ქობულეთში ვიყავი სულ რაღაც ერთი კვირით. ყველაზე მეტად თვალში რაც მომხვდა, ეს იყო:
1. სუპერ-დუპერ ბევრი დამსვენებელი,
2. სუპერ-დუპერ დანაგვიანებული პლაჟი, სკვერები, ქუჩები… და აშ..
3. ბლომად ბავშვები პლაჟის მოვაჭრეებს შორის.
სუპერ-დუპერ ბევრი დამსვენებლის საწინააღმდეგო რა უნდა ჰქონდეს ადამიანს – ბევრი დამსვენებელი, ბევრი ფული მასპინძლების და შესაბამისად (ალბათ) სახელმწიფოს ბიუჯეტშიც. ეგაა, რომ კარგად გავითავისე, თუ დილით ადრე არ გამოვცხადდებოდი პლაჟზე, არც შეზლონგი შემხვდებოდა და არც ადგილი ზღვასთან.. თუ დავაგვიანებდი, შეიძლება ადგილი სულაც არ შემხვდროდა. ეს ჯანსაღი კონკურენცია მზისქვეშ ადგილების მოსაპოვებლად ერთის მხრივ ცუდი სულაც არ არის, ისედაც ცხადია, რომ შუადღის მზე მავნებელია.
სუპერ-დუპერ დანაგვიანებული პლაჟი პრინციპში სწორედ სუპერ-სუპერ ბევრმა დამსვენებელმა გამოიწვია. საღამოობით, როცა პლაჟი დამსვენებლებისაგან თავისუფლდება, ჩამავალი მზის სხვივებზე ლაპ-ლაპს იწყებენ გამაგრილებელი სასმელების ბოთლები, პოლიეთილენის პარკებში გამოხვეული სიმინდის ტაროს ნარჩენები, დაჭმუჭნული ალუმინის ქილები, სიგარეტის კოლოფები და აშ და აშ..
მთელი წელი ნაშრომ-ნაჯაფი ადამიანები ცდილობენ მაქსიმალურად დაისვენონ, ალბათ ამის გამოა, რომ პლაჟზე გატარებული რამოდენიმე საათის განმავლობაში დაგროვილი ნაგავის ურნამდე მიტანაც ეზარებათ. ზოგი კიდევ, პირიქით – ძალიანაც დაუზარელია – ქვებიან ნიადაგს გულიანად ჩიჩქნის და თავის ნაგავს იქ ათავსებს. მოფიქრება ხომ უნდა!
ნარჩენები სკვერებში მეტ-ნაკლებად განსხვავდება პლაჟის ნარჩენებისაგან – ჭარბობს ბოთლები, მათ შორის შუშისაც (სპირტიანი სასმელები), ერთჯერადი თეფშები და ჭიქები, აქა-იქ პრეზერვატივებიც (ვაშა, ჰქონია, ორგაზმიც ჰქონია!).. სიგარეტის კოლოფები და ცელოფანის ნარჩენები – ეს უკვე არავის უკვირს
პლაჟზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაკეთებული აბრაც ვნახე – ”მადლობა თუ იცავთ გარემოს!”. ცოტა გული დამწყდა, რომ ეს მადლობა, ძალიან ცოტას თუ ეხებოდა იქ მყოფთაგან.
რაც შეეხება პლაჟის მოსიარულე გამყიდველებს –
აბბას სიმღერა ხომ იცით -”Money, money, money” ?
იქ არის ასეთი ფრაზა – Money, money, money always sunny in the rich man’s world..
ეს ფრაზა ჩემთვის წლევანდლამდე ისეთივე ფრთიანი იყო, როგორცაა, მაგალითად – ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს! მაგრამ, ამ ზაფხულს მივხვდი, რომ მთლად ასეც არაა და რომ უფულოებსაც მაგრად აცხუნებთ მზე (და იქნებ უფრო მაგრადაც კი, ვიდრე ფულიანებს!). არ ვიცი რა გემო უნდა ჩაატანო დასვენებას ადამიანმა, როცა მძიმე ნაბიჯებით ჩამოგივლიან (ვერნელაკის H16-ი მიმიქარავს, ისეთი ფერი აქვთ (მაგრამ, მეეჭვება ეს ახარებდეთ)), ოფლით დაცვარული, დაკუნთული ქალები, კაცები, ბიჭები, გოგოები და სამწუხაროდ ახლა უკვე ბავშვებიც.. 9, 10, 12, 14 წლის ბიჭები ძლივს მიათრევდნენ ბეჭზე შედგმულ გამაგრილებელ სასმელებს, ზურგზე მძიმე ზურგჩანთები ეკიდათ და წელზე მიწის თხილი, მზესუმზირა და რა ვიცი კიდევ რა.. ზოგი მოხარშულ ჭყინტ ტაროს დაატარებდა სათლებით, ზოგი ერთად ასხმულ ათობით კამერას.
