გაიწელოს კამათი, და მართლა კამათი კამათისათვის არ გამოვიდეს.
საკითხი სენსიტიურია და ზედმეტად ნუ დავძაბავთ, დასვკვნებისაკენ მოგიწოდებთ :)”

მოკლედ, ალბათ მიხვდით, რომ ამ პასუხის მხოლოდ პირველი აბზაცი შეეხებოდა ჩემს შეკითხვას.
რადგანაც ვთვლი, რომ პასუხი ძალიან ზოგადი იყო, ვეცადე კითხვა სხვანაირად დამესვა: “მალობა პასუხისათვის, მაგრამ, ნამდვილად არ არის ჩემთვის ეს პასუხი ამომწურავი. როგორ, ნებისმიერი ადამიანის მიერ “სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტება” თუ ისჯება, სულ მცირე საყვედურით მაინც, ეს ასე უნდა დარჩეს? ადამიანმა ბავშვს ნათლია დაუკარგა, ნათლიას ნათლული. და ეს არაფერს ნიშნავს? ასეთი “ცოტა სიმკაცრე” ძალიან ბევრი გამიგია. არაფერი არ “სწორდება” თავისთავად, გაუარესებით კი ბატონო.. გაუარესდება თუ ამ ამბავს არ მიეხედა”

მოკლედ, ჩემი ამ კომენტარის ქვემოთ დებატები ისე გაგრძელდა, თითქოს არც ვარსებულიყავი და ვთვლი, რომ იქ ისევ რაიმეს დაწერას აზრი აღარ აქვს, იქაურობამ “ოლიმპო” მომაგონა, სადაც ჩემსავით “უბრალო მოვკვდავებს” არაფერი ესაქმებათ და ერთმანეთს ბუმბულიანი კალმებით ეფარიკავებიან; ამიტომ, ბოდიშს ვუხდი (გულწრფელად) ჩემს მეგობრებს, რომლებსაც ეს ისტორია გადახდათ (განსაკუთრებით “დაწუნებულ” ნათლიას, რომელიც თავიდან არ იყო მომხრე ამ ამბავზე საჯაროდ საუბრის, თუმცა, მერე მთხოვა, შენც გაიკითხე და გაარკვიეო) და გეკითხებით, ყველას, ვინც კი ასე თუ ისე კომპეტენტური ხართ ამ საკითხში –

1.იყო თუ არა ზემოთხსენებული მამაო სწორი, როდესაც დედათა წესიანი ქალები ნათლიებად არ მოიხსენია?

2. თუ არ იყო სწორი, რამდენად ნორმალურია  და აქვს უფლრბა მამაოს, თავად ღებულობდეს მსგავს გადაწყვეტილებას?

3. და თუ ასე იქცევა (ხელოვნურად ამკაცრებს და ამძიმებს მართლმადიდებლურ კანონებს), უნდა იყოს თუ არა რაიმე ბერკეტი, ამ საქციელის აღმოსაფხვრელად?

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა.. ჩემდა გასაოცრად, ხშირად გამიგია, რომ ერთ მამაოს მრევლისთვის “აუკრძალავს” ან ძალიან მკაცრად მოუთხოვია  რაღაც, რასაც სხვა მამაოები დიდ ყურადღებას ან საერთოდ ყურადღებას არ ანიჭებენ (მაგალითად, რამოდენიმე წლის წინ, ჩემს ნაცნობებს და მათი ეკლესიის დანარჩენ მრევლსაც კურთხევა ჰქონდათ გაეუქმებინათ “ოდნოკლასნიკები”, რადგან, თურმე იქ ოჯახები ინგრევა, სამაგიეროდ, შიგვე ასობით საეკლესიო და მართლმადიდებლური ჯგუფია გახსნილი, რომლებსაც სასულიერო პირები მართავენ. სამაგიეროდ, იგივე ნაცნობის მამაოს არ აუკრძალავს ქალებისთვის ეკლესიის გარეთ შარვლის ტარება, რაც კატეგორიულად აუკრძალეს მეორე მეგობარს, რომლისთვისაც სოციალური ქსელებიდან გამოსვლა არ მოუთხოვიათ და აშ).  ერთის მხრივ, გამიგია მრევლს ეს სიმკაცრე როგორ ემაყება, მეორეს მხრივ კი, მიჩნდება კითხვა – თუ მართლმადიდებლობა ამას არ ითხოვს, რატომ უნდა წყვეტდეს რიგითი მამაო რა აუკრძალოს ხალხს და რისი კურთხევა მისცეს?

