Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მარტი 25th, 2011

არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობის დაცვის ეროვნულმა ცენტრმა” ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შესრულებული ოჯახში ძალადობის კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა, რომელშიც 1250 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, 2010 წელს საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა. მიღებული შედეგების მიხედვით, გაირკვა, რომ საქართველოში ყოველი მესამე ქალი სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლია.

თქვენ თუ გიცემიათ ცოლი/მეგობარი ქალი?

თუ თქვენი პასუხი უარყოფითია, აქ წასაკითხიც არაფერია თქვენთვის.

დადებითი პასუხის შემთხვევაში უპასუხეთ მომდევნო შეკითხვას –

როგორ სცემთ ცოლს:

ა. გაშლილი ხელით სახეში

ბ. მუჭით სახეში და მუცელში

გ. წიხლით სახეში და მუცელში

დ. ქამრით

ე. იატაკის საწმენდი ჯოხით

ვ. სხვა (მიუთითეთ)

შეგიძლიათ რამოდენიმე პუნქტი ერთად შემოხაზოთ…

ისე, თქვენ გგონიათ მართლა მაინტერესებს?!  რა ჩემი საქმეა… არ იფიქროთ, რომ ცნობისმოყვარეობა მამოძრავებს და თქვენს ცხოვრებაში ვაპირებ ქექვას. უბრალოდ, გუშინ მშვენიერ ვიდეოებს გადავაწყდი იუტუბზე, რომლებსაც სიამოვნებით გაგიზიარებდით და რომლებიც (თუ, ჩემს მიერ ზემოთ დასმულ კითხვაზე დადებითი პასუხი გაქვთ) ფრიად გამოგადგებათ.

აი, ერთ-ერთში ვიდეოში, რომელიც რომელიღაც მუსულმანური სატელევიზიო (სავარაუდოდ შემეცნებითი) გადაცემის ჩანაწერია, წამყვანი მოზარდ ბიჭებს დაწვრილებით უხსნის, თუ როგორ უნდა სცემონ ცოლები – აქლემი რომ აქლებია, მასაც არ შეიძლება სახეში ვურტყათ, მით უფრო მეუღლეებსო… სისხლი არ გამოვადინოთ, ძვლები არ დავუმტვრიოთ და რაც მთავარია – სახე არ დავუუშნოვოთო (რაღა მისექსავს მერე უშნო ქალს!)…

არის კიდევ ერთი ვიდეო, სადაც უფრო დავწრილებით არის ცოლის ცემის მეთოდებზე საუბარი – ძალიან სათნო და ბრძნული სახის, წვეროსანი ძია იმასაც ამბობს – ცოლები ისე უნდა ვცემოთ, ცემის კვალი საერთოდ არ ეტყობოდეთო… არ შევეხოთ სახეს და სხეულის სხვა მგრძნობიარე ნაწილებსო. თანაც, არავითარ შემთხვევაში (ამ სიტყვებს სამჯერ იმეორებს მეტი დამაჯერებლობსათვის!) ბავშვების თანდასწრებითო! თუ ქმარმა ცოლის ცემის დროს ეს წესები დაარღვია, ცოლმა შეიძლება კიდეც აპატიოს, მაგრამ ალაჰი არ აპატიებს და ის ამისთვის დაისჯებაო!

კიდევ ბევრი ამ ტიპის ვიდეოს ნახავთ იუტუბზე. მათი სრული უმრავლესობა მაჰმადიანების მიერ მაჰმადიანებისთვის არის გადაღებული. ყურანზე დაყრდნობით იძლევიან ასეთ რჩევა-დარიგებებს.

ჩვენ კიდევ რა ღმერთი გაგვიწყრა, კაცო.. ქრისტიანები გვქვია – არადა, არც ბავშვებს ვერიდებით, არც ზრდასრულებს… ქალებს თმებით ვათრევთ, წიხლებს ვუშენთ, თვალებს ვულურჯებთ, კიდურებს ვამტვრევთ, თირკმლებს ვუჟეჟავთ, ელენთას ვუხეთქავთ – ხან ქამრით, ხან სახრით და კეტებით ვცემთ და მერე ჩვენს მიერვე დაუშნოვებული და დაბეგვილი ქალების მისექსვაც არ გვიჭირს… ეჰ…

მოკლედ, რარა გავაგრძელო და ნახეთ ვიდეოები. იმედია სუბტიტრების წაკითხვას შეძლებთ. გაიზიარეთ თქვენი მაჰმადიანი ძმების გამოცდილება და გახდით უფრო ლმობიერები საკუთარი მეორე ნახევრების მიმართ…

ხოლო, თუ ევროპელი ძმების გამოცდილების გაზიარება გირჩევნიათ, წაიკითხეთ ის, რაც ვიდეოების ქვემოთ წერია.

გისურვებთ წარმატებებს პირად ურთიერთობებში!

