”მებადურო ძველო, ქათმებს იჭერ ხელით,
ცხრაკლიტულში კეტავ – რას უპირებ, ნეტავ?
გუნდში სამი ბატი გყავს, მეტი არ გაბადია –
ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა –
გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა!”
”გუგულის ბუდე” მეგონა წაკითხული მქონდა, დიდი ხნის წინ, ისევე როგორც ბევრი სხვა წიგნი, რომლებიც ბუნდოვნად, ან საერთოდ არ მახსენდება. აქამდე, ”გუგულის ბუდე”-ს რომ ახსენებდნენ, სოფელში, ხის უშველებელ მაგიდაზე მიგდებული გვერდებშემოცრეცილი, სქელყდიანი, მონაცრისფრო წიგნი მიტივტივდებოდა გონებაში. ყდაზე, თუ არ ვცდები გადამფრენი ჩიტები ეხატა შავად… კიდევ ფორმანის ფილმი მახსენდებოდა, აი ის, ნიკოლსონი რომ თამაშობს, მაგრამ ისიც ბუნდოვნად, იმიტომ რომ, ისიც, დაახლოებით ასი წლის წინ მაქვს ნანახი…
რამოდენიმე დღის წინ ”დიოგენეს” გამოცემული ”გუგულის ბუდე” შემომეყიდა. შემომეყიდა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი, კვერცხის გულისფერი ყდა ქონდა, კიდევ იმიტომ, რომ კარგა ხანია მინდოდა ეს წიგნი მქონოდა. სათაური ცოტა უცნაურად კი მომეჩვენა – ”გუგულის ბუდეს სხვამ გადაუფრინა” ეწერა, მაგრამ, ჯანდაბას-მეთქი და.. წუხელ, ღამის ორზე დავასრულე კითხვა. არ ვიცი წიგნის ბრალია, არ ვიცი ჩემი სუპერ-დუპერ ემოციურობის – კინაღამ დავიხრჩე ცრემლებისგან! მერე ძლივს დავიძინე…
დილით ჩემი ნოუთბუქი გავხსენი და იუთუბზე ფილმის ნაგლეჯების ყურება დავიწყე, თან ვცდილობდი გამომეცნო, რომელი მსახიობი რომელ პერსონაჟს განასახიერებდა, ან ნაწარმოების რა მონაკვეთს ვუყურებდი..
მართალია, ბევრი ადამიანი ჩემს ირგვლივ ამტკიცებს, წიგნებს მომავალი არ აქვთო, მაგრამ, დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ წიგნიცა და საერთოდ, ფურცელზე მოთხრობილი ამბავიც მანამ (და იქნებ უფრო მეტი ხანიც) იარსებებს, სანამ ადამიანთა მოდგმა იჭაჭანებს დუნიაზე!
ფილმს ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” მგონი ყველა ნომინაციაში აქვს ოსკარი აღებული, მასში არაჩვეულებრივი მსახიობები თამშობენ, ახარხარებული და ეშთ-თი აძაგძაგებული ნიკოლსონიც ერთნაირად განუმეორებელია.. მაგრამ, დაიჯერებთ?! – ყველაფერი გაცილებით უკეთესი იყო ჩემს წარმოსახვაში! ჩემი წარმოსახვა გაცილებით მეტ პრიზსა და ”გრან პრის” იმსახურებს, ვიდრე ფორმანი, მისი გადამღები ჯგუფი და ნიკოლსონი ერთად!
კარგად თუ ძალიან კარგად – ნიკოლსონი მაინც როლს ერგება და თამაშობს… ყველა სცენის ნახვის მერე, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ კამერების, გადამღების, რეჟისორის უკანაც კი ვიდექი და ვხედავდი როგორ იძახდნენ – ”დუბლი 46! ”, ”არა, არ ვარგა… მეტი ცინიზმი, მეტი ირონია!”, ”კარგია, კარგია, ასე გააგრძელე, გაიცინე, გაიცინე” – ან რაღაც ამდაგვარი… წიგნის კითხვისას ასეთი რამ ხდება! ამ დროს, თითქოს ხორცის საკეპი მანქანასავით მოწყობილობა გაქვს თავში – ხორცის ნაჭრების ნაცვლად ასოები, სიტყვები და წინადადებები გიცვივა და დახვრეტილი პირიდან, ფარშის ნაცვლად მშვენიერი ფილმი გამოსდის!
თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ დასასრული ფილმისა უფრო დახვეწილი და სრულყოფილია, ვიდრე რომანის!