დიდი მადლობა პოსტის წაკითხვისათვის. ველი (კომპეტენტურ) პასუხებს.

Read Full Post »

დიდი ხანი არ გასულა იმ ამბის შემდეგც, რაც მე ჩემს გარდაცვლილი წიწილაზე და შინაური ცხოველებისა და ფრინველების მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე დავწერე პოსტი, რომ პირწიგნაკზე, ერთმა გოგონამ, სახელად მზია, სტატუსი დადო – ამადინების ბარტყები ხომ არავის გინდათ, გაჩუქებთო.. იქვე ჩიტუნების ფოტოც მოაყოლა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, 1 აპრილს ორი ძალიან მოსიყვარულე პაწია ჩიტუნა ჩემი ოჯახის წევრი გახდა.

სულ რაღაც სამ კვირაში შვიდი კვერცხი დადეს და ერთ მშვენიერ დღეს, დიდი ლოდინის შემდეგ, შვიდივე გამოჩეკეს. პატარა დინოზავრებივით პირდაბჩენილი, ტიტველა, მაგრამ, მაინც საყვარელი ბარყები.

რამოდენიმე დღის შემდეგ გალიაში მკვდარი ბარტყი ვიპოვნე.. ორი დღის მერე კიდევ ერთი.. მერე კიდევ..
თავიდან ვიფიქრე, რომ ბარტყი ბუდიდან თავისით გადმოვარდა და რახან დროზე ვერ შევამჩნიე, შიმშილით და სიცივით მოკვდა. მეორე ბარტყის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ დედა და მამა თავად აგდებდნენ მკვდარ ბარტყს.. მეტიც, ერთხელ დავინახე, როგორ გამოათრიეს ბუდიდან ცოცხალი, მაგრამ ყველაზე სუსტი ბარტყი და სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს.
სიმართლე გითხრათ, ძალიან ავღშფოთდი და გავბრაზდი..
ორი დღის წინ ვერ მოვითმინე და ბუდეში ცხვირი ჩავყე. დარჩენილი ოთხი ბარტყიდან ორი უკვე სამკმაოდ დიდია, შეიბუმბლენ კიდეც და პატარა დინოზავრებსაც აღარ გვანან. ორი კი, მიუხედავად იმისა, რომ ბუმბულის ამოსვლა დაეწყოთ, მაინც ძალიან პატარებად მომეჩვენენ.. თან, შევნიშნე, რომ დიდი ბარტყებისგან განსხვავებით ამ ორს ჩიჩახვი საკვებით სავსე არ ჰქონდა..
მივხვდი, რომ ეს ორიც სასიკვდილოდ იყო განწირული.. ალბათ, ჩემმა ამადინებმა შენიშნეს, რომ მათი ორი ბარტყი ისე სწრაფად ვერ იზრდებოდა, როგორც სხვები და დროსაც აღარ ხარჯავენ მათ გამოკვებაზე.

გამახსენდა, ბავშვობაში ბებიაჩემი როგორ აჭმევდა ხელით სუსტ წიწილებს. ორივე ბარტყი ამოვსვი და ვცადე წარბების  პინცეტით  როგორმე გამომეკვება, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა.. ბარტყებს საოცრად პატარა პირები აქვთ, მით უფრო, რომ საკვები ღრმად, ლამის ჩიჩახვამდე უნდა ჩაუდო. ძალიან გავწვალდი, მაგრამ ცოტ–ცოტა ორივეს ვაჭამე და ბუდეში დავაბრუნე..
ამ გამოკვების დროს მივხვდი, რომ ტყულად ვბრაზობდი ჩემს ჩიტუნებზე, ჩემზე უკეთ იციან რა და როგორ გააკეთონ… ბარტყი, რომელსაც საერთოდ აღარ კვებავდნენ ნამდვილად მომაკვდავი იყო და დღეს დილით გალიაში მისი პატარა და გაფშეკილი სხეულის ნახვა არ გამკვირვებია.