ოჯახური ძალადობის შესახებ:

”ქალების წინააღმდეგ მიმართული ძალდობის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის ოჯახური ძალადობა. ოჯახური ძალადობა მრავალი წლის მანძილზე ითვლებოდა პირად პრობლემად, რომელშიც სახელმწიფო და საკანონმდებლო სისტემა არ უნდა ჩარეულიყო. ის არ აზიანებს მხოლოდ ქალის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას, არამედ ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევა და შესაბამისად სისხლის სამართლის დანაშაულია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალები უფრო ხშირად ხდებიან ცემის, თავდასხმის და მკვლელობის ობიექტი მათი პარტნიორების ან ყოფილი პარტნიორების, ვიდრე სხვა რომელიმე ადამიანის მხრიდან.

ოჯახთან ან ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ძალადობისაგან დაზარალებულთა დიდი უმრავლესობა ქალები და გოგონები არიან. ოჯახური ძალადობის ასეთი გენდერული ხასიათი შეგვახსენებს, რომ მსოფლიოში ქალები ძალადობისაგან მხოლოდ იმიტომ იტანჯებიან, რომ ქალები არიან.

ოჯახში ძალადობა ყოველთვის ინტიმური ურთიერთობის კონტექსტში ხდება. სიტუაციაზე კონტროლის მიზნით ერთ-ერთი პარტნიორი ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება მეორე პარტნიორზე დამცირებისა და შეშინების გზით, რაც სიტყვიერ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში გამოიხატება.

მოძალადეს ამოძრავებს პარტნიორის (ძირითადად ცოლის) კონტროლისა და მისი გარშემომყოფთაგან იზოლაციის სურვილი. ოჯახური ძალადობა არ შემოიფარგლება ფიზიკური ძალადობით, ხშირად ეს არის შემდეგი ელემენტების კომბინაცია:

ფიზიკური და სქესობრივი ძალადობა

ფსიქოლოგიური აგრესია

მატერიალური ზეწოლა

ქალის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა შეიძლება გამოხატულ იქნეს სხვადასხვა მოქმედებებით, მაგალითად:  მუქარა, შეშინება, მანიპულირება, იზოლაცია, ფულის მიცემაზე უარის თქმა, თავისუფლების აღკვეთა, საკვების მიწოდებაზე უარის თქმა, ქალის დამორჩილების მიზნით ბავშვებზე განხორციელებული ძალადობა.

ფიზიკურ ძალადობას, როგორც წესი, ახლავს უხეში ფსიქოლოგიური ზეწოლა ან სიტყვიერი აგრესია. ხშირად ოჯახური ძალადობა იწყება დამამცირებელი მითითებებითა და შენიშვნებით. ოჯახური ძალადობა ისეთი სახის თავდასხმა და ძალადობაა, რომელიც ადამიანის რამდენიმე ძირითადი უფლების დარღვევას უკავშირდება.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო ენციკლოპედიური ლექსიკონი

“ნებისმიერი აქტი, რომელიც ფიზიკურ, სექსუალურ ან ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს ან შეუძლია მიაყენოს ქალს, მათ შორის ასეთ ქმედებასთან დაკავშირებული მუქარა, თავისუფლების იძულებითი ან თვითნებური აღკვეთა, გენურჩევლად იმისა თუ სად ხდება საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში წარმოადგენს გენდერულ საფუძველზე ჩადენილ ძალადობას”. ეს განმარტება მოცემულია გაერთიანებული ერების მიერ მიღებულ დეკლარაციაში ქალთა მიმართ ძალადობის ლიკვიდაციის შესახებ(1993წ). მარტივად რომ ვთქვათ, ძალადობა გენდერის საფუძველზე არის ძალადობა ჩადენილი ქალის მიმართ მისი სქესობრივი კუთვნილების გამო.

ძალადობა არ უნდა გავიგოთ, როგორც მხოლოდ მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობის სერიოზულ სახეს წარმოადგენს ასევე მუქარა, ფსიქოლოგიური ზეწოლა და ეკონომიკური კონტროლი. საერთაშორისო დონეზე ქალის მიმართ ოჯახური ძალადობა აღიარებულია, როგორც გენდერული ძალადობის ნაწილი, დისკრიმინაციის ფორმა და ადამიანის უფლებათა დარღვევის უხეში გამოვლინება.

სოციოლოგების მოსაზრებით ოჯახურ ძალადობას უმეტეს შემთხევაში ოჯახური ჩვეულებები იწვევენ. ფსიქოლოგების განმარტებით კი მამაკაცის მხრიდან ქალის მიმართ ძალადობა მიმართულია ან დარღვეული გენდერული იერარქიული ურთიერთობების აღდგენისა ან ასეთი იერარქიის წაქმოქმნისაკენ. ამ შეხედულების თანახმად, ოჯახური ძალადობა განსაკუთრებით რთულად უნდა იდგეს იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ტრადიციული ოჯახური წეს–ჩვეულებები.

წყარო: http://www.tsutimes.com/

Read Full Post »