წიგნში, პაციენტები ვერ ცნობენ ნაოპერაციებ მაკს, რაც თავისთავად დაუჯერებელია. მოგვიანებით, ბელადი თითქმის უემოციოდ გუდავს მის კერპსა და სათაყვანებელ ადამიანს.. სამაგიეროდ, ფილმში საოცარი სცენაა, სადაც ის გულში იკრავს გათიშულ მაკმერფის.. წიგნში – მეგობრის გაგუდვის მერე ბელადი საწოლს უბრუნება და აქ იმართება მოკლე, უაზრო და სრულიად უსარგებლო დიალოგი მასსა და ”ჭ” ხარისხის ერთ-ერთ პერსონაჟს შორის, სადაც სწორედ ეს პერსონაჟი დაარწმუნებს მას გალეწოს გისოსები და გაიქცეს.. რასაც აკეთებს კიდეც ინდიელი – ხტება ფანჯრიდან და უკანმოუხედავად გარბის… ფილმის დასასრული კი უზადოა (მიუხედავად იმისა, რომ ფანჯარას გისოსების მსგავსიც კი არაფერი აქვს!), აი ისიც
ისე კი, კ. კიზმა საოცარი ადამიანის პორტრეტი შექმნა (ამბობენ, რამოდენიმე წიგნმა შეძრა მსოფლიო და ერთ-ერთი ”გუგულის ბუდეაო”)… თავის კატუნისა და როლის გადამეორების გარეშე – წითური, გაბურძგნულ ბაკენბარდებიანი, ნაიარევი ცხვირით, ცისფერი თუ ლურჯი თვალებით, დიდრონი ტორებით, წითურბაჯგვლიანი მკერდით და ბევრი სხვირინგებით…. (ნიკოლსონი კი არც წითურია, არც ლურჯთვალება, არც მოხეული მუტრუკია, არც ნაიარევი ცხვირი აქვს… მოკლედ… ოდნავ გავს, რაღაცით… გმონი, უფრო სიცილით.. ეგ არის და ეგ!)
– “ძმაო – ეუბნება ელისს ხალისიანად (ელისი კედელზე მიჭედებული, ოცდათხუთმეტ წლამდე ავადმყოფია, რომელიც ქვეშ იფსამს) – მე რ.პ. მაკმერფი მქვია და მაგრა არ მომწონს, როცა შენი ხნის ვაჟკაცი კაცი თავისივე დაქცეულ სითხეში დატივტივებს.. რატო არ მოაწმენდინებ?”
ჰოო, რომანის გმირზე შეყვარება თუ შეიძლება, შემყვარებია და ეგ არის – მისთა რ.პ. მაკმერფი!
ისე, კითხვას რომ მოვრჩი და გაბოროტებულმა წიგნი სახეზე დავიფარე, გამახსენდა რამოდენიმე წლის წინ, კოჯორში ვისვენებდი. წაღებული რაც მქონდა, შემომეკითხა და მამაჩემს ვთხოვე, ”მორიგი პარტია” ამომიტანე-მეთქი. ხუთიოდე წიგნი მოიტანა, ერთი რაღაც ძველისძველი, თუთუნისფერი, გადაყვითლებული იყო – ”სიგიჟესთან მებრძოლი კაცი” ერქვა, თუ არ ვცდები (არც იოცნებოთ ავტორის სახელი გამახსენდეს!)… ამ წიგნში მოთხრობილი იყო ერთ ექიმზე, რომელმაც აშშ-ში, რომელიღაც ფსიქიატრიულში დაიწყო მუშაობა, ბინძური, მოუსწერიგებელი შენობა მალევე დაასუფთავა და მწყობრში მოიყვანა, თანამედროვე აპარატურით აჭღურვა და ყვავილებით გაალამაზა, არჩია-არჩია და ბოლო-ბოლო საუკეთესო და ერთგული, პაციენტებზე გულანთებული პერსონალი დაიქირავა (სხვათაშორის, აღწერილობით ის დაწესებულება ძალიან გავდა გუგულის ბუდის ფსიქიატრიულს, ექიმი კი მის რეჩიდს).. და რას აკეთებდა? – ზუსტად იმას, რასაც მთავარი ექთანი, მის რეჩედი ”გუგულის ბუდეში” – რაღაც წამლებით ჭყეპდა და ადამბლავებდა პაციენტებს, იმ დონემდე, სანამ მათი უკან, საზოგადებაში დაბრუნება უსაფრთხო არ იქნებოდა. მართალია ისინი კარგავდნენ სიხარულის, მომავლის განცდის და გაგების აღქმას, მაგრამ, სამაგიეროდ ცხოვრობდნენ თავიანთ ოჯაბებში შინაური ცხოველებივით… თუ რაღაც დროის მერე მათ ისევ აბრუნებდნენ და თუ მედიკამენტური დადამბლავება აღარ იყო საკმარისი, მათ სწორედ იმას უკეტებდნენ, რისიც ასე ეშინოდათ გუგულის ბუდის პაციენტებს – ჯერ ეთშ და ბოლოს ლობოტომიას – ანუ, ტვინის რაღაც ნაწილებს აჭრიდნენ, რითაც საბოლოოდ ადებილებდნენ და აკონსერვებდნენ ადამიანებს…
მაგრამ, საქმე ის იყო, რომ ამ ყველაფერს წერდნენ სიყვარულით, სიამაყით, აქებდნენ ”სიგიჟესთან მებრძოლი” ამ ადამიანის დაუღალავ, ფაქტიურად აუნაზღაურებელ შრომას და ამაგს და რამდენადაც მახსოვს, ავტორი ერთ-ერთი მისი პაციენტთაგანიც კი გახლდათ, რომელიც წინზე მუშაობის დროსაც კი რაღაც მედიკამენტებს ღებულობდა (მათ ქიმიურ შემადგენლობასა და ეფექტებზე დავწრილებით საუბარიც არ დაზარებია)….