შეიძლება სულელურად ჟღერს, მაგარმ ეს დღეებია სულ ამაზე ვფიქრობ – ადამიანები სელექციის მეთოდით არ ხელმძღვანელობენ შვილებთან ურთიერთობისას.. ეგ კი არა, ხშირად ხდება, რომ ავადმყოფი და სუსტი შვილი უფრო უყვართ, თუ უფრო მფარველობენ..
ჩემს ჩიტებს სავარაუდოდ ორი ბარტყიღა დარჩებათ.. ყველაზე ჯანმრთელები და სიცოცხლისუნარიანები..  არ ვიცი რამდენად სამართლიანია სელექციის მეთოდი, მაგრამ, ფაქტია, რომ ბუნება სწორედ ამ მეთოდით ხელმძღვანელობს. მაძღარი ის არის, ვინც ყველაზე ხმამაღლა წივის, პირს აბჩენს და საჭმელს პირველი ეტანება.. ცოცხალიც სწორედ ის გადარჩება.
ისწავლეთ ადამიანებო.

Read Full Post »

6 წლის ვიყავი, როდესაც მართლმადიდებლურად მოვინათლე.
ჩემი მშობლები ღრმად მორწმუნეები არ ყოფილან, იმიტომ, რომ მათი მშობლებიც არ ყოფილან ღრმად მორწმუნეები, არც მათი მშობლების მშობლები და არც მათი მშობლების მშობლების მშობლები.. თუმცა, ფაქტია, რომ ყველანი მართლმადიდებლები იყვნენ და მეც ტრადიციისამებრ მომნათლეს, ისე, როგორც ამას წესი და რიგი მოითხოვდა. მართლმადიდებლური წესი და რიგი. მამაჩემი ისტორიკოსია და, გულწრფელად რომ გითხრათ, ყველაფერ ქართულზე ყურებამდე შეყვარებული ამ ადამიანისთვის, ქრისტიანობა თუნდაც მარტო ის ხატია, ქართველებმა ფეხი რომ არ დაადგეს და ამის გამო, ჯალალედინმა ყველანი მტკვარში გადაუძახა.

პატარა რომ ვიყავი, ღამით კოშმარები მესიზმრებოდა. ვიღვიძებდი და ვტიროდი. მართალია, დედაჩემი მეუბნებოდა – არ არსებობენ გუდიანები და ოჩოკოჩები, სუ ზღაპრებია და მოგონილიო, მაგრამ ამან არ მიშველა. ერთხელაც,  მითხრა – ძილის წინ პირჯვარი გადაიწერე და ლოცვა თქვიო, თან პატარა ლოცვა მასწავლა, რომლის მარტო პირველი სტრიქონი მახსოვს – ” მე ვერ მაცდენს მაცდური, მე მწამს წმინდა გიორგი, ჯვარი პატიოსანი..”
ამის მერე, სწორედ ასე ვიქცეოდი, წილის წინ ამ სიტყვებს ვიმეორებდი და წარმოიდგინეთ, ის საშინელი სიზმრებიც აღარ მესიზმრებოდა.

ახლა, ამას “brainwashing”–ს ეძახიან, ანუ – ტვინის რეცხვას…
მე კი ვიცი ერთი რამ – ამ “ლოცვის” წყალობით მშვიდად ვიძინებდი. ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს ფსიქოლოგიური მომენტია, რწმენა რაღაცის, თუ ვიღაცის, რომელიც თავდაჯერებას გმატებს.. ჰოდა, სწორედ ამ რწმენაზე მინდა ახლა დავწერო, ჩემს რწმენაზე.

ახლაც ისე ვარ, როგორც ხუთი წლის ასაკში.. მწამს ღმერთის არსებობა, თუმცა, ეს სულაც არ მიშლის ხელს მჯეროდეს დარვინის თეორიების, მჯეროდეს ევოლუციის, მჯეროდეს კოსმოსის, მჯეროდეს მეზოზოური და პალეოზოური ერის, ისტორიის, არქეოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის, ფროიდის… და აინშტაინის თქმის არ იყოს – “Science without religion is lame, religion without science is blind.”