ვუყურებდი ამ ბავშვებს (დიდებსაც) და ვფიქრობდი, რომ მათ ვეზიზღებოდით ჩვენ, პლაჟზე წამოკოტრიალებული არსებები, რომელბსაც მოწყალება უნდა გაგვეღო და მათგან რამე შეგვეძინა. უყურებენ ეს ბავშვები თავიანთ თანატოლებს, მხიარულებს, უდარდელებს, განებივრებულებს, მაშინ, როცა სამყარო მთელი სიმძიმით აწევთ ზურგზე. ერთს ვკითხე – ალბათ წვიმა გიხარიათ-მეთქი. – კი, ძალიანო, მითხრა.
თავიდან ძალიან ვბრაზობდი მათ მშობლებზე. დიდი ჭკუა და განათლება არ უნდა იმას, რომ მიხვდე, რომ თოთო ხერხემლისთვის არაფრით არ შეიძლება ასეთი დატვირთვა (იწვევს სქოლიოზს, ოსტეოქონდროზს, მალების დისკოზს, მოზრდილობაში ეს დაავადებები თავისთავად კიდევ უფრო ბევრ დაავადებებს იწვევენ და 35-40 წლის ასაკში თითქმის ინვალიდი ადამიანი გვაქვს სახეზე!) ერთხელაც დავინახე, ერთს ქალი ელაპარაკებოდა (ჭყინტი სიმინდი დაჰქონდა იმ ქალს). საოცრად გავდნენ ერთმანეთს. არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ სახეზე ისე ნაზად მოეფერა, ნამდვილად დედა იქნებოდა. ჰოდა, სიბრაზემ გადამიარა, მაგრამ, ჩემი აზრით, კარგად რომ შეეძლოთ ამ ბავშვების მშობლებს იმის გააზრება რა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზიანს აყენებენ საკუთარ შვილებს, დარწმუნებული ვარ, მუშაობას აღარ აიძულებდნენ.
აი, რა ვიპოვნე ინტერნეტში ბავშვთა შრომის შესახებ:
ბავშვთა შრომის ზოგიერთი ფორმა დაშვებულია კანონმდებლობით. ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლოატაციისაგან, აგრეთვე ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც შეიძლება მავნე აღმოჩნდეს მისი ჯანმრთელობისათვის, ანდა ხელს უშლიდეს მის ფიზიკურ, ფსიქიკურ, სულიერ, მორალურ, ან სოციალურ განვითარებას.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ბავშვთა შრომა ეს არის შრომა, რომელიც აზიანებს ბავშვს, მის კეთილდღეობას, განვითარებას და მომავალს, ზოგადად. ბავშვთა შრომა წყვეტს ბავშვებს თავიანთი ბავშვობიდან, ვნებს მათ პოტენციალს და ნაყოფიერებას.
კანონის თანახმად 16 წლამდე ბავშვების შრომა დაშვებულია მხოლოდ დღეში რამდენიმე საათით, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმნება და განათლების მიღებაში ხელი არ ეშლება.
დასასრულს, იხილეთ სხვა ფოტოებიც.
ე.ი მე დებილი ვარ რომ პარკში ვაგროვებ ნაგავს და ურნაში ვყრი? :?
ბავშვების მონური შრომა საშინელებაა… მართლა ვეზიზღებით მათ ჩვენ, წამოკოტრიალებული დამსვენებლები. მაგრამ, მათი მშობლებისაც მესმის. წარმოიდგენაც კი გავიჭირდება დედებს როგორ უმძიმთ საკუთარი შვილის იმხელა ჩანთებით მოსიარულეს რომ ხედავენ. მაგრა თუ გადარჩენა და საღამოს ჭამა უნდათ ამ დაუნდობელ ბრძლოაში, უწევთ რომ გახურებულ ქვებზე იარონ, იყვირონ ბოლო ხმაზე ცხელი სიმინდი, ცივი სასმელი, აიტანონ დამსვენებლების გაღიზიანება, წუწუნი რომ ძვირია…
შედეგი იმდენად სავალალო იქნება, რომ არ ეღირება იმ ორ-სამ ლარად, რასაც ისინი იშოვიან და შეჭამენ.
როცა 12 წლის ხარ და გშია, შეიძლება გაიხედო რამდენიმე წლით წინ და საკუთარი თავი, საკუთარი ჯანმრთელობა მომავალში დაინახო? ალბათ არა.
რათქმაუნდა არა. მაგრამ, იმ ბავშვების ჭამას მაგათი დედების შრომაც ეყოფოდა მარტო. გამოდის, ისინი დამატებითი რაღაცეებისთვის შრომობდნენ (ფეხსაცმელი, შარვალი, ჩანთა, რაც ასევე საჭიროა, მაგრამ არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი). აი, ამისთვის კი თავის გაწირვა არ ღირს, ნამდვილად.