პრინციპში, ”გუგულის ბუდე” მართლაც საოცრად სიმბოლურია… ამას იდიოტიც კი ადვილად მიხვება. მე პირადად ბევრი ვინმე და რამე გამახსენა, თუმცა ამ თემის გავრცობა არც მინდა და რომც მინდოდეს, ძალიან შორის წამიყვანს.. უბრალოდ, ორ წიტატას მოვიყვან დასასრულისთვის:
”ჩვენ აქ იმიტომ კი არ მოგვიყარეს თავი, კურდღლები რომ ვართ – ჩვენ ყველგან კურდღლები ვიქნებოდით – არამედ იმიტომ, საკუთარ კურდღლობასთან შეგუება რომ არ შეგვიძლია” – ჰარდინგი, გუგულის ბუდის პერსონაჟი.
”კომბინატის” მოძღვრება – ”როგორ უნდა მიეჩვიოს კაცი ჯგუფში არსებობას, ვიდრე ნორმალურ საზოგადოებაში ფუნქციონირებას შეძლებს, როგორ შეუძლია ჯგუფს, ნებისმიერ თავის წევრს საკუთარი ზადი დაანახოს; როგორ წყვეტს საზოგადოება და მხოლოდ საზგადოება – ვინ ნორმალურია და ვინ არა, შენ კი, საზოგადოების ერთ-ერთო რიგითო წევრო, კეთილი ინებე და მოერგე, შეეწყვე ამ საზოგადოებას!”
და როგორაა თქვენი საქმე – კეთილი უკვე ინებეთ თუ ახლო/შორეულ მომავალში აპირებთ ინებოთ? :)
ნუ, თავისთავად, ვიცი რაც იქნება თქვენი პასუხი… ოღონდ, ნუ გამიწყრებით და მთლად ვერ დავიჯერებ.. :)
ახლა დაწერე ეს პოსტი ? :დ
”ახლა”?
სუსტი გულის მქონეებს ვურჩევ არ ნახონ – ეშთ და ლობოტომია
wignic kargia da filmic… ert-erti im shemtxvevatagania, roca orive magaria: wignic da misi ekranizaciac :)
კიიმ!! უდაოდ!
პოლ დე კრუი არის “სიგიჟესთან მებრძოლი კაცის” ავტორი :)
მადლობა გიორგი, ვეცდები ამჯერად მაინც დავიმახსოვრო :):)
jack nikolsoni bavshobidan miyvars ..samcuxarod fimi gacilebit adre mqonda nanaxi vidre cign cavikitxavdi,tumca amas xeli ar sheushlia cignshi chemi pantaziit medzromiala da filmis “klanchebshi” ar movxvedrilvar…nodar dumbadzis nacarmoebebsi mere kidev ertxel vic-tirile gulianad :)) vagmerteb am cigns tavisi kinoekranizaciit : ))
არანაირ კავშირში არ არის პოლ დე კრუის პერსონაჟი, ჯეკ ფერგიუსონი, ამ ფილმთან. თუ თქვენ ვერ წაიკითხეთ წიგნი, ვერ მიხვდით რატომ სჩადიოდნენ ამგვარ რაღაცებს, საჭირო არ არის არასწორი აზრები გაავრცელოთ ისედაც რეგრადირებულ საზოგადოებაში.ვისაც თავის ტვინზე “ჩაქუჩით” უკეთდებოდა ოპერაცია, ისინი ისედაც მძორები იყვნენ და ეს საუკეთესო გამოსავალი იყო.სწორედ აქ უნდა აღფრთოვანდე ფერგიუსონის წარმატებით. თქვენ თუ გინდათ სიგიჭის დათრგუნვას აღდგენას არ დაარქვათ ადამიანობის დაბრუნება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ პაციენტებს არ ეხებოდა – მათი ოჯახები კმაყოფილები იყვნენ მათ გვერდძე ყოფნის უფლება რომ მიეცათ.