მე ადამიანი ვარ. ინდივიდი. ჩემს უფლებებს კონსტიტუცია იცავს და ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაცია. ჩემი უფლებები ბუნებითია (ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.” საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 14).

მე მიყვარს ჩემი რწმენა, ღმერთი, ჩემი ოჯახი და კიდევ ბევრი რამ, უმეტესწილად, მხოლოდ კარგი რამეები, თან ისეთი, სხვას რომ ზიანს არ აყენებს…
კიდევ, ძალიან მიყვარს ჩემი შეხედულებები, აზრები, შეკითხვები, ბევრი შეკითხვები, პროტესტის გრძნობები, წინააღმდეგობის გაწევის სურვილები და მინდა ადამიანები პატივს სცემდნენ ჩემს უფლებას, გამაჩნდეს ეს ყველაფერი….

მე პატივს ვცემ სხვის აზრებს და შეხედულებებს. ზოგჯერ, ძალიანაც მიჭირს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ.. ხან გამომდის, ხან ალბათ არა..   თუმცა, ეს არასდროს გამხდარა მიზეზი ადამიანის დასამცირების, შეურაცხყოფის, დაცინვის. მე მაინც მგონია, რომ არ შეიძლება სიმართლე მარტო ერთი იყოს. მით უფრო – მარტო ჩემი, ან, ჩემი და ჩემი მეგობრების.

ცოტა ხნის წინ გიორგი მაისურაძის ბლოგს გადავაწყდი, კლარა ცეტკინზე წერდა.  წუხდა – რატომ ეძახიანო 8 მარტს კომუნისტურს და ადამიანის უფლებების მებრძოლ ქალბატონზე საუბრობდა.. ბოლოს კი ასე ამთავრებდა – “ალბათ პარადოქსი უნდა იყოს, რომ დღევანდელ საქართველოში 8 მარტს საბჭოთა გადმონაშთს უწოდებენ და ის, როგორც კლარა ცეტკინის მოგონილი დღესასწაული, ანაქრონიზმად მიაჩნიათ. და, ამავე დროს, იგივე „პროგრესული ადამიანები“ სრული სერიოზულობით აღნიშნავენ ურჩხულებთან მეომარი წმინდანების დღესასწაულებს…”

ანუ, უკაცრავად, ბ/ნ გიორგი, თქვენ ფიქრობთ, რომ ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს არაპროგრესულია? :)

ისე, ძალიან ტენდენციურია (ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე ხომ განსაკუთრებით!) პროგრესულ ადამიანად და ათეისტად ერთდროულად (ან თანმიმდევრობით) თავის გამოცხადება თანამედროვე ქართულ–ლიბერალურ სივრცეში (ბრტყელი ტერმინისთვის – პარდონ).
თუ შეგნებული  და კაი ტიპი ხარ, “კანეშნა” ბლოგერი (რომელმაც, ხშირად ქართული მართლწერაც არ იცის, მარა მაინც წერს), აწყობ საპტორესტო პერფომანსებს, იბრძვი გეების უფლებებისთვის, რელიგიების თანასწორობისათვის, სტუდენტების და ზოგადად ადამიანების კეთილდღეობისთვის, სამართლიანობისათვის, სიყვარულისთვის, მეობისთვის, გაგებისთვის და რუდუნისთვის – რათქმაუნდა ათეისტი უნდა იყო..
როგორ შეიძლება ადამიანს გწამდეს ღმერთი და იყო პროგრესული?! იბრძოლო უსამართლობის წინააღმდეგ? არ შეიძლება ღმერთი გწამდეს და აზროვნებდე, არა და არა! (თურმე) ერთი ცნება ავტომატურად უკვე გამორიცხავს მეორეს..(“და, ამავე დროს, იგივე „პროგრესული ადამიანები“ სრული სერიოზულობით აღნიშნავენ ურჩხულებთან მეომარი წმინდანების დღესასწაულებს”…გ.მ.)
არადა, რა სამწუხაროა..

უფრო სამწუხაროა, რომ ამით, ეს განსხვავებულია აზრისთვის მებრძოლი ადამიანები მათგან განსხვავებულ აზრს საძირკველშივე კვეთენ, სრულიად იდიოტურ საზღვარს ავლებენ ე.წ. “პროგრესულ” და “არაპროგრესულ” (ჩამორჩენილ, განუვითარებელ, გაუნათლებელ) ადამიანებს შორის.. დაგცინიან და გეუბნებიან – შენ დებილი ხარ, ბრმა ხარ, ველური ხარ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისე არ ფიქრობ, როგორც მე.. და რა მნიშვნელობა აქვს შენ რას ფიქრობ, ან არ გკიდია, მე რას ვფიქრობ?! – მთავარი ისაა, რომ შენ ჩემნაირი არ ხარ, შესაბამისად – შენ არაპროგრესული ხარ!

არადა, სხვა შემთხვევაში, ხშირად გავმხდარვარ მოწმე, ეს ადამიანები როგორ თავგამოდებით იცავენ სხვა კონფესიის წარმომადგენლების უფლებებს (რაც ცუდი სულაც არ არის, თუ ეს თავგამოდება ნამდვილად საჭიროა).. ჰოდა, როგორ მაინტერესებს, მაჰმადიან ძმებსა და დებს თუ ეტყოდნენ ნეტავ – მუჰამედი არ არსებობდაო.. ან არსებობდა და გიჟი იყოო.. მის კარიკატურებს თუ დაულაგებდნენ ცხვირწინ და დასცინებდნენ.. ინდუისტს თუ ეტყონენ – სპილოსთავა განეშა და მაიმუნისსახა ჰანუმანი, არა იხვის ტოლმაო.. შივას თუ აიგდებდნენ მასხრად, ან ბუდას – თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ, რეების ეთაყვანებით, რეებს მიაც–მოაცუმთო…

არა, არ ეტყოდნენ.. ისინი ხომ დიადი ჰუმანიზმის კარიბჭესთან ფხიზლად მგომი ქართველი ლიბერალები არიან! ადამიანების უფლებების უბადლო ქომაგები (უბრალოდ, შინაურ ბერს არ ინდობენ. რა მოხდა, დიდი ამბავი, ეს ხომ გავრცელებული ქართული სენია..)!
სამაგიეროდ, მე, რიგითი მართლმადიდებელი დამიბრიყვეს, არაპროგრესულად და ჩამორჩენილად მომნათლეს, ჩემს რელიგიას ყველაზე ბრმას და ყრუს ეძახიან (ჰაჰა!), ყველანაირად ცდილობენ, იმას, რაც ჩემთვის წმინდაა – ზემოდან დააოხრონ, ჩემს ღმერთს საჯაროდ დასცინონ, ჩემს ხატებს აფურთხონ – თან ჩემს თვალწინ (უფრო რომ მეტკინოს და მეწყინოს), ან სულაც საჯაროდ და სიამაყით, გიჟური აღტკინებით..  და როგორ სიამოვნებთ ეს ყველაფერი!

გაამოთ, ჩემო კარგებო, გაამოთ…

მე უბრალოდ მგონია, რომ ადამიანი, რომელიც სხვებს უჩიჩინებს, აქციებს უწყობს, თითს უქნევს, ტრანსფარანტებს სახეზე აფარებს – განსხვავებულ აზრს და შეხედულებას პატივი ეცითო, სულ მცირე, საჯაროდ მაინც არ უნდა იქცეოდეს საკუთარი “მრწამსის” საპირისპიროდ.. გულში ჯანდაბას, იფიქროს რაც უნდა..

კიდევ, მგონია, რომ იმდენად გაქვთ გამჯდარი იმის რწმენა, რომ უმრავლესობა, ანუ, ე.წ “მასის” ნაწილი არ უნდა იყოთ (ცოცხალი თავით! აუ, რას ტეხავს!), ყოველთვის სხვებისაგან განსხვავებულად უნდა იაზროვნოთ, განსხვავებული აზრის ძიებაში იმ უკიდურესობაში ვარდებით, იმაზე გაცილებით უარესი რომ არის, რასაც თავად აკრიტიკებთ და აძაგებთ…
და რაც ყველაზე ცუდია, ამ ადამმიანების რაღაც ნაწილი ძალიან მაგონებთ ელოჩკა ლუდოედოჩკას (სულ ოცდაათი სიტყვა რომ ჰქონდა ლექსიკონში) – **ზე მკიდია, ყველაფერს ვ****ამთ, ეს გამო****ბი, მო***ე, შე**ი და მისთ…