დღეს ბევრი ბლოგერობს მოკლედ, მაგრამ ურჩევნიათ წიგნების სწორად კითხვა ისწავლონ და მერე წერონ : ]
ძალიან დიდი მადლობა საინტერესო კომენტარისათვის, რომელსაც საკმაზიც არ დააკელით, ეტყობა წიწაკა არ გენანებათ :)
რაც შეეხება წიგნების კითხვას, პოლ დე კრუის წიგნის წაკითხვის შემდეგ ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია მოვიძიე ლობოტომიის შესახებ. გირჩევთ თქვენც ნახოთ, არსებობს როგორც ტექსტური მასალა, ასევე დოკუმენტური ვიდეოებიც. სადაც შავით თეთრზე და სავსებით გასაგებად არის დაწერილი და ნაჩვენებიც, როგორ და რატომ ტარდებოდა ეს ოპერაციები, რომ რეკლამებიც უკეთდებოდა (ამ რეკლამების ასლებიც არის ინტერნეტში და იმეტია ინგლისური იცით, რომ გადათარგმნოთ და გაიაზროთ) ცელქი ბავშვების მოსარჯულებლად მაგალითად. არსებობს, ბიჭუნა, რომლის სახელიც არ მახსოვს და რომლის ფოტოც ინტერნეტში არის, ის დედინაცვალმა მიიყვანა და მას ოპერაცია მხოლოდ იმიტომ გაუკეთდა რომ მოუსვენარი იყო. ამ ადამიანმა მოგვიანებით წიგნიც დაწერა “my lobotomy”, სამწუხაროდ არ წამიკითხავს. ეს ოპერაცია კეთდებოდა ოჯახის პირობებში, სასტუმროებში და ეს მარაზმი მანამ გრძელდებოდა, სანამ იმ ცნობილ ქირურგს (სამწუხაროდ მისი გვარიც არ მაგონდება), რომელმაც ლობოტომია დანერგა და აღფრთოვანებული იყო თავისი გამოგონებით, პაციენტი არ შემოაკვდა. ის დაისაჯა.
ასე რომ, ვინ როგორ კითხულობს და რას გებულობს, ეს კიდევ საკითხავია :)
მართალი ხართ, ბევრი ბლოგერობს, მაგრამ არამკითხე მოამბეებიც ბლომადაა :)
ვის უკეთდებოდა ლობოტომია, ამას უნდა დაკვირვებოდით. ამ წიგნში სწორედ ეს იყო ნათქვამი და არა ის, რომ ლობოტომია ყველა შემთხვევაში გამართლებულია.მედიცინასთან ახლოს ვარ და ხშირად მიწევს ფიქრი პაციენტების უფლებებზე, გამართლებულ მოქმედებებზე. ამ შემთხვევაში სწორი მაგალითი ვერ მოგიყვანია, ავტორო, ჯეკი გასაკიცხი არ იყო.იგი უკიდურეს მდგომარეობაში მყოფებს ეხმარებოდა ამით. დიახაც, სწორედ ამას ვამბობ რომ ეს დახმარება იყო და არა ადამიანის საზიანო მოქმედება. ამ პაციენტებს არასდროს დაუბრუნდებოდათ ცნობიერება და გრძნობები, ამიტომ შრომისუნარიან ადამიანებად ქცევა სასიკეთო მოქმედებად განიხილება.
გასაკიცხი ბევრი ნოვატორი შეიძლება იყოს, მაგრამ არა ფერგიუსონი. მისი ბიოგრაფია ცოტაოდენ პატივისცემას მაინც უნდა აღძრავდეს მკითხველში, ასე მგონია და მისი პიროვნულობა სასტიკ ჯალათს არ ეხმიანება. სწორედ ესაა სათქმელი.
ლობოტომია დრეს გაუმართლებელია, რადგან უკეთესი მეთოდები არსებობს. მითუმეტეს ჯანმრთლე ადამიანებზე დანაშაულად ითვლება.
მინდა სწორად გაიგოთ, რადგან ეს საუბარი დავიწყეთ.
მარილი, წიწაკა, ჰმ, აფექტურობასაც მივიწერდი. : ]
თუ დააკვირდით (და მე მგონი რო არ დააკვირდით), მე ჩემს ე.წ. პოსტში სამედიცინო ან ზოგადად სამეცნიერო ანალიზი არ გამიკეთებია. უბრალოდ, როგორც მკითხველმა ჯერ ერთი და მერე მეორე წიგნის, ზოგადი პარალელები გავავლე, ისიც ჩემს ემოციებზე დაყრდნობით და ისიც პოსტის დასასრულს.
სულ ეს იყო.
აბა ტქვენ იცით ; ]