ოე, ოეე…ფშშ–ფშშშშ!! ასჰგმჯგჰჯკფგდაკჯფგნაკდჯჰგყრ9ე85უტქპეიტმცჰგ!
მარტო იდიოტს თუ ეგონება, რომ ამ სიტყვების თქმა კაი ტიპობაა.. საკუთარი უკომპლექსობის და თავისუფლების ხარისხის ამ გზით ხაზგასმა! კაცი არ მეგულება ეგ სიტყვები არ იცოდეს, მაგათ გარეშე რამდენად ეფექტურად შეგიძლია მეტყველება და აზრის გადმოცემა, ეგ კიდევ სხვა საკითხია. შეგიძლია რო?

ისე, რა სასაცილოა მართლმადიდებლურ გვერდებს უვარდებოდე და ლანძღვა–გინებით, ზიზღის დორბლისდენით იკლებდე იქაურობას (“პროფილის” და” ნანუკას შოუს” კეკლუცი და ინწელეკწუალი მაყურებლებივით – აუ, რა დონეაო, არადა ერთ გადაცემასაც არ ტოვებენ!), მაშინ, როცა სწორედ სხვის მიერ გამოყენებული ბრძოლის ასეთი მეთოდების წინააღმდეგ ილაშქრებ ყველაზე ხშირად…

უცნაური კია, მე რომ მიხდება ამ ყველაფრის დაწერა. არც მე მომწონს ეგ გვერდები. არც “ვალაიქებ”.. თუ ჩემი მეგობარ–ნაცნობები ყოველ დღე “აშეარებენ” სურათებს, სადაც წერია – თუ საპყარს ეხმარებით, ამით ქრისტეს უდებთ ფულს ხელშიო, ქრისტე რომ მოგდგომოდა კარს, თუ გაუღებდი – გააზიარეო და ამდაგვარი უცნაურობები, მათ უბრალოდ ვმალავ (მადლობა მარკს, ეს ფუნქცია ფრიად ხელმისაწვდომია) და ამ სურათების სიუხვე სულაც არ ვნებს ჩემს რწმენას და არც ამ ადამიანებთან ურთიერთობას..
არც თქვენც  მოგწონთ?! – კეთილი ინებეთ და ნუ შეყოფთ ცხვირს იქ, სადაც არ გეპატიჟებიან!

დავიჯერო ბევრს ვითხოვ?  – მინდა პატივი სცენ ჩემს აზრს და ჩემს ღმერთს, ისევე, როგორც მე ვცემ პატივს სხვების აზრებს და ღმერთებს, თუ უღმერთობას.. მინდა თავზე არ დამაოხრონ ადამიანის უფლებების და საღი აზრის დაცვის სახელით! მინდა მაფასებდნენ იმის მიხედვით, თუ ვინ ვარ და რა შემიძლია, და არა იმის მიხედვით, მწამს თუ არა ვინმე, ან რამე (ეს მხოლოდ ჩემი საქმეა!)..

სხვა შემთხვევაში, თქვენი წყალ–წყალა და მოდური პიზდეცპროგრესულობის თავზეც გავიარეთ მე და კიდევ დანარჩენმა (რომელი კონფესიისაც გინდა) მორწმუნე სამყარომ..

P.S.  ჩემს სოფელში (ლეჩხუმშია) ერთი პატარა სალოცავი ყოფილა. კომუნისტებს დაუბარებიათ სოფლელები ამ სალოცავთან და გამოუცხადებიათ –  სოფლის კლუბი უნდა გავხსნათ აქო. ხალხი შეშფოთებულა. მათ დასამშვიდებლად ერთ–ერთი აქტივისტი–კომუნისტი (თუ ვინც იყო) – ასულა სალოცავის სახურავზე, ხვანჯარი გაუხსნია და ყველას თვალწინ გემოზე გადმოუშარდავს..  – აბა, სად არის თქვენი ღმერთი, რათ არ დამსაჯაო..
ჰოდა, ვიღაც კაცს ჩაუბურტყუნებია – შენ რაღა დასჯა გინდა, ჭკუა არ გქონიაო…